2022 წლის სამუშაო ადგილის ტენდენციები, ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლების გამოცდილება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიმდინარე წელი იმედისმიმცემი აღმოჩნდა იმ კომპანიებისთვის და პროფესიონალებისთვის, რომლებიც Covid-19-ის კრიზისმა დააზარალა. იზოლაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციებმა სამუშაო ადგილებზე დაიწყეს დაბრუნება და თანამშრომლებმა მუშაობა ფიზიკურ სივრცეში გააგრძელეს. ეს აღორძინებისა და აღდგენის წელი იყო. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაინერგა მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიები და მოწინავე ინსტრუმენტები დისტანციური მუშაობის გასაადვილებლად. შედეგად, ახალ სამუშაო ინსტრუმენტებში უკვე სხვადასხვა მიმართულების კომპანიების უდიდესი ნაწილი საკმაოდ კარგად ერკვევა.

entrepreneur.ge

2021 წელი აღდგენის წელი იყო, 2022 კი, ზრდის წელი იქნება. გლობალურმა პანდემიამ მთელ მსოფლიოში აიძულა ორგანიზაციები გაეცნობიერებინათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ციფრულ რეჟიმზე გადასვლა და სამუშაოს შესასრულებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. შედეგად, კომპანიები და პროფესიონალები მზად არიან ახალ წელს ამაღლებული განწყობით შეხვდნენ და თავიანთი კომპანიები ტექნოლოგიური გამჭრიახობით წარმატებამდე მიიყვანონ.

გაგაცნობთ სამუშაო ადგილის რამდენიმე ძირითად ტენდენციას, რომელიც 2022 წელს უნდა გაითვალისწინოთ.

ჰიბრიდული სამუშაო ადგილის გაჩენა

Covid-19 გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროფესიონალებს სამსახურში სიარულის საშუალებას არ აძლევდა. ამის სანაცვლოდ, დისტანციური მუშაობა გახდა ბიზნესის წარმოების ერთადერთი გზა. ორგანიზაციები ვირტუალური მუშაობის რეჟიმზე, ერთობლივი მუშაობის პლატფორმების საშუალებით გადავიდნენ, როგორიცაა Zoom, Slack, Microsoft Teams და სხვები. თანამშრომლები საკუთარი სახლებიდან კომფორტულად და უსაფრთხოდ მუშაობდნენ.

ორგანიზაციები 2021 წელს დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, მაგრამ ყველა თანამშრომელს არ სურდა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციებს პრეტენზიების საფუძველი არ ჰქონდათ. რამდენიმე კომპანიამ აღნიშნა კიდევაც, რომ დისტანციურმა რეჟიმმა თანამშრომლების მთლიანი პროდუქტიულობა გაზარდა. გარდა ამისა, დისტანციური მუშაობა აძლევდა საშუალებას პროფესიონალებს ჯანსაღი ბალანსი შეენარჩუნებინათ პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის.

ამ მდგომარეობამ ჰიბრიდული სამუშაო ადგილების შექმნა განაპირობა. ერთ გუნდში თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ნაწილი კი − ადგილზე. ზოგიერთ თანამშრომელს თვითონ შეუძლია არჩევანის გაკეთება − რამდენიმე დღე ოფისში იმუშაოს, სხვა დღეებში კი, შინიდან, დისტანციურად. გაითვალისწინეთ და სერიოზული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ 2022 წელს უფრო მეტი ჰიბრიდული სამუშაო ადგილები იქნება.

თაობა-Z გამოჩნდა

ახალგაზრდა თაობა-Z-ის პროფესიონალები უკვე მზად არიან კორპორაციულ სამყაროში შესაბიჯებლად, თუმცა აშკარად ჩანს, რომ სამუშაოსადმი მიდგომა შეიცვალა. ე,წ, „მილენიალებსა“ და თაობა-X-ს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და უფრო მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი. ახალგაზრდა თაობას უნიკალური მიდგომა და ახალი პერსპექტივა აქვს სამუშაოს მიმართ. მათ არ სურთ ტრადიციული ინსტრუმენტებით მუშაობა, რომლებიც სამუშაოს შესასრულებლად ხელით მეტ შრომას მოითხოვს. ეს თაობა ტექნოლოგიების სამყაროში გაიზარდა და არ იცის, რომ დიგიტალიზაციის უზადო სივრცის გარდა, სხვა სამყაროც არსებობს.

ეს დამოკიდებულება სთხოვს დამსაქმებლებსა და ორგანიზაციებს, დამოკიდებულება შეიცვალონ სამუშაოსადმი და უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს მოერგონ. ახალი ტექნოლოგიური თაობა იდეებითა და ჟინითაა აღსავსე და ისინი კომფორტულ სამუშაო გარემოს მოითხოვენ. თაობა-Z-ის პროფესიონალებს არ სურთ ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკით, 9-დან 5-მდე მუშაობა − მოქნილი სამუშაო გრაფიკის პირობებში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. აშკარაა, რომ სასურველი გარემოს პირობებში, ისინი ორგანიზაციებს ბაზრის უახლეს ტენდენციებზე მორგებაში დაეხმარებიან.

ცენტრალიზებული კომუნიკაცია

ჰიბრიდული სამუშაო ადგილის გამოჩენამ, თავისთავად გაზარდა ორგანიზაციის შიგნით ცენტრალიზებული კომუნიკაციის არსებობის საჭიროება. დღეს ზოგიერთი თანამშრომელი ადგილზე მუშაობს, ხოლო სხვები − დისტანციურად, თქვენ კი, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ისინი ერთნაირად აზროვნებენ. მართალია, ჩვეულებრივი საკომუნიკაციო ინსტრუმენტები, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა და სატელეფონო ზარები, ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას აძლევს თქვენს თანამშრომლებს, მაგრამ ცენტრალიზებული საკომუნიკაციო სისტემის არსებობა მაინც აუცილებელია.

პროფესიონალებს კოლეგებთან დაკავშირებისა და რეალურ დროში თანამშრომლობის საშუალებას ზემოთ აღწერილი თანამშრომლობის პლატფორმები აძლევთ − Skype, Zoom, Google Meets, Slack, Microsoft Teams და სხვა. ხსენებული პლატფორმებით ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაციას ცენტრალიზებული სახე ეძლევა − ჯგუფური ჩატები და ვიდეოზარები იქნება ეს თუ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაზიარება.

მეტი ყურადღება ბალანსზე პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის

მართალია, პანდემიურმა კრიზისმა ბევრი უხერხულობა შეუქმნა პროფესიონალებს, მაგრამ დისტანციურმა მუშაობამ მისცა მათ საშუალება უკეთესი ბალანსი შეენარჩუნებინათ პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. თანამშრომლები უკვე აღარ ატარებდნენ ზედმეტ საათებს ოფისებში, ოჯახებისგან შორს. დისტანციური მუშაობა დაეხმარა მათ, მეტი დრო გაეტარებინათ საყვარელ ადამიანებთან, სამუშაო საათების დროსაც კი.

ახლა, როდესაც პანდემიის საშიშროება შემცირდა და ტრადიციული დამოკიდებულება დაბრუნდა სამსახურის მიმართ, თანამშრომლებმა მეტი ყურადღება მიაქციეს პირადი და პროფესიული ცხოვრების იდეალური ბალანსის დაცვას და ცხოვრების არცერთ მხარეს არ სწირავენ მსხვერპლად მეორეს.

მეტი ყურადღება თანამშრომლების ემოციურ ჯანმრთელობაზე

პანდემია მკაცრი გამოცდა აღმოჩნდა პროფესიონალებისთვის. ასეთ პირობებში თანამშრომლების მუშაობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მხარდაჭერის თანამედროვე სერვისების დანერგვაა, რადგან ისინი პროცესების ავტომატიზაციისა და პერსონალური თანამედროვე სერვისის მიწოდების საშუალებას იძლევა. ამან და სხვა გარემოებებმაც, არსებითი გავლენა იქონია თანამშრომლების ემოციურ ჯანმრთელობაზე.

ახლა, როდესაც თანამშრომლები სამსახურებში ბრუნდებიან, ორგანიზაციები მთლიანად არიან ორიენტირებულნი მათთვის მასტიმულირებელი და წამახალისებელი სამუშაო გარემოს შექმნაზე. HR-ის პროფესიონალებმა იმ თანამშრომლების გამოკითხვა და კონსულტაციების გაწევა დაიწყეს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ამგვარი ინიციატივები კორპორაციულ სამყაროს ემოციური ჯანმრთელობის მნიშვნელობის გაცნობიერებაში და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაში დაეხმარა.

რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლების გამოცდილება?

თანამშრომლები წარმოადგენენ ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარი ძალასა და საყრდენს. თანამშრომლების გამოცდილებაზე ყურადღების გამახვილება და მათი ჩართულობისა და პროდუქტიულობის გაზრდა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის აუცილებელი კომპონენტებია, მაგრამ დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვნად შეიცვალა უშუალოდ თანამშრომლების მოთხოვნები. მათთვის მხოლოდ კარგ ანაზღაურებასა და დაწინაურებას კი აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ დღეს თანამშრომლებისთვის პირადი მხარდაჭერაა მთავარი, რათა გარანტირებული იყოს მათი ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში.

Saurabh Kumar

Written By

Entrepreneur Staff

Journalist since 2007. Currently heading Entrepreneur India online. Reach me: LinkedIn and Twitter.