"ბარნოვი" - გზა ხელოვნებიდან ბიზნესამდე

გაიცანით რუსუდან ბარნოვი, რომელმაც „სამეწარმეო სკოლის" დახმარებით საკუთარი შემოქმედება ბიზნესსაქმიანობად გარდაქმნა

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აქსესუარების მრავალფეროვანი ქართული ბრენდი „ბარნოვი“ რუსუდან ბარნოვს ეკუთვნის. პროფესიით მხატვარმა დახვეწილი აქსესუარების შექმნა 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად, ამ ყველაფერს ახლობლებისა და მეგობრებისთვის ქმნიდა, თუმცა ჩვეულ წრეს მალევე გასცდა და საკუთარი ქმნილებების ახალი მასშტაბით რეალიზებას ბრენდული სახელით შეუდგა. აღსანიშნავია, რომ ლოგო და ბრენდის ატრიბუტებიც სწორედ მისი „შემოქმედებაა“. კომერციულ სივრცეში გამოჩენიდან მალევე, „ბარნოვი“ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და ქვეყნის საზღვრებს მიღმა არაერთი ადამიანის − როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცებისა და ბავშვების ყურადღება მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ რუსუდან ბარნოვი პროდუქციას საკმაოდ სახასიათო ოსტატობის სახეობებისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის, რაც მის ბრენდს გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.„ჩემი ბრენდი მომხმარებლებს სხვადასხვა ხაზს სთავაზობს. განსაკუთრებულად მოთხოვნადია თმის სამაგრები, ბაფთები, სამაჯურები და სამკაულები. აქსესუარების დასამზადებელ მასალად ვიყენებ სხვადასხვა ქსოვილს, ტყავს, ბუნებრივ ქვებს, მდინარის მარგალიტებსა და მეტალს. სამოსის შესაქმნელად კი ვიყენებ ორ განსაკუთრებულ ტექნიკას: ეს არის ტამბურული ხელოვნება, იგივე ლუნევილური ქარგვის ტექნიკა და ბრაზილიური ქარგვა. პარალელურად, დავინტერესდი და დამოუკიდებლად შევისწავლე 3D-ქსოვის ტექნიკა, რომელიც უშუალოდ ბისერით ქსოვას ეხება. აქვე დავამატებ, რომ ვარ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი და აქსესუარებს ქართულ ელემენტებზე დაყრდნობითაც ვქმნი. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ხელმისაწვდომი ფასები კი ჩემი მთავარი ამოცანაა. ამიტომ, ბრენდის რეპუტაციაზე მუდმივად ვზრუნავ“, − გვიყვება რუსუდან ბარნოვი.

entrepreneur.ge

ბრენდ „ბარნოვის“ პროდუქციის შეძენა ონლაინ, სხვადასხვა სოციალური პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი, მათ შორის ევროპიდან და აშშ-იდან. მარაგის საკმარისი მოცულობისთვის რუსუდანი ყოველთვის ცდილობს რეზერვში აქსესუარები მრავლად ჰქონდეს, რათა მომხმარებელს ლოდინი არ მოუწიოს. ამისათვის კი რეგულარულად მუშაობს.

„თვის განმავლობაში დაახლოებით 35-მდე სხვადასხვა სახეობის აქსესუარს ვამზადებ. თუმცა დამზადება-მიწოდების ვადები მაინც დამოკიდებულია თითოეულ ნივთზე და მომხმარებელთან თავიდანვე ინდივიდუალურად თანხმდება. მომხმარებლების მოზიდვაში ძალიან მეხმარება პროდუქციის იდეალური ფოტოები, რომლის გადაღებას და განთავსებასაც თავად უზრუნველვყოფ, ვინაიდან ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა“.

ბრენდ „ბარნოვის“ დახვეწისა და ახალ საფეხურზე აყვანისთვის კი ხელოვანს ევროკავშირის პროექტში – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ – მონაწილეობა მნიშვნელოვნად დაეხმარა. უახლესი პრაქტიკული ცოდნა განვითარებისთვის სწორად მიმართა და შემოქმედებით საქმიანობას ბიზნესელემენტებიც შემატა.

„პროექტის ფარგლებში დაარსებულმა სამეწარმეო სკოლამ მომცა უდიდესი ცოდნა ჩემი ბიზნესის სწორად განვითარებისთვის. მისი საშუალებით შევისწავლე ბიზნესის ზოგადი მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსური მართვა, რესურსების მობილიზება, ციფრული მარკეტინგი და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. განსაკუთრებით დამეხმარა ციფრული მარკეტინგის კურსი, რამაც ბიზნესის გაზრდაში შემიწყო ხელი. სამეწარმეო სკოლის პროექტის ფარგლებში, ვისარგებლე მენტორინგის სერვისითაც, რაც ნამდვილად დიდი ეფექტის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის. სამომავლოდ, აქტიურად ვგეგმავ ჩემი არსებული პროდუქციის კიდევ გამრავალფეროვნებას და ახალი ხაზისა თუ აქსესუარების დამატებას, რაშიც აქ მიღებული ცოდნა ძალიან წამადგება. ასევე, მინდა დავიწყო მუშაობა ავეჯის განახლება-დეკუპაჟის ტექნიკით, რაც ჩემი ბრენდის კიდევ ერთი მიმართულება იქნება. ზოგადად, ძალიან მიყვარს ეროვნული სამოსი, რომლის ელემენტებსაც აქტიურად ვიყენებ ყოველდღიურობაში. მომავალში მუშაობა ამ ხაზითაც მაქვს დაგეგმილი“, − რუსუდან ბარნოვი.

პროდუქციის სპექტრის გამრავალფეროვნებასთან ერთად, ახლო მომავალში დამატებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. მაგალითად, სურს საკუთარი სახელოსნო-სალონის გახსნა, სადაც როგორც უშუალოდ მუშაობა, ასევე პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც იქნება შესაძლებელი. საჭირო ინვენტარისთვის თანადაფინანსების მოპოვებას გეგმავს. სასურველი შედეგის მოკლე დროში მისაღებად კი თავდაუზოგავად შრომობს.

„თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა წარმატებული საქმის უპირობო ნაწილია. მაქსიმალური შრომით, საქმის სიყვარულით და დასახული მიზნებით, მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევ და ყველაფერი გამომივა“, − რუსუდან ბარნოვი.

სტატია შექმნილია პროექტისევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშიფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტიევროკავშირი ახალგაზრდებისთვისახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშილტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.