23 წლის თამარ მნათობიშვილი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამარ მნათობიშვილი, რომელიც მსოფლიოს წამყვან Maastricht University-ში სწავლობს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა. "საქართველოს ახალგაზრდა ელჩების" პროგრამა წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც თამარის მთავარი ამოცანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის აქტივობების განხორციელება გახლავთ.

რას ნიშნავს "ახალგაზრდა ელჩის" სტატუსი და რა რჩევებს მისცემდა იმ ადამიანებს, ვისაც საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მიღება სურთ? - ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur თამარ მნათობიშვილს ესაუბრა:

ამჟამად სწავლობთ ნიდერლანდების სამეფოში, Maastricht University-ში - გთხოვთ, მოგვიყვეთ, რა მიმართულებაზე სწავლობთ და რა იყო ინსპირაცია, მიგეღოთ საერთაშორისო განათლება კონკრეტულად იდერლანდების სამეფოში?

საერთაშორისო აკადემია "ლოგოსში" სწავლის დროს, საზაფხულო სკოლის ფარგლებში გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენიმე თვით ვირჯინიის შტატში, St.. Anne's Belfield School-ში ვიყავი, სადაც მომეცა შესაძლებლობა საკუთარი თვალით მენახა, რას ნიშნავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ დამოუკიდებლად ცხოვრება და განათლების მიღება. ამერიკაში ჩასვლისთანავე ძალიან მალე მივიღე გადაწყვეტილება, განათლება მიმეღო საზღვარგარეთ. ასაკიდან გამომდინარე არჩევანი შევაჩერე ევროპის უნივერსიტეტებზე. აპლიკაცია გავაგზავნე ევროპის 5 უნივერსიტეტში. ყველა უნივერსიტეტმა მიმიღო, საბოლოოდ კი არჩევანი ჰააგის უნივერსიტეტზე გავაკეთე. დრო და დრო ჩემი ამბიციებიც გაიზარდა და გადავწყვიტე მაასტრიხტის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე გადავსულიყავი - აღნიშნული სასწავლებელი ევროპის ტოპ უნივერსიტეტია. ამავდროულად, მომეცა შესაძლებლობა, მესწავლა საერთაშორისო ურთიერთობები როგორც მეორე საბაკალავრო პროგრამა.

როგორ გახდით საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანების სამეფოში - კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი საქმიანობა და რა ახალი შესაძლებლობები გიჩნდებათ ამ პოზიციით?

"საქართველოს ახალგაზრდა ელჩების" პროგრამა წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამას. პროგრამის საშუალებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ "ახალგაზრდა ელჩები" ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

ჩემი, როგორც ახალგაზრდა ელჩის ნიდერლანდების სამეფოში მთავარი ამოცანაა: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, აგრეთვე, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის შექმნა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ გზაზე?

გამოწვევების არასდროს მეშინოდა. პირიქით, არასდროს მიყვარდა კომფორტის ზონაში ყოფნა. გამოწვევები ჩემს შესაძლებლობებში უფრო და უფრო მარწმუნებდა. შესაბამისად, გაეროს ასოციაციაში ნიდერლანდების სამეფოში მდგრადი განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელად არჩევაც არ ყოფილა დიდ შიშთან კავშირში მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კომიტეტში ჩემზე ასაკით უფრო დიდი წევრები არიან და მათი ხელმძღვანელობა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.
ძალიან ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ყველაზე შთამბეჭდავად მახსენდება ამავე წლის მარტში ამერიკაში, ნიუ იორკში, ბილ კლინტონთან შეხვედრა, სადაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები და მთავარი საკითხიც იყო რუსეთ-უკრაინის ომი. მომეცა შესალებლობა, ღირსეულად წარმომეჩინა საქართველოს ინტერესები და დამეცვა იგი. გარდა ამისა, სწავლის პერიოდში ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა პროექტეში, სხვადასხვა კონტინენტზე, რაც შესაძლებლობას მაძლევდა გამეგო მეტი საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ.

რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი?

ეს, პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან იქ ჩემი თავის გარდა ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ვფიქრობ, ამ სფეროში დაგროვილი ცოდნაც მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ღრმად მწამს საქართველოს ნათელი მომავლის. ჩვენ სწორედ ის ქვეყანა ვართ, ვინც 1184 წელს თამარ მეფეს მეფე უწოდა. ჩვენს დნმ-შია გენდერული თანასწორობა, რაზეც ევროპული ქვეყნების ღირებულებებია დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი, ყველას, ვალია დავიცვათ საქართველოს ინტერესები, არ დავივიწყოთ ისტორია და ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეგვიძლია და ეს ნათელი მომავალიც ჩვენ ვართ.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მიღება სურთ - რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ყურადღებას აქცევენ უცხოური ინსტიტუტები და უცხოელი დამსაქმებლები?

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვენლოვანია სწრაფად გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. ხშირად ძალიან რთულია აღიქვა, თუ რა არის კომფორტის ზონა და გაიაზრო იქიდან გამოსვლა რამხელა სირთულეებთან არის დაკავირებული, მაგრამ ხშირად სწორედ ამას მივყავართ წარმატებამდე. ადამიანებს ვურჩევდი, არასდროს თქვან გამოწვევებზე უარი, თუნდაც ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე თვლიდნენ, რომ არ არიან მზად ამისთვის ან უბრალოდ ფიქრობენ, რომ არ გააჩნიათ საკმარისი ბრძოლის უნარი.

უცხოელი დამსაქმებელი ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს ინდივიდუალიზმს - წარმოაჩინო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. ნაკლებად სცემენ პატივს კოლექტიურ აზროვნებას - აქედან გამომდინარე რაც უფრო განსხავევბული, კრეატიული აზროვნება გაქვს, მით უფრო მარტივია მათი დაინტერესება.

როგორია თქვენი სამომავლო განვითარების ხედვა და გეგმები? ფიქრობთ თუ არა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას?

მე, როგორც overthinker, ხშირად ვფიქრობ მომავალზე და ჩემს თავში სულ ვაწყობ გეგმებს, თუ როგორ წარმომიდგენია ჩემი მომავალი. სამომავლოდ მაგისტრატურაზე ვფიქრობ ჩაბარებას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს ჩემს განვითარებაში. თუმცა, საბოლოოდ ჩემს თავს მაინც საქართველო-ნიდერლანდების გზაზე ვხედავ. მთავარი მიზანი ახლაც და სამომავლოდ საქართველოს ევროპული ინტერესების დაცვაა, რადგან ღრმად მწამს საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა მუდამ ეფუძნებოდა ევროპულ მსოფლმხედველობას.