fDi intelligence საქართველოს შესახებ სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნეს მედიაჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა fDi Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული.

entrepreneur.ge

Georgia Pushes its Boundaries – The Country is Positioning Itself as the Next Global Trade Hub − გამოცემა, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან. აღნიშნული ანგარიში, fDi Intelligence Magazine-თან ერთად, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოვიდა.

ამ საგანგებო ანგარიშში, მოცემულია მთელი რიგი ინდიკატორებისა, რომლებიც პოტენციური და არსებული ინვესტორებისათვის, საქართველოს საინტერესო ჭრილში წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემით, საქართველო, ბიზნესის წარმოების სიმარტივით, მსოფლიოში მე-7 ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება ჯამურად 2,3-მილიარდიან ბაზართან, რომელიც მოიცავს: ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთსა და ჩინეთს. ქართულ დასაქმების ბაზარზე, კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამსაქმებელი მაღალი კვალიფიკაციისა და შრომისუნარიან კადრს იღებს. მსოფლიო ბანკის მონაცემით, საქართველო, 9,9%-ანი კორპორაციული გადასახადით, მსოფლიო ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით მესამე ადგილს იკავებს.„ბოლო წლების განმავლობაში, მოგზაურთა შორის, საქართველო აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ეს პატარა ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასა და კავკასიონის მთებს შორის მდებარეობს, ღვინის სამშობლოდაა მიჩნეული, აქვს უნიკალური ენა, ანბანი, და გამორჩეულად საინტერესო კულინარია. საქართველოთი მოხიბლული ინვესტორების რაოდენობაც, წლიდან წლამდე იზრდება. დაახლოებით 20 წელიწადში, ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, ამბიციური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების წყალობით, ძირეულად განახლდა, რითაც საერთაშორისო დამკვირვებელთა აღფრთოვანებაც დაიმსახურა. „აქ 10 წლის წინ ვიყავი და ახლა, ეს რადიკალურად განსხვავებული ქვეყანაა − როგორც გარეგნულად, ისე განვითარების ტემპით“, − კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში. საქართველოს წარმატებული განახლების პროცესი, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ინსტიტუტების გაძლიერება და კორუფციის აღმოფხვრა, რაც ქალბატონი ჰანსენის განცხადებით ამჟამად საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, DFIs-ის მხრიდან, ქვეყნისთვის „რეფორმატორი ვარსკვლავის“ სტატუსის მინიჭების წინაპირობა გახდა“, − მოგვითხრობს გამოცემა.

ასევე, საუბარია საქართველოს პრო-ბიზნეს და პრო-საინვესტიციო ორიენტაციაზე. საქართველო, ბიზნესის წარმოების სიმარტივით, ევროპაში მხოლოდ დანიას ჩამორჩება. აქ, მარტივი პროცედურების გავლით, ბიზნესის რეგისტრაცია და საქმიანობის დაწყება ერთ დღეშია შესაძლებელი. აღსანიშნავია ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც 2017 წლიდან „ესტონური მოდელის“ ანალოგად ამოქმედდა და ბიზნესში რეინვესტირების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, ეფექტურ 9,9%-ზეა დაყვანილი.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს, ბატონ მიხეილ ხიდურელს გაესაუბრა, რომელიც თავადაც აქტიურად იყო ჩართული fDi Intelligence-სთან ურთიერთობის პროცესში.

„fDi Intelligence, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემაზე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან გამოცემას წარმოადგენს, რომელიც წამყვან მედიაჯგუფ Financial Times-ის წევრია. აღსანიშნავია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15 500-მდე გამომწერი ჰყავს, ვებგვერდს კი 36 000 რეგისტრირებული გამომწერი, რომლის უდიდეს ნაწილსაც მაღალი დონის მენეჯერები და მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში გადაწყვეტილების მიმღები პირები წარმოადგენენ. ამასთანავე, fDi Intelligence ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ავტორიტეტული ინფორმაციის წყაროა ლოკაციის კონსულტანტების, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საინვესტიციო სააგენტოებისთვისაც.

აღსანიშნავია, სპეციალური გამოცემის როლი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოში, ვინაიდან მსგავსი დონის გამოცემის მიერ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ხაზგასმა სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის იმიჯზე და რა თქმა უნდა, აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო ბიზნესწრეებში. ამასთანავე, გამოცემა მოიცავს ინტერვიუებს საქართველოში წარმატებით მომუშავე ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის Evolution Gaming, ATC, Silk Hospitality Group და ა.შ.“ – Entrepreneur-თან საუბრისას განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ვინაიდან „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად იყო ჩართული fDi-სთან ურთიერთობასა და მათთვის მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებაში, Entrepreneur ამ საგანგებო ანგარიშზე მუშაობის პროცესით დაინტერესდა, რაზეც მიხეილ ხიდურელმა გვიამბო:

სააგენტოსთვის „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და უპირატესობების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი გახადოს. აქედან გამომდინარე, სააგენტოს ინიციატივით, განხორციელდა fDi Intelligence-სთან დაკავშირება და მათთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარება, რასაც მოჰყვა გამოცემის მხრიდან ქვეყანაში არსებული პოტენციალის შეფასება და სპეციალური ანგარიშის მომზადების შესახებ სურვილის გამოხატვა. ანგარიშის მომზადების პროცესში, სააგენტოს აქტიურმა ჩართულობამ, გამოცემისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის დროულად და შეუფერხებლად მიწოდება უზრუნველყო“.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, ამ ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საკუთარ მოლოდინს გვიზიარებს:

როგორც იცით, სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. აღნიშნული გამოცემის აუდიტორია კი მოიცავს იმ კომპანიების წარმომადგენლებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომლებსაც გვსურს გავუზიაროთ ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული უპირატესობების შესახებ. fDi Intelligence-ის ფართო აუდიტორიისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ვვარაუდობთ, რომ სპეციალური გამოცემა უზრუნველყოფს წვდომას და იმ ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ნაკლები ცნობადობით არის განპირობებული“.

Entrepreneur დაინტერესდა, რამდენად იქონიებს გავლენას ეს სპეციალური ანგარიში პოტენციურ უცხოელ ინვესტორებზე და როგორ აღიქმება მათი მხრიდან ის კონკრეტული ეკონომიკური ინდიკატორები, რომლებითაც გაჯერებულია გამოცემა.

ვინაიდან fDi Intelligence არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემატიკაზე დაფუძნებული გამოცემა და ამასთანავე, მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია აქტუალური და სანდოა, ვფიქრობთ, სპეციალური ანგარიში გაზრდის ცნობიერებას და ცნობადობას ქვეყანაში არსებული პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ.

უცხოელი ინვესტორები ქვეყნის შეფასებისას ითვალისწინებენ უამრავ კრიტერიუმს და აღნიშნულ პროცესში მოქმედებენ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მათთვის არის ხელმისაწვდომი და სანდო. fDi Intelligence-ის მიერ სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ხაზს უსვამს საქართველოში ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებულ სარგებელს და მკითხველს უზიარებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმატების ისტორიას, ბუნებრივია, რომ საერთაშორისო აუდიტორიის მიერ იქნება როგორც შემჩნეული, ასევე გათვალისწინებული მომავალი საინვესტიციო პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, − აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

fDi Intelligence-ის ანგარიშში საუბარი იყო საქართველოს პერსპექტივებზე BPO-ს (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის) კუთხით და ამ მიმართულებით, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მიმზიდველ ცენტრად ფორმირებაზე. ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, დააინტერესოს უცხოური ორგანიზაციები და თავიანთი ბიზნესპროცესების საქართველოში გადმოტანისკენ უბიძგოს, რაზეც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას.

„ბიზნესპროცესების აუთსორსინგი წარმოადგენს სააგენტოს საინვესტიციო მიმართულების პრიორიტეტულ სექტორს, რომელსაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

როგორც იცით, საქართველოში რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ბიზნეს და IT სერვისების პროვაიდერი კომპანია ოპერირებს და წარმატებით ახორციელებს სერვისების ექსპორტს საზღვარგარეთ, თუმცა სექტორში არსებული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული და მას განვითარების უდიდესი შესაძლებლობები აქვს, განსაკუთრებით კი ახლა, პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობაში, სადაც დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, იზრდება ბიზნესსერვისების მიმწოდებლების ინტერესი ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებისა და ლოკაციების აღმოჩენის მიმართულებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, საქართველოში არსებული პირობები, მათ შორის ხარისხიანი და მრავალენოვანი უნარების მქონე სამუშაო ძალა, ახლად დამტკიცებული FDI-გრანტი, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი და სხვა პრეფერენციები, პოტენციური ინვესტორებისთვის ბიზნესსერვისების აუთსორსინგის სექტორში ღირებულ საინვესტიციო შეთავაზებას ქმნის“, − გვიამბო მიხეილ ხიდურელმა.

რაც შეეხება, უშუალოდ უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობას და სარგებლებს, რომელსაც ქართული მხარე მათ სთავაზობს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის საინვესტიციო მიმართულება Invest in Georgia-ს ბრენდის სახელით, უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის მედიატორის როლს ასრულებს. იგი „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოქმედებს და დაინტერესებული მხარისთვის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ინვესტიციების გუნდი აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო თუ საკომუნიკაციო მხარდაჭერას, როგორც საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეტაპებზეც“, − ჩვენთან საუბრისას განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.