"ჯი-თი მოტორსი" საქართველოში BMW-სა & MINI-ს ოფიციალური იმპორტიორი ხდება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჯი-თი მოტორსი" მსოფლიოში წამყვან საავტომობილო ბრენდებს, BMW-სა და MINI-ს საქართველოში სექტემბრიდან ოფიციალურად წარმოადგენს. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია აღნიშნული ბრენდების იმპორტიორი გახდა, რაც საკმაოდ დიდი წარმატების მანიშნებელია.

BMW-სა და MINI-სთან ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და იმპორტიორის სტატუსი "ჯი-თი მოტორსისთვის" 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, კომპანია აღმაშენებლის ხეივანზე დროებით შოურუმს გახსნის. სწორედ ამ შოურუმში შეძლებენ მომხმარებლები ბრენდების ახალი მოდელების ხილვას. მალევე იგეგმება ე.წ. L ზომის, უფრო დიდი შოურუმის აშენება, რომელიც BMW-სა და MINI-ს ყველა სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული. გეგმის მიხედვით, ისიც აღმაშენებლის ხეივანზე აშენდება და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოურუმი იქნება.

"ჯი-თი მოტორსმა" BMW-სა და MINI-სთან თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპიანი და საკმაოდ რთული შერჩევის პროცესის შედეგად დაიწყო. პროცესში სხვა კომპანიებიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა სათავო ოფისმა საბოლოო არჩევანი სწორედ "ჯი-თი მოტორსზე" შეაჩერა.

"ვფიქრობთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც BMW-სა და MINI-ს სათავო ოფისმა "ჯი-თი მოტორსთან" თანამშრომლობა გადაწყვიტა, ჩვენი კომპანიის გამოცდილებაა. "ჯი-თი მოტორსი" 15 წელზე მეტია წარმატებით წარმოადგენს საქართველოში საავტომობილო გიგანტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა პრემიუმ კლასის ბრენდებთან. გვიხარია, რომ BMW-სა და MINI-ს მომხმარებლებს, ძალიან მალე, უმაღლესი ხარისხის სერვისსა და მათი საყვარელი ბრენდების უახლეს ავტომობილებს შევთავაზებთ," - აცხადებს "ჯი-თი მოტორსის გენერალური დირექტორი, თემურ უსტიაშვილი.

"ჯი-თი მოტორსის" წარმატება პრემიუმ ბრენდების მართვის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წლებია, კომპანია LAND ROVER-სა და JAGUAR-თან თანამშრომლობს და ორივე ბრენდი ქართულ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გარდა ამისა, "ჯი-თი მოტორსი" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მომსახურების კუთხითაც და მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. მეტიც, მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მიმართულებით არსებულ რეიტინგებში, კომპანია ბოლო რამდენიმე წელია რეგიონში მოწინავე პოზიციებს იკავებს.