"ჰერბია" - სათბურში მოყვანილი მწვანილი და ბოსტნეული

„ტერაბანკი" ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„ტერაბანკი“ საკუთარი ბიზნესკლიენტების მხარდაჭერას, Entrepreneur კი თქვენთვის მათ გაცნობას ამჯერადაც განაგრძობს. როგორც ჩვენს წინა სტატიებში მოგიყევით, არცთუ მარტივ 2020 წელს „ტერაბანკმა“ 50 ბიზნესკლიენტის დასახმარებლად ახალი პროექტი წამოიწყო და თითოეული მათგანი, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მომსახურებების პაკეტებით დაასაჩუქრა. ბანკმა განსაკუთრებით მომხმარებელთა საქმიანობების გაციფრულებაზე იზრუნა, რაც დღეს ნებისმიერი ბიზნესის სრულფასოვანი ოპერირებისთვის პრაქტიკულად აუცილებლობას წარმოადგენს. 

ჰერბია

„როცა გაზაფხულზე პირველი შეზღუდვები დაწესდა, რთული არ იყო იმის პროგნოზირება, რომ ბიზნესს, და მათ შორის ჩვენს კლიენტებსაც, არაერთი გამოწვევა ელოდათ. ამიტომ, მაშინვე დავიწყეთ მსჯელობა, როგორ დავხმარებოდით მათ როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ასევე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით მათ, არამედ მუდამ ჩართულები ვართ ბიზნესკლიენტების საქმიანობის განვითარებაში. შესაბამისად, რთულ პერიოდში მათი დახმარება ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო“, − ამბობენ „ტერაბანკში“.

50 ბიზნესკლიენტს შორის კომპანია „ჰერბია“ მოხვდა, რომლის ეკოლოგიური პროდუქცია არაერთი სუფრისა თუ კერძის განუყოფელი ნაწილია.

კომპანია „ჰერბია“ ქართულ ბიზნესსივრცეში 2006 წელს გამოჩნდა და სულ მალე სათბურში მოყვანილი მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად იქცა. გარდა ამისა, ის იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ამგვარი პროდუქციის შეფუთვა-დაფასოება დაიწყო. „ჰერბია“ Global Gap-ის პრესტიჟულ სერტიფიკატსაც ფლობს, რომელიც ადასტურებს, რომ იგი მწვანილსა და ბოსტნეულს სასუქის გარეშე აწარმოებს. კომპანიის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სეზონზე, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში იყიდება. 

„ჰერბიას“ სათბურები დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოში, 3 ჰექტარზეა განთავსებული. იქვე მდებარეობს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა და დასაფასოებელი საამქროც, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო დანადგარებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობის უმთავრეს პრინციპს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება წარმოადგენს. 

პანდემიის პირველი წელი კომპანიისთვის, ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც წინსვლისა და უწყვეტი მუშაობის პერიოდად იქცა. ტრადიციული პროდუქტების გარდა, „ჰერბიას“ ჩამონათვალში უკვე მწვანილისა და ბოსტნეულის ნატურალურ აჯიკებს, სოუსებსა და პესტოებსაც შეხვდებით. კომპანია კი სიახლეების დანერგვას კვლავაც აგრძელებს და ამ პროცესში მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი სწორედ „ტერაბანკის“ პროექტია.

„2021 წელს ჰერბია ახალი მიმართულების − მიტანის სერვისის დამატებას გეგმავს. ამ მომსახურების ფარგლებში, მომხმარებლებს იმერეთის სოფლებში შეგროვებულ ნატურალურ (სოფლის) ხორცს, ქათამს, კვერცხს, ყველსა და რა თქმა უნდა, „ჰერბიას“ მრავალფეროვან პროდუქტებს შევთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ ციფრული მარკეტის შექმნაში, სწორედ „ტერაბანკი“ დაგვეხმარა. უკვე შეგვიძლია ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებამდე უფრო მარტივად მივიტანოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ“, − აღნიშნავს კომპანიის მენეჯერი, დავით ჯანელიძე.

„ჰერბია“ გეგმავს, რომ მალე მომხმარებლებს ნატურალური პროდუქტები უკვე ონლაინსივრცეში, შინ მიტანითაც შესთავაზოს.