პირველი ქართულენოვანი ბიზნეს სიმულატორი, რომელიც ბიზნესის მართვას ინოვაციური მეთოდებით შეგასწავლით

35,000 ლარი „შარქებისგან" 50%-ის სანაცვლოდ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს, 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს, იაპონიაში „ფულის ვეფხვების“ სახელით დაარსდა. „შარქ თენქში“ მონაწილე ანტრეპრენერები „შარქების“, ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან, 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. „შარქ თენქ საქართველოს“ პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

„შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური სპონსორია Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება „შარქ თენქ საქართველო“ − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

„შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული ეკონომიკის დოქტორი, თენგიზ თაქთაქიშვილი გახლდათ, რომელმაც „ბიზნეს სიმულატორის“ განვითარებისთვის ილია წულაიასგან 35,000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 50%-ის სანაცვლოდ მოიზიდა.

„ბიზნეს სიმულატორი“ პირველი ქართულენოვანი პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს ბიზნესის მართვის შესწავლა შეეძლებათ. გარდა ამისა, სიმულატორი უზრუნველყოფს აკადემიურ სექტორსა და ბიზნესის ინდუსტრიას შორის კავშირს. „სიმულატორის შექმნის იდეა საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში ჩამომიყალიბდა, რადგან ვხედავდი, როგორ ეფექტურად იყენებდნენ ბიზნეს სიმულატორებს, რაც ეხმარებოდა სტუდენტებს, უკეთესად გაეგოთ, როგორ უნდა ეკეთებინათ ბიზნესი. ერთია, როდესაც ქეისების ანალიზს აკეთებ და აანალიზებ სხვებმა რა შეცდომები დაუშვეს და მეორეა, შენ თავად ახორციელებ იმ ყველაფერს, რაც რეალურ გარემოში უნდა გააკეთო, როცა ბიზნეს შექმნი. ჩვენი ძირითადი სეგმენტი სტუდენტებია, რომლებიც პლატფორმის მეშვეობით სამეწარმეო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს განავითარებს. ამჟამად არსებობს უცხოენოვანი სიმულატორები, თუმცა ეს არ არის მორგებული ქართულ გარემოზე, გარდა ამისა, 20$-დან იწყება 1 სტუდენტის ლიცენზია, რაც ქართული ბაზრისთვის საკმაოდ ძვირია. შესაბამისად, საქართველოში უცხოური სიმულატორების დანერგვა არ იქნებოდა ამ მოცემულობის შესაბამისი. ჩვენს შემთხვევაში, პლატფორმის გამოყენება ბევრად უფრო იაფი იქნება - დაახლოებით, 10-15 ლარამდე ფარგლებში. დღესდღეობით, 20,000-მდე სტუდენტი სწავლობს ბიზნესს და მაქსიმალურად ყველა უნივერსიტეტთან დავამყარებთ კომუნიკაციას და ავითვისებთ არსებულ ბაზარს. გარდა ამისა, ვიმუშავებთ ტრენინგცენტრებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან, რომლებიც ბენეფიციარებს სიმულატორის საშუალებით გადაამზადებენ. აგრეთვე, აქტიური თანამშრომლობა გვექნება კომპანიებთან, რომელთაც სურთ, საშუალო რგოლის მენეჯერები გადაამზადონ შემდგომი დაწინაურებისთვის. ამასთან, სკოლებშიც არის შესაძლებელი სიმულატორის დანერგვა, ვინაიდან სკოლების გარკვეული რაოდენობა არჩევით კურსად ასწავლის მეწარმეობას. აქედან გამომდინარე, სიმულატორის დახმარებით, მოსწავლეებს ხალისით, მარტივად და თამაშით შეეძლებათ ბიზნესთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნის მიღება“, - Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს თენგიზ თაქთაქიშვილი.

„შარქ თენქ საქართველოში“ მონაწილეობის მიღება „ბიზნეს სიმულატორის“ შემქმნელისთვის იდეის ბიზნეს სექტორთან მიწოდების საუკეთესო გზა იყო. გარდა ამისა, სჭირდებოდა ინვესტორი, რომელიც გარდა ფინანსური კონტრიბუციისა, საინტერესო გამოცდილებას გაუზიარებდა. „5 წელია აკადემიურ სფეროში ვარ და კარგად ვხედავ, რომ აკადემიურ სექტორსა და ბიზნესს შორის სუსტია კავშირები. ერთის მხრივ, ეს ცუდია ბიზნესისთვის, რადგან შედარებით ნაკლებ კვალიფიციურ კურსდამთავრებულს მიიღებს, მეორეს მხრივ კი - უნივერსიტეტები ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე ვერ შეძლებენ პრაქტიკული ცოდნის მქონე კურსდამთავრებულების გამოშვებას. დღესდღეობით, შრომის ბაზარზე, ნაკლებად მოთხოვნადია ბიზნესის მხოლოდ თეორიული ცოდნა. აქედან გამომდინარე, პროექტში მონაწილეობის უპირველესი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ განათლების სფეროსა და ბიზნეს წრეების საერთო ძალისხმევით შემუშავებულიყო პლატფორმა, რომელიც ორივეს ინტერესს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ინვესტორს, მასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია - დაფინანსების ნაწილიც და ქოუჩინგიც. ილია წულაია, რომელიც პროექტის განვითარებაში მენდო, უდიდესი გამოცდილების მქონე ინვესტორია, ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივ კომპანიებს, სწორედ ამიტომ, მისი ქოუჩინგი და ჩართულობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფინანსურ ნაწილში, არამედ - მიმდინარე პროცესებში. „შარქის“ მხარდამჭერი აქტივობები და მექანიზმები პროდუქტის პოპულარიზაციასა და წარმატებით დანერგვას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს თენგიზ თაქთაქიშვილი.

„ბიზნეს სიმულატორის“ პროექტის შექმნისას, დამფუძნებლის აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა ვებგვერდის დეველოპმენტი და სცენარის დაწერა იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა სცენარი, სადაც განსხვავებული ფაქტორებია გათვალისწინებული. თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სტუდენტების გუნდი მიიღებს, შესაბამის შედეგში აისახება და სწორედ ეს ლოგიკური ბმა იქცა ყველაზე დიდ დაბრკოლებად. თუმცა, გუნდის აქტიური მუშაობის შედეგად, MVP რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. „მიღებული ინვესტიციით განხორციელდება სიმულატორის ვებგვერდის დამზადება. რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმას, ქართული ბაზრის ათვისების შემდგომ გავალთ საერთაშორისო ბაზარზეც. ქართულის შემდეგ ინგლისურენოვან ბიზნესსიმულატორზე დაიწყება მუშაობა და აქტიურად ვიმუშავებთ გლობალური მასშტაბით კონკურენციის გაწევაზე სხვა მსგავს პლატფორმებთან მიმართებით. განვითარების ხედვა ნამდვილად დიდია იქიდან გამომდინარე, რომ პლატფორმით სარგებლობით ბენეფიციარები პრაქტიკულ, სამეწარმეო და მენეჯერულ უნარებს უკეთ აითვისებენ და ამასთან, დაინტერესდებიან ბიზნეს საქმიანობით. სახალისო ელემენტებით დეტალურად გაიგებენ როგორ ხდება ბიზნესის აწყობა და პროდუქტის დამზადება, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ, როცა პროდუქტზე ფასს აწესებენ, როგორ უნდა გაითვალისწინონ კონკურენტების საკითხი და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ სამეწარმეო სტიმულების გაზრდა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, დღეს, სწორედ ახალგაზრდა მეწარმეებსა და მოტივირებულ ადამიანებზე დგას თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა“, - განმარტავს თენგიზ თაქთაქიშვილი.