5 გზა, რომლითაც ლიდერებს ამ გაურკვეველ სამყაროში ბიზნესში სიცხადის შეტანა შეუძლიათ

ლიდერებმა თავიანთი გუნდები უნდა აიძულონ, ადაპტირდნენ და იმოქმედონ

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მხოლოდ იმის თქმა, რომ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში სამყაროში სრული გაურკვევლობა იყო, საკმარისი არ იქნება. ასეთ დროს წარმატებას მიაღწევთ თუ წარუმატებლობა გელით ის განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად შეეგუებით ცვლილებებს. პანდემიის დაწყების დღიდან ყოველდღიურად ვასწავლიდი ჩემს კლიენტებს, როგორ უნდა ადაპტირებულიყვნენ, მორგებოდნენ შეცვლილ პირობებს და როგორ უნდა გაეგრძელებინათ საქმიანობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წარმატებულებსა და წარუმატებლებს განასხვავებს ერთმანეთისგან, თავდაჯერებაა.  თავდაჯერებული ადამიანები საკუთარი თავის რწმენას კლიენტებს, თანამშრომლებს და ოჯახის წევრებსაც გადასცემენ.

Quantum Workplace

საქმიანობაში სიცხადის შეტანა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. სიცხადის შეტანა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იცით, რომ ყველაფრის საფუძვლიანად გარკვევას აპირებთ. ქვემოთ ხუთ მთავარ გზას გაეცნობით, რომელსაც დღევანდელ ბაზარზე წარმატებული ანტრეპრენერები ხშირად  მიმართავენ, რომ უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდნენ.

1. ნუ შეეცდებით ყველას ასიამოვნოთ

ყველას გულის მოგება შეუძლებელია. როდესაც ლიდერი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ყველა არ დაგეთანხმებათ. ადამიანების უმეტესობა შიშისგან კანკალებს და სურთ თქვენც მათსავით კანკალებდეთ.  მათი კრიტიკა მხოლოდ თავდაუჯერებლობაა, მეტი არაფერი. თქვენ ამგვარი მოსაზრებების იგნორირება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ისწავლოთ, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ყველას არ მოეწონოს, მაგრამ სვლის გასაგრძელებლად აუცილებელია.  

თქვენ შეგიძლიათ სხვის აზრს სცეთ პატივს და ამავე დროს, ის გააკეთოთ, რაც საჭიროა, რომ კომპანიას უხელმძღვანელოთ. თანამსრომლების აზრის გასაგებად თანაგრძნობის გამოჩენა აუცილებელია, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეთ, რომ მაშინ იმოქმედოთ, როდესაც სხვები ყოყმანებენ. ეფექტური ლიდერი რომ იყოთ, ორი რამ აუცილებელია: თანაგრძნობა და ნდობა. თქვენი საქმე არ არის ყველას დარწმუნება. თქვენი როგორც ლიდერის ამოცანა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც თქვენს ხედვას გააფართოვებს.

2.  მეტისმეტად ბევრს ნუ ფიქრობთ

ჩვენ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც მოქმედებაზე გადასასვლელად იდეალურ სცენარს ველოდებით. ამგვარ მომენტებში იდეალური დრო არასოდეს დადგება.  თქვენს ინტუიციას უნდა ენდოთ და გაჭიანურების ნაცვლად სასწრაფოდ დანერგოთ ინოვაციები. თუ ახალ სტრატეგიებს მოსინჯავთ, თუნდაც მათ არ გაამართლონ,  გამოხმაურებებს მაინც მიიღებთ, რაც ერთი ნაბიჯით დაგაახლოვებთ წარმატებასთან. როგორც წესი ისე ხდება, რომ ვინც ინოვაციების დანერგვას არ ცდილობს, მათ  ჩრდილში რჩება, ვინც ამას აკეთებს.

მდგომარეობის გაანალიზებამ თქვენი სრული უმოქმედება და პარალიზება არ უნდა გამოიწვიოს. ახალი იდეები განახორციელეთ და ვადები დაადგინეთ, როდის უნდა შეაფასოთ მიღებული შედეგები. გაძლიერებულად გააგრძელეთ მუშაობა იმ იდეებზე, რომლებიც გაამართლებს და არც კი გაიხსენოთ ისინი, რომლებიც არ ამართლებს. რაღაც ეტაპზე აუცილებლად იგრძნობთ იმპულსს და ეს თავდაჯერებას შეგმატებთ.

3. იპოვეთ თქვენი მასტიმულირებელი ფაქტორი

განრიგი შეადგინეთ, რომელსაც გარკვეული სტრუქტურა ექნება  და თანმიმდევრული იყავით. თანმიმდევრულობა დროის უკეთ გამოყენების შესაძლებლობას მოგცემთ. როდესაც თანმიმდევრული ხართ, უფრო ადვილად დაადგენთ თქვენს მასტიმულირებელ ფაქტორებსა და მოდელებს. გააგრძელეთ თქვენი განრიგის კორექტირება, ვიდრე იმას არ იპოვით, რაც სიამოვნებას განიჭებთ საქმიანობის დროს.

ყურადღების გარეშე, ბედის ანაბარად არაფერი დატოვოთ.  მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი შესანიშნავი დღე გქონდათ, თავდაჯერებული ვერ გახდებით. ათი კარგი დღე ბევრად უკეთესია, ვიდრე ერთი განსაკუთრებული დღე, რომელსაც ცხრა ჩვეულებრივი მოჰყვება. თუ თანმიმდევრული ხართ, როგორც წესი, კარგი დღეები გექნებათ.

განრიგი შეადგინეთ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ დღეს თავდაუზოგავად იმუშავებთ. სხვა დღეებში კი, თქვენს ბოლო დღეს გადახედეთ და შემდეგი ისე დაგეგმეთ. კიდევ სხვა დღეებში, დაისვენებთ, დაიმუხტებით და მუშაობას განაახლებთ. თქვენი გრაფიკის კორექტირება ზრდასთან ერთად გააგრძელეთ.

4. დაითვალეთ თქვენი გამარჯვებები

ჩვენ საკუთარ თავს ვამუხრუჭებთ, ნაცვლად იმისა, რომ  გამარჯვებებზე ვიფიქროთ,  სულ ჩვენს წარუმატებლობებზე ვფიქრობთ.  თუ  თქვენს მიღწეულ პროგრესზე გაამახვილებთ ყურადღებას, იმპულსს მაშინვე იგრძნობთ. მაგრამ ასე არ მოხდება, თუ ერთ ადგილას იდგებით და არც მაშინ, თუ მხოლოდ უკან იყურებით.

მე ერთს გთავაზობთ - მადლიერების ჟურნალის წარმოება დაიწყეთ. ყოველ საღამოს დაძინებამდე სამი რამ ჩამოწერეთ, რისთვისაც იმ დღის მადლობელი ხართ: რა გააკეთეთ ისეთი, რამაც უფრო დაგაახლოვათ თქვენს  მიზანს? ვის დაეხმარეთ? ან რაში შეიტანეთ წვლილი? თქვენი გონება ღამით დააპროგრამებს საკუთარ თავს, რომ ამ შეკითხვებს უპასუხოს.

დააფასეთ იმ დღეს მიღებული საჩუქრები. არ დაივიწყოთ, რომ ბრძოლა და შეცდომები მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. თუ იმას ვერ აფასებთ, რასაც მიაღწიეთ, ვერც შემდეგ ეტაპს დააფასებთ. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბედნიერება სადღაც შორს, მეორე მხარესაა, მე ამას გამუდმებით ვხედავ. ამ დროს, თქვენ ხელით უნდა შექმნათ საკუთარი ბედნიერება, მადლიერი იყოთ იმის, რაც გაქვთ. ეს არის თავდაჯერების მოპოვების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

5. იცოდეთ, რომ მარადიულად არაფერი გრძელდება

ადამიანების უმეტესობა თავდაჯერებას კარგავს, როდესაც პრობლემებს ეჯახება. მიაჩნიათ, რომ რის გადატანაც უხდებათ, უსასრულოდ გაგრძელდება. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არცერთი ბაზარი არ არის მარადიული, არცერთი კატასტროფა არ გრძელდება უსასრულოდ და უნდა გვჯეროდეს, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლე დაგვხვდება. ერთ-ერთი ფრაზა, რომელსაც ყოველთვის ვუმეორებ ჩემს კლიენტებს, ეს არის:  ”საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის”. უფრო თავდაჯერებული გახდებით, თუ ამის მტკიცედ გჯერათ,  და იცით, რომ პრობლემები რომლებსაც დღეს ეჯახებით, დროებითია. იცით, რომ ქარიშხალი უნდა გადაიტანოთ,  რომ შესაძლებლობები იპოვოთ. ეს არის ერთადერთი, რაც აუცილებელია.

თავდაჯერება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცით. იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რაც პასუხების მოსაძებნად გჭირდებათ. როდესაც ყველა გარბის, თქვენ რინგზე გასვლის და დარტყმების მიღების არ გეშინიათ. თქვენ არ კამათობთ რეალობასთან, ნაცვლად ამისა, ისეთს  იღებთ, როგორიც არის. შესაძლოა არ იცით, როგორ უნდა დაძლიოთ თქვენი პრობლემები, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ხართ, რომ ის გაქვთ,  რაც გზის მოსაძებნად გჭირდებათ.

თავდაჯერება ახალი ვალუტაა ამ ბაზარზე. თუ ლიდერი თავდაჯერებას კარგავს, მისი ორგანიზაცია წარუმატებლობისთვის განწირულია. თუ ამ ხუთ ნაბიჯს მიყვებით, თქვენ ბევრად უფრო ადვილად გახდებით თავდაჯერებული და ნებისმიერ ვითარებაში მიაღწევთ წარმატებას.