ილონ მასკი უპრეცედენტო, $100 მილიონი საპრიზო ფონდის მქონე კონკურსს აცხადებს

ილონ მასკი უპრეცედენტო, $100 მილიონი საპრიზო ფონდის მქონე კონკურსს აცხადებს
ფოტო: Britannica

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

22 აპრილს, SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თავის ფილანტროპიულ პროექტ XPrize-ის წარმომადგენელთან ერთად, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ კონკურსი გამოაცხადა, რომლის საპრიზო ფონდი 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. მისი მიზანია, ნოვატორებში ატმოსფეროსა და ოკეანეებიდან ნახშირორჟანგის გამოდევნის და მისი გარდაქმნის ფართომასშტაბიან პროექტებზე მუშაობის სურვილი გააღვივოს. ილონ მასკმა ამ კონკურსის შესახებ განცხადება 22 აპრილს, „დედამიწის დღეს“ გაავრცელა, რაც ერთგვარად სიმბოლურიც იყო, რადგან პროექტი სწორედ პლანეტის მდგრადი განვითარების სადარაჯოზე დგას. უკვე ცნობილია, რომ პროექტის ხანგრძლივობა 4 წელიწადს შეადგენს და გამარჯვებული 2025 წელს გამოვლინდება.

Xprize-მა უკვე გაასაჯაროა ის კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით შეარჩევს ჟიური საუკეთესო პროექტს. საწყის ეტაპზე, აპლიკანტმა გუნდებმა უნდა დაასაბუთონ, რომ მათ წელიწადში, ატმოსფეროდან და ოკეანეებიდან 1000 ტონა ნახშირორჟანგის გამოდევნა და მისი უსაფრთხოდ შენახვა შეუძლიათ. მეორე ეტაპზე განიხილება ის, თუ რამდენად ქმედითუნარიანი და მასშტაბირებადია პროექტი და შეძლებს თუ არა იგი წლიურად მილიონ ტონა „სათბურ აირთან“ გამკლავებას. ბოლო საფეხური კი გულისხმობს სამომავლო პერსპექტივაში იმის დამტკიცებას, რომ წლიური  გიგატონა ნახშირორჟანგის განეიტრალება შესაძლებელი და მიღწევადია. Xprize-ში აღნიშნავენ, რომ მათთვის მისაღები და მისასალმებელი იქნება კლიმატის გლობალურ  ცვლილებასთან ბრძოლის ნებისმიერი ეფექტიანი მეთოდი.

მიმდინარე წლის განმავლობაში, ჟიურის წევრებმა უნდა განიხილონ საპროექტო განაცხადები და უკვე წელიწადის ბოლოსთვის, 15 საუკეთესო აპლიკანტი  მილიონი დოლარით დაჯილდოვდება. 4 წლის გასვლის შემდეგ (2025 წელს) კი, კომისია ერთ გამარჯვებულზე შეჯერდება, რომელიც მთავარი პრიზის – 50 მილიონი დოლარის მფლობელი გახდება. უშუალოდ კონკურსის გამარჯვებულის გარდა, გამოვლინდება კიდევ სამი პრიზიორი, რომლებზეც 30 მილიონი დოლარის ბიუჯეტი გადანაწილდება.

„2021 წელს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ კლიმატის გლობალური ცვლილება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის და ჩვენ მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი ამის ძირითადი განმაპირობებელია“, – XPrize-ის ვიცეპრეზიდენტი კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებში, მარსიუს ექსტავური.

მიუხედავად იმისა, რომ Xprize დედამიწაზე არსებული პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული, ამ ორგანიზაციას უკვე ჩატარებული აქვს რამდენიმე საინტერესო კონკურსი კოსმოსის შესწავლის კუთხითაც. 2004 წელს, SpaceShipOne-მა AnsariXprize-ის კონკურსში, რომელიც კოსმოსური ექსპედიციებისა და ეკიპაჟების განვითარების ტემპის ზრდისკენ იყო მიმართული, 10 მილიონი დოლარის მოგება შეძლო. SpaceShipOne-ის დიზაინი დღემდე აქტუალურია მის „მემკვიდრეებში“, როგორიცაა სუბორბიტული ლაინერი Virgin Galactic SpaceShipTwo და  SpaceShipThree.

2007 წელს, ასევე ჩატარდა კონკურსი, სახელად GoogleLunar X Prize, რომლის ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარი იყო და იგი მიზნად ისახავდა კოსმოსური ხომალდების უსაფრთხო დაშვებას მთვარის ზედაპირზე და ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე საბაზისო ოპერაციების ჩატარებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის კონკურსი 2018 წელს გამარჯვებულის გარეშე, წარუმატებლად დასრულდა.

Latest on Entrepreneur