7 ნაბიჯი ''ვირტუალური სამუშაო ძალის'' სამართავად

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ადრეც დამიწერია იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა „კოვიდ-19"-მა სამუდამოდ სამუშაო ადგილები. „კოვიდამდე" კომპანიებს დიდად არ მოსწონდათ „ვირტუალური თანამშრომლები". ფიქრობდნენ, რომ ისინი ოფისში უნდა ყოფილიყვნენ თავმოყრილი, რომ ხელმძღვანელობას მათი მართვა შესძლებოდა, ხოლო დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს კი, როგორც გუნდის ნაწილს, წვლილი შეეტანათ საერთო საქმეში. მაგრამ როდესაც „კოვიდის" გამო ვირტუალურ მუშაობაზე გადასვლა გახდა საჭირო, ყველა უცებ ადაპტირდა განსხვავებულ რეჟიმთან. პერსონალი დისტანციურადაც კარგად მუშაობდა და კომპანიაც უწინდებურად იღებდა შემოსავალს.

entrepreneur.ge

ეს მართლაც შესანიშნავი იყო იმ მუშაკებისთვის, რომლებიც შინიდან მოქნილად მუშაობდნენ და შემდეგშიც კი ვირტუალური მუშაობის რეჟიმს ამჯობინებდნენ. პრობლემა ის არის, თუ როგორ უნდა მართო რეალურად განაწილებული სამუშაო ძალა გრძელვადიან პერსპექტივაში და ამავდროულად, იზრუნო სასურველ ეფექტურობაზე და გუნდის კულტურის შექმნაზე.

შემდეგი რეკომენდაციები იმის დადგენაში დაგეხმარებათ, ზუსტად როგორ უნდა მოახერხოთ ეს.

1. დაადგინეთ, რა სურვილები აქვს თქვენს გუნდს

არ არის აუცილებელი, უნივერსალური გამოსავალი მოძებნოთ თითოეული თანამშრომლისთვის. ზოგს მოსწონს ვირტუალურად მუშაობა (მგზავრობა კი არ მოსწონთ, არამედ შინ ყოფნა და პიჟამაში მუშაობა). ზოგს კი ოფისში მუშაობა ურჩევნია (ბავშვებისგან დასვენება, მეგობრებთან ურთიერთობა). ასე რომ, მთავარია დაადგინოთ, რა ურჩევნიათ თქვენი გუნდის წევრებს − ვირტუალურად მუშაობა თუ ოფისში ყოფნა. ნებისმიერი მათგანის მოთხოვნები და მიზნები გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იქნას შეთანხმებული, ეს უზომოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მუშაობის რეჟიმი ყველა მხარისთვის წარმატებული იყოს.

2. შეცვალეთ თქვენი მიდგომა პერსონალის შერჩევის საკითხის მიმართ

თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვირტუალურ გუნდში ამჯობინებთ მუშაობას, პერსონალის შერჩევის საკითხის მიმართ მიდგომის შეცვლა მოგიწევთ. თქვენი სამუშაო ინსტრუქციები ნათლად უნდა შეესაბამებოდეს ვირტუალური ოფისისა და დისტანციური გუნდის მოთხოვნებს. ეს იმ კანდიდატებს გაცხრილავს, რომლებსაც არ სურთ დისტანციურად მუშაობა. მეორე მხრივ, ბევრი კანდიდატი ახლა აქტიურად ეძებს დისტანციურ პოზიციებს. მათი ამჟამინდელი დამსაქმებლები ოფისში მუშაობას დაუბრუნდნენ და მათ კი იმ ვირტუალური სამუშაოს შენარჩუნება სურთ, რასაც დღემდე აკეთებდნენ. ბევრი კი, მზადაა ანაზღაურების შემცირებაზეც კი გამართოს მოლაპარაკებები, ოღონდ მოქნილი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

თქვენ იმის გარკვევაც დაგჭირდებათ, თუ სად იმყოფებიან თანამშრომლები გეოგრაფიულად. ზოგიერთმა კომპანიამ განაცხადა, რომ თანახმაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმყოფებოდნენ მისი თანამშრომლები, თუ მათ შესაბამისი უნარები ექნებათ. ეს ტალანტების იაფი რეზერვების მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში.

მაგრამ, სხვები კი იმას ცდილობდნენ, კვლავ ერთ ცენტრალურ ადგილას დაექირავებინათ თანამშრომლები, რათა ადვილი ყოფილიყო გუნდის შეკრება (წლიური შეხვედრები, ყოველკვირეული ბედნიერი საათები, ტრენინგი), როდესაც საჭირო გახდებოდა. თუ პატარა კომპანია ხართ, შეეცადეთ ცენტრალიზებული იყოთ. როგორც კი თქვენი კომპანია გაიზრდება, უფრო დიდი ქსელის შექმნა მოგიწევთ, რათა ახალი თანამშრომლები მოძებნოთ უფრო ფართო გეოგრაფიული რეგიონიდან.

3. პირადად შესთავაზეთ ვარიანტები მათ, ვისაც სურს

ბევრი კომპანია თანამშრომლებს ჰიბრიდულ მიდგომას სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს მაშინ მივიდნენ ოფისში, როდესაც სურთ ან თუ საერთოდ ოდესმე მოისურვებენ. შედეგად 10 000 კვადრატული მეტრი ფართობის ოფისს ვკარგავთ თითოეული მუშაკისთვის გამოყოფილი მაგიდებით და მის ნაცვლად 5 000 კვადრატულმეტრიან ოფისს ვიღებთ საერთო სამუშაო ადგილებით. ისე, როგორც საერთო სამუშაო სივრცეებშია, სადაც თანამშრომლები, როდესაც სჭირდებათ მაშინ ჯავშნიან მთელი დღით სამუშაო მაგიდას ან საკონფერენციო დარბაზს. ამას ზოგჯერ სასტუმროს ბიზნესის მოდელადაც მოიხსენიებენ. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი ოფისის ქირის ხარჯები ამით განახევრდება.

4. გაიმეორეთ ან გააგრძელეთ გუნდის შესაქმნელი პერსონალური აქტივობები

Restaurant Furniture Plus ვირტუალურ სამუშაო ძალას აერთიანებს, რომელიც ძირითადად კლივლენდში, ოჰაიოშია დაფუძნებული. მათ ბოლო ხანებში შექმნეს ახალი კომიტეტი, რომელიც ყოველთვიურ ღონისძიებებს გეგმავს ამ მხარეში (ე.წ. ბედნიერი საათები, ბოულინგის წვეულებები). ეს იმ ერთფეროვნებისა და მარტოობისგან თავის დაღწევის საშუალებაა, რომელიც შინ მუშაობას ახლავს და შესანიშნავად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ისინი ყველანი გუნდის წევრები არიან. ამგვარი ღონისძიებების გარეშე, შესაძლოა ჩამოყალიბდეს მენტალიტეტი − „თვალი რომ თვალს დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო", რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს გუნდის ერთ მუშტად შეკვრას.

თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ ვირტუალური ბიზნესი, სადაც თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან გაფანტულები, უშუალო ღონისძიებების გამართვა გაცილებით რთული და ძვირადღირებული იქნება. თქვენ უნდა გაარკვიოთ, როგორ გაიმეოროთ ზემოაღნიშნული ღონისძიებები ვირტუალურად. სერვისის რამდენიმე ახალი პროვაიდერი „კოვიდის" გამო ვირტუალურ გუნდურ ღონისძიებებს გვთავაზობს (ვიქტორინების ღამეები, წვეულებები საიდუმლო მკვლელობებით), რომლებიც შეიძლება თქვენი ბიზნესისთვის გამოგადგეთ.

5. მართვა და ხელმძღვანელობა ორჯერ უფრო რთული ხდება

მეც მიყვარდა ოფისში წინ და უკან სიარული, როგორც პერსონალური კომპანიების სერიულ ანტრეპრენერს, იმის ნახვაც, რაზე მუშაობდნენ ადამიანები, თანამშრომლისთვის ზურგზე ხელის მოთათუნება, სადილზე მიწვევა და სხვა ამდაგვარი. ეს ყველაფერი ვირტუალურ კომპანიასთან ერთად იკარგება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.

ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ კარგი ანალიტიკური ანგარიშები გაქვთ, რომლებიც დაგეხმარებათ დაინახოთ, რომელი თანამშრომლები ახერხებენ კარგად მუშაობას მიზნის მისაღწევად და ვის აქვს სირთულეები. თანამშრომლები ქათინაურებით აავსეთ და ვირტუალური ჯილდოები შესთავაზეთ მათ. ვირტუალური ლანჩები მოაწყვეთ თქვენს გუნდთან ერთად, რათა სამუშაოს გარდა, სხვა საკითხებზეც ისაუბროთ.

6. კომპანიის კულტურის ჩამოყალიბება ორჯერ უფრო რთულია

ძნელია შექმნა კულტურა − „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის", როდესაც პირადად არასოდეს ხვდები კოლეგებს. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ბევრად ადვილია დამალვა და რთული საუბრების იგნორირება, როდესაც ვიღაცას არ შეუძლია მარტივად დაგადოს მხარზე ხელი და საკონფერენციო დარბაზში გაგიყვანოს პრობლემებზე სასაუბროდ. თქვენ ხომ მაინც გსურთ, თქვენი თანამშრომლები კომპანიის ერთგულები იყვნენ და კოლეგებს უჭერდნენ მხარს.

ასე რომ, უნდა გააგრძელოთ თქვენი გუნდის კულტურული ფასეულობების ხაზგასმა და ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ თუნდაც შინიდან მუშაობის პირობებში, ყველა თანამშრომელი იმავე სტანდარტით ცხოვრობდეს.

7. Zoom-ით ნუ გადაიღლით თავს

ვირტუალურ კომპანიაში ჯგუფური შეხვედრების ერთადერთი გზა ვიდეოზარებია (Zoom, Microsoft Teams, Google Meet). ვიდეოზარების პრობლემა ის არის, რომ მათ შესაძლოა უზომოდ დაგღალოთ, თვალები გატკინოთ, არც ის დაივიწყოთ, რომ მათი გათიშვა ადვილია. შეგიძლიათ კამერები გათიშოთ, ან პირიქით − დაინახოთ, რომ პერსონალი შეხვედრის დროს სხვა სამუშაოს ასრულებს. ამიტომ, მხოლოდ ის შეხვედრები დაგეგმეთ, რომლებიც აუცილებელია და ეცადეთ მათი რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. გუნდს კი, მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია და როდესაც იმართება, ყველა მასზე უნდა იყოს ორიენტირებული.

შემაჯამებელი მოსაზრებები

მე ნამდვილად მომწონს „ვირტუალურ სამუშაო ძალაზე" გადასვლა. ვფიქრობ, ეს ბიზნესს უფრო ეფექტურს გახდის და ზოგავს დამატებით თანხებს. ის პერსონალის უმეტესობას უფრო აბედნიერებს იმ მოქნილობის გამო, რომელიც შინიდან მუშაობას უკავშირდება. მაგრამ იმისათვის, რომ ეს რეჟიმი წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნულ რეკომენდაციებს მიჰყვეთ.

ვირტუალური ბიზნესის მართვამ ბოლო წლების განმავლობაში, ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები წარმოშვა. ჩვენთვის გაკვეთილები აღმოჩნდა ეს პრობლემები, ჩვენ მათი ოპტიმიზაცია მოვახერხეთ და ამან ახალ სიმაღლეებზე აიყვანა ბიზნესი, დაინტერესებულ და ერთგულ გუნდთან ერთად.

თქვენც იგივე უნდა გაიმეოროთ საკუთარ ბიზნესში. წარმატებებს გისურვებთ!