და მოგზაურობა იწყება აქ - ელენე თარხნიშვილის ისტორია

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრულ სამყაროში ჩემი მოგზაურობა უბრალო გატაცებით დაიწყო. სტუდენტობის პერიოდში, მაშინ როდესაც არც სოციალურ, არც ციფრულ მარკეტინგში არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ერთ-ერთ ციფრულ სააგენტოში, კრაკენში მოვხვდი. 

entrepreneur.ge

მოხდა ისე, რომ აქ შეძენილი ცოდნა ციფრულ სამყაროში ჩემი პირველი ნაბიჯები აღმოჩნდა. 6 თვის განმავლობაში ვეცნობოდი ციფრული სფეროს სპეციფიკასა და მოთხოვნებს, ნელ-ნელა შევეჩვიე ამ ინდუსტრიას და შემდეგმა სამსახურმაც არ დააყოვნა.

კრაკენის გუნდის ახალი წამოწყება Giffer-ი ჩემი მოტივაციის წყაროდ იქცა. სულ რაღაც ერთი წლის გამოჩენილები იყვნენ ბაზარზე და თავისი ხელით აწყობილი 4 თუ 5 აპარატი ქონდათ. ეს იყო ოთხი ადამიანისგან შექმნილი გუნდი, რომელიც ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებოდა. მათ თავგადასავალს თითქმის საწყისი ეტაპიდან შევუერთდი.

ვუყურებდი, როგორ ვითარდებოდნენ და ნელ-ნელა არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე იზრდებოდნენ. ამ პერიოდში დავინახე, რომ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ.

მას შემდეგ რაც კომპანია გაიზარდა, ჩვენს სერვისზე მოთხოვნა საქართველოდან სომხეთში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში გავრცელდა...

Giffer-ი ჩემთვის იმდენად ახლო და სასიამოვნო გამოცდილებად იქცა, იმდენად კომფორტის ზონაში აღმოვჩნდი, რომ ახალი გამოწვევები ყოველდღიურად უფრო და უფრო შორეული შესაძლებლობა ხდებოდა.

მივხვდი, რომ დრო იყო საკუთარ თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო, მზად ვიყავი ახალი, უცნობი სირთულეებისა და გამოწვევებისთვის. შევძლებ? ვერ შევძლებ? - ეს კითხვები მიტრიალებდა თავში, რადგან ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, კომფორტის ზონიდან გამოსვლის შემდეგ როგორ გაგრძელდებოდა ჩემი მოგზაურობა. დაბნეულობას ოდნავ გაურკვევლობის შიშიც ემატებოდა.

მაგრამ რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ საჭიროა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და  ახალი გამოწვევებისთვის თვალის გასწორება, გარემოს შეცვლა.

ჩემი მიზანი ციფრულ სფეროში ცოდნის გაღრმავება იყო, ამიტომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავედი. ეს მოცემული რეალობისა და რუტინისგან ერთგვარი შესვენება იყო.

როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ზურგს დაგროვებული ცოდნა და კრაკენსა თუ Giffer-ში მიღებული სამუშაო გამოცდილება მიმაგრებდა. ვხვდებოდი, რომ თავდაჯერებულობა მომემატა და კითხვაზე - შევძლებ? პასუხი გახდა - აუცილებლად!

სულ რაღაც ორ კვირაში კი Noxtton-ში დავიწყე მუშაობა. თავი ნაცნობ გარემოში ვიგრძენი, რადგან კომპანია ჩემს ღირებულებებს იზიარებდა - ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია.

თუმცა, ახალი თავგადასავალი ახალი გამოწვევებით იყო სავსე. აქ სრულიად სხვანაირი მიდგომა და მასშტაბური პროექტები იყო განსახორციელებელი. საჭირო იყო სიტუაციასთან ადაპტირება, ანუ იცი რა შედეგს უნდა მიაღწიო, ოღონდ განსხვავებული მიდგომების გამოყენება გჭირდება. ჩვენი გუნდის მიზანი საქართველოს ბაზარზე Data driven marketing-ის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ზრდასა და იმპლემენტაციას წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრაქტიკა საქართველში ფართოდ გავრცელებული არ არის, მასთან შეჩვევა ჩემი მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა.

თუმცა, Noxtton-ის გუნდმა კიდევ ერთხელ შემახსენა, ერთად ყველაფერი შესაძლებელია.

აქ აღმოვაჩინე, რომ ციფრულ სამყაროში ცოდნა და შესაძლებლობები უსაზღვროა. ყოველ ახალ პროექტს ახალი გამოწვევები, ტრენდები და უსაზღვრო ინფორმაცია მოაქვს, შეუძლებელია გაჩერდე. ყოველდღე გიწევს ისწავლო, აღმოაჩინო  რაღაც ახალი და ამ ცოდნის გაზიარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუნდს და გუნდის წევრებს. რაღაც ინოვაციური მიდგომების აღმოჩენის შემდეგ ვცდილობთ ერთად შევიმუშაოთ ეფექტური სტრატეგიები, მოვახდინოთ ცოდნის გაზიარება და ახალი მიდგომების გენერირება.

ვფიქრობ ეს მომავლის პროფესიაა, რომელიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი დანიშნულებაც სწორედ ეს არის, დავეხმაროთ ბიზნესებს მოახდინონ ციფრულ სამყაროსთან ასიმილაცია, სწორი სტრატეგიების შემუშავება და ბაზრის ახალი სეგმენტის ათვისება. ამისათვის საჭიროა, ყოველდღიურად გასცდე საზღვრებს და არა მხოლოდ იფიქრო, არამედ იმუშაო საკუთარი თავის განვითარებაზე.

ციფრულ სამყაროში შესაძლებლობები უსაზღვროა. აქ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, მთავარია გაინტერესებდეს ციფრული მიმართულებები. ახლა რომ ვუფიქრდები, პირველი სამსახურის დაწყებამდე მუდმივად ვეკითხებოდი ჩემს თავს: გვიან ხომ არ არის ახლა რომ დავიწყო? ამ კითხვაზე პასუხი კი რამდენიმე წლის შემდეგ ვიპოვე: არასდროს არის გვიან, აკეთო და ისწავლო ის, რაც გაინტერესებს. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის.

და რაც მთავარია, ციფრულ სამყაროში ვერასდროს მოიწყენ. არასდროს გექნება შეგრძნება, რომ შენი თავი ამოწურე, რადგან ეს სფერო მუდმივად ვითარდება და მასთან ერთად ვითარდები შენც.