საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, USAID-სა და Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, მიმდინარე წლის 31 მაისს გამართულ ღონისძიებაზე, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად. ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის პროგრამის, Mastercard-ის, სხვადასხვა საჯარო თუ არასამთავრობო უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

Mastercard

Mastercard-მა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ციფრული პარტნიორობის პროგრამა წამოიწყო, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების პროცესს და მათთვის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებს აფართოებს. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებას მოიცავს და უკეთესი ფინტექ გადაწყვეტილებების მისაღებად არსებულ ეკოსისტემას ავითარებს.

„დღეს ჩვენ USAID-ის კერძო სექტორთან თანამშრომლობას, კერძოდ კი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისა და MasterCard-ის პარტნიორულ შეთანხმებას აღვნიშნავთ. კერძო სექტორთან მსგავსი დინამიური თანამშრომლობით ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს რესურსებსა და ძალისხმევას, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც ქართველ მომხმარებლებზე, ისე პოსტ-კოვიდურ რეალობაში აქტუალური გაციფრულების პროცესის დაჩქარებაზე. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და MasterCard მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ახალი გადაწყვეტების ხელშეწყობას, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის საქართველოში, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა იქნება ქართულ დასაქმების ბაზარზე. ეს დიდი დღეა როგორც საქართველოსთვის, ისე USAID-ისა და MasterCard-სთვის", - განაცხადა USAID-ის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, ეს ინიციატივა გააძლიერებს ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებს, როგორებიცაა: ტურიზმის სექტორი, ინოვაციები, საშუალო და მცირე ბიზნესი და ელექტრონული კომერცია.

„დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ ოფიციალურ ფორმას ვაძლევთ იმ ღირებულ თანამშრომლობას, რომელიც სამმხრივად შედგა USAID-ს, MasterCard-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას, განსაკუთრებით კი იმ დარგების, რომლებიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ კოვიდის პანდემიიდან გამომდინარე და სწრაფად უბრუნდებიან პანდემიამდელ ნიშნულებს. სამმხრივი თანამშრომლობით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მოხდება გაყიდვების პლატფორმების დივერსიფიცირება ბიზნესებისათვის და ქართული პროდუქცია ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო არეალზე", - აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.

სასტუმრო Stamba Hotel-ში გამართულ ღონისძიებაზე MasterCard-ს წარმოადგენდა კომპანიის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, იასემინ ბედირი, რომელმაც აღნიშნული ინიციატივის შესახებ განაცხადა: „სიამაყით ვაცხადებ, რომ უკვე 22 წელზე მეტია, Mastercard საქართველოში ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური გადახდის მრავალი მეთოდი და ვითანამშრომლეთ გადახდის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებთან. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან. მართლაც, განვითარებად ქვეყნებს შორის, საქართველო ის ბაზარია, სადაც უნაღდო გადახდების რაოდენობა სწრაფად მზარდია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ნამდვილად ციფრული ეკონომიკის გზაზე დგას, ხოლო ეს პარტნიორობა ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას შეუწყობს ხელს".

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს მართავს 210-ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

რაც შეეხება USAID-ს, ეს გახლავთ აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან, USAID აქტიურად მუშაობს საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაში, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების 5 წლიანი პროგრამა კი, USAID-ის მიერ $23 მილიონით ფინანსდება და ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/EconSecProgram