კორონავირუსი: თქვენი მეგზური ბიზნესსამყაროს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის

კორონავირუსი: თქვენი მეგზური ბიზნესსამყაროს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
7 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენ უკვე ვეჩვევით ცხოვრებას ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში და შესაბამისად, ჩვენი ქცევა და ჩვევებიც სწრაფად იცვლება. რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ჩვენ გარშემო მყოფ ორგანიზაციებსა და ინდუსტრიებზე.

ჩვენ, ზოგადად, სამი კატეგორიის ბიზნესს გამოვყოფთ:

გამარჯვებულები: სექტორები, რომლებიც სარგებელს მიიღებენ

დამარცხებულები: სექტორები, რომლებიც დაზარალდებიან

გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის არსებული: სექტორები, რომლებიც ერთ-ერთი მიმართულებით წავლენ, იმის მიხედვით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მოვლენებზე.

მესამე კატეგორია ყველაზე საინტერესოა, რადგან ისინი დღევანდელი ნაბიჯების მიხედვით, მომავალში პირველ ორ კატეგორიაში აღმოჩნდებიან. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

გამარჯვებულები

ეს სექტორები ბედნიერი შემთხვევითობის გამო აღმოჩნდნენ „სწორ“ მხარეს. თუ ისინი კომპეტენციის საბაზისო უნარებს გამოიყენებენ, წესით, წარმატებას უნდა მიაღწიონ. ამ კომპანიების ბუნებრივი სტრატეგია, შესაძლებლობებსა და ზრდაში აგრესიული ინვესტირებაა.

ელექტრონული კომერციის ბაზრები

ადამიანები ახლა უკვე მხოლოდ ინტერნეტში ეძებენ, თუ რა უნდა იყიდონ. Amazon ამ ეტაპზე 100 000 ახალ სამუშაო ადგილს ამატებს, რომ როგორმე გაუმკლავდეს ამ გაზრდილ მოთხოვნებს. ზოგიერთი სხვა ბაზრები იმის გამო იბრძვიან, რომ დამატებითი სიმძლავრეები სურთ. მაგალითად, კვების პროდუქტების ონლაინკომპანია Ocado-მ ახალი შეკვეთები იმდენი ხნით შეაჩერა, ვიდრე მიწოდების პრობლემებს არ მოაგვარებს.

ზოგი ბაზარი ტექნოლოგიებს მიმართავს დასახმარებლად. ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი, JD.com, უპილოტო საფრენ აპარატებს უხანში კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების მისაწოდებლად იყენებს.

ფარმაცევტული კომპანიები    

ამ ტიპის კომპანიები ასეთ კრიზისებში უზომოდ დიდ როლს ასრულებენ. Gilead-ი, რომელიც Remdesivir-ით მკურნალობის უფლებას ფლობს, აქტიურად მუშაობს ვაქცინაზე. Roche-ი ტესტების მთავარი მიმწოდებელია. Fujifilm-ს სამკურნალო პრეპარატი Avigan-ი აქვს. ისინი ყველანი მზად არიან რაიმე სარგებლობა მოუტანონ საზოგადოებას.

ლოგისტიკა/მიწოდება

რადგან ადამიანებს მთელ მსოფლიოში ეკრძალებათ შინიდან გასვლა, მათთვის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება იქნება აუცილებელი. Cainiao-მ, Alibaba Group-ის ლოგისტიკურმა ქვედანაყოფმა, 25 იანვარს დამცავ ტანსაცმელსა და სამედიცინო საშუალებებზე გაჩენილი გაზრდილი მოთხოვნის პასუხად, „მწვანე არხის ინციციატივა“ წამოიწყო განსაკუთრებით ჰუბეის პროვინციაში ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისთვის. სულ ცხრა დღეში Cainiao-მ 7000-ზე მეტი ზარი მიიღო და უხანსა და მეზობელ ქალაქებში 5 მილიონზე მეტი სამედიცინო პროდუქტი გაგზავნა.

ამასობაში, ბრიტანულმა საკვების მიწოდების აპლიკაცია Deliveroo-მ, ახალი უკონტაქტო მიწოდების სერვისი დანერგა, რომელიც საშუალებას აძლევს რესტორნებს დამატებითი შეკვეთები პირდაპირ მომხმარებლის სახლების წინ დატოვონ.

ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტმა Zoom-მა ყველას დიდი სარგებელი მოუტანა. კომპანიის გაყიდვები და აქციები 2020 წელს 50 პროცენტით გაიზარდა. Cisco-ს Webex-ს და Skype-ს, ასევე Microsoft-ის გუნდებს სერიოზული ნახტომები აქვთ გაყიდვის მაჩვენებლებში. მათი უმრავლესობა მსურველებს სპეციალურ წინადადებებს სთავაზობს ვიდეოკონფერენციის სფეროში დაავადების გავრცელების პერიოდში.

გასართობი გადაცემების ტრანსლაციები და თამაშები

პლატფორმები, როგორებიცაა Netflix, Amazon Prime video და Disney+ იუწყებიან, რომ მათი აუდიტორია გაიზარდა. მომხმარებლის რეკორდული ზრდა აქვთ ონლაინთამაშების პლატფორმებსაც.

დამარცხებულები

რაც შეეხება დამარცხებულებს, მათ მენეჯერებს უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდებათ კომპანიების კრიზისიდან გამოსაყვანად. მათ ეს რომც მოახერხონ, კომპანიების უმრავლესობა მაინც სერიოზულად დაზარალდება. ბუნებრივი სტრატეგია ამ სექტორებში ხარჯების შეკვეცა, რისკის შემცირება და ვითარების გამოსწორებისთანავე ბაზარზე დასაბრუნებლად მზადყოფნა იქნება.

ავიაკომპანიები, მატარებლები და საკრუიზო ხომალდები

გლობალურმა საავიაციო ინდუსტრიამ განაცხადა, რომ საგანგებო დახმარებისთვის მისთვის $200 მილიარდი (£171 მილიარდი) იქნება აუცილებელი, ხოლო Boeing-მა $60 მილიარდი (£51 მილიარდი) მოითხოვა აეროკოსმოსური ინდუსტრიის მწარმოებელთათვის, რადგან საერთაშორისო ტურისტული ინდუსტრია ნაღდ ფულს კარგავს.

Norwegian-მა თავისი მარშრუტების 85 პროცენტი გააუქმა და პერსონალის 90 პროცენტი დროებით დაითხოვა. Virgin Atlantic-ს აპრილში თავისი პარკის 85 გაჩერება აქვს განსაზღვრული, ხოლო პერსონალს მომდევნო სამი თვის განმავლობაში რვა კვირამდე ვადით უხელფასო შვებულების აღებას სთხოვს სამუშაო ადგილების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

British Airways-ის დამფუძნებელი კომპანია IAG, ასევე, Iberia, Aer Lingus-ი, Level-ი და Vueling-ი, აპრილსა და მაისში 75 პროცენტით ამცირებენ მგზავრთბრუნვას, იმ დროს, როდესაც Air France-KLM ჯგუფი − 80-90 პროცენტით. საკრუიზო ხომალდების ოპერატორთა უმრავლესობამ არსებობა შეწყვიტა, ზოგიერთ მათგანს კი, სავარაუდოდ, გაკოტრება ელის.

ტურიზმი            

შეერთებული შტატების ტურისტული ასოციაციის პროგნოზით, ტურიზმთან დაკავშირებული დაახლოებით 6 მილიონი სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს. ეს ამ სექტორში დასაქმებულ 15.8 მილიონ ამერიკელს ეხება, ანუ დაახლოებით 25 პროცენტს. ასეთივე მძიმე ვითარება შეიქმნა სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიისა და შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტები ფაქტობრივად მთელი სეზონითაა დახურული.

ნავთობი და გაზი

პირველ იანვარს ბარელი ნედლი ნავთობი ნიუ იორკის NASDAQ-ის ბირჟაზე $67.05-ად გაიყიდა. ამ სტატიის დაწერის მომენტში, ბარელი ნავთობი $26 ღირდა. ასე რომ, კომპანიების ნავთობის მარაგების ღირებულება წლის დასაწყისთან შედარებით განახევრებულია. ისეთი გიგანტების ღირებულება, როგორიც BP-ია, ამ მდგომარეობის აშკარა ილუსტრაციაა, 19 მარტს მისი ღირებულება იანვრის ღირებულების 51 პროცენტი იყო.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, მსოფლიო მოთხოვნა ნავთობზე წლიური გაანგარიშებით 2009 წლის შემდეგ პირველად ამ პერიოდში შემცირდა. შეადარეთ ეს მონაცემები სააგენტოს თებერვლის პროგნოზს, როდესაც ყოველწლიური ზრდა, დღეში 825 000 ბარელი იყო მოსალოდნელი.

ბანკების საინვესტიციო საქმიანობა

ლონდონისა და ნიუ იორკის საინვესტიციო ბანკირები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ იმის გამო, რომ გარიგებები მკვეთრად შემცირდა. წამყვანი ამერიკული ბანკების JPMorgan Chase, Bank of America და Citigroup-ის აქციების მაღალი მაჩვენებლები 30 პროცენტზე მეტადაც კი შემცირდა იანვრის მაქსიმუმთან შედარებით.

Financial News-სთან ინტერვიუში ლონდონის საინვესტიციო ბანკის უფროსმა ბანკირმა განაცხადა, რომ 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოსალოდნელია მოსაკრებლების 50 პროცენტამდე დაცემა. ეს დაახლოებით US$10.7 მილიარდი (£9 მილიარდ) შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს აქციებთან დაკავშირებულ გარიგებებში, რაც წლის ყველაზე ცუდი პირველი ნახევარია 2009 წლის შემდეგ.

ტრადიციული საცალო ვაჭრობა

ადამიანები თავიანთ სახლებში არიან გამოკეტილნი და ამიტომ, არანაირი აზრი არ აქვს იმას, ტრადიციული საცალო მაღაზიები ღია იქნება თუ დაკეტილი. შეერთებული შტატების უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის მფლობელმა, Simon Property Group-მა 18 მარტს განაცხადა, რომ მთელ ქვეყანაში თავის ყველა სავაჭრო ცენტრს დახურავდა. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მთელ ევროპასა და აზიაშიც. ამჟამად მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობენ, ტრადიციული საცალო ვაჭრობის აღდგენას კი დიდი დრო დასჭირდება.

პროფესიული სპორტი და გართობა      

მთელ ევროპაში ყველაზე მეტად იტალია დაზარალდა, რომელმაც ყველა სპორტული ღონისძიება მინიმუმ 3 აპრილამდე გადადო. საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ მიბაძეს მის მაგალითს. ამ წლის საფეხბურთო ტურნირები − Copa America და Euro 2020, 2021 წლამდე გადაიდო.

ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესმა საფეხბურთო ლიგამ, კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ და ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ სეზონები შეაჩერეს და თავიანთ გასახდელში დაშვების უფლება მხოლოდ მოთამაშეებსა და „ძირითად პერსონალს“ მისცეს. აფრიკის ერთა 2020 წლის საფეხბურთო ტურნირი, რომელიც კამერუნში, აპრილში იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ასეთი ხანგრძლივი ვადებით გადადება სერიოზულ დანაკარგს ნიშნავს სპორტული ტელეარხებისა და საკაბელო ტელევიზიებისთვის, რადგან პირდაპირი სპორტული ტრანსლაციები მილიონობით მაყურებელს იზიდავდა და ეს კომპანიებიც ამის გამო აგრძელებდნენ არსებობას.

კინო

ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიო კინოინდუსტრიას დიდი დანაკარგი აქვს − $5 მილიარდი (£4.2 მილიარდი) იმის გამო, რომ კინოთეატრების სალაროების შემოსავალი შემცირდა და წარმოება შეზღუდულია. ეს ზარალი უფრო მეტად გაიზრდება, თუ სულ უფრო მეტი ქვეყანა აიძულებს ადამიანებს შინ დარჩნენ, ან კიდევ, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის

თუ ასე გაგრძელდა, ეს სექტორები, სავარაუდოდ, ფარ-ხმალს არ დაყრიან. ბევრ კომპანიას ხელი მოეცარება, თუმცა ზოგიერთები თავიანთი ბიზნესმოდელის ადაპტირებას მოახერხებენ, რათა ახალი და პროგრესული შესაძლებლობებით ისარგებლონ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს საკმაოდ მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მომავალში წარმატების მოსაპოვებლად.

საბანკო საქმე

ბანკების უმრავლესობა ფულს დაკარგავს, რადგან ფიზიკური და იურიდიული პირები კრედიტების დასაბრუნებლად დაიწყებენ ბრძოლას. თუ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის გზას დაადგა, რაც სრულიად ადვილი მოსალოდნელია, ფინანსური პროდუქტების ბაზარიც დაეცემა.

თუმცა, ბანკებს შეუძლიათ კეთილგანწყობილი ურთიერთობები დაამყარონ კომპანიებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და ახალ კლიენტებთან ააწყონ ურთიერთობები. რამდენიმე ბრიტანული კომპანია, როგორებიცაა Barclays, Santander და RBS, უკვე სთავაზობენ სწრაფ კრედიტებს და ოვედრაფტებს ბიზნესკლიენტებს, რომლებიც რისკის წინაშე არიან. ბევრი მომხმარებლისთვის დროებითი გადაწყვეტილებები იქნება აუცილებელი, რომლებმაც შესაძლოა მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს მცირე და საშუალო სესხებზე.

ჯანდაცვა

ამ სექტორის ზოგიერთ მოთამაშეს ახალი იდეები გაუჩნდება, რომლებსაც ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება შეუძლია. სხვები კი გაუჩინარდებიან და აღარასოდეს დაბრუნდებიან.

ჩინური ციფრული კომპანია Baidu ინოვაციებზე სწრაფად გადასულთა რიგშია. მან პნევმონიასთან საბრძოლველად აპლიკაცია გაუშვა − Fight Pneumonia, რომ საზოგადოებას ეპიდემიაზე ზუსტი და სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს რეალური დროის რეჟიმში.

ის ასევე თავისი სამედიცინო კონსულტაციების ონლაინ-პლატფორმას უფასოდ სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებსაც კონსულტაციების მიღება სურთ COVID-19-ზე. მისი დამსახურებაა, რომ მთელ ჩინეთში 100 000-მა ექიმმა ათობით მილიონ მოთხოვნას გასცა პასუხი.

Baidu-მ აქვე ინტელექტუალური სამედიცინო ქვედანაყოფიც შექმნა, რომელიც ჩეთბოტების საშუალებით პასუხობს ზოგად შეკითხვებს. ეს ეგრეთ წოდებული „ქოლ ბოტია“, რომელიც ავტომატურად უკავშირდება მომხმარებელს და მათი ბოლოდროინდელი მოგზაურობების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კონტაქტების შესახებ აგროვებს ინფორმაციას.

მრეწველობა

ბევრ სამრეწველო კომპანიას დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს, რადგან მათ მიერ წარმოებულ საქონელზე მოთხოვნა უკვე აღარ არის. თუმცა, უფრო მოქნილი მწარმოებლები სხვა პროდუქტების წარმოებაზე გადავლენ. მაგალითად, ავტომობილების ჩინელმა მწარმოებელმა, BYD-მა ქირურგიული ნიღბებისა და ხელების სადეზინფექციო საშუალებების საწარმოო ხაზი გახსნა. ეს იყო ერთ-ერთი იმ 2,500 ჩინურ კომპანიას შორის, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ ვირუსის წინააღმდეგ „სახალხო ომის“ გამოცხადების მოწოდებას გამოეხმაურა.

GM-ი, Ford-ი და Tesla ვენტილატორების წარმოებაზე ლაპარაკობენ. ფრანგული ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანია, LVMH, რომლის მიღმა Louis Vuitton-ი, Christian Dior-ი და Givenchy დგანან, ხელის სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაზე გადადის და 12 ტონის წარმოება აქვს დაგეგმილი პირველ კვირას. LVMH თავის პროდუქტს საფრანგეთის ხელისუფლებას გადასცემს საავადმყოფოებში უფასოდ დასარიგებლად.

განათლება

სკოლების უმრავლესობამ, უნივერსიტეტებმა და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა თავიანთი კარები დახურეს, მაგრამ საკუთარი საქმიანობა ნამდვილად არა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია მიჯაჭვული სახლებს და ამ ფონზე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინტერნეტში მასშტაბების გაზრდის შესანიშნავი საშუალება აქვთ.

სოციალური ვიდეოპლატფორმა Kuaishou, რომლის ღირებულება $28 მილიარდია (£23.5 მილიარდი), ონლაინ საგანმანათლებლო წინადადებას უკეთებს რეკლამას, ჩინეთში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის კომპენსირებისთვის. კომპანია და სხვა ვიდეოპლატფორმები განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობენ, ე.წ. „ღრუბლის“ ონლაინ ეროვნული კლასის გასახსნელად სტუდენტებისთვის.

ჩჟეციანის უნივერსიტეტმა, ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვანმა სასწავლებელმა, სემესტრის კალენდრის შესაბამისად, 24 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო ონლაინსწავლება. იგი 5000-ზე მეტ კურსს სთავაზობს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, თუმცა ბევრი კურსი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხეში მცხოვრები განათლების მიღების მსურველებისთვისაცაა გახსნილი. როგორც მოელიან, ზაფხულში 2500 ასპირანტი დაიცავს დისერტაციას. მათ ასევე ონლაინ ზეპირი დაცვაც შეუძლიათ დიპლომის მისაღებად − ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

Latest on Entrepreneur