მენტალური ჯანმრთელობის ჰოლისტური ხედვა

"ექიმმა დაკარგა ცენტრალური როლი და ეს ადგილი პაციენტმა დაიკავა"

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც ზოგადად, სიტყვა „ჯანმრთელობის“ განუყოფელ კომპონენტს, ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებს საზოგადოება. მსგავსმა დამოკიდებულებამ მედიცინის განვითარების კანონზომიერება საკმაოდ შეაფერხა. შედეგად, მივიღეთ დაავადებათა დიდი ჯგუფი, რომელიც მარტივად არ ექვემდებარება მკურნალობას და საჭიროებს ფსიქიატრის, ფსიქოლოგის თუ ფსიქოთერაპევტის პროცესში ჩართვას. აღმოჩნდა, რომ ბევრი სომატური დარღვევის საფუძველი ფსიქოლოგიური პრობლემა იყო − სხვადასხვა ინტრაფსიქიკური კონფლიქტი თუ დაუსრულებელი ტრავმის დაგვიანებული გავლენა სხეულზე.

Entrepreneur

ამ გამოწვევამ წარმოშვა მულტიპროფილური გუნდის ფორმირების საჭიროება, ხოლო „დაავადებაზე ორიენტირებული მიდგომა“, რომელიც უშუალოდ დაავადების სიმპტომების მკურნალობას გულისხმობდა, ჩანაცვლდა „პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით“, რამაც სრულიად შეცვალა მკურნალობის შინაარსი და სტრატეგია. ანუ, პაციენტი გახდა ცენტრალური ფიგურა, შეიცვალა მის მიმართ ტრადიციული დამოკიდებულებები, დამკვიდრდა პაციენტთან კონტაქტის, ემპათიურობის, მოსმენისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების კულტურა − დაიწყო არა მხოლოდ კონკრეტული დაავადების, არამედ პაციენტის შინაარსების შესწავლა, დაკვირვება და სურვილების გათვალისწინება. უხეშად რომ ვთქვათ,ექიმმა დაკარგა ცენტრალური როლი და ეს ადგილი პაციენტმა დაიკავა.

მედიცინის განვითარებას მოყვა მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების დანერგვა, შეიქმნა ახალი და ეფექტური მედიკამენტები, დაიხვეწა ფსიქოთერაპიული მეთოდები და ჩამოყალიბდა ეთიკის პრინციპები. თუმცა, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და საჭირო გახდა ისეთი ცნების შემოტანა, როგორიცაა მხარდამჭერი გარემო. ეს არის ბიო-ფსიქო-სოციალური გარემო, სადაც პაციენტი ცხოვრობს და რომელსაც ქმნის ოჯახი, მეგობრები, პარტნიორები, საქმიანობა, ეკონომიკური სტატუსი და ა.შ.

დღეს უკვე შეიძლება საუბარი მზა ფორმულის არსებობაზე, რომელშიც სხვადასხვა ფაქტორი ქმნის ერთ ცვლადს − მენტალურ ჯანმრთელობას. ეს ფაქტორებია: სტრესთან ადაპტირების უნარი, დასწავლის უნარი, საკუთარი შესაძლებლობების გააზრებისა და შეფასების უნარი, ემოციების რეგულირების უნარი, საზოგადოების ადეკვატური აღქმისა და მასთან ინტეგრირების უნარები. ამ ფაქტორებზე დაკვირვებას შეუძლია მოგვცეს საერთო სურათი პაციენტის მდგომარეობის შესახებ, დაგვეხმაროს განვსაზღვროთ ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის ჩარევის საჭიროება და ფორმა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არის შემთხვევები, როდესაც კონსტრუქციულ აზრს დესტრუქციული გადაწონის და ყალიბდება სტიგმა. ეს განსაკუთრებით საზიანო ფენომენია ისეთ საზოგადოებებში, სადაც სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე დაბალია. შედეგად ვიღებთ ფსიქოლოგიური პრობლემის შესახებ საუბრისთვის თავის არიდებას, თვითმკურნალობის, გაურკვეველი მეთოდებით თუ შელოცვებით მკურნალობის, არასწორად შერჩეულ სპეციალისტთან მკურნალობის შემთხვევებს. ჩვენთან მოსული პაციენტების დიდი ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია მსგავსი ფაქტორებით. სტიგმის გავლენას მიეწერება ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის რეკომენდაციების მიუხედავად, რომელიც ფსიქიკურ პრობლემებს განიხილავს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, სადაზღვევო სისტემები თავს არიდებენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების დაფინანსებას.

უნდა ითქვას ისიც, რომ ფსიქიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს კულტურული ფონი და ის ნარატივები, რომლებიც კოლექტიურ ცნობიერებაში ღრმადაა გამჯდარი და რომელთა არტიკულაცია მუდმივად ხდება საზოგადოებაში. მათ მიეკუთვნება მაგალითად, ეროვნული ნარატივები. ისინი სხვადასხვა ინფორმაციის ნაკრებს

წარმოადგენს და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ადრეულ ბავშვობაში ზღაპრად მოსმენილი თუ სკოლაში დასწავლილი ინფორმაცია, ჩვენს მეხსიერებაში ინახება და მენტალური სქემების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას, რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს. შეიძლება დავუშვათ, რომ კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის მითი გავლენას ახდენს დრამატული განწყობებისა და ხასიათების გააქტიურებაზე, ან თუნდაც, ღვთისმშობლის წილხვედრობის იდეა − სიამაყისა და გამორჩეულობის განცდის ფორმირებაზე. ეს ის ამოუცნობი სფეროა, რომელშიც ბევრი კითხვის პასუხი შეიძლება იმალებოდეს. თუმცა, კულტურული ფაქტორების გავლენა პიროვნებად ფორმირების პროცესზე, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების მიმართ მოწყვლადობის ზრდის თვალსაზრისით, დღესდღეობით ნაკლებადაა შესწავლილი.

რამდენადაც ზოგადი მიმოხილვიდან ვიწრო კულტურულ ჩარჩომდე მოვედით, აუცილებლად აღსანიშნია მნიშვნელოვანი დეტალი − ტრავმა. გეოპოლიტიკური ძვრები, ტერიტორიული კონფლიქტები და სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია და არასტაბილურობა − ეს ის ცვლილებებია, რომელიც საზოგადოებაში ტოვებს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია: მუდმივად უკან დაბრუნების შიში, შიში ყოველივე ახლის მიმართ, წარსულის გახსენება, ან პირიქით − ტრავმული მოვლენის სრული ან ნაწილობრივი დავიწყება. შესაბამისად, დასკვნის ვერგამოტანა მომხდარი მოვლენიდან და ა.შ.

საკითხის მსგავსი კუთხით წარმოჩენა და თანმიმდევრობა შესაბამის დასკვნას საჭიროებს, დასკვნა კი შემდეგია: მართალია, ზოგჯერ „არც ისე წვიმს, როგორც ქუხს“, მაგრამ თუ დროულად არ მოემზადა სისტემა იმ ახალი ტალღის დასახვედრად, რომელსაც მენტალური პრობლემების აფეთქება უწოდეს და პანდემიის არავირუსულ, მეორე ტალღას წარმოადგენს, შედეგები საკმაოდ მძიმე, შემაფერხებელი და რეგრესული იქნება. ეს ის რისკია, რომლის არიდება ტრავმაგადატანილ საზოგადოებას ძალიან სჭირდება. ამ მდგომარეობაზე დაფიქრებამ გვიკარნახა „მენტალ ჰაბის“ შექმნა. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი, რომელიც მულტიპროფილური გუნდის გამოცდილებას ეფუძნება. ჩვენ ვმუშაობთ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და გვჯერა, რომ მენტალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, აქტიური ნაბიჯების გადადგმა უკეთესი საზოგადოების მშენებლობის პროცესს შეუწყობს ხელს.