გლობალური ინიციატივა Moore Social Ambition-ის ბორდის წევრად სოფო აბაიაძე აირჩიეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელ Moore Global-ის საქართველოს ოფისის უფროსი აუდიტის მენეჯერი, სოფო აბაიაძე, გლობალური ინიციატივა Moore Social Ambition-ის ბორდის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. Moore Global-ის ქსელი 114 ქვეყანაში 30 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ქართულ ოფისს კი მმართველ ბორდში ოფიციალური წარმომადგენელი ეყოლება, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისა და ქართული ბიზნესისთვის.

Moore Social Ambition-ინიციატივის მიზანია, გააერთიანოს ის ახალგაზრდა ლიდერები ქსელის შიგნით, ვინც მიისწრაფვის უფრო მეტი პოზიტიური გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ყოველთვიური შეხვედრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გლობალურ CEO-სთან, ქვეყნების ანალიზის საფუძველზე, თუ სად რა პრობლემებია და სად შეუძლია Moore-ს მეტი წვლილი შეიტანოს. იგეგმება სხვადასხვა აქტივობა. ზოგადად, ინიციატივა სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, მათ შორის: გარემოსდაცვითი აქტივობები, საზოგადოებაზე ზრუნვა, განათლება, თანასწორობა და სხვა.

როგორ გახდა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი წევრი და რა გეგმები აქვს გლობალური ინიციატივის ფარგლებში? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur სოფო აბაიაძეს ესაუბრა:

როგორ გახდით საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის გუნდის წევრი? რას მიიჩნევთ ძირითად ინსპირაციად, გემუშავათ აღნიშნულ სფეროში და იყო თუ არა ეს თქვენი ე.წ. ოცნების სამსახური და სფერო?
საფრანგეთში სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დავბრუნდი და 2014 წელს კომპანიას შემოვუერთდი. ყოველთვის მაინტერესებდა აუდიტში კარიერა, მისი მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობის გამო. ამ პროფესიაში შეგიძლია ძალიან სწრაფად განვითარდე, არასოდეს გაჩერდე და განიცადო მუდმივი წინსვლა. ასევე, გარდა თეორიული ცოდნისა, განავითარო საკუთარ თავში ისეთი უნარები, როგორიცაა ძლიერი კომუნიკაცია, ემოციური ინტელექტი, კრიტიკული აზროვნება, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა და სხვა.

ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ერთ კომპანიაში ერთი მიმართულებით მუშაობა, მინდოდა ყოველი დღე ყოფილიყო გამოწვევებით სავსე და საინტერესო. ახალგაზრდებს მინდა დარწმუნებით ვუთხრა, რომ თუ მოტივირებული ხართ და განვითარებისკენ მიისწრაფვით, თქვენი ყოველი დღე ამ პროფესიაში მუდამ იქნება საინტერესო და განსხვავებული.

ჩემი ოცნება ყოველთვის იყო წვლილი შემეტანა ქვეყნის, საზოგადოებისა და ბიზნესების განვითარებაში. აუდიტორის პროფესია და როლი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან აუდიტორი სანდო და ზუსტ წყაროებზე დაყრდნობით საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ამ პროფესიაზეა დამოკიდებული, ენდობა თუ არა ინვესტორი და საფინანსო ინსტიტუცია ამა თუ იმ კომპანიას. ჩვენი კომპანიის მისია კი ბიზნესების დახმარებაა დღევანდელ ცვალებად სამყაროში.

რას ნიშნავს, იყოთ გლობალური აღმასრულებელი ბორდის წევრი? იყო თუ არა ეს თქვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა?
უპირველესად, ეს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იყო ჩემთვის. Moore Global-ის ქსელი 30 000 ზე მეტ თანამშრომელს მოიცავს 233 ფირმაში და 114 ქვეყანაში. მოულოდნელად, ეს გახდა ჩემი ოცნების გაგრძელება უფრო დიდ − მსოფლიო მასშტაბზე. ძალიან დიდი მოტივაციაა, იყო ამ პროგრამის გლობალური აღმასრულებელი ბორდის წევრი. ბევრ გამოწვევასთან ერთად, ძალიან სასიამოვნო პროცესია იმ უნიჭიერეს ადამიანებთან ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქსელის შიგნით, რომლებიც მუდმივად მიისწრაფვიან უფრო მეტი პოზიტიური გავლენა ჰქონდეთ საზოგადოებაზე.

რა სახის აქტივობები განხორციელდა აქამდე Moore Social Ambition-ის ინიციატივის ფარგლებში და როგორია სამომავლო გეგმები? რა მიმართულებით ფიქრობთ ინიციატივის განვითარებას?
Moore Social Ambition ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით შეიქმნა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ უკვე ვაერთიანებთ Moore Global-ის ქსელში ასეულობით ლიდერს. ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს − ჩვენი ქმედებებით ვუპასუხოთ შეკითხვას: რა სახით შეგვიძლია დადებითი გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებასა და გარემოზე, რისი დატოვება შეგვიძლია მომავალი თაობებისთვის, რა გავაკეთოთ დამატებით საზოგადოების კეთილდღეობისათვის და როგორ დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს დღევანდელ ცვალებად სამყაროში. ღრმად მწამს, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს განვახორციელებთ მსოფლიო მასშტაბით და ამაში საქართველოდანაც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ.

ამ დრომდე არაერთი სოციალური აქტივობა განვახორციელეთ. მათ შორის განათლების, გარემოს დაცვისა და საზოგადოებაზე ზრუნვის კუთხით. განათლების მიმართულებით, მაგალითისთვის, უკვე წლებია ვახორციელებთ პროექტს სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ პროფესიის სწორად არჩევაში. ძალიან გვიხარია, რომ ამ კუთხით მუდმივად მეტად პოზიტიური გამოხმაურება გვაქვს ახალგაზრდებისგან.

გარემოს დაცვის კუთხით, ჩვენი თითოეული თანამშრომელი ყოველწლიურად აკეთებს განაცხადს მინიმუმ ერთი დაპირების სახით, თუ რა კუთხით შეუძლია წვლილის შეტანა გარემოს დაცვის მიმართულებით. ეს დაპირებები მოიცავს: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას, გამწვანების აქტივობებში ჩართვას, ადგილობრივ არასამთავრობოებთან გარემოს დაცვითი მიმართულებით თანამშრომლობას, დედამიწის დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაში მოხალისედ ჩართვას, თვითშემეცნებასა და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს თანამედროვე გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებით და ა.შ.

ახლახან მივიღეთ მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების ხელშეწყობას. ვირბინეთ მსოფლიოსთან ერთად და ამით ჩვენი მცირე წვლილიც შევიტანეთ ამ კეთილ საქმეში.

ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ძალიან დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს, რომელთა განხორციელება ამ მცირე გასული პერიოდის მიუხედავად უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაშია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დამატებით სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარს. ასევე, მენტორინგის პროგრამას იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მძიმე სოციალური გარემოპირობებიდან მოდიან და რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.

რამდენად დიდი დაინტერესება მოიპოვა ინიციატივამ ფართო საზოგადოებაში და როგორ უნდა ჩაერთოს კომპანია აღნიშნულ კამპანიაში?
ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ ორგანიზაციასთან სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველასთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი, როგორი უნდა იყოს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. Moore Social Ambition-ის პროექტში ჩვენი მიზანია ყოველთვის ინიციატორი ვიყოთ საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის გაძლიერების კუთხით მიმართულ აქტივობებში.

Moore Social Ambition პროექტია, რომელთან ერთად ყოველდღე უფრო უკეთესი ადამიანი ხდები, ვიდრე იყავი გუშინ. რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ხელი შეუწყო საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს?

თქვენი ხედვით, რატომ არის მნიშვნელოვანი, კომპანიებმა განახორციელონ სოციალური აქტივობები?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს კომპანიაში ტრადიციაა, ყოველწლიურად მინიმუმ ერთი დაპირება გავცეთ გარემოს დაცვის მიმართულებით. თითოეული დაპირება მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რამდენი პოზიტიური ცვლილების განხორციელება შეგვიძლია, თუ ყველა ჩვენგანი მცირედ წვლილს მაინც შეიტანს, ჩვენ გარშემო სამყარო გახადოს უკეთესი თუნდაც სულ მცირე აქტივობით. კომპანიებს მოვუწოდებ შემოგვიერთდნენ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მსგავსი მოტივაციისა და მიზნების მქონე ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ასევე, განსაკუთრებულად აღვნიშნავდი კომპანიების მიერ ESG-პრაქტიკების დანერგვას, რაც მოიცავს გარემოს დაცვით, სოციალურ და მმართველობით ასპექტებს. დღეს მსოფლიოში, პანდემიის ფონზე, უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს სოციალურ კეთილდღეობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რასაც ზუსტად ESG-პრაქტიკა მოიცავს.

ჩვენი ქსელი და ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა ბიზნესებს დაეხმაროს ამ მიმართულებითაც მათი მიზნების მიღწევაში და ESG-საკითხების ინტეგრირებაში მათ ბიზნესსაქმიანობაში. ESG-ის პრაქტიკის დანერგვა კომპანიებში ნათლად გვაჩვენებს, რამდენად ეფექტიანია ეს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ადამიანებისთვის და გარემოსთვის.