Young Leaders Camp - საერთაშორისო საგანმანათლებლო ბანაკი ადგილობრივი და უცხოელი მოზარდებისთვის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შემეცნებითი ბანაკების მიზანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი და სპორტულ-კულტურული ჯანსაღი გარემოს შექმნაა. მსგავსი ტიპის აქტივობები მოზარდებს არამხოლოდ უვითარებს შემოქმედებითი აზროვნების უნარებს, არამედ ხელს უწყობს, შეიძინონ სამეგობრო წრე, ჩამოიყალიბონ ლიდერული უნარ-ჩვევები, გაიფართოვონ თვალსაწიერი და გახდნენ კონკურენტუნარიანები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამ მხრივ, გამორჩეული ადგილი უჭირავს Young Leaders Camp-ს, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრ Kings Speech-ისა და ტურისტული კომპანია GIDI-ს ინიციატივაა. საერთაშორისო პროექტი Young Leaders Camp დაფუძნებულია სერტიფიცირებული ქართველი და ყაზახი საგანმანათლებლო კონსულტანტების დავით კბილაშვილის, აიგერიმ იზბასაროვას და ასილბეკ მომინოვის მიერ. "ახალგაზრდა ლიდერების" საერთაშორისო ბანაკმა 2016 წლიდან დღემდე უკვე 2000-მდე მოზარდი მიიღო და მიმდინარე ზაფხულს უკვე 200-მდე უცხოელ მოზარდს მასპინძლობს. "ახალგაზრდა ლიდერების ბანაკის" მონაწილეები შეკვეთილში ინგლისური ენის შესწავლისა და ლიდერული თვისებების განვითარებასთან ერთად ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობიან, რითაც კომპანიას წვლილი შეაქვს საქართველოში ტურიზმის განვითარების საქმეში. "ბრიტანეთის საბჭოს" და "Education UK"-ის მიერ სერტიფიცირებული საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსულტანტების მიერ ორგანიზებული მრავალეროვანი საზაფხულო ბანაკი, სასკოლო არდადეგების ყველაზე ნაყოფიერად გატარების შესაძლებლობას სთავაზობს უცხოელ და ადგილობრივ მოზარდებს.

მონაწილეებს ინგლისურ ენას მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ინგლისურის პედაგოგები შეასწავლიან. გარდა ამისა, ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია მოზარდების ინტერესებზე მორგებული შემეცნებით-კულტურული ექსკურსიები და უმაღლესი ხარისხის სასტუმროები. ამასთან, ბანაკის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ 24/7 მხარდაჭერას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

როგორ გაჩნდა Young Leaders Camp-ის იდეა და რას სთავაზობს საერთაშორისო ბანაკი მოზარდებს? - ამ კითხვებთან დაკავშირებით Entrepreneur ბანაკის თანადამფუძნებელს, დავით კბილაშვილს ესაუბრა:

დავით, როგორ გაჩნდა ინსპირაცია, შეგექმნათ ბანაკი და რა მნიშვნელობის მატარებელია მსგავსი ტიპის აქტივობები მოზარდებისთვის?

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების საზღვარგარეთ საგანმანათლებლო და ტურისტულ პროექტებში ჩართულობის მხადაჭერას გულისხმობს. სწორედ ამ საქმიანობის ფარგლებში გავიცანით მომავალმა პარტნიორებმა ერთმანეთი ბერლინში, ICEF-ის საგანმანათლებლო და ტურისტულ გამოფენაზე, სადაც განვიხილეთ საქართველო, როგორც მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანა ახალგაზრდული საგანმანათლებლო და ტურისტული ბანაკის ორგანიზებისთვის და 2016 წლიდან დავიწყეთ ამ იდეის განხორციელება. შეიქმნა ქართულ-ყაზახური პროექტი Young Leaders Camp, რომელმაც უკვე 2000-მდე ახალგაზრდა ტურისტს უმასპინძლა საქართველოში.

რაც შეეხება ბანაკების მნიშვნელობას, კარგად ორგანიზებული თანამედროვე ბანაკები მოზარდებში ავითარებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, ადრეული ასაკიდანვე აჩვევს დამოუკიდებლობას. ამასთანავე, იგი უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ეხმარება იმის გათვითცნობიერებაში, რომ ადამიანები ვართ სოციუმის ნაწილი და საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვა თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან. შედეგად ვითარდება თანამედროვე ადამიანისთვის საჭირო ღირებულებები, რომელიც მას ეხმარება თვითრეალიზებაში. ახალგაზრდა ლიდერების ბანაკიც 3R (Respect yourself, Respect others, Respect the environment) ფილოსოფიაზე დავაფუძნეთ. "ახალგაზრდა ლიდერებისათვის" შექმნილი სასწავლო პროგრამა მოიცავს გონებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ ინტერაქტიულ თამაშებს, როლურ ინსცენირებებს, ვიდეო და აუდიო სესიებს უცხო ენის მოსმენის უნარის გაუმჯობესებისთვის. ბანაკი ინგლისურენოვანია. ქართული და რუსული ენების მცოდნე ასისტენტები, უზრუნველყოფენ ბანაკის მონაწილეებსა და ამერიკელ და ბრიტანელ მასწავლებლებს შორის ნაყოფიერ კომუნიკაციას.

ყველაზე სასიამოვნოა, როცა საკუთარი თვალით ვხედავთ შედეგს, თუ როგორ პროგრესს განიცდიან მოზარდები თუნდაც 10-14 დღის განმავლობაში. ხდებიან უფრო ლაღები და კომუნიკაბელურები და იძენენ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ მეგობრებს. ამას გარდა, შეკვეთილში, რომლის სანაპიროც გამოირჩევა უსაფრთხოებით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მაგნიტური ქვიშებით, ვმასპინძლობთ მათ, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა იმ პროფესიონალი სპეციალისტებისგან სურთ, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენაა და ლიდერული უნარ-ჩვევების ადრეული ასაკიდანვე განვითარება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. მულტიკულტურული გარემო ყოველდღიური სპორტული და კულტურული ღონისძიებებით კი მათ მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობებს აძლევს. ბანაკის მონაწილეები 20 წევრიან ჯგუფებად იყოფიან ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. თითოეულ ჯგუფს კი თავისი ჯგუფის ლიდერი, უსაფრთხოების ოფიცერი და მასწავლებელი ჰყავს.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, როდესაც ბანაკებზე დაიწყე მუშაობა? პანდემიამ რამდენად იქონია გავლენა თქვენს წამოწყებაზე?

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გამოწვევა, მშობლების ნდობის მოპოვება, სანდო პარტნიორების მოძებნა და კვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდის შეკვრაა. თავდაპირველი ნდობის მოსაპოვებლად აქცენტი ბანაკის ორგანიზატორების განათლებისა და ტურიზმის სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე გავაკეთეთ. ასევე, დაგვეხმარა ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოზიტიური იმიჯი. როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლი პანდემიას, რის გამოც 2020 წელს ვერ მივიღეთ ტურისტები, თუმცა რეგულაციების შემსუბუქებისთანავე ადვილად მოვახდინეთ ცვლილებებზე ადაპტირება და 2021 წლის სეზონი წარმატებით ჩავამთავრეთ.

რას თვლით ამ ეტაპზე კომპანიის ყველაზე დიდ წარმატებად?

2016 წლიდან დღემდე ძალიან ხშირად ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომელთაც უკვე აქვთ ჩვენი პროგრამა გავლილი. გვყავს მონაწილეები, რომლებსაც მშობლები ტრადიციულად ყოველწლიურად აგზავნიან პროექტში. აქვე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ თანამშრომლების ერთგულება. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჯგუფის ლიდერები, რომლებიც ჯანსაღი ღირებულებებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეობის მაგალითს აძლევენ ბანაკის მონაწილეებს, და ინგლისური ენის მასწავლებლები, რომლებიც ყოველწლიურად თანამშრომლობენ ჩვენთან. პარტნიორი სასტუმრო, რომელთანაც უკვე წლებია ვთანამშრომლობთ და ყოველთვის სტუმართმოყვარე მასპინძელია. ყოველივე ეს მკაფიო მტკიცებულებაა იმის, რომ Young Leaders Camp ამართლებს დაინტერესებული მხარეების ნდობასა და მოლოდინს. სწავლების და უსაფრთხოების ხარისხის შენარჩუნებაში ძალიან გვეხმარება პარტნირი ორგანიზაციები, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მაგალითად "წითელი ჯვრის" წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ტრენინგებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს რეგულარულად გვაწვდის სასარგებლო კვლევებს და ასევე გვეხმარება მიზნობრივ ბაზრებზე პარტნიორების მოძიებაში.

გვეამაყება, რომ TBC-ის ბიზნეს დაჯილდოებისა და Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების ფინალისტი გავხდით, რადგან "ახალგაზრდა ლიდერების" ბანაკი უპრეცენდენტო საერთაშორისო პროექტია საქართველოში, რომელის ფარგლებშიც მოზარდი ტურისტები ივითარებენ ლიდერულ უნარ-ჩვევებს, იძენენ საერთაშორისო მეგობრებს და თან წვლილი შეაქვთ საქართველოში ტურიზმის განვითარების საქმეში.

როგორია თქვენი სამომავლო განვითარების ხედვა? სად ხედავთ საბოლოო ჯამში ბანაკს, როგორ წარმოგიდგენიათ ის საუკეთესო შემთხვევაში?

ამ ეტაპზე ბანაკის მონაწილეთა უმრავლესობა ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელია. ვგეგმავთ გააქტიურებას ევროპის იმ ქვეყნებში საიდანაც ტურისტების ნაკადი საქართველოში მზარდია. ჩვენი ხედვა გულისხმობს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საერთაშორისო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას. გვაქვს სურვილი და რესურსი, რომ Young Leaders Camp-მა დადებითი წვლილი შეიტანოს საქართველოში საერთაშორისო ბანაკების კულტურის განვითარებაში.