RECKLE$$ - სამოსში გადმოცემული თავისუფალი ენერგია

გაიცანით ახალი ქართული ბრენდი!
RECKLE$$ - სამოსში გადმოცემული თავისუფალი ენერგია
ფოტო: ალექსეი სეროვი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
6 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Reckless − ახალი ქართული ბრენდის სახელწოდებაა, რომელიც სალომე გველესიანმა ახალბედა დიზაინერებთან ერთად შექმნა და მასში თანამედროვე ახალგაზრდული მისწრაფებები და ენერგია გადმოსცა. ბრენდი შვილის − ნიკა ჯორჯაძის ხსოვნას ეძღვნება. სწორედ ნიკას თანატოლები ქმნიან Reckless-ს, რომელიც თავისუფალი, შემოქმედებითი, სიახლეებისადმი მისწრაფებებით სავსე, ღია და თამამი ახალგაზრდების სულისკვეთებას გამოხატავს. ბრენდი საზოგადოებამ საჯაროდ სწორედ ნიკას დაბადების დღეზე − 31 აგვისტოს იხილა. გაცნობას კი გუნდის საინტერესო ახალგაზრდებით დაკომპლექტება და შრომატევადი სამზადისი უძღოდა.

„პირველად გასული წლის ოქტომბრის ბოლოს შევიკრიბეთ. ამ საქმიანობის წამოწყებისკენ ერთმა მეგობარმა მიბიძგა. მინდოდა, გლოვისა და ტკივილისგან გაჩენილი უზარმაზარი ენერგია ახალ ფორმაში, მოქმედებასა და შემოქმედებაში გადამეტანა. სწორედ იმ ფორმატში, რომელიც ახალ ენერგიას აჩენს. ვიცოდი, რომ საქმიანობა დაუკავშირდებოდა მოზარდებს, იმას, რაც მათ მოსწონთ, სტკივათ და აშინებთ. იმის შექმნა კი, რაც ამ ყველაფერს ბუნებრივად და მძაფრად გამოხატავდა, ისევ მხოლოდ ახალგაზრდებს შეეძლოთ. ნიკას ამბავმა ძალიან ნათლად დამანახა − ჩვენ რაც უნდა გვეგონოს, რომ კარგად ვიცნობთ და გვესმის ჩვენი შვილების, ასე მაინც არ არის და ბოლომდე არ ვიცით რა სტკივათ, რა უხარიათ და რას განიცდიან ისინი სინამდვილეში. დავიწყე ფიქრი, თუ რა და როგორ შეიძლებოდა გამეკეთებინა“, − გვიყვება სალომე გველესიანი.

შეთანხმების შემდეგ რომ Reckless-ის საქმიანობა ტანსაცმლის შექმნა უნდა ყოფილიყო, გუნდს არაერთ საკითხზე კომპლექსური მუშაობა დასჭირდა. მათ შორის გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბრენდი, მისი მახასიათებლები, ხასიათი; რამდენად მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო მისი პროდუქცია − მონო თუ მულტი?.. ამასთანავე, კონკრეტულად ვინ იმუშავებდა დიზაინის მხარეზე. არჩევანი შემოქმედებით ინდუსტრიებში მომუშავე ახალგაზრდებზე შეჩერდა.

„ახალბედა შემოქმედთა მოსაძიებლად თავისუფალი უნივერსიტეტის დიზაინისა და ვიზუალური ხელოვნების სკოლას მივმართე. მინდოდა სტუდენტების პორტფოლიოებს გავცნობოდი. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრის შვილი, ლიზა ყაჯრიშვილიც იქ სწავლობდა და მასაც ვთხოვე დამხმარებოდა სტუდენტებთან დაკავშირებაში. ასე შევხვდი რამდენიმეს. დაახლოებით 1 თვე სატესტო რეჟიმში ვიმუშავეთ. საბოლოოდ კი გუნდში ისინი დარჩნენ, ვის შორისაც საერთო ინტერესები და ხედვები ყველაზე მეტად გამოიკვეთა“, − სალომე გველესიანი.

დღეს კი ბრენდ Reckless-ის სამოსის დიზაინს 3 ინდივიდუალური და მკაფიო ხედვის მქონე ახალბედა დიზაინერი − ანკა ქოიავა, ლიზა ყაჯრიშვილი და მასუ მწარიაშვილი ქმნიან.

„ესაა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სამი ადამიანი. სწორედ ისინი ქმნიან ბრენდის მრავალფეროვნებას. რამდენადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმდენად მოსწონთ ერთმანეთის აზრები. ამიტომაც, საინტერესო სამეული შეიკრა. ყველას თავისი ძლიერი მხარე აქვს. მე მენეჯერულ მხარეებს ვკურირებ. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგისა და მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, მოდა ჩემთვის მაინც ახალია. ყველა საქმეს საჭიროებისამებრ ვინაწილებთ და ვიზიარებთ კიდეც. ამასთანავე, გვერდით მეგობრების დიდი არმია გვიდგას და მხარს გვიჭერს“.

საერთო ძალისხმევითა და ფიქრით გადაწყდა, ისეთი სამოსი შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის, რომელიც თანამედროვე, სხვადასხვა გემოვნების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის თანაბრად მისაღები აღმოჩნდებოდა − იქნებოდა ეს სპორტული თუ კლასიკური სამოსი. ამასთანავე, მათი ერთგვარი სინთეზიც, რომელიც დღეს საკმაოდ მოდურია. ტანსაცმლის ქსოვილებში ველვეტი და ბამბა დომინირებს.

„ჩვენი კოლექციიდან სხვადასხვა რამ ერთმანეთს კარგად ეხამება. ესაა თავისუფალი მოზარდის ხასიათს მორგებული სტილი და სამოსი. ასევე, გამორჩეულია სასკოლო ფორმების თარგი − მკაცრი სასკოლო ფორმების სილუეტი, რომელსაც ჩვენს სამოსში ვიყენებთ. ამაზე კოლექციებს მომავალშიც დავაშენებთ. ე.წ. street style-ისა და სასკოლო სტილის საინტერესო ბალანსი გვაქვს“, − ამბობს ანკა ქოიავა.

შეჯერებული სტილის, ხაზისა და მოდელების შექმნის შემდეგ, პარტნიორების მონახვის ჯერი დადგა, თანაც − საერთაშორისო მასშტაბით. ბრენდმა თავიდანვე მარტივი გზა არ აირჩია და მულტიპროდუქტის მიმართულებით გადაწყვიტა მუშაობის დაწყება. თითოეულ პროდუქტს განსხვავებული ქსოვილი, პრინტი და ტექნოლოგია სჭირდება. აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი საქართველოში არ იქმნება. ძიების შემდეგ საფრანგეთში იპოვეს ქარხანა, რომელიც მათ დაკვეთას ხარისხიანად და მისაღებ ფასად შეასრულებდა. მაისურებისა და ჰუდების დიდი ნაწილიც სწორედ იქაა შეკერილი.

„ქსოვილების მიმართულებით, პოლონეთსა და თურქეთშიც ვაპირებდით გამგზავრებას, მაგრამ საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ პარიზის ქსოვილების გამოფენაზე მოვასწარით ჩასვლა. იქიდან წამოღებული კონტაქტებით ვიყიდეთ საოცარი ხარისხის ქსოვილები იაპონიაში. კოლექციების ნაწილი საზღვარგარეთ, ნაწილი კი აქ შეკერილია. მაღალი ხარისხის გამო, პროდუქციის თვითღირებულება საკმაოდ დიდია. თუმცა, ჩვენ თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული, რა უნდა გაგვეკეთებინა მაღალი ხარისხის დასადებად და ასევე ისიც, თუ რა საფასო კატეგორიაში მოგვიწევდა მუშაობა“.

მუდმივად მაღალი ხარისხის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის კი ბრენდს დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა სჭირდება. საწყისი კაპიტალი საბანკო სესხს წარმოადგენს, თუმცა მოდის ინდუსტრია საკმაოდ ძვირადღირებული სფეროა. როგორც სალომე ამბობს, კარგი სტარტის გაფუჭება არასაკმარისი ფულადი რესურსის გამო დასანანი იქნება, ამიტომ ინვესტიციების მოსაზიდად აქტიურად აპირებს მუშაობას. ეს ბრენდისთვის ახალი მიმართულებების შემატებას და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უზრუნველყოფს.

როგორც Reckless-ის ახალბედა დიზაინერები გვიყვებიან, დიზაინზე მუშაობის მთავარი ინსპირაცია ნიკასგან წამოვიდა. დაიწყეს ძიება, თუ რა წარმოადგენდა მის ინტერესებს და რა მოსწონდა. გამოარკვიეს, რომ ძალიან აინტერესებდა ფილოსოფია. განსაკუთრებით ისეთი ნააზრევები, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუციისა და საზოგადოების ზეგავლენისგან ცდილობს შემოქმედებითი ნატურების, მათი ინდივიდუალიზმის გამოთავისუფლებას. საქართველოში საბჭოთა კავშირის ასეთ გადმონაშთებს კი მრავლად ვხვდებით − როგორც სტერეოტიპულ აზროვნებასა და მიდგომებში, ასევე უფუნქციოდ თაროებზე შემოდებული ნივთების სახით, რომელთა საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ხშირად არავინ სვამს კითხვას.

„ჩვენს სამოსზე არაერთ სიმბოლოს შეხვდებით. მაგალითად, მიხაკი სკოლის გავლენას ასახავს ბავშვებზე. როგორც პირველი სექტემბრის ყველაზე ღრმა იმიჯი, როგორც ავტორიტეტული ინსტიტუციის მიმართ უსიტყვო მორჩილების სიმბოლო. კუპიდონი „მადონას სერვიზიდანაა“ ამოღებული. ჭურჭელი, რომელიც ლამაზად დევს და მისი გამოყენება არ შეიძლება. ასეთივე ბევრი სტერეოტიპი გვაქვს შემოდებული ჩვენი გონების თაროებზეც. განსაკუთრებით კი ბავშვების მიმართ მიდგომებში, რომელიც სრულიად ფუჭი და არარელევანტურია დღეს. ამით კი ახალგაზრდების შემოქმედებითი და თავისუფალი ენერგიის მოთოკვა ხდება. ჩვენ მიერ დატანილი სიმბოლოები სწორედ ამ სოციალური ინსტიტუტების გავლენის მცდელობას ასახავს, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. შესაბამისად, ბრენდი იდეურად მნიშვნელოვნადაა დატვირთული. დარწმუნებული ვარ, კარგად რომ ჩაწვდებიან კოლექციისა და ბრენდის შინაარსს, ეს ყველაფერი მშობლებისა და ბავშვებისთვისაც სულ სხვა ფასეულობას შეიძენს. ახალ სამოსთან ერთად კი ბევრ რამესაც სხვა თვალით შეხედავენ და გადააფასებენ“, − ლიზა ყაჯრიშვილი და მასუ მწარიაშვილი.

Reckless-ისა და მისი გუნდის მიზნები შორს მიმავალია. როგორც ამბობენ, მწვერვალს ხედავენ, თუმცა მანამდე გასავლელი ვრცელი და შრომატევადი გზა კარგად აქვთ გააზრებული. ახლა დიდ დროს ბაზრის დაკვირვებას, ახალბედა ბრენდის გაყიდვებსა და მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებას უთმობენ. აპირებენ მომავალში ბევრი რამ სწორედ ამ ასპექტებს მოარგონ. წინადადებები სასურველი თანამშრომლობის შესახებ უკვე მიიღეს, სამომავლოდ კი საინტერესო კოლაბორაციებს არ გამორიცხავენ. პარალელურად, მუშაობენ Noizy-სთან, რომელიც მოდის სფეროში გამოცდილი PR-ისა და გაყიდვების სააგენტოა. ის ცნობილ დიზაინერებსა და მოდის სახლებთან აქტიურად თანამშრომლობს. არ გამორიცხავენ, რომ მალე მათი ბრენდით საერთაშორისო ბაიერები და მსხვილი პლატფორმებიც დაინტერესდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი Reckless-ი შოურუმის გაკეთებასაც გეგმავს. ბრენდი ორივე − როგორც ვირტუალურ, ასევე ფიზიკურ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ტრადიციულ ბიზნესგეგმასა და განვითარების სტრატეგიას კი აქ საკუთარ ინტუიციასა და ხედვებს ამჯობინებენ.

„ჩვენი ბრენდი კლასიკური გზით არ ვითარდება. არაერთი რისკი გავწიეთ, რაოდენობებიც ჩვენს ინტუიციაზე დაყრდნობით განვსაზღვრეთ. პირველ ეტაპზე მიზანი სტაბილურობის მიღწევაა, შემდეგ კი უკვე დიდი გეგმები მოდის. მოდას ძალიან არ უყვარს აჩქარება და ახალი ვიზუალების სწრაფად შეთავაზება. ჯერ ჩვენი ხელწერა უნდა დავამკვიდროთ. ბრენდს მკაფიო ხაზი ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს, შემდეგ კი უკვე გამრავალფეროვნებაზე დავიწყებთ ფიქრს“, − სალომე გველესიანი.

Latest on Entrepreneur