📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნეს ანალიტიკის (BI) სისტემის დანერგვა - როგორ მოვემზადოთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თუ გადაწყვიტეთ, რომ დროა, თქვენი ორგანიზაცია ბიზნეს ანალიტიკის თანამედროვე მეთოდებზე გადავიდეს, თქვენი ბიზნესის შედეგების შესახებ ანგარიშგებები ყოველდღიურად ავტომატურად მიიღოთ და სხვადასხვა წყაროდან მომავალი მრავალი მონაცემი ერთმანეთთან მარტივად დააკავშიროთ, მაშინ ამ სტატიამაც უნდა დაგაინტერესოთ. აქ მოგიყვებით, რა სამუშაოები უნდა გასწიოთ, რაზე უნდა დაფიქრდეთ, ვიდრე ბიზნეს ანალიტიკის სისტემას დანერგავთ. ამ სამუშაოების გაწევა გაგიადვილებთ ბიზნეს ანალიტიკის სისტემის ამოცანის მკაფიოდ დასმას, ზუსტად გეცოდინებათ, რას მიიღებთ თქვენს მიერ გაწეული დანახარჯების შედეგად. მაშ, ასე ვიდრე, ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვას შეუდგებით:

მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ ბიზნეს ამოცანა

რაც შეიძლება ნათელი წარმოდგენა შეიქმენით, რა ანგარიშგებების მიღება გსურთ ბიზნეს ანალიტიკის სისტემით. გაყიდვები, მარკეტინგი, მარაგები, ფინანსები, საკადრო რესურსები - რა მიმართულებები უნდა დაფაროს სისტემამ. უკეთესი იქნება, თუ უფრო დეტალურად აღწერთ თითოეული თქვენთვის სასურველი მიმართულების ანგარიშგებებს. მაგალითად, გეცოდინებათ, რომ ფინანსური ანალიზისთვის დაგჭირდებათ მოგება-ზარალის ვიზუალიზაცია თვეების ჭრილში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების შედარება წარსულ პერიოდთან, ხარჯების დეტალური ანალიზი. თითოეულ მიმართულებაში გამოყავით მთავარი მაჩვენებლები და ჭრილები, რომლითაც ამ პარამეტრებს გსურთ, დააკვირდეთ.

თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენს ორგანიზაციაში ბიზნეს ანალიტიკა რამდენიმე (ან ყველა) მიმართულებას უნდა ფარავდეს, მიანიჭეთ მათ პრიორიტეტები - განსაზღვრეთ მათი დანერგვის რიგითობა.

იცოდეთ, რა წყაროებიდან იღებთ მონაცემებს

აღრიცხეთ თქვენს კომპანიაში არსებული ყველა მონაცემთა წყარო - საბუღალტრო აღრიცხვის სისტემა, საწარმოს რესურსების დაგეგმვის სისტემა (ERP), Google Analytics, Facebooks Ads, ონლაინ მაღაზია, რაიმე სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფა, მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვის პროგრამა, რიგების მართვის პროგრამა. ისიც გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, მონაცემები ყოველთვის რაიმე სისტემაში ავტომატურად არ აღირიცხებოდეს და მათ თქვენი თანამშრომლები აღრიცხავდნენ სხვადასხვა ფორმატში, მაგალითად, ექსელის ფაილებში. არ გამოგრჩეთ ასეთი წყაროები, თუ მათში შემავალი მონაცემები კომპანიის შედეგების ანალიზისთვის გჭირდებათ.

დაფიქრდით, რა ინფრასტრუქტურა დასჭირდება სისტემას

მესამე ნაბიჯია ინფრასტრუქტურული საჭიროებების დადგენა. BI სისტემა რამდენიმე მთავარი კომპონენტისგან შედგება: მონაცემები, მონაცემთა წყაროები, „ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო" (Single Source of Truth) და ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტი. „ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო" არის სივრცე, სადაც თავს მოიყრის ბიზნეს ანალიტიკის სისტემისთვის საჭირო ყველა მონაცემი, იმ ფორმით, ლოგიკით და არქიტექტურით, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. თუ თქვენს კომპანიაში არსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია, ამ ამოცანას თავი გაართვას, მაშინ მან უნდა განსაზღვროს, რა ტექნოლოგიას გამოიყენებს ამ სივრცის შესაქმნელად, საკმარისია თუ არა ორგანიზაციაში არსებული მონაცემების გამოთვლის და შენახვის სიმძლავრეები „ჭეშმარიტების ერთადერთი წყაროსთვის"? თუ დამატებითი ინვესტიციაა საჭირო? თუ ასეთი ადამიანი კომპანიაში არ გყავთ (რაც არც თუ იშვიათი შემთხვევაა), აუცილებლად დაუსვით ეს შეკითხვები კონსულტანტს, რომელიც პროექტის განხორციელებაში გეხმარებთ. ამგვარად თავიდან აიცილებთ მოულოდნელ სიურპრიზებს: დამატებით ხარჯებს, ბიზნეს ანალიტიკის სისტემის შეფერხებით მუშაობას.

შეარჩიეთ პლატფორმა და ლიცენზია

როგორც ზემოთ ითქვა, ბიზნეს ანალიტიკის სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ბიზნეს ანალიტიკის ინსტრუმენტი, პლატფორმა, სადაც ჩვენი კომპანიის შედეგებს ვხედავთ და ვაანალიზებთ. დღეს საქართველოს ბაზარზე სამი წამყვანი ინსტრუმენტი დომინირებს: მაიქროსოფტის „ფაუერ ბი აი" (Power BI), კლიკის „კლიკსენსი" (Qlik Sense) და სეილსფორსის „ტაბლო" (Tableau). ეს პლატფორმები მსოფლიო ბაზარზეც მოწინავე პოზიციებზე არიან. პლატფორმები სხვადასხვა ტიპის ლიცენზიას გვთავაზობენ. ლიცენზიით განისაზღვრება სარგებლობის პირობები: რა მოცულობის მონაცემის ვიზუალიზაციას შეძლებს პლატფორმა, რამდენი მომხმარებელი ისარგებლებს პლატფორმით, ონ-პრემის შეიქმნება სისტემა თუ პროვაიდერის სერვერზე და ასე შემდეგ. ლიცენზიის შერჩევისას, გარდა მისი პირობების შეფასებისა, კარგი იქნება თუ დაფიქრდებით, როგორ გაიზრდება მონაცემები და როდის დაგჭირდებათ უფრო მძლავრი ლიცენზიის შეძენა.

შეაფასეთ თქვენი კომპანიის ადამიანური რესურსი

ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვა კომპანიის ძალებითაც შესაძლებელია და კონსულტანტების დახმარებითაც. როგორ მოიქცეთ, ამაზე პასუხს თქვენი კომპანიის ადამიანური რესურსების შეფასება გაგცემთ. ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვას შემდეგი სპეციალისტები სჭირდება: ბიზნეს ანალიტიკოსები - ბიზნეს ამოცანის სწორად დასმისთვის; მონაცემთა ინჟინრები და არქიტექტორები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები - მონაცემთა ერთ სივრცეში თავმოყრისთვის; მონაცემთა ანალიტიკოსი - ბიზნეს ანალიტიკის ამოცანების გადასაჭრელად (მაგალითად, მომხმარებელთა კალათის ანალიზის ინსტრუმენტის შესაქმნელად), ადამიანი ვინც იცის მონაცემთა ვიზუალიზაცია - მონაცემთა ვიზუალიზაციის რომელიმე პლატფორმაში ბიზნეს ანალიტიკის ვიზუალიზაციისთვის.

დაფიქრდით, ვინ მოუვლის სისტემას დანერგვის შემდეგ

ვიდრე საბოლოოდ გადაწყვეტთ ბიზნეს ანალიტიკის სისტემის დანერგვას, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, როგორ მოუვლით უკვე დანერგილ სისტემას. ბიზნეს ანალიტიკა სტატიკური სისტემა ვერ იქნება. თქვენი ბიზნესი განვითარებასთან, ზრდასთან და ცვლილებასთან ერთად გაჩნდება ახალი ან შეიცვლება არსებული მონაცემთა წყაროები, საჭირო გახდება ახალი ტიპის ანგარიშგებების შექმნა, ინფორმაციის სხვა ჭრილში დანახვა. გარდა ამისა, არ არსებობს უნაკლო სისტემა და ერთ დღეს, თქვენი სისტემა შესაძლოა, შეფერხდეს. სწორედ ამიტომ, ბიზნეს ანალიტიკის სისტემაზე გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია დაფიქრდეთ, რამდენად შეძლებთ, სისტემას კომპანიის ძალებით მოუაროთ? რა რესურსის დამატება დაგჭირდებათ ამისთვის? დაგჭირდებათ თუ არა არსებული კადრების გადამზადება (განსაკუთრებით ანალიტიკური გუნდის) და არის თუ არა ბაზარზე ამისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამა? აქვთ თუ არა ბაზარზე არსებულ კომპანიებს დანერგვის შემდგომი მხარდაჭერის სერვისი და რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული?

თუ გსურთ, რომ ბიზნეს ანალიტიკის სისტემა თქვენს საჭიროებებს კარგად მოერგოს ან მისი დანერგვის დროს არასასიამოვნო სიურპრიზებს არ წააწყდეთ, მაშინ გირჩევთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე დაფიქრდეთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი