📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Acer-მა საზოგადოებას საკუთარი ნოუთბუქების განახლებული სერია წარუდგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ACER

13 ოქტომბერს, ქალაქ ტაიბეიში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გიგანტმა კომპანიამ - Acer, საზოგადოებას მნიშვნელოვანი განახლებების შესახებ აუწყა, მათ შორისაა ნოუთბუქი ConceptD 7 SpatialLabs Edition, რომელიც სპეციალურად გრაფიკული დიზაინერებისა და დეველოპერებისათვისაა შექმნილი.

პრესკონფერენციაზე ტექნოლოგიური სიახლეების გარდა, Acer-ის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა: მწვანე და ეკო-მეგობრული პროდუქტების წარმოება და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, თუმცა ამავდროულად ეკოლოგიური და მდგრადი მოწყობილობების პოპულარიზაცია.

მოდერნიზებისა და თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების კვალდაკვალ, Acer-მა Concept ხაზის განახლება და დიზაინისა თუ დეველოპმენტის მიმართულებით მომუშავე ადამიანებისათვის, ცხოვრების გამარტივება განიზრახა. სწორედ ამის შედეგია კომპანიის მიერ წარდგენილი ConceptD 7 SpatialLabs™ Edition (CN715-73G), რომელიც ყოველგვარი დამატებითი VR სათვალის გარეშე, შესანიშნავი სტერეოსკოპული 3D გამოსახულების შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს დიზაინერებსა და დეველოპერებს. ეს ყველაფერი კი, მობილური სამუშაო სადგური - Acer SpatialLabs-ის დახმარებით მიიღწევა, რომელიც რეალურ დროში, სხვადასხვა ოპტიკური, დისპლეი თუ სენსორ ტექნოლოგიების წყალობით, რენდერინგს ახორციელებს. ნოუთბუქი აღჭურვილია Intel® Core ™ i7-ის მე-11 თაობის პროცესორით, NVIDIA® GeForce RTX ™ 3080-ის გრაფიკული პროცესორით, 64 გბ-მდე ოპერატიული და 2 ტბ-მდე შიდა მეხსიერებით, რაც მოწყობილობის საიმედოობისა და წარმადობის ოპტიმალურ დონეს განსაზღვრავს. მარტივად რომ ვთქვათ, განახლებული ConceptD 7 იდეალური ნოუთბუქია, როგორც 3D მოდელირებისათვის, ისე დეველოპერთათვის.

„Acer მიისწრაფვის ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ბარიერების დაძლევისკენ", - განაცხადა ჯერი კაომ, Acer-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა - „SpatialLabs საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ ვცდილობთ ეს გაცხადებული მიზანი ჩვენს თითოეულ პროდუქტში ჩანდეს. პროდუქტებითა და არქიტექტურული პროგრამებით დაწყებული, სამგანზომილებიანი პროექტებით დამთავრებული, დიზაინერებს უკვე შეეძლებათ თავიანთი სამგანზომილებიანი ნამუშევარი, სამუშაო პროცესშივე 3D-ში იხილონ, რათა ზუსტი დასკვნები გამოიტანონ და ცვლილებები არ გადადონ მომავლისთვის. რაც შეეხება დეველოპერებს, ისინი თავიანთი იდეების განსახორციელებლად, ახალ შესაძლებლობებს მიიღებენ".

Acer-ის განახლებული ნოუთბუქის მაღალი წარმადობის რეალიზება PANTONE® UHD 4K-ის დისპლეის მეშვეობით ხდება, რომელიც ფერთა ფართო სპექტრითა და ჩვენების უმაღლესი ხარისხით დიზაინერებს იმის გარანტიას აძლევს, რომ რასაც ეკრანზე ხედავენ ზედმიწევნით შეესაბამება რეალობას.

დისპლეის თავზე განლაგებული სტერეოკამერების ნაკრები, უზრუნველყოფს მომხმარებლის თავისა და თვალების მდებარეობის დაფიქსირებას, მოძრაობის ტრაექტორიის განსაზღვრას და გამოსახულების სამგანზომილებიანი მოდელის შექმნას. რეალურ დროში რენდერინგის ტექნოლოგია ორი განსხვავებული გამოსახულების პროეცირებით თითოეული თვალისათვის შესაბამის კუთხეს არჩევს და კონტენტის სტერეოსკოპულ ეფექტს ქმნის.

სპეციალურად დიზაინერებისათვის, Acer-მა შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა - SpatialLabs ™, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ მათი პროექტების მიმდინარეობის შეფასებას, განათების, ტექსტურის, ფონის და ყველა ოპტიმალური მაჩვენებლის რედაქტირებას და სამგანზომილებიან მოდელებთან მუშაობას. ეს პროგრამა ასწრაფებს პრობლემების აღმოჩენის პროცესს პროექტირებისას და საგრძნობლად აუმჯობესებს სამუშაოს ხარისხს. პროდუქტების დიზაინერებს შეეძლებათ გამოიყენონ SpatialLabs Model Viewer, რათა წარმოდგენა შეექმნათ როგორი იქნება მათ მიერ შემუშავებული ელემენტი მანამდე, სანამ ექსპულატაციაში ჩაუშვებენ. მენეჯერები და გუნდის წევრები ასევე შეძლებენ მეტად მკაფიო უკუკავშირის მიცემას კლიენტებისთვის პროექტის ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო მომხმარებლები შეძლებენ უკეთ აღიქვან დიზაინი, რათა დარწმუნდნენ, რომ იგი შეესაბამება მათ მოლოდინს.

აღსანიშნავია, რომ Acer SpatialLabs Go-ის დაპატენტებულ გადაწყვეტას დაემატა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც ორგანზომილებიანი კონტენტისაგან 3D სტერეოსკოპულ კონტენტს ქმნის, როგორებიცაა: ფოტოები, თამაშები და ვიდეოკონფერენციები. ამ ყველაფრის გამოსახვა კი, სრული გაფართოების რეჟიმშია შესაძლებელი,

2021 წლის მაისში, Acer-მა შეიმუშავა პროგრამა - SpatialLabs Unreal Engine, სამგანზომილებიანი ინსტრუმენტი რეალურ დროში, რომელიც დეველოპერებს თავიანთი ხედვების რეალიზების თავისუფლებას და გუნდთან მაქსიმალურად ეფექტური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ნოუთბუქ ConceptD 7 SpatialLabs Edition-ის გამოშვებით Acer-მა ასევე წარადგინა საიტი SpatialLabs, სადაც დეველოპერები შეძლებენ მიიღონ წვდომა ყველა ინსტრუმენტთან, Unreal Engine-ის პლაგინის ჩათვლით. მნიშვნელოვანი სიახლეა Ultraleap Hand Tracking ტექნოლოგია. Ultraleap-ის პროგრამული მხარდაჭერით მომხმარებელს შეეძლება ჟესტებით შეასრულოს მისთვის საჭირო ოპერაცია. ეს უზრუნველყოფს გაცილებით ინტუიციურ ინტერფეისს და ამცირებს მოწყობილობასთან შეხების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მუზეუმებისა და საგამოფენო დარბაზების ხალხმრავალი სივრცეებისათვის.

მეტი თვალსაჩინოებისათვის, Acer ConceptD 7 SpatialLabs Edition-ის ნოუთბუქით შექმნილი ინოვაციური კონტენტის მაგალითებსაც გვთავაზობს:

  • ავტომობილების კონფიგურატორი შესაძლებლობას აძლევს დილერებს, მომხმარებელს მოდელები და ვარიანტები აჩვენონ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ანალოგიური კონფიგურაციის მანქანა სალონში.
  • ინტერიერის დიზაინერებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიანთი ეტაპობრივი ინსტრუქციები კლიენტებს, რათა უკეთესი წარმოდგენა შეუქმნან მათ სივრცეზე და თითოეული ელემენტის მასშტაბზე ამ სივრცეში.
  • მოძრაობის დაფიქსირების ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის შევქმნათ ვიდეოკლიპები მოცულობითი სიღრმით, რითიც მომხმარებლები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებენ კინემატოგრაფიული, 360 გრადუსიანი ხედით ტკბობას. დედამიწის გეოსივრცითი დაკვირვება - OSP, აერთიანებს მაღალი ხარისხის მონაცემებს თანამგზავრებიდან, საჰაერო პლატფორმებიდან და სენსორებიდან, ხოლო შემდგომ აერთიანებს მათ ნამდვილი სამგანზომილებიანი ლანდშაფტების შესაქმნელად.

ტაიბეიში გამართულ პრესკონფერენციაზე, Acer-მა საზოგადოებას კიდევ ორი ახალი მოწყობილობა - ConceptD 3 Ezel Convertible და 16:10 ConceptD 3 წარუდგინა.

Acer-მა ConceptD 3-ის ხაზი რამდენიმე მოდელით გაამრავალფეროვნა. ესენია 16 დიუმიანი, 16:10 თანაფარდობის ეკრანის მქონე ვერსია და ახალი, 15,6 დიუმიანი ტრანსფორმირებადი მოდელი, Wacom EMR ტექნოლოგიით. ასევე ხელმისაწვდომია ConceptD 3 Pro (CN316-73P) და ConceptD3 Ezel Pro (CC315-73P). ორივე მათგანი აღჭურვილია Intel® Core ™ i7 პროცესორით 4,6 გიგაჰერცი სიხშირით და გრაფიკული პროცესორით - NVIDIA T1200.

ConceptD 3-ის ყველა ახალ ნოუთბუქს აქვს დამახასიათებელი თანამედროვე დიზაინი სპეციალური თეთრი ზედაპირით, რომელიც იცავს მოწყობილობის ალუმინის კორპუსს ლაქებისა და ცვეთისაგან. PANTONE® დისპლეი, საოცარი ფერთაგადაცემით, გარანტიას გაძლევთ, რომ თითოეული წვრილმანიც კი, ისე იქნება გადმოცემული, როგორც ეს შემქმნელმა ჩაიფიქრა.შეგახსენებთ, რომ კომპანია Acer 1976 წელს დაარსდა და დღეს, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ICT სფეროში, რომელიც 160 ქვეყანაშია წარმოდგენილი. დარგის განვითარებასა და ადამიანის ცხოვრების წესით ცვლილებასთან ერთად, Acer მიმართულია შექმნას სამყარო, სადაც მოწყობილობა, პროგრამული უზრუნველყოფა და მომსახურება ერთ მთლიანობად იქნება შერწყმული, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს მომხმარებელსა და ბიზნესს. Acer 7500 თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც კვლევით, პროდუქტის განვითარებით, მარკეტინგით, გაყიდვებით და პროდუქტის მხარდაჭერით არიან დაკავებული. ეს გუნდი ცდილობს გაარღვიოს ბარიერები ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი