📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

პირველი ქართული HR-საკონსულტაციო ორგანიზაცია PMC 20 წლისაა PMC-ის დამფუძნებელი ია კუტალაძე ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის დაარსების საჭიროებისა და საქმიანობის შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოში პირველი HR-საკონსულტაციო ორგანიზაცია PMC-ის დამფუძნებელი ია კუტალაძე საუბრობს ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის დაარსების საჭიროებისა და საქმიანობის შესახებ. PMC-ს წელს 20 წელი შეუსრულდა!

გვიამბეთ PMC-ის შექმნის შესახებ.

PMC 2000 წელს ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. ეს ერთგვარი სტარტაპი იყო, რომლის სერვისებიც ბაზრისთვის საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ჩვენს გავლილ გზას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს ვყოფილვართ მხოლოდ ბაზრის მოთხოვნაზე დამოკიდებულები, ვიყავით პროაქტიურები, ვცდილობდით ახალი სერვისების შექმნას, ადვოკატირებასა და დანერგვას. მაშინ, როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო საქმიანობა, მოთხოვნა ადამიანური რესურსების მართვის სერვისებზე ფაქტობრივად არ იყო, პერსონალის მართვის სფერო ძირითადად საკადრო კანცელარიით შემოიფარგლებოდა. ეს რთული და გარდამავალი პერიოდი გახლდათ, ქვეყანა მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, „საბჭოთა ეკონომიკიდან" საბაზრო ეკონომიკაზე გადადიოდა. უმეტესობა ჯერ კიდევ მკაფიოდ ვერ ხედავდა ადამიანური რესურსების მართვის და მასთან ასოცირებული ორგანიზაციული პროცესების სტრატეგიულ როლს ბიზნესების განვითარებაში. შესაბამისად, ინფორმირებულობისა და HRM-ის კრიტიკული მნიშვნელობის გაცნობიერების ხელშეწყობაც ჩვენი საქმიანობის ნაწილი გახდა. ყველა საქმიან შეხვედრაზე ვცდილობდით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მკაფიოდ და ცხადად დაენახათ ეფექტიანი და რაციონალური HRM-პოლიტიკისა და პრაქტიკის როლი ორგანიზაციის წარმატებაში. ვეხმარებოდით ორგანიზაციებს ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტების შექმნაში, მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფაში, HRM-სპეციალისტების შერჩევასა და პროფესიულ განვითარებაში. ეს პერიოდი განსაკუთრებულად ღირებულია ჩემთვის, განსაკუთრებულად ღირებული და ძვირფასია ის ხალხი, ვისთან ერთადაც ვიწყებდი ამ საქმეს... არასოდეს გაგვიმახვილებია განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი საქმის რეკლამირებაზე, პირიქით − საკმაოდ ჩუმად, მოკრძალებულად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს და ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით ხარისხზე.

თუმცა, ალბათ მხოლოდ პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრები და საუბრები არ იყო საკმარისი. საჭირო იყო შრომის ბაზრის მომზადებაც ამისთვის...

ცხადია, საჭირო იყო ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა მომზადება, რომლებიც დასაქმდებოდნენ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდნენ გამოწვევების წინაშე მდგარი ორგანიზაციების წარმატებაში. გიამბობთ, ჩვენ რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით. გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვეცით პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ადამიანური რესურსის მენეჯმენტში; ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა იმ პერიოდისთვის უახლეს ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიული ლიტერატურა. ჩავატარეთ ინტენსიური ტრენინგები ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებისთვის...

თუმცა საჭირო იყო ამ სფეროში სისტემური ცოდნით აღჭურვილი, ახალი თაობის პროფესიონალთა მომზადება, აკადემიური განათლების მიცემა − ისე, როგორც ეს ხდებოდა ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამ პერიოდში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო, შემდეგ კი სადოქტორო პროგრამები შეიქმნა.

გვესაუბრეთ ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული დაფინანსების შესახებ.

ყველა ის პროექტი, რომელზეც ვისაუბრე, ფონდი „ევრაზიის" მხარდაჭერით განხორციელდა. იმ პერიოდისათვის საქართველოში ბევრი საერთაშორისო დახმარების პროგრამა/მისია ჩამოვიდა. სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მათი ჩართულობით განხორციელდა ეს პროექტები და დაფუძნდა ჩვენი ორგანიზაცია.

რა არის PMC-ის წარმატების წინაპირობა?

უკვე 20 წელია ამ ბაზარზე ვართ. ამის წინაპირობა ჩვენი გაკეთებული საქმე, პროფესიული სერვისები და საქმიანი ეთიკაა. კერძო და საჯარო სექტორში დღეს არსებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია სხვადასხვა დროს იყო ან/და არის ჩვენი კლიენტი. PMC-ის წარმატების გასაღები მაინც ზიარ ღირებულებებზე, ნდობაზე, ერთგულებაზე, პასუხისმგებლობაზე დამყარებული გუნდი, კრეატიული და მოტივირებული ახალგაზრდა თაობაა, რომელიც მუდამ ახალი მიდგომებისა და ახალი იდეების ძიებაშია.

ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ბევრი HR-საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში. ეს დარგის განვითარებაზე მიუთითებს. ჩვენ საკუთარ ნიშას და ორგანიზაციული პროცესების სისტემურ ხედვას ვინარჩუნებთ. PMC დღესაც აქტიურად ადევნებს თვალყურს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიისა და HRM-ის დინამიკურ განვითარებას, სამეცნიერო კვლევებს, ახალ თეორიებს, ახალ პარადიგმებს და ცდილობს მნიშვნელოვანი მიგნებების ტრანსფერს ქართულ HR-ბაზარზე.

როგორც ახსენეთ, HR-დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო სისტემური მიდგომა და კვალიფიციური კადრების მომზადება. გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.

1990-იანი წლებიდან ვმუშაობ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვხელმძღვანელობ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. უნდა აღვნიშნო, რომ თსუ პირველი იყო ამ პროგრამების შემუშავებაში (და წლების განმავლობაში ერთადერთიც...) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგებისა და ადამიანური რესურსის მართვის პროფესიონალთა დიდი ნაწილი ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულია. ჩემი და ჩემი კოლეგების საუნივერსიტეტო საქმიანობა ორიენტირებულია ახალი თაობის პროფესიონალთა აღზრდასა და მხარდაჭერაზე, ისეთი HRM-სპეციალისტების მომზადებაზე, რომელთაც აქვთ ადამიანური რესურსების მართვისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კონცეფციებისა და თეორიების ფუნდამენტური ცოდნა, სათანადოდ განვითარებული კვლევითი უნარები და მაღალი პროფესიული ეთიკა. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე სადოქტორო და ათეულობით სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი ვიყავი და ვარ. ვცდილობ ჩემს მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან ერთად ვიკვლიოთ ყველაზე აქტუალური საკითხები. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული საქმეა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრშიც ჩემი მაგისტრანტები და დოქტორანტები მუშაობენ. მათთან ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებულია, მეც ვსწავლობ მათგან და ვიძენ საინტერესო გამოცდილებას.

PMC − სამომავლო გეგმები.

20 წელი არც ძალიან ბევრია და არც ცოტა... ჩვენ შევძელით მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროს განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. დღეს, როდესაც ბევრი HR-საკონსულტაციო ფირმა ოპერირებს ბაზარზე, ასევე ბევრი სამაგისტრო პროგრამა იქმნება სხვადასხვა უნივერსიტეტში, ჩვენ კვლავ ვქმნით კვლევაზე, სამეცნიერო ცოდნისა და პრაქტიკის კომპლექსურ ანალიზზე დაფუძნებულ გამორჩეულ, ახალ სერვისებს და როგორც ყოველთვის, ვცდილობთ ვიყოთ ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებზე ერთი ნაბიჯით წინ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი