და მოგზაურობა იწყება აქ - მარიამ ბოჭორიშვილის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროში ჩემი მოგზაურობა ხუთი წლის წინ დაიწყო, როდესაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა.

Noxtton

ეს იყო ძალიან საინტერესო და გამოცდილებით სავსე პირველი ნაბიჯები ჩემს კარიერაში. ტექნოპარკის იდეა და კონცეფცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო თუმცა, ჩვენი მიზანი სწორედ ტექნოლოგიური კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და ცნობადობის გაზრდაში მდგომარეობდა. 

ჩემი გუნდი სტარტაპერებისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში აქტიურად იყო ჩართული. მართალია, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სტარტაპებთან პირდაპირი შემხებლობა აქ მქონდა, თუმცა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ვუახლოვდებოდი მომავლის ტექნოლოგიებს და თვალნათლივ ვხედავდი მათ როლს მომავლის, ბიზნესისა თუ ყოველდღიური ცხოვრების განვითარების პროცესში.  

სამსახურის დაწყებიდან მალევე შემომთავაზეს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში გადასვლა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ეს იყო ახალი გამოწვევა, რომელსაც მაშინვე სიხარულით დავთანხმდი, რადგან დავინახე ჩემი პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ახალი სფეროებისა და მიმართულებების აღმოჩენის კუთხით. 

სწორედ ამ პერიოდში მივხვდი, რომ ჩემი ყოველი ქმედება საბოლოოდ მარკეტინგულ გადაწყვეტილებამდე მიდიოდა. ანუ, ჩემი მთავარი გამოწვევა პროდუქტის სწორად შეფუთვა, ბაზარზე მისი გამოტანა და მომხმარებლისთვის შეთავაზება იყო.

შეიძლება ითქვას, რომ ტექნოპარკმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი პროფესიული კარიერის ჩამოყალიბების პროცესში.  ტექნოპარკში მისვლამდე საკმაოდ დიდი ხანი დავუთმე საკუთრი თავის ძიებას, კერძოდ კი სხვადასხვა მიმართულებით ვცდილობდი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებას. სწორედ ამ ძიების პროცესში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მარკეტინგის სფერო მაინტერესებდა. შედეგად კი გადავწყვიტე, ყველასგან უჩუმრად საბუთები უცხოეთში გამეგზავნა და მაგისტრატურაზე სწავლა კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მიმართულებით გამეგრძელებინა.

მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ გავაჟღერე ხმამაღლა, რომ პროფესიის შეცვლას და სწავლის გაგრძელებას სხვა ქვეყანაში ვაპირებდი. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და უნივერსიტეტის მხრიდან მიღების წერილიც ზურგს მიმაგრებდა. 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი პროფესიული მოგზაურობა Noxtton-ში გაგრძელდა. ჩემთვის და, ალბათ, ყველასთვის, ახალი სამსახური ახალ გამოწვევებთან და სირთულეებთან ასოცირდება, თუმცა, Noxtton-ში მოხვედრის პირველივე წამიდან თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. აქ ყველა მზად არის დაგეხმაროს და ხელი შეგიწყოს ინტეგრაციის პროცესში, შესაბამისად, დროც აღარ გრჩება, თავი გაუცხოებულად იგრძნო. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროში, რადგან ეს სფერო სწრაფად ვითარდება და ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც  შეიძლება პასუხები არ გქონდეს. გუნდის წევრების მუდმივი მზადყოფნა - გასცენ პასუხი შენს ნებისმიერ კითხვას, გეხმარება, მარტივად გაართვა თავი გამოწვევებს.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ის ადგილია სადაც მენეჯმენტი ზრუნავს თანამშრომლების კომფორტზე, აქ თითოეული გუნდის წევრის მთავარი მისია არის ის, რომ მასზე დაკისრებული საქმე შესრულდეს მაქსიმალურად კარგად, განსაზღვრულ ვადებში, ოფისიდან თუ ოფისის გარეთ. Noxtton-ში დისტანციური მუშაობა სიახლეს არ წარმოადგენს. კომპანია, დაარსების პირველი დღიდან, სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და შესაბამისად, ხშირად გუნდის წევრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უწევთ მუშაობა. შემუშავებული ორგანიზაციული კულტურა და სხვადასხვა ტექნოლოგიური მედიუმები კი შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენთვის კომფორტული გარემოდან შევასრულოთ დავალებები.

ვფიქრობ, მეტი მოტივაცია მეტ თავისუფლებასთან ერთად მოდის და ეს თავისუფლება ორგანიზაციული კულტურის შეზღუდვებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

თავისუფლება აუცილებელია არჩევანის მიღების პროცესშიც. ვფიქრობ, არასოდეს არის გვიანი, შეიცვალო შენი პროფესიული არჩევანი და აღმოაჩინო ის საქმე, რომელიც გაინტერესებს და გიყვარს. მიმაჩნია, რომ ამ დროს დიდი მნიშვნელობა სპონტანურობასაც ენიჭება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა რისკებისა თუ ბენეფიტების გაანალიზება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბევრი ფიქრი ხელს გვიშლის რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და მივიღოთ სარისკო, თუმცა რიგ შემთხვევებში ძალიან წარმატებული გადაწყვეტილება.

ამიტომ ყველა ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის აღმოჩენა სურს, ვურჩევ, არასდროს თქვან უარი ახალ შესაძლებლობებზე, რადგან აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, ნიშნავს, იყო უფრო მეტად წარმატებული, თავდაჯერებული და საკუთარი თავით კმაყოფილი.