გიორგი ყაუხჩიშვილი, მეტსახელად ''ჯორჯო ბელო'' - ნევროჯერიატრიის სკოლის ერთ-ერთ დამაარსებელი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი ადამიანებით, რომლებმაც შეძლეს საკუთარი სახელი და ქვეყანა მსოფლიო მასშტაბებზე გაეტანათ. ასეთი არაერთი ადამიანთა რიცხვში ერთ-ერთი გიორგი ყაუხჩიშვილია, რომლის სახელსაც დღესაც მოწიწებით იხსენიებენ იტალიაში. იტალიელები მას „ჯორჯო ბელოს“ − „ლამაზ გიორგის“ უწოდებდნენ და მისი კეთილი საქმეები დღემდე ახსოვთ. მისი სახელი ცნობილია, როგორც ნევროჯერიატრიის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, ბრწყინვალე მეცნიერის, პედაგოგის, რამდენიმე ენის უბადლო მცოდნესი და ქარიზმატული პიროვნების.

entrepreneur.ge

გიორგი 1923 წლის 19 ოქტომბერს, ბერლინში დაიბადა. მისი მამა, მიხეილი, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს საქართველოს ეკონომიკურ წარმომადგენლად შვედეთში გააგზავნა, საიდანაც გერმანიაში გადავიდა და „სიმენსის“ დირექტორად დაინიშნა, შემდეგ კი კომპანიის იტალიური განყოფილების ხელმძღვანელად. სწორედ ამის გამო გადავიდნენ ყაუხჩიშვილები გერმანიიდან იტალიაში. მისი მეუღლე ებრაული წარმოშობის პეტერბურგელი ქალი იყო. 2013 წლის 25 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმს მიხეილ ყაუხჩიშვილის არქივის ნაწილი გადაეცა, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა ემიგრანტის შვილიშვილმა − ელენე ყაუხჩიშვილმა და რძალმა, ფრანჩესკა მელცი-ყაუხჩიშვილმა. არქივის მეორე ნაწილი დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

გიორგიმ განათლება ბერლინის კანტის სახელობის ლიცეუმში, უმაღლესი განათლება კი მილანის უნივერსიტეტში, მედიცინისა და ქირურგიის მიმართულებით მიიღო. სწავლის დასრულებისთანავე, 1947 წელს მილანის ზოგადი მედიცინის ინსტიტუტში გაიარა ინტერნატურა და 1949 წელს პათოლოგიური მედიცინის ინსტიტუტში მიიღო დიდი გამოცდილება. 1956 წელს, მუშაობა მილანის სამედიცინო დეპარტამენტთან არსებულ მოხუცთა სახლის დირექტორად დაიწყო, რა დროსაც ასაკოვანთა ნევროფსიქიატრიისა და ჯერიატრიის საკითხების კვლევით დაინტერესდა. იგი წლების განმავლობაში პავიის საავადმყოფოში შაკიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სადაც საფუძველი ჩაუყარა შაკიკის კვლევის მიმართულებას.

გიორგი პავიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი იყო. სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი. ქართველი მეცნიერი, იტალიის გარდა, ასევე მუშაობდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის გერონტოლოგიის ცენტრში და კიოლნის მაქს პლანკის ინსტიტუტში.

ძალიან წარმატებული ოჯახიდან არა მხოლოდ გიორგია ცნობილი. მნიშვნელოვანია მისი დის − ნინო ყაუხჩიშვილის დამსახურება იტალიისა და საქართველოს წინაშე. წლების განმავლობაში იგი იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის დეკანი, პრორექტორი, ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში. 2005 წლიდან ნინო შეუდგა იტალიაში გაფანტული ქართველების შემოკრებას. 2008 წელს დააფუძნა ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო გარდაცვალებამდე.

გიორგი დაქორწინებული იყო იტალიელ ფრანჩესკა მელცი დ’ერილზე, მათი შვილები კი მიხეილ და ელენე ყაუხჩიშვილები არიან.

1975 წელს გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად კოლეგებმა და სტუდენტებმა გიორგი ყაუხჩიშვილის სახელობის ადაპტაციის დარღვევებისა და თავის ტკივილის საუნივერსიტეტო ცენტრი დააფუძნეს, რომელიც იტალიისა და ევროპის 11 უნივერსიტეტს აერთიანებს. ასევე, დაარსდა გ. ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. ეს პრემია უკვე 9-ჯერ გაიცა და სხვადასხვა დროს ნევროლოგიის სფეროში მოღვაწე იტალიელ, ქართველ, რუს, ბულგარელ და დანიელ მეცნიერებს მიენიჭათ.