4 მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდობა შესაძლოა საიდუმლო იარაღი იყოს ანტრეპრენერთათვის

4 მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდობა შესაძლოა საიდუმლო იარაღი იყოს ანტრეპრენერთათვის
ფოტო: Startup Division

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
5 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩემი პირველი წარმატებული ანტრეპრენერული პროექტი 13 წლისამ დავიწყე და ამ საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ. მინდა გითხრათ, რომ თუ ახალგაზრდა ხართ, ბიზნესის დაწყება ბევრად რთულია. უფრო რთულია მომხმარებლებთან ნდობაზე დფუძნებული ურთიერთობის დამყარება. უფრო რთულია ინვესტორებისგან ფულის მოზიდვა და კიდევ უფრო რთული, თანამშრომლებთან ავტორიტეტის მოპოვება. როდესაც რესტორნის ტექნოლოგიურ ბიზნესს ვიწყებდი, სავაჭრო გამოფენებზე ადამიანები თავიდან ბოლომდე მათვალიერებდნენ, თვალებს ატრიალებდნენ, მიდიოდნენ და ხშირად რაიმე დამამცირებელს ამბობდნენ ჩემს ასაკზე.

მაგრამ სტივ ჯობსმა, ბილ გეიტსმა და ლარი პეიჯმა თავიანთი კომპანიები შესაბამისად 20, 21 და 24 წლის ასაკში დააფუძნეს. Apple, Microsoft და Google-ის ღირებულება ახლა საერთო ჯამში $ 2.7 ტრილიონს შეადგენს. თითოეულმა მათგანმა ახალგაზრდობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ეს სისუსტე სიძლიერედ აქცია.

მეც ასე მოვიქეცი.

უნდა ვთქვა, რომ დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა ანტრეპრენერობა შესაძლოა საიდუმლო იარაღი იყოს და აი, რატომ:

1. თქვენ ხაფანგში არ გაეხვევით იმის გამო, რომ დამკვიდრებული წესებით აკეთებთ ყველაფერს

სტივ ჯობსმა, Apple-ის დამფუძნებელმა განაცხადა: „დოგმის მახეში ნუ გაეხვევით − ეს სხვისი აზროვნების შედეგებით ცხოვრებას ნიშნავს“.

როდესაც ახალგაზრდა ხარ, სამყაროს ახლებურად უყურებ, იმ დროს, როდესაც სხვები წლებს კარგავენ იმის შესწავლაზე, თუ რა როგორ მუშაობს. თქვენთვის კი ყველაფერი ახალია. თქვენ არ გაქვთ სხვა არჩევანი, ერთადერთი გზა ნულიდან დაწყებაა. თქვენ შეგიძლიათ გაცილებით ნათლად წარმოიდგინოთ, თუ რა არის საჭირო დღევანდელი პრობლემების მოსაგვარებლად ისე, რომ გუშინდელი მოძველებული მოსაზრებებით არ იხელმძღვანელოთ, ვინაიდან თქვენ არავინ გასწავლით, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც დღეს არის.

მაგალითად, როდესაც გადავწყვიტე რესტორნებს ციფრული მარკეტინგის გამოყენებით ზრდაში დავხმარებოდი, ადამიანთა უმეტესობა ამას „ჩვეული“ მეთოდით გააკეთებდა: კონსულტანტებით სავსე სააგენტოს გახსნიდა და ყველაფერს ხელით გააკეთებდა. სწორედ ასე აკეთებდნენ ყველაფერს, ვიდრე 1998 წელს ციფრული მარკეტინგი არ გამოჩნდა.

მაგრამ მე ასე არ ვაზროვნებდი, არასოდეს მიფიქრია ხელით რაიმეს გაკეთებაზე. მაშინვე დავიწყე ტექნოლოგიის შექმნა, რომ მისი ავტომატიზება და ოპტიმიზება მომეხდინა. შედეგი კი, ექსპონენციალურად ბევრი შედეგი იყო ჩვენი მომხმარებლებისთვის და მეტი მოგება − ჩვენი ბიზნესისთვის.

2. ახლა საუკეთესო დროა გასარისკად

ძნელია არაფრისგან რაიმეს შექმნა − მდგრადი ბიზნესის დაწყება მართლაც სარისკო საქმეა.

ამისათვის ხელის მოსაკიდებლად საუკეთესო დროა, როდესაც ახალგაზრდა ხართ. ლარი პეიჯი 24 წლის იყო, როდესაც ინტერნეტგიგანტი Google დააფუძნა. მან ერთხელ თქვა: „გირჩევთ, ცოტა მეტად გარისკოთ ცხოვრებაში. თუ ამას საკმაოდ ხშირად გააკეთებთ, ნამდვილად გაამართლებს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ უნდა გარისკოთ, როდესაც ახალგაზრდა ანტრეპრენერი ხართ, ოჯახი არ გყავთ, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული, არც გირაო გაქვს გადასახდელი და ჯერ არც ფუფუნებით ცხოვრებას ხართ მიჩვეული.

ასე რომ, თქვენ თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ დიდ რისკზე წასვლა, რისი საზღაურიც შესაძლოა ვერც მიიღოთ.

ეს არის დრო ცხოვრებაში, როდესაც როგორც წესი, ყველაზე ნაკლებს კარგავთ. ახლა 20 წლის ვარ და კომპანიებს, რომლებიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში შევქმენი, მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, ჩემი კომპანია ცოტა ხნის წინ $ 13 000 000-ზე მეტად შეაფასეს.

მე მაინც მოკრძალებულ ავტომობილს ვმართავ, სასურსათო მაღაზიებში ვყიდულობს პროდუქტებს, იაფფასიანი ტანსაცმელი მაცვია, არ ვისვენებ, მინიმალისტივით ვცხოვრობ და ვცდილობ ნაკლები ხარჯი მქონდეს, რათა გაცილებით დიდ რისკზე შევძლო წასვლა და ჩემი კაპიტალი გავზარდო. ფულს, რომელსაც ჩემი კონკურენტები დიდ ხელფასებსა და ფუფუნებით ცხოვრებაში ხარჯავენ, მე უფრო დიდი ბიზნესის შექმნაში ვაბანდებ.

3. „ადამიანები თავიდანვე სერიოზულად არ იყურებენ, მაგრამ შემდეგ ყოველგვარ საზღვრებს გადადიან“

ეს პირდაპირი ციტატაა ბილ გეიტსისგან, რომელმაც 20 წლის ასაკში დააარსა ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft. მას შემდეგ 144 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და $1,06 ტრილიონის საბაზრო ღირებულება შექმნა.

გეიტსი ამბობს, რომ ადამიანები თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ მისი ასაკის გამო, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ იცოდა რაზეც საუბრობდა, აღფრთოვანებულები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ემუშავათ მასთან ერთად. მისი ასაკი ისტორიის ნაწილი გახდა, რაც პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარა, რადგან მომხმარებლებლებს მოსწონდათ, რომ ახალგაზრდა ვუნდერკინდსა და გენიოსს უჭერდნენ მხარს.

მე იგივე გამოცდილება მქონდა, როდესაც მილიარდდოლარიანი ბრენდები, რომლებიც თავდაპირველად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ჩემ მიმართ, დიდი ენთუზიაზმით აღსავსენი ამომიდგნენ მხარში მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ვიცოდი, რაზეც ვსაუბრობდი. მათ მოსწონდათ ახალგაზრდას რომ ეხმარებოდნენ. ბიზნესის წამყვან ლიდერებს, როგორიცაა მაგალითად შონ რადი (Tinder-ის დამფუძნებელი) და გრეგ გრიდი (Yum Brands-ის აღმასრულებელი დირექტორი) შესაძლოა საერთოდ ჩემი იგნორირება გაეკეთებინათ, უფროსი რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ფანტასტიკური რჩევები გამიზიარეს და ჩემი მრჩეველები გახდნენ.

ჩემი ასაკი უპირატესობად იქცა, რადგან სხვებისგან განსხვავებული ვიყავი. ეს მათ იმ დროს ახსენებდათ, როდესაც ახალგაზრდები იყვნენ და საქმიანობას იწყებდნენ.

4. თქვენ მეტი დრო გაქვთ იმისათვის, რომ მარცხი იწვნიოთ

წარმატება ბევრ წარუმატებლობასთან ერთად მოდის. წარუმატებლობები რწმენას აკარგვინებს ადამიანს. ისეთი გრძნობა ჩნდება, თითქოს დრო ფუჭად გაფლანგე. მაგრამ წარუმატებლობები აუცილებლად შეგხვდებათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი ამბობს, „მარცხი და აღმოჩენები განუყრელი ტყუპები არიან“.

და უმჯობესია მაშინ მოგეცაროს ხელი, როდესაც ახალგაზრდა ხარ. პირადად მე, რამდენიმე ემოციური დარტყმა მივიღე პირდაპირ სახეში. ჩემი პირველი პროექტი − Facebook-ის მსგავსი ქსელი მეექვსე კლასისთვის − სკოლის ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირაში შეაჩერა. ჩემს მეორე − Minecraft-ის პოპულარული სერვერის ქსელს კი, Microsoft-ი ემუქრებოდა. გზად ისეთმა ადამიანებმა მიღალატეს, რომლებზეც ჩემი აზრით იმედის დამყარება შემეძლო. თვეები დავკარგე ინიციატივებზე მუშაობაში, რომლებიც საბოლოოდ წარუმატებლები აღმოჩნდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო გამოფენებზე ხან სად მივფრინავდი და ხან სად, და მომხმარებლები არ მყავდა. ისევ და ისევ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი და თან საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული წარუმატებლობა იმ დროს იმედგაცრუებას იწვევდა, ყოველი გამოცდილებისგან გაკვეთილის მიღება და წინსვლა შევძელი, უფრო მეტი დრო მქონდა, რათა ყველაფერი უკეთ გამეკეთებინა მომავალში.

დიახ, ახალგაზრდა ანტრეპრენერად ყოფნა განსაკუთრებით რთულია. უფრო რთულია სხვები აიძულოთ, ირწმუნონ შენი. ახალგაზრდების უმრავლესობას უჭირს დაიჯეროს, რომ შეუძლია წარმატებული გახდეს, რადგან ისინი ხშირად საკუთარ თავში მხოლოდ ბავშვებს ხედავენ.

მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა ამავე დროს საიდუმლო იარაღია, რომელსაც ძლიერი უპირატესობები აქვს, თუ მათი ამოცნობა ისწავლა.

ასე რომ, დროს ნუ დაკარგავთ და თავის გასამართლებლად თქვენს ასაკს ნუ გამოიყენებთ, ამას არცერთი ცნობილი ადამიანი არ აკეთებს.

წინ იარეთ, დაიწყეთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.

Latest on Entrepreneur