თანამშრომელი უპირველეს ყოვლისა

გუნდის მართვის 9 სტრატეგია
თანამშრომელი უპირველეს ყოვლისა
ფოტო: Pixabay

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ თქვენი კომპანიის კულტურაზე ზრუნავთ, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი და მოგება თავად იზრუნებენ საკუთარ თავზე. თუ თქვენს თანამშრომლებს პირველ ადგილზე აყენებთ და მათზე ზრუნავთ, ეს არასოდეს წაგიყვანთ არასწორი მიმართულებით.

კულტურა თითოეული თანამშრომლის მოქმედებებში ვლინდება, წელიწადში 365 დღე. აქ არც ორგანიზაციულ პრივილეგიებზეა ლაპარაკი, და არც იმაზე, რომ აუცილებლად იდეალური უნდა იყოთ, ან მკაცრი წესები უნდა შეასრულოთ. თანამშრომლები უნდა გრძნობდნენ, რომ ავტონომიურად მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ კომპანიის მთავარი ფასეულობების შესაბამისად.

მთელ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოხდა, და ეს ცხოვრებასაც შეეხო და ბიზნესსაც. დღეს უკვე აუცილებლობა გახდა გადაწყვეტილებების გამჭვირვალე მიღება, და ამასთან, ზომების სწრაფად გატარება. თანამშრომელთა უსაფრთხოება და ემოციური კეთილდღეობა ნებისმიერი ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.

თანამშრომლებზე ორიენტირებულ კულტურაზე გადასასვლელად, ცხრა სტრატეგია უნდა განვიხილოთ:

1. აღმასრულებლები ტონს იძლევიან

თანამშრომლები ნებისმიერ დონეზე ლიდერებზე ამყარებენ იმედს, ისინი იძლევიან ტონს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კომუნიკაცია ნებისმიერ ორგანიზაციაში. ისეთი დროა, რომ აღმასრულებლებისთვის უმთავრესი თანამშრომლებთან აქტიური ურთიერთობების დამყარება უნდა იყოს. ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება შეკითხვებისა და პასუხების განხილვის შესაძლებლობას ქმნის. Maximus-ის პრეზიდენტმა საჯარო დოკუმენტი გამოსცა, რომელშიც თავისი ვალდებულებები დაადასტურა თანამშრომლებისადმი, რომ მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა მისი ერთადერთი და მთავარი პრიორიტეტი იყო პანდემიის დროს. Yum Brands-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უარი განაცხადა თავის 2020 წლის ხელფასზე, რომ გენერალური მენეჯერების ბონუსები დაეფინანსებინა და ფინანსური სუბსიდიები მიეცა თანამშრომლებისათვის.

2. ემპათია მოქმედებაში

გაურკვეველი ვითარების, ქაოსისა და სირთულეების მიუხედავად, დამსაქმებლები ყველაფერს აკეთებენ იმის ხაზგასასმელად, რომ მათთვის უპირველესი თანამშრომლებია და მათი საარსებო პირობები დაცულია. კომპანია დიდი თანაგრძნობითაა განწყობილი თანამშრომელთა მიმართ და მათი თვალებით უყურებს სამყაროს. ქვემოთ, იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც პირველ ადგილზე თავიანთ თანამშრომლებს აყენებენ.

  • Caterpillar-მა ხელფასისა და ბონუსების ყოველწლიური ზრდა შეაჩერა, რომ ხარჯების მართვა შეძლებოდა კრიზისის პირობებში.
  • Comcast-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღმასრულებლებმა თავიანთი ხელფასის 100 პროცენტი გადაურიცხეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რათა მხარი დაეჭირათ საგანგებო ღონისძიებების გატარებისთვის, და ამასთან, $500 მილიონი გამოყვეს იმ თანამშრომელთა ხელფასებისა და ბონუსებისთვის, სადაც ოპერაციები იყო ჩაშლილი.
  • BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ხელმძღვანელმა განაცხადეს, რომ წელს თანამშრომლებს არ გაათავისუფლებდნენ და სრულ ხელფასს გადაუხდიდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახურში ვერ გამოცხადდებოდნენ.
  • Walmart-მა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები ორკვირიან ანაზღაურებას მიიღებდნენ, თუ კარანტინში მოუწევდათ ყოფნა ან კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი ექნებოდათ. გარდა ამისა, მათ კიდევ დამატებითი, 26-კვირიანი კომპენსაცია მიეცემოდათ, თუ ამ ორი კვირის განმავლობაში დაბრუნებას ვერ შეძლებდნენ.

3. ჰუმანური სამუშაო ადგილი

ხელმძღვანელები ნებისმიერ ფასად ცდილობენ თავიანთი სისუსტეების დამალვას, თუმცა დგება დრო, როდესაც ადამიანები ხედავენ, თუ როგორ მიიწევენ წინ თავინთი ლიდერები, და თვითონაც მამაცები და გულწრფელები ხდებიან. აღმასრულებლები მოუხელთებელი მოჩვენებებივით არიან, რომელთა შესახებაც მხოლოდ სამსახურში გაფორმებისას თუ გაიგებთ რამეს, მაგრამ ვერასოდეს შეხვდებით. ეს პოდკასტები, რომლებსაც კომპანიაში თანამშრომლები ავრცელებენ, ყველა საიდუმლოს ხდიან ფარდას, ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფენ, რაც ადამიანებისთვის აუცილებელია. ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს პოდკასტები შიდა პლატფორმებზე იტვირთება, მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა და ხელმძღვანელებს აძლევს საშუალებას გულწრფელები იყვნენ, არც თავიანთი სისუსტეები დამალონ და არსებული ვითარებაც სრულიად გამჭვირვალედ ასახონ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი თანამშრომლებს უფრო მეტ ჩართვას განაპირობებს კომპანიის საქმიანობაში.

4. იყავით სანდო ხმა

თქვენს თანამშრომლებს რეგულარულად მიაწოდეთ სათანადო ინფორმაცია. გაუზიარეთ, თუ რა გავლენას მოახდენს მიმდინარე ცვლილებები ბიზნესზე და რა მნიშვნელობა ექნება თანამშრომლებისთვის. დეტალურად განიხილეთ, რომელი ცვლილებები მოახდენს უშუალო გავლენას ადამიანებზე, რომელი ცვლილებები განხორციელდება, და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული კომპანიის კულტურის გასამტკიცებლად, რომელიც ასე ჟღერს: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ“.

წერილობითი კომუნიკაცია, ურთიერთობის ვიზუალური საშუალებები − ვიდეო იქნება ეს თუ Zoom-ზარები რეალური დროის რეჟიმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია COVOID-19-ზე ინფორმაციის მისაწოდებლად, თუ როგორ იცავს კომპანია თავის თანამშრომლებს. აღმასრულებელი დირექტორის მიერ ჩაწერილი მოკლე ვიდეოგზავნილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოთ, ბევრად მნიშვნელოვანს გახდის ადამიანებთან ურთიერთობას. Salesforce-მა ელექტრონული წერილი გააზიარა − „ჩვენს Salesforce ოჯახთან ერთად ყოფნა“, რათა ყველა საკვანძო დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, თანამშრომლებთან, შეენარჩუნებინა ურთიერთობა.

5. ვირტუალური ოფისის კულტურა

ჩაკეტილ, კარანტინში მყოფ ადამიანთა სამუშაო სივრცეს ცხოველები და ბავშვები დაემატა. ორგანიზაციების ხელმძღვანელები სრულიად ნორმალურად აღიქვამენ ფაქტს, რომ ბავშვებიც ჩანან შეხვედრების ჩატარებისას, და თანამშრომლებს ვირტუალურ სადილებზე თავიანთი ცხოველებისა და ბავშვების ჩვენებაც შეუძლიათ. Vox Media-ს აღმასრულებელი Zoom-ის მოწოდებას შეურთდა, ოჯახებისთვის მოთხრობების წაკითხვის თაობაზე.

ვირტუალური ყავითა და შესვენებებით დაწყებული, და ერთმანეთისთვის ბავშვების ფოტოების გაგზავნით და თხოვნით დამთავრებული, რომ სხვა თანამშრომლებისთვისაც ეჩვენებინათ ისინი, კომპანია აღიარებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავშირები და ასეთი არაფორმალური აქტივობები თანამშრომელთა მხარდასაჭერად, რათა ისინი ჯანმრთელებიც იყვნენ და ემოციურადაც კარგად გრძნობდნენ თავს.

6. სამუშაო გარემო შინ

ყველა ადამიანს არ აქვს შინ სამუშაოდ მომზადებული ოფისი. შინ მუშაობის რეჟიმზე გადასვლა ბევრს ერთ ღამეში მოუხდა, ამიტომ ზოგიერთმა ორგანიზაციებმა ხარჯების ანაზღაურების პროგრამა დანერგეს თანამშრომლების წასახალისებლად, რომ მათ თავიანთი სახლები დისტაციურ, სიცოცხლისუნარიან ოფისებად ექციათ.

Slack-მა თანამშრომლებს $500 გადაურიცხა, რომ მათთვის სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადასვლაში შეეწყო ხელი. ხოლო Twitter-მა განაცხადა, რომ ყველა თანამშრომელს აუნაზღაურებდა დანახარჯებს, რაც საშინაო ოფისის შექმნაში გადაიხადეს. ადამიანური რესურსების გუნდთან გაიარეთ კონსულტაცია კონკრეტული ნივთების შეკვეთამდე, ისეთი გეგმის შესამუშავებლად, რომელიც თქვენი და თქვენი კომპანიის მოთხოვნებს შეესაბამება.

7. გადახედეთ გუნდის მოლოდინს

გუნდებმა ვირტუალურ შეხვედრებზე, როგორც წესი, გუნდის ღირებულებები უნდა განსაზღვრონ, ან კიდევ გადახედონ მათ. საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, რამდენად კარგად იცნობთ მათ პირადად თქვენ, როგორც გუნდის წევრი, და ცხოვრობთ თუ არა მათ მიხედვით პანდემიის დროსაც კი. ემოციური წონასწორობის შენარჩუნებასა და ინკლუზიური ატმოსფეროს შექმნას, თითოეული ფასეულობისა და მათი ყოველდღიური მოქმედების ანალიზი განაპირობებს. კერძოდ, იმის განსაზღვრა, უჭერენ თუ არა მხარს ეს ფასეულობები კომპანიის კულტურის შენარჩუნებას და შეესაბამებიან თუ არა ბიზნესსტრატეგიას.

8. არაფორმალური საუბრები

ქაოსისა და სრული გაურკვევლობის სამყაროში, თანატოლებთან, კოლეგებთან და მენეჯერებთან კავშირი გახდა უზომოდ მნიშვნელოვანი. სერიოზული კონტაქტი კოლეგებთან, თუნდაც, ერთი ერთზე თუ სხვა ტიპის შეხვედრებისას, ნამდვილ პლატფორმას ქმნის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს საუბარი სამსახურის ჩარჩოებს გასცდეს. მენეჯერები თანამშრომლებს ეკითხებიან, თუ როგორ უმკლავდებიან პირადად ისინი სამუშაოს, და იკვლევენ, როგორ ეხმარებათ ახლანდელი გარემოცვა თავიანთი როლებისა და მოვალეობების შესრულებაში. ამ საკითხების განხილვის შემდეგ მენეჯერებს, უფრო მეტად მხარდასაჭერად, თანამშრომელთათვის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის პაკეტების შეთავაზებაც შეუძლიათ. Axis Bank თანამშრომლებს მედიტაციის ვირტუალურ სეანსებს, ონლაინ სწავლების მოდულებს და არაფორმალურ გუნდურ შეხვედრებს სთავაზობს, რომ ადამიანებს კავშირი ჰქონდეთ ერთმანეთთან.

9. მთავარი ყურადღება მენტალურ ჯანმრთელობას

სოციალური დისტანცირება, თვითიზოლაცია, საზღვრების ჩაკეტვა და სხვადასხვა პროდუქციის პანიკურად შეძენა, ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უქმნის პრობლემებს. კორონავირუსი სახიფათოა იმის გამოც, რომ შიშსა და პანიკას თესავს. ორგანიზაციების დრო დადგა − მათ თანამშრომელთა დახმარების პროგრამები, ფსიქიკური ჯანმრთელობის აპლიკაციები უნდა ჰქონდეთ და ტრენინგების ჩატარება უზრუნველყონ თანამშრომლებისთვის ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად. დაახლოებით 2000 უფასო სავარჯიშო არსებობს, პრაქტიკული რჩევებით იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიპოვონ თანამშრომლებმა სულიერი სიმშვიდე ასეთ რთულ ვითარებაში.

Latest on Entrepreneur