''ბოლო წელიწადნახევარია ოჯახთან ერთად რაჭაში გადმოვედი საცხოვრებლად'' - ნათია ლობჟანიძე

USAID-ის პროექტ YES Georgia-ს ბენეფიციართა წინასაახალწლო სამზადისი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალ წლამდე პრაქტიკულად ერთი თვეა დარჩენილი და ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ჯადოსნური ემოციები ნელ-ნელა თითოეულ ჩვენგანში იწყებენ გამოღვიძებას. ბიზნესსამყაროში ეს პერიოდი ყოველთვის განსაკუთრებულ სამზადისთან და უამრავ სიურპრიზთან ასოცირდება. მომხმარებელი რაღაც ახალსა და ამავდროულად ნაცნობს, ბავშვობის ნოსტალგიით გაჟღენთილს ეძებს, ხოლო კომპანიები, თავის მხრივ, ცდილობენ რაიმე ისეთი შესთავაზონ საზოგადოებას, რაც ამ ამაღელვებელ დღეებს კიდევ უფრო მძაფრ ემოციებად აქცევს.

entrepreneur.ge

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას უნდა ელოდოს მომხმარებელი USAID-ის პროექტ YES Georgia-ს ბენეფიციარებისგან, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩაბმული წინასაახალწლო სამზადისის ორომტრიალში.

მოგეხსენებათ, უკვე არაერთი წელია, რაც USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ბაზრის გაძლიერებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იგი ახალისებს ინოვაციებს, ხელს უწყობს მეწარმეობისა და თვითდასაქმების დონის ამაღლებას ქართველ ახალგაზრდებსა და ქალებს შორის.

USAID YES-Georgia პროგრამა ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ პროექტის დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ახორციელებს. USAID YES-Georgia დამწყებ და უკვე შემდგარ მეწარმეებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნესტრენინგების, მენტორობისა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით ეხმარება. პროგრამის დახმარებით, უკვე არაერთმა ადამიანმა მოახერხა საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წამოწყება ან არსებულის განვითარება.

YES-Georgia-ის ბენეფიციარებზე და მათ წინასაახალწლო სამზადისზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

ამჯერად გვსურს გაგაცნოთ YES Georgia-ის ერთ-ერთი ბენეფიციარი, ნათია ლობჟანიძე, ბრენდის „დრო“ დამფუძნებელი, რომელმაც საკუთარი ბიზნესის იდეის ინსპირაცია რაჭაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ მიიღო. სახელის კონცეფციისა და იდეის რეალურ ბიზნესად გარდაქმნასთან დაკავშირებულ დეტალებს, თავად ნათია გვიამბობს:

„ბოლო წელიწადნახევარია ოჯახთან ერთად რაჭაში გადმოვედი საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, ბუნებაში, სიმშვიდეში და ჯანსაღ გარემოში საინტერესო იდეები იბადება. ჩემს მეგობართან და ახლა უკვე პარტნიორთან ერთად, ნიკორწმინდის ტაძარში ვიდექი და ვუყურებდით საუკუნოვან ფრესკებს, რომელიც გაჯერებულია ორნამენტებით და ძალიან საინტერესო სიმბოლოებით. გაგვიჩნდა ორნამენტების გაცოცხლების სურვილი და სწორედ მაშინ მოვიდა იდეა, შეგვექმნა ქართული ავთენტური კულტურული ძეგლების ორნამენტების, ტექსტილის ნიმუშების, მინიატურების გამოყენებით მაგიდის გადასაფარებლები. ბრენდის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, დავარქვით „დრო“. ყველაზე აბსტრაქტული და ამავდროულად, ყოვლისმომცველი სახელი − „დრო“, რომელიც გამოგზაურებთ სიძველით გაჟღენთილ თანამედროვეობაში. პასპორტებზე ვიყენებთ ორაზროვან წარწერას: „რას გვიყვება დრო...“ , რადგან არასდროს იცი, რას უნდა ელოდო ორნამენტებისგან“.

„დროზე“ მუშაობა, უპირველეს ყოვლისა ინფორმაციის მოძიებით დაიწყო, რაშიც დამწყებ ბიზნესს ქალბატონ მარინა თევზაიას უნიკალური ნაშრომი − „ქართული ორნამენტების კატალოგი“ დაეხმარა. ასევე, ნათია ხელოვნების სასახლის მხარდაჭერით იყენებს „ქსოვილები საქართველოდან“ კატალოგის ნიმუშებს, რისთვისაც მათი მადლიერია.

ნათია ლობჟანიძემ საქმიანობა 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და პირველი, რაც გააკეთა, ქართული სუფრა − „ღვინის ნიამორები“ შექმნა, რომელიც ობიექტურად განსაკუთრებული გამოვიდა. „ორნამენტები პირველადი სახით ძირითადად შავ-თეთრია, თუმცა საოცარი ენერგეტიკა აქვს. როცა ვხატავთ, ფერებსა და ხასიათს თვითონ გვკარნახობენ. ამ ემოციასა და ენერგიას მივყვებით და სწორედ ასე იქმნება განსხვავებული, თანამედროვე და ამავდროულად, სიძველით გაჟღენთილი ქართული პროდუქტი, რომელიც დიდი სიყვარულით მიგვაქვს მომხმარებლამდე. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელმისაწვდომი გავხადოთ სიძველის ეს მიმართულება და ნივთის პასპორტით გავაცნოთ ორნამენტების ისტორია. ასევე, ვუთითებთ ორიგინალი ორნამენტების ადგილმდებარეობას, რაც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას“, − ნათია ლობჟანიძე.

„დროს“ პასპორტები მზადდება ინგლისურად და ქართულად, რათა პროდუქტი ტურისტებისთვისაც მარტივად აღსაქმელი გახდეს. ამ ეტაპზე, ბრენდს შექმნილი აქვს 6 განსხვავებული, სხვადასხვა ფერის ვიზუალი. ორნამენტები, რომლებიც ბუნებრივი ფერით არის შემონახული, ხელუხლებელი, პირვანდელი სახით მიდის მომხმარებლამდე, ხოლო შავ-თეთრი, თავად ორნამენტის ხასიათიდან გამომდინარე იხატება. პარალელურად, „დრო“ ქართული ანდაზების გამოყენებით სახალისო დეკორაციულ ბალიშებს ქმნის, რომლებმაც უკვე დაიმსახურა მომხმარებლის კეთილგანწყობა. ახლო მომავალში, იგეგმება კოლექციის გაფართოება და ხელით მოქარგული სუფრების გამოშვება, რაზეც ბრენდი უკვე 2 თვეა აქტიურად მუშაობს.

„ახალი საახალწლო სუფრა ორნამენტებით, ლოგიკური გაგრძელება იქნება მოსალოდნელი დღესასწაულისთვის, თუმცა სიურპრიზს, რომელსაც მომხმარებლებს ვუმზადებთ, ხელნაკეთი კერამიკის ჭურჭელი წარმოადგენს. „დროს“ კოლექციის მიღმა, ვაკეთებთ „დრო და პარტნიორების“ მიმართულებას და კოლექციას, სადაც პარტნიორი კერამიკოსების დახმარებით და ჩვენ მიერ დახატული ვიზუალების სინთეზით, მაგიდის გადასაფარებლის შესაბამისი ხელით მოხატული კერამიკული ჭურჭელი დამზადდება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე: drornament.com“, − აცხადებს ნათია ლობჟანიძე.

ნათია აღნიშნავს, რომ პროექტი YES-Georgia ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს მეწარმეებისთვის და მათთვის, ვისაც იდეების განხორციელება სურს. „პროექტი აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, რომელთაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ ბიზნესის განვითარებაში, მართვასა და სხვა დაკავშირებულ საკითხებში. მათი გამოცდილება ძალიან გვეხმარება, სწორი მიმართულებით მივმართოთ ჩვენი იდეები. ერთია, როცა ბევრი საინტერესო იდეა გვიჩნდება და მეორე, როცა იდეებით ქაოსი გაქვს თავში და არ იცი, საიდან დაიწყო ან როგორ გააგრძელო“, − ამბობს ნათია, − „ჩვენს სტარტაპთან მიმართებაში ძალიან კარგი რჩევები მივიღე და ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ჩვენი თანამშრომლობა ჯერ არ დასრულებულა და მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს. სიმართლე გითხრათ, დიდი სტიმული და იმედია, როდესაც იცი, რომ გვერდით გიდგანან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც დაცემის საშუალებას არ გაძლევენ და სირთულეების გადალახვაში გეხმარებიან. ასეთ დროს, უფრო ადვილია გარისკო ბიზნესში და წარმატებაც აუცილებლად მოდის“.

ნათიას თქმით, ქვეყანაში პანდემიური მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე, „დრო“ საკუთარი მაღაზიის გახსნას აპირებს, სადაც მომხმარებელი პროდუქციას ადგილზე დაათვალიერებს და შეიძენს. გარდა ამისა, ბრენდი საკუთარი მცირე საწარმოს მოსაწყობად ფინანსური რესურსების მოძიების მიმართულებით მუშაობს, სადაც კერამიკის ოსტატებთან ერთად, ბიზნესის განვითარებაზე იზრუნებს.