თიკო მაღრაძე - ინტრაპრენერი, მედიცინიდან საერთაშორისო ბიზნესკრიზისების მართვამდე

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც უწყვეტად მუშაობენ საკუთარ თავზე, ზუსტად იციან, რას ემსახურებიან თავიანთი იდეებით და ქმნიან რეალურ ღირებულებებს; რომლებიც ბედავენ იმას, რაც ვერავინ გაბედა; რომლებიც ცვლიან თამაშის წესებს და პოულობენ ახალ შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები გამოსავალს ვერ ხედავენ. თუკი ერთხელ მაინც გიგრძნიათ ბიზნესისგან, რომ მას გააზრებული აქვს საკუთარი მიზნები, სწორ კომუნიკაციას ახორციელებს მომხმარებლებთან და ბრენდის სხვა მიმდევრებთან, ეს სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებით ხდება, რომელთაც ჩვენ ინტრაპრენერებს ვუწოდებთ.

რუბრიკამ „ინტრაპრენერი“, „ჰუალინგ პლაზას“ გენერალურ დირექტორს, მრავალმხრივ საინტერესო და მულტიპროფილურ პროფესიონალ თიკო მაღრაძეს უმასპინძლა, რომელმაც საკმაოდ შთამბეჭდავი გზა გაიარა სამედიცინო სფეროდან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ბრენდებამდე. Entrepreneur-თან საუბრისას, თიკომ ქრონოლოგიური მიმდევრობით გვიამბო, თუ როგორ დაიწყო მისი დიდი ინტრაპრენერული გზა და რა იყო ის საკვანძო მომენტები, რამაც მისი მომავალი წარმატება განაპირობა.

თიკო მაღრაძე თბილისში, პედაგოგების, ექიმებისა და პროფესორების ოჯახში დაიბადა და როგორც თავად აღნიშნავს, ამან დიდწილად განსაზღვრა მისი პრიორიტეტები. ბებიისა და ბაბუის მაგალითზე, მას ბავშვობიდან მიაჩნდა, რომ ექიმის პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ემსახურებოდა მიზანს, სადაც მთავარ ღირებულებას ადამიანების სიცოცხლე წარმოადგენს. შესაბამისად, მან სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ძირითად მიმართულებად კი, კარდიოლოგია აირჩია. პარალელურად, თიკომ გამოცდები უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა, ვინაიდან სამედიცინო მენეჯმენტით იყო დაინტერესებული და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მას საქართველოში დარჩენა მოუწია და ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად ESM-ში მენეჯმენტის მიმართულებით სწავლის გაგრძელება მიიჩნია.  

„19 წლის ვიყავი, როდესაც მამას საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიაში ლოგისტიკის მენეჯერად დავიწყე მუშაობა. ვფლობდი უცხო ენებს, ვსწავლობდი სამედიცინოზე და ამასთან ერთად, მენეჯერული უნარებისა და სხვა გამოცდილების შეძენაც მინდოდა. სწორედ აქ მოხდა ჩემი პირველი შეხება ლოგისტიკასთან და კომპანიის ბიზნესპროცესებთან. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელვანი იყო, რადგან ინტრაპრენერული თვისებები ოჯახის ბიზნესის მართვის პირობებში გამოვიმუშავე. შესაბამისად, არ აღვიქვამდი კომპანიას, როგორც დამსაქმებელს, რამაც შემდგომ ჩემს მართვის სტილზეც იქონია გავლენა. მთელი კარიერის განმავლობაში, წლების შემდეგაც კი, ამ თვისების ჩამოყალიბებამ განაპირობა, რომ თითოეულ ჩემს პროექტს აღვიქვამ არა როგორც დასაქმებული, არამედ კომპანიის ინტერესების გამტარებელი ვხდები, − გვიამბობს თიკო მაღრაძე.

თიკოს პირველი სამსახური, სწავლის დასრულების შემდეგ, „დანიური სახლის“ ოფისმენეჯერის პოზიცია აღმოჩნდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო გასცნობოდა დიდი კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მათი პროცესები, სისტემურ ჭრილში დაენახა.

მუდმივად ვსვამდი შეკითხვებს. მაინტერესებდა რა იყო კომპანიის მომხმარებთა პრიორიტეტები, რა მიზანი აქვს კომპანიას და როგორ მიდის ის ამ მიზნამდე. ჩემი ინტრესები ცდებოდა ყოველდღიურ საქმიანობას, აც არ დარჩენილა შეუმჩნეველი და ძალიან მალე, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, შესყიდვებისა და გაყიდვების ხელმძღვანელად დავინიშნე“, − აცხადებს თიკო მაღრაძე.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ გამოწვევები და სირთულეები თიკო მაღრაძისთვის აზარტისა და მოტივაციის მთავარი წყაროა. „დანიურ სახლში“ წარმატებული მუშაობის შემდეგ, მან მსოფლიო ბრენდ „კარფურისგან“ მიიღო იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების შემოთავაზება, რასაც სწორედ გამოწვევების გამო დათანხმდა, ვინაიდან „კარფური“ იმ დროს შემოდიოდა საქართველოს ბაზარზე და წინ ხანგრძლივი, შრომატევადი საქმე ელოდა. მალევე, თიკო „კარფურის“ საბრენდო პროდუქტების მართვის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, რაც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ჰონკონგსა და თურქეთში Private Label-თან დაკავშირებული პროცესების სრული ციკლის მართვას ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ეფექტური და პროდუქტიული მუშაობის დამსახურებით, იგი „კარფურის“ კავკასიის რეგიონის ლოგისტიკის ხელმძღვანელად დანიშნეს. ამ ორგანიზაციაში მუშაობის დროს, თიკო მაღრაძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ლოიალური და კვალიფიციური გუნდი შემოიკრიბა და საერთაშორისო დონის გამოცდილება დააგროვა.

თიკო მაღრაძე კრიზისების მართვის პროფესიონალად პოზიციონირებს. როგორც თავად აღნიშნავს, ნებისმიერ ორგანიზაციაში, სადაც უმუშავია, უპირველეს ყოვლისა ფარული კრიზისის აღმოჩენითა და მისი ეფექტური მართვით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ყველგან, სადაც იგი მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციას იკავებდა, მას არა მხოლოდ კონსულტაციის გაწევის, არამედ უშუალოდ დაგეგმარებისა და აღსრულების ნაწილიც ევალებოდა, რამაც იგი საქართველოში ამ მიმართულების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად აქცია.

მისი პირველი რეალური შეხება კრიზისების მენეჯმენტის სფეროსთან „გუდვილში“ შედგა, სადაც კრიზისული მართვის ჯგუფს საოპერაციო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე ჩაუდგა სათავეში.

„გუდვილის“ წარმატებული პროექტის შემდეგ, მან თანამშრომლობა „საგა იმპექსთან“ გააგრძელა, სადაც საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელობის პარალელურად, კავკასიის რეგიონში პირველი ონლაინ ლოგისტიკური პლატფორმა შექმნა და განავითარა. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სავაჭრო მოლების ანტიკრიზისული მენეჯმენტიც. თიკო მაღრაძემ კრიზისული მართვის ერთწლიან პროექტზე „გლდანი მოლთან“ იმუშავა. ამ პროექტის ძირითადი ამოცანა იყო, რომ მოლებით გაჯერებულ ბაზარზე, ძლიერი კონკურენტების ფონზე, „გლდანი მოლს“ საკუთარი ფინანსური, კომერციული და ე.წ. „ტენანტ მიქს“-სტრუქტურა შეენარჩუნებინა და განევითარებინა. ამისათვის, თიკოს თაოსნობით, შეიქმნა სრულიად ახალი კონცეფცია და სტრატეგია, რაც მნიშვნელოვნად აისახა როგორც მომხმარებელთა ნაკადზე, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებზე. თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო საქართველოში მოლების ანტიკრიზისული სტრატეგირების ფარგლებში.

დღესდღეობით, თიკო მაღრაძე „ჰუალინგ პლაზას“ გენერალური დირექტორია, სადაც სწორედ ანტიკრიზისული მენეჯმენტის დანერგვის შეთავაზებით აღმოჩნდა. გარდა ამისა, მას „მიჰაუსის“, როგორც კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტის, კომერციული, ფინანსური და სტრატეგიული კუთხით გახსნისწინა დაგეგმარება დაევალა. თიკოს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულება სრულად პანდემიის პერიოდში მოუწია და ბევრი გარე ფაქტორის, კრიზისისა და სირთულის მიუხედავად, „ჰუალინგ პლაზა“ იწყებს პოზიციონირებას, როგორც სივრცე, სადაც ყველაფერია სახლისთვის, სამშენებლო-სარემონტო მაღაზიებით დაწყებული, ტექნიკის კლასტერებით, „კარფურით“ და ავეჯის მწარმოებელი ცნობილი ბრენდული მაღაზიებით დამთავრებული. თიკო მაღრაძემ საუბრისას ახსენა, რომ რიგი კონკურენტული უპირატესობების გარდა, რომელთა რეალიზებას „პლაზა“ განახორციელებს, იგეგმება ბევრი სიახლე გაციფრულებისა და ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის კუთხითაც.

ამ წარმატების ისტორიის ფონზე, ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა − როგორ მიიღწევა ინტრაპრენერული ჟინი და შემართება, ემსახურო კომპანიას ისე, როგორც საკუთარს, და რა გვაძლევს ამის მოტივაციას? რაზეც თიკო გვპასუხობს: „ვფიქრობ, ეს ადამიანის ხასიათის ნაწილია. არის რაღაც, რასაც ვერ გასწავლის და ვერ დაგაძალებს ვერავინ. ესაა თვისება, რომელიც უკავშირდება პასუხისმგებლობის გრძნობას. რაც უფრო მაღალია შინაგანი მოტივაცია, მიაღწიო იმას, რც შეიძლება რთულად ეჩვენებოდეს სხვას, რაც უფრო მიდრეკილი ხარ გამოწვევებისკენ, უფრო მეტად იხარჯები და საქმე უკვე შენად მიგაჩნია. ინტრაპრენერობა არ არის სამსახური, რომელიც დილით იწყება და საღამოს მთავრდება. ესაა უწყვეტი პროცესი. არავინ იცის, კვირას მოგივა იდეა, შაბათს თუ ორშაბათს ღამით. არ უნდა ელოდო სამუშაო საათებს იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ეს თვისება ყალიბდება საყვარელი საქმის კეთებისას. ვინაიდან ბიზნესი ჩემს პირველად განათლებას არ შეესაბამებოდა, მომიწია თვითშეფასების ამაღლებაც, რაც სისტემატურად საკუთარ თავზე მუშაობას, გამარჯვებებსა და მარცხებს მოჰყვა. ამ პროცესში, საკუთარ თავში აღმოვაჩინე შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებულობა და გამოწვევების გადალახვის სურვილი, რამაც გარკვეულ მომენტში მნიშვნელოვანი ბიძგი მომცა.

ინტრაპრენერისთვის აუცილებელია, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, კარგად ჰქონდეს გააზრებული. ნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რატომ დაიწყო, რა ღირებულების მატარებელია, რას ქმნის ადამიანებისთის და ცვლის თუ არა მოცემულობებს უკეთესი სცენარისკენ. ოცა საქმე, რომლსაც აკეთებ, სიამოვნებას განიჭებს, არ ითვლი დროს, რომელსაც მას უთმობ, რაც თავისთავად აისახება შედეგებზე.

Entrepreneur დაინტერესდა, რას ურჩევდა თიკო მაღრაძე ადამიანებს, რომლებიც საყვარელი საქმის აღმოჩენის ეტაპზე იმყოფებიან და სურთ გაიგონ, რის კეთება უნდათ ცხოვრებაში.

„ჩემი აზრით, ამისათვის სამი რამაა მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, უწყვეტი, მუდმივი განვითარება და უნარი დაელოდო შედეგებს. სევე მნიშვნელოვანია მოუსმინოთ მათ, ვინც წარმატებას მიაღწია გარკვეულ სფეორებში, გყავდეს გვერდით თანამოაზრეები, რომელაც ენდობით. ჩემთვის ასეთი მამაჩემია, რომელიც 66 წლის ასაკშიც ამტკიცებს იმას, რომ საქმის დაგეგმვასა და განხორციელებას ხელს ვერაფერი შეუშლის, თუკი სწორი ადამიანები გყავთ გვერდით. იყოლიეთ  მენტორი, სწორედ ესეთი ადამიანი, რომელსაც ენდობით და ვინც არ მოგვცემთ საშუალებას მოდუნდეთ. ხანდახან არა არის საკმარისი იყო სუპერ ლიგის მოთამაშე,  გჭირდება მწვრთნელი, ადამიანი, რომელიც გამოტივირებს მაშინ, როცა შენ რაღაც მომენტში იღლები და გგონია, რომ რასაც აკეთებ უშედეგოა.  ყველაზე ხშირად ხომ ასე ხდება?! შედეგები რომ დაინახო ამისთვის დრო არის საჭირო. ადამიანებს კი, გაწეული შრომის შედეგებ მალევე ნახვა სურთ. უნდა განვავითაროთ საკუთარი თავი აკადემიური განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების კუთხით, ვისწავლოთ რაც შეიძლება მეტი და ძალები ბევრი მიმართულებით მოვსინჯოთ“ , - აღნიშნავს თიკო მაღრაძე.

და მაინც, როგორ მართავს კომპანიას და მის გუნდს თიკო მაღრაძე? მისი თქმით, მიდგომა და მართვის სტილი საქმიანობის სფეროს, კომპანიის ზომის და მიზნის მიხედვით განსხვავებულია. სტარტაპ პროექტებთან, რომლებთანაც იგი ასევე აქტიურად მუშაობს, თიკო ჰორიზონტალურ მენეჯმენტს ამჯობინებს. დიდ კომპანიებში კრიზისული მართვის დროს, ამართლებს ვერტიკალური სტილი. გარდა ამისა, თიკო აღნიშნავს, რომ შესაძლებელია გუნდის მიმართ მიდგომა პროექტის მსვლელობის დროსაც შეიცვალოს. „ინტრაპრენერისთვის მნიშვნელოვანია ლავირების  და დროული რეაგირების უნარი. აუცილებელია პრობლემის წარმოშობის აღმოჩენა, იმის განსაზღვრა, თუ საიდან მოდის პრობლემა და არა მისი შედეგების მოგვარებით შემოფარგვლა, რადგან ეს მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა. ყოველთვის მაქსიმალურად ვენდობი ჩემს  გუნდს,  ვცდილობ მივცე მათ ყველა საჭირო ხელსაწყო და გონივრული ვადების ფარგლებში მივიღო შედეგი, რაც ყოველთვის ამართლებს“, - ამბობს თიკო მაღრაძე.

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, გუნდისათვის მნიშვნელოვანია გამარჯვებები და შეგრძნება იმისა, რომ ამ შედეგს მათ დამოუკიდებლად მიაღწიეს. ამით მაღლდება თანამშრომელთა მოტივაცია, თვითშეფასება, იკვეთება მოძრაობის ვექტორი და გუნდი მიზნებზე ორიენტირებული ხდება. რაც შეეხება მარცხს „როცა საკმაოდ რთულ პროექტებზე მუშაობ და მათი ნაწილი უკვე კრიზისშია, წინასწარ გაქვს გააზრებული, რომ შესაძლოა ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც გვინდოდა გამოსულიყო. პირველი და მნიშვნელოვანია მოლოდინების სწორი განსაზღვრა. კრიზისული მენეჯმენტისას საჭიროა ვიცოდეთ, როგორ ვაქციოთ მარცხი შესაძლებლობად და უნდა ვისწავლოთ, გამოვიტანოთ გაკვეთილები, საკუთარი თავისა და სხვების განმეორებითი შეცდომებისაგან დასაზღვევად“, - აღნიშნავს თიკო მაღრაძე.

კარიერული განვითარების პარალელურად, თიკო მაღრაძე არ წყვეტს აკადემიურ განათლებას და სულ ახლახან, ნიუ-იორკის სტერნის უნივერსიტეტში ჩააბარა სწავლის გასაგრძელებლად. გარდა ამისა, იგი აქტიურად მუშაობს სტარტაპებთანაც, არის AXEL-ის წევრი, საშუალო და მცირე ბიზნესის მენტორი. ასევე იგი ყოველწლიურად, ერთ სტარტაპში სრულიად უსასყიდლოდ, პირადი ინიციატივით ინტელექტუალურ ინვესტიციას ახორციელებს.

„სამომავლოდ, პირობითად 10 წლის მერე, ვისურვებდი ვმართო ციფრული პლატფორმა, რომელიც სწორ იდეას სწორ ინვესტორთან დააკავშირებს, რაც ვფიქრობ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრისთვისაც და გლობალურად“, - აცხადებს თიკო მაღრაძე.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ ვინ არის თიკო მაღრაძეს აზრით ანტრეპრენერი და რას ურჩევდა დამწყებ თუ უკვე აქტიურ ანტრეპრენერებს:

„ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს იმის მენტალური უნარი, რომ გარისკოს ყველაფერი იდეისთვის, შეძლოს შემოიკრიბოს ისეთი თანამოაზრეები, რომლებიც ამ იდეის განხორციელებისთვის მზად იქნებიან. ჩემი აზრით, შეუძლებელია ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, ყველაფერი შეძლოს და მოასწროს სწორედ ამიტომ, ანტრეპრენერებს ვურჩევდი მაქსიმალურად მოერიდონ მიკრო მენეჯმენტს და დელეგირებას მიმართონ. მათი დიდი ნაწილი მიკრო მენეჯმენტში გადადის და უამრავ რესურსს ხარჯავს ამაში, რის გამოც კომპანია კარგავს აღქმას იმისა, თუ საერთოდ რისთვის დაიწყეს ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია მიზნად დაისახონ, რომ ის, როგორადაც უნდათ რომ სხვები ხედვადენენ მათ კომპანიას, ეესაბამებოდეს იმას, თუ როგორები არიან ეხლა და როგორები უნდათ რომ იყონ მომავალში“.

entrepreneur.ge