📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

4 საიდუმლო ბრენდის შესახებ, რომელსაც Disney გვასწავლის Disney-ის ოთხი საინტერესო მიდგომა, რომელიც ყველა ანტრეპრენერს დაეხმარება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Winvesta

Disney უკვე 98-წლიან ისტორიას ითვლის და მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ეს ბრენდი კიდევ არაერთი წელი გაახარებს ბავშვებსა და მათ მშობლებს საინტერესო ფილმებით, გასართობი სივრცეებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. ცხადია, რომ არა მართვის დახვეწილი სტრუქტურა და ორგანიზაციული კულტურა, Disney ვერ შეძლებდა ისეთი ავტორიტეტის მოპოვებას ბაზარზე, რითაც თითქმის ასი წელია თავს იწონებს. ამ შემთხვევაში, გვსურს თქვენი ყურადღება ბრენდის ოთხ საიდუმლოებაზე გავამახვილოთ და გავერკვეთ, რა როლს თამაშობს ეს მიდგომა კომპანიის განვითარებაში.

ბრენდის შესახებ ცნობიერება

შესაძლოა გვეჩვენებოდეს, რომ ნებისმიერი ბიზნესისა და ბრენდისათვის გასაგები უნდა იყოს მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობის მნიშვნელობა, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ, თუმცა ეს ასე სულაც არაა. უამრავი კომპანია იკარგება თავის მარკეტინგულ სტრატეგიებში და საბოლოოდ ვერც კი ხვდება, ვინაა მისი სამიზნე აუდიტორია, ან როგორ უპასუხებს მის ახალ პროდუქტს ბაზარი.

Disney კი, თავის ბრენდს პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ეკიდება. მან ზუსტად იცის, როგორ ადამიანებზე ფოკუსირდეს; იცნობს თავის აუდიტორიას, ასაკობრივი და გენდერული ჯგუფების ჩათვლით. Disney-ის გაცნობიერებული აქვს, როგორ აუდიტორიას გაართობს და როგორ რეაგირებს მის ბრენდზე ბაზარი.

მიზნობრივად შემუშავებული მარკეტინგული და PR-კამპანიები

ბრენდის შესახებ ცნობიერება იმის გააზრებასაც ითვალისწინებს, თუ რას ელის თქვენგან მომხმარებელი. მაგალითად, დიდი ალბათობით, Disney-ის რეკლამაში ვერასოდეს ნახავთ ზრდასრულთა ფილმების ცნობილ ვარსკვლავებს, იმიტომ, რომ მისი აუდიტორია ძირითადად ბავშვები და მოზარდებია. თუ კარგად დავაკვირდებით, Disney გამუდმებით მუშაობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო პროგრამებთან, რაც მისი საოჯახო ბრენდის კონცეფციას სრულად ემთხვევა.

როცა საქმე ფილმებსა და შოუებს ეხება, Disney თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტითა და თემებით, საოჯახო აუდიტორიის მოსაზიდად ჭკვიანურ ხერხებს პოულობს. გასულ წელს გამოსული ანიმაციური ფილმი Soul, ამის მშვენიერი მაგალითია. ამ ფილმის სიუჟეტი ცხოვრებისეული საკითხების გარშემოა აგებული. იგი გარდაცვალებასა და ეგზისტენციალურ თემებს ისე ეხება, რომ საოჯახო აუდიტორიისათვის მისაღები და გასაგები იყოს. სწორედ ამიტომ, მშობლებს ყოველთვის სიხარულით მიჰყავთ თავიანთი შვილები Disney-ის ახალი ფილმების სეანსებზე. ნდობა მათ მიმართ, განსაზღვრავს სახალხო სიყვარულს და ბრენდის წარმატებას.

თუ ვცდილობთ შევქმნათ ბრენდი, რომელიც ყველა ასაკის აუდიტორიაზეა გათვლილი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავაკავშიროთ ჩვენი მიზნობრივი სეგმენტის ინტერესები და საჭიროებები ჩვენს მარკეტინგულ და PR-სტრატეგიას.

რეპუტაციის მენეჯმენტი

ბრენდის რეპუტაცია ჩვენი სასიცოცხლო ძალაა. თუ ჩვენს ბრენდს, რაიმე მიზეზის გამო შეერყა რეპუტაცია, ეს ნიშნავს მომხმარებელთა რიცხვის მკვეთრ კლებას, ან უარეს შემთხვევაში, ბრენდის სიკვდილს. ამიტომ, Disney ე.წ. რეპუტაციის მენეჯმენტს მიმართავს, რომელიც მკაცრი, თითქმის სამხედრო წესრიგით იმართება.

Disney-ის ნებისმიერი დეპარტამენტი დაკისრებულ საქმეს სრული სერიოზულობით ეკიდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრენდი ჩვენში გართობასთან ასოცირდება, მის თანამშრომლებს გასართობად ნამდვილად არ სცალიათ. Disney-ის გუნდი, მუდმივად თვალყურს ადევნებს მედიასივრცეს, სოციალურ ქსელებს, ონლაინფორუმებს და მათი ბრენდის შესახებ ინფორმაციის შემცველ ნებისმიერ წყაროს. ისინი არკვევენ, რა პრობლემა შეიძლება გაუჩნდეთ ადამიანებს მანამდე, სანამ ეს პრობლემა თავს იჩენს. Disney-ის თანამშრომლების ასეთმა სამხედრო დისციპლინამ, ბრენდი დღევანდელობამდე მოიყვანა.

როგორც ანტრეპრენერი, რომელიც ძლიერი ბრენდის შექმნას ცდილობს, უნდა ეცადოთ, რასაც ამბობთ და აკეთებთ, იყოს პროფესიული და შეესაბამებოდეს იმას, რასაც განასახიერებს თქვენი ბრენდი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თანამშრომელთა მუშაობა პირდაპირ აისახება ჩვენი ბრენდის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. ნათქვამია, რომ ცეცხლის კონტროლის საუკეთესო საშუალებაა, თავი ავირიდოთ ხანძრის გაჩენისგან, ამიტომ ბრენდის შესახებ ცნობიერების ამაღლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მრავალი ბაზრისთვის გათვლილი ბრენდინგი

Disney თავისი ბრენდის ყველგან წარმოჩენის ოსტატია – თემატური პარკები, ფილმები, ტელეშოუები, სათამაშოები, წიგნები, მუსიკა და ასე, უსასრულოდ. პრაქტიკულად, ვერ ნახავთ ბაზარს, სადაც Disney არ იქნება წარმოდგენილი.

დავუშვათ, ვმართავთ ფიტნესბრენდს. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რაც ფიტნესისთვის მნიშვნელოვანია: ბოთლები, პროტეინის ნაზავები, სავარჯიშო დარბაზი თავისი აღჭურვილობით და ა.შ. თუმცა შემოქმედებითი მიდგომა პროდუქტებთან, რომლებზეც თქვენი ლოგოტიპის განთავსება შეგიძლიათ, საკვანძო მომენტია. გამოიჩინეთ კრეატივი თქვენი ბრენდის მიმართ, გამოიყენეთ ბრენდის ცნობადობა და იპოვეთ ბრენდინგის საინტერესო მეთოდები ისეთ ბაზრებზე, რომლებიც თქვენი უშუალო საქმიანობის ჩარჩოებს სცდება. არ ღირს სტიკერების მიკვრა უბრალოდ, შემთხვევით საგნებზე. ამის ნაცვლად, გაარკვიეთ, რას შეიძლება იყენებდეს თქვენი ბრენდის აუდიტორია იმის მიღმა, რასაც თქვენ ემსახურებით.

Disney გვეხმარება გავიგოთ, რომ დეტალები ყველაფერს წყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს, საკუთარ ბიზნესს იწყებთ თუ სხვას ეხმარებით – ძალა დეტალებშია. ბევრმა კომპანიამ არ იცის, ან არ ზრუნავს ყველაზე დელიკატურ ნიუანსებსა და ინფორმაციაზე, რომელიც მათ ბრენდს ეხება. თქვენი ბრენდის ყველა ასპექტზე სერიოზულად დაფიქრება თქვენს ავტორიტეტს ერთიორად აამაღლებს. მიმართეთ კრეატივს და ნუ შეუშინდებით სიახლეების დანერგვას.

ცდებისა და შეცდომების მეთოდი, წარმატების მისაღწევად ყოველთვის უტყუარი ხერხია, თუმცა Disney-ის მსგავსად ბრენდის პრინციპების მოდელირება, აუცილებლად წაგადგებათ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?