იაზროვნე. ანტრეპრენერულად!

თუ წარმატების მიღწევა გსურთ ანტრეპრენერობაში, თქვენი აზროვნებით უნდა დაიწყოთ

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„დამიჯერეთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ ანტრეპრენერობაში, თქვენი აზროვნებით უნდა დაიწყოთ“, – ეს სიტყვები LinkedIn-ის თანადამფუძნებელ რიდ ჰოფმანს ეკუთვნის და რთულია, არ დაეთანხმო, რადგან მთლიანად ჩვენს აზროვნებაზეა დამოკიდებული, წარმატებას მივაღწევთ თუ არა. 

entrepreneur.ge

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ის ასკვნის, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი დამფუძნებელი. ისინი განსხვავდებიან ასაკით, განათლებით, უნარებით, გამოცდილებით, ნიჭით, მაგრამ ერთადერთი, რაც წარმატებულ ანტრეპრენერებს ნამდვილად აერთიანებთ, ეს ანტრეპრენერული აზროვნებაა. 

„თქვენ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხართ და მთელ ენერგიას საკუთარ თავს კი არა, სხვა პრობლემებს უთმობთ: თქვენს პროდუქტს, თქვენს ბაზარს, თქვენს გუნდსა და ფინანსებს. მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამდენივე დრო გაქვთ გამოყოფილი საკუთარი აზროვნების გასავითარებლად. ამ დროს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც თქვენი ბიზნესის შესაქმნელად და გასავითარებლად შეგიძლიათ. 

ყველა არ იბადება სერ რიჩარდ ბრენსონის უნარებით, მოქმედებაზე გადასვლის დაუოკებელი სურვილით, ან სტივ ჯობსივით სხვების დარწმუნების ნიჭით,  ან კიდევ − სარა ბლეკლის გასაოცარი შეუპოვრობით. მაგრამ ყველა ანტრეპრენერს აქვს გონება, რომლის შესაძლებლობებიც მართლაც განუსაზღვრელია. მათ შეუძლიათ ისე გაწაფონ თავიანთი აზროვნება, რომ წარმატების მიღწევაც შეძლონ და შემდეგ მის დახვეწაზეც ისე განუწყვეტლივ იზრუნონ, როგორც თავიანთი ბიზნესის დახვეწაზე შრომობენ“. 

დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, და ყველა ანტრეპრენერს აქვს გონება, რომლის შესაძლებლობებიც მართლაც რომ განუსაზღვრელია.

და რას ვაკეთებთ ჩვენ, ჩვენი უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობების დასახვეწად და გასავითარებლად? 

ჰოფმანი გვირჩევს: 

1. რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ

ანტრეპრენერული ტიპის აზროვნება − მაგალითად, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება ან ხანძრისთვის საშუალების მიცემა, რომ ყველაფერი გაანადგუროს, ხშირად სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც სკოლაში გვასწავლიან.

2. მხოლოდ თეორიით კი არა, ნამდვილი ისტორიებით ისწავლეთ

ადამიანთა უმრავლესობისთვის საუკეთესო გაკვეთილი ანტრეპრენერების ცხოვრებაა. ასე რომ, ეს არის შემთხვევა, როდესაც თეორიას ყველაზე უკეთ ისტორიები განამტკიცებს. 

3. ყოველდღიურად იზრუნეთ ჩვევის განმტკიცებაზე

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლებურად აზროვნებაა. ამისთვის კი, სხვებსაც უნდა უსმინოთ, იკითხოთ და წეროთ კიდეც. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ ახლებური აზროვნებით გააგრძელოთ ცხოვრება − იმის მიხედვით უნდა იმოქმედოთ, რაც გაიგეთ. ანტრეპრენერული აზროვნების გასავითარებლად კი მართლაც მრავალი გზა არსებობს.

მადლობა ჰოფმანს. გირჩევთ მისი საავტორო პოდკასტ Masters of Scalepodcast-ის მსმენელი გახდეთ და კიდევ არაერთ რჩევას მიიღებთ თქვენი ანტრეპრენერული აზროვნების გასავითარებლად. 

ახლა კი ვნახოთ, რას წარმოადგენს ანტრეპრენერული აზროვნება? რა სახის უნარების ნაკრებს უნდა ფლობდეთ, რაც გადამწყვეტი იქნება ბიზნესის დაფუძნებისა და მისი წარმატებული მართვისთვის? 

  • შესაძლებლობების აღმოჩენა
  • წინააღმდეგობების გადალახვა
  • შეცდომებზე სწავლა
  • ინიციატივა
  • თვითდაჯერებულობა
  • მოქნილობა
  • ადაპტირების უნარი
  • კომუნიკაცია
  • თანამშრომლობა
  • კრეატიულობა
  • ინოვაცია
  • მომავალზე ორიენტაცია
  • კრიტიკული აზროვნება
  • პრობლემის გადაჭრა

გახსოვდეთ, ყოველდღიური მიზანმიმართული ვარჯიშით ანტრეპრენერული აზროვნების საჭირო კუთხით განვითარება შესაძლებელია. ამისთვის კი სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორ კაროლ დვეკის რჩევა გავიხსენოთ: 

„თუ ზრდაზე ხართ კონცენტრირებული, ეს საშუალებას მოგცემთ, ყოველი მარცხი, სწავლისა და ასევე,  ზრდის შესაძლებლობად მიიჩნიოთ. სირთულეები ისე უნდა განიხილოთ, როგორც გამოწვევა, და ამ შემთხვევაში, საწყისი ეტაპის წარუმატებლობები თქვენთვის დროებითი მოვლენა გახდება“. 

მაშ ასე, დროა, ანტრეპრენერულად ვიაზროვნოთ!

გიორგი შარაშიძე მთავარი რედაქტორი editor@entrepreneur.ge