Clubhouse უკვე Android-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხმოვანი შეტყობინებების, აუდიო კონფერენციებისა და „პოდკასტების“ პლატფორმა Clubhouse, 9 მაისიდან, სატესტო რეჟიმში, აშშ-ში Android-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. დანარჩენ მომხმარებლებს კი წინასწარ შეუძლიათ დარეგისტრირება და ონლაინ რიგში ჩადგომა. კომპანიამ განაცხადა, რომ თავისი პოტენციური ბაზრის გაფართოების მიზნით, ახლა უკვე მომხმარებლებს Google-ის ოპერაციულ სისტემაზეც მოემსახურება.

clubhouse

ეს აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარული მიმდინარე წლის დასაწყისიდან გახდა, როდესაც მის სივრცეში თავიანთი აუდიო ჩატების ვირტუალური ოთახები, მილიარდერმა ილონ მასკმა და სხვა ცნობილმა სახეებმა შექმნეს. მალევე, კომუნიკაციის ამ ახალმა სახემ, სერიოზული დაინტერესება გამოიწვია სტარტაპებსა და მსხვილ სოციალურ ქსელებში, როგორებიცაა Facebook, Twitter და სხვა.

საწყის ეტაპზე, Clubhouse მხოლოდ Apple-ს მომხმარებლისთვის იყო ხელმისაწვდომი, თანაც, სპეციალური მოწვევის მიღების საფუძველზე. ჩინეთის მსგავს დიდ ბაზრებზე, მოთხოვნა ამ მოსაწვევზე იმდენად გაიზარდა, რომ იგი უკვე ონლაინ აუქციონების საშუალებით, საკმაოდ მაღალ ფასად იყიდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობამ, რაც პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, მკვეთრად იკლო.

Sensor Tower-ის მონაცემებით, გადმოწერების პიკი, მიმდინარე წლის თებერვლის თვეზე მოდის და 9,6 მილიონს შეადგენს. მარტში ჩამოტვირთვების რაოდენობა მკვეთრად, 2,7 მილიონამდე შემცირდა, ხოლო აპრილში 900 000-მდე ჩამოვიდა. ასეთმა კლებამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ექსპერტთა აზრით, Clubhouse-ის ასეთი პოპულარობა პანდემიით იყო განპირობებული, რადგან ადამიანებს შინ მეტი დროის გატარება უწევდათ და შესაბამისად ამ პლატფორმის არსებობის იდეაც, მეტად აქტუალური იყო.  

კომპანია, Android სისტემაზე აპლიკაციის გაშვებით, გლობალური მასშტაბით უამრავი მომხმარებლის მოზიდვას ელოდება. აშშ-ში ბეტა ვერსიის ტესტირების შემდეგ, რამდენიმე კვირაში, აპლიკაცია ჯერ - სხვა ინგლისურენოვან ბაზრებზე, ხოლო შემდეგ, მთელ მსოფლიოში გახდება ხელმისაწვდომი.

Clubhouse-ს, რომელიც აუდიო სოციალურ ქსელად პოზიციონირდა, კონკურენციის გაწევა ისეთი გიგანტისთვის მოუწევს, როგორიც Facebook-ა. მარკ ცუკერბერგმა აპრილში განაცხადა, რომ იგი Facebook-ის აუდიო პროდუქტების მრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებაზე უკვე მუშაობს. ცოტა ხანში, ცოცხალი აუდიო პრეზენტაციებისათვის ვირტუალური ოთახების შექმნა და „პოდკასტების“ ბიბლიოთეკის მოწყობაც გახდება შესაძლებელი.

სხვა პოპულარულმა პლატფორმამ, Twitter-მა კი, ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა, რომ აუდიო ჩატების ვირტუალური ოთახების მფლობელებს, შეეძლებათ თავიანთი კონტენტი ფასიანი გახადონ, ხოლო ოთახში გასაწევრიანებლად, მსურველებს გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ.  მათი თქმით, მსგავსი ღონისძიება ხარისხიანი კონტენტის შექმნას შეუწყობს ხელს. Twitter-ის Android-მომხმარებლისათვის ეს ფუნქცია, უკვე მარტის თვიდანაა ხელმისაწვდომი.