''დაშვების კონტროლის სისტემა'' - ახალი მოწყობილობა ''ველისგან''

მოწყობილობა აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციონალით, რომელიც მოიცავს ჭკვიან ბარიერს (შლაგბაუმს), სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერსა და მონიტორს
''დაშვების კონტროლის სისტემა'' - ახალი მოწყობილობა ''ველისგან''
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაღალტექნოლოგიური ქართული ინოვაციური კომპანია „ველი“, რომელიც თიბისი ბანკის 2019 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული გახდა, ჭკვიანი სისტემების განვითარებას აგრძელებს და ახალ პროდუქტს გვთავაზობს.

კომპანიის ახალი ქმნილება − „დაშვების კონტროლის სისტემა“, შენობაში არაერთ პრობლემას ავტომატურად აგვარებს. მოწყობილობა აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციონალით, რომელიც მოიცავს ჭკვიან ბარიერს (შლაგბაუმს), სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერსა და მონიტორს. მისი განთავსება ობიექტის მთავარ შესასვლელ კარშია შესაძლებელი. მონიტორზე გამოსახული ციფრი მანიშნებელია, თუ რამდენი ადამიანია შენობაში და კიდევ რამდენს შეუძლია შესვლა.

შესვლისას, შლაგბაუმი ავტომატურად გაიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ხელს სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავებს. გათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ შენობიდან გამოსვლისას მომხმარებელს შესაძლოა ორივე ხელი დაკავებული ჰქონდეს, რის გამოც მოწყობილობა დამატებით ფეხის დეტექტორითაა აღჭურვილი. მასთან მიახლოებისას ბარიერი იღება და გარეთ გამოსვლა დაუბრკოლებლად ხდება შესაძლებელი. სისტემა ისეა აწყობილი, რომ არცერთ შემთხვევაში მასთან ხელით შეხება არ ხდება, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცალკეულად კი ობიექტის მენეჯერებს ექნებათ დამატებითი პულტი სხვადასხვა შემთხვევისთვის. ამავდროულად, შეეძლებათ სტატისტიკური მონაცემების ნახვა და მომხმარებლების მართვა პირადი ანგარიშიდან.

„ამ იდეაზე და შემდეგ პროდუქტის შექმნაზე მუშაობა ჩვენმა გუნდმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო ლიდერებისგან და მათ შორის საქართველოში, პრემიერის მიერ გაჟღერდა მოსაზრება, რომ ადამიანებს კორონავირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა მოგვიწევს. ყველა დაწესებული რეგულაცია კი ხანგრძლივ პერიოდში უნდა შევასრულოთ. ამასთანავე, ეპიდემიოლოგების აზრით, ოქტომბერში ვირუსის მეორე ტალღა დაიწყება, ხოლო ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემია დასრულებისგან შორს არის. მკაცრი კონტროლის მიუხედავად, მრავლად ვხედავთ სოციალური დისტანციისა და სხვა რეკომენდაციების დარღვევებს სხვადასხვა ობიექტში, განსაკუთრებით − სუპერმარკეტებში. ვინაიდან რიგი ხშირად დაცვის თანამშრომლების მიერ რეგულირდება და ეს პასუხისმგებლობა სწორედ მათ აქვთ აღებული, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ხერხდება დასაშვები ადამიანების რაოდენობის კონტროლი დახურულ სივრცეში და სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავება. ამასთან ერთად, მომხმარებელი, რომელიც რიგში დგას, უკმაყოფილოა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ობიექტზე განხორციელდება ჩვენი პროდუქტის დამონტაჟება, მომხმარებლები შეძლებენ ჩამოტვირთონ აპლიკაცია, მისი მეშვეობით აიღონ რიგის ნომერი და შეიტყონ, რა დრო დასჭირდებათ იმისათვის, რომ სასურველ ობიექტზე ამ მომსახურებით ისარგებლონ“, − გვიყვება „ველის“ დამფუძნებელი ალექსანდრე კვიციანი.

მოწყობილობა ემსახურება და მიმართულია ორგანიზაციის ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგვაზე, ვიზიტების ანალიტიკასა და დისტანციურ მართვაზე, რიგების მოწესრიგებასა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე, სერვისის ამაღლებასა და საკანონმდებლო მოთხოვნების გულდასმით უზრუნველყოფაზე. ამასთანავე, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ობიექტებს პროცესების გაცილებით მარტივად, მოქნილად და უსაფრთხოდ მართვაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს.

„დაშვების კონტროლის სისტემა“ Led-ინდიკატორით, Led-სეგმენტიანი დისპლეით, მოძრაობის ბარიერის ე.წ. „მხრით“, შესვლა-გასვლის ამთვლელი დეტექტორით, სენსორიანი სადეზინფექციო სხნარის დისპენსერითა და გამოსვლის დეტექტორ-სენსორითაა აღჭურვილი.

„აღვნიშნავ, რომ პროდუქტი სოციალური პასუხისმგებლობისაა, რომელიც პირნათლად ასრულებს სახელმწიფო რეგულაციებს და ამასთანავე, ობიექტის უსაფრთხოებას იცავს. მოწყობილობა დამზადებულია საქართველოში, რაც დიდ გავლენას ახდენს ფასზე. მისი შეძენა დაახლოებით თანამშრომლის ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით იქნება შესაძლებელი. პროდუქტზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და დაინტერესებული პირი თუ ობიექტი მას კონტრაქტის გაფორმებიდან ერთ თვეში მიიღებს“, − ალექსანდრე კვიციანი.

Latest on Entrepreneur