გუგა ბურდული - Temple University-ის სტუდენტი, ამბიციური გეგმებით საქართველოში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებული, „საქართველოს ბანკის" სტიპენდიატი − 25 წლის გუგა ბურდული, ამჟამად Temple University-ში, გამოთვლით მონაცემთა მეცნიერების (Computational Data Science) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. გუგა სწავლას მიმდინარე სასწავლო სემესტრში ამთავრებს და ამ ეტაპზე, მთელ დროსა და ენერგიას სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას უთმობს.

entrepreneur.ge

აშშ-ში სწავლის შესახებ მეტი დეტალის დასადგენად Entrepreneur გუგა ბურდულს ესაუბრა. გვსურს გაგიზიაროთ მისი შთაბეჭდილებები, ფილადელფიაში მიღებული გამოცდილება. გუგა უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნებას და ამბიციური პროექტების განხორციელებას გეგმავს.

„Temple University-ში სწავლის პირველი სემესტრი ძალიან რთული იყო. ფილადელფიაში შუა პანდემიაში ჩამოვედი. სწავლა ონლაინ დაიწყო და შესაბამისად, ხალხის გაცნობა ვერ მოვასწარი. ფაკულტეტიც ახალი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემი „ბექგრაუნდი" მაძლევდა იმედიანად ყოფნის საშუალებას, თუმცა მონაცემთა მეცნიერებასთან იქამდე შეხება არ მქონია. ეს ყველაფერი ერთიანობაში საკმაოდ რთული შესაგუებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მთლიანად ეთმობოდა სწავლას. ვინაიდან პანდემია ხელს უშლიდა ყოველგვარ შეკრებას, ჩემი განტვირთვის საშუალებებიც ძირითადად ონლაინ იყო. გავწევრიანდი უნივერსიტეტის ჭადრაკის კლუბში და მათთან ერთად კოლეჯებს შორის ტურნირის ფინალშიც გავედი (ეს ტურნირიც ონლაინ იმართებოდა). პანდემიის პერიოდში ჩემი ერთგული მეგობარი საკუთარი ველოსიპედი იყო, რომელთან ერთად ვცდილობდი ამ კარჩაკეტილობას გავქცეოდი. შიგადაშიგ, როცა „დედლაინები" ამის საშუალებას მაძლევდა, ვცდილობდი ფილადელფია დამეთვალიერებინა", − გვიამბობს გუგა ბურდული, − „მეორე სემესტრიც სამწუხაროდ ონლაინ გაგრძელდა, მაგრამ უკვე ბევრად მიადვილდებოდა საგნების სწავლაც და ცხოვრებაც. შევეჩვიე დამოუკიდებლად ყველაფრის კეთებას და დისკომფორტს აღარ ვგრძნობდი, მაგრამ რაც მაკლდა, ისევ და ისევ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა იყო. ეს ყველაფერი ზაფხულმა და მესამე სემესტრმა მოაგვარა... ჩემს მეგობართან ერთად რამდენიმე შტატის მონახულება მოვახერხე ზაფხულის არდადეგების დროს, მესამე სემესტრი კი, უკვე დასწრებულად, უნივერსიტეტში გაგრძელდა, რამაც საშუალება მომცა ონლაინ გაცნობილ ხალხს შევხვედროდი და ყველა ონლაინ აქტივობა გაგვეცოცხლებინა".

როგორც გუგა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, რთული პირველი წლისა და ონლაინსწავლების მიუხედავად, იმ პერიოდმა უდიდესი გამოცდილება შესძინა. მან ისწავლა მნიშვნელოვანი საგნები, რომლებიც აუცილებლად გამოადგება სამომავლო კარიერაში. გუგამ გაიცნო საინტერესო ადამიანები და მიიღო უცხო გარემოში მარტო ცხოვრებისა და შესაბამისად, უამრავი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის გამოცდილება. „ვფიქრობ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აქ შეძენილი უნარები დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში. მინდა მონაწილეობა მივიღო საქართველოში პირველი მონაცემთა მეცნიერების ფაკულტეტის გახსნაში", − აცხადებს გუგა.

აღსანიშნავია, რომ გუგა ბურდულს დამთავრებული აქვს ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და 16 წლამდე აქტიურად თამაშობდა ჭადრაკს, რაშიც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც კი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გამო გუგას ჭადრაკისთვის თავის დანებება მოუწია, სპორტის ეს სახეობა მისთვის დღემდე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ჰობია.

სკოლის დამთავრების შემდეგ, გუგამ სწავლის გაგრძელება თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე გადაწყვიტა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მისი უშუალო სპეციალობის საგნების პარალელურად, გუგამ კომპიუტერული მეცნიერებების მაინორ-კურსიც გაიარა და მთელი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ერთვებოდა სამეცნიერო საქმიანობაში, ჯგუფელ არკადი აკოფიანთან და პროფესორ ვახტანგ ჯანდიერთან ერთად. სწორედ მათთან ერთად იმუშავა გუგამ რამდენიმე სამეცნიერო სტატიაზე და მიიღო მონაწილეობა სამ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში.

თავისუფალი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გუგა ბურდულმა დაიწყო მუშაობა თავისუფალ სკოლაში პროგრამირების მასწავლებლად და თავისუფალ უნივერსიტეტში სემინარისტად. „ერთი წლის შემდეგ, უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით ვკითხულობდი ორ საგანს: „შესავალი ციფრულ ტექნოლოგიებში" და „პროგრამირების მეთოდოლოგიები". თავისუფალ სკოლაში მასწავლებლობის გარდა ვითავსებდი პროექტების მენეჯერის პოზიციას. შესანიშნავ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც საშუალება მომეცა ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა და უდიდესი გამოცდილება მიმეღო. ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკუთარი სკოლა და გარკვეული კუთხით ეს სურვილი ავიხდინე".

ოთხწლიანმა სწავლის პერიოდმა და შემდგომმა ორწლიანმა სამუშაო გამოცდილებამ გუგას მომავალი პროფესიის ჩამოყალიბებაზეც იქონია გავლენა. იგი მიხვდა, რომ მისი შესაძლებლობების, სურვილებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კომფორტულად მონაცემთა მეცნიერის ამპლუაში იგრძნობდა თავს და შესაბამისად, გადაწყვიტა სწავლა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. ჩანაფიქრის განხორციელებაში გუგას Fulbright-ის პროგრამა და „საქართველოს ბანკი" დაეხმარა, რომლის სტიპენდიატიც გახლავთ ჩვენი რესპონდენტი.

რაც შეეხება გუგა ბურდულის სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წლის სექტემბრიდან იგი თბილისის თავისუფალ სკოლაში მონაცემთა მეცნიერების საგანს გაუძღვება, რაზეც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. „ჯერ არ ვიცი სწავლებას დისტანციურად შევძლებ თუ ფიზიკურ სივრცეში. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ხნით დავრჩები აშშ-ში, თუმცა იმედს ვიტოვებ, საგნის წაყვანას დასწრებულად მოვახერხებ", − ამბობს გუგა, − „გრძელვადიან გეგმებს თუ განვიხილავთ, მინდა დავაგროვო გამოცდილება მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით და ჩამოვყალიბდე პროფესიონალად, შემდეგ კი, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას მონაცემთა მეცნიერების ფაკულტეტის შექმნაში საქართველოში. განათლების მხრივ, განსაკუთრებით ამ მიმართულებით, აშშ დიდი ხანია მოწინავე პოზიციებს ფლობს, შესაბამისად, აქ მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია ჩემი მომავალი მიზნების მისაღწევად".

Entrepreneur დაინტერესდა თუ რას ურჩევდა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით გუგა ბურდული ქართველ ახალგაზრდებს, რაზეც იგი გვპასუხობს: „ყველას ვურჩევდი, არ დანებდნენ. თუ ზუსტად იციან რის გაკეთება უნდათ, ბოლომდე გააკეთონ ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად. გზადაგზა შეხვდებათ დაბრკოლებაც, უარიც, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უნდა აქციონ მოტივატორ ძალად და არ მისცენ არავის უფლება, უარი ათქმევინონ საკუთარ მიზნებზე. ყოველი ასეთი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობის მომცემია და ხანდახან აუცილებელიც კი არის, რათა კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და განვითარება განაგრძო".

ინფორმაციისთვის: ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს აშშ-ის საელჩო საქართველოში. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელ მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ფულბრაიტის მხარდაჭერას „საქართველოს ბანკი" 2014 წლიდან ახორციელებს და 2022 წელს კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლოს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. დამატებითი დეტალები „საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka