გარემოს პლასტმასით დაბინძურება, როგორც მთავარი გამოწვევა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე სამყაროში გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ ყველზე აქტუალურ პრობლემად სახელდება. გაეროს ინფორმაციით, ყოველწლიურად 19-23 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება, რაც ეკოსისტემაზე შეუქცევად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
საინტერესოა, რომ ისეთი პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნარჩენები, როგორიც სიგარეტების ფილტრია, გარემოს პლასტმასით დაბინძურების კონტექსტში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც საზოგადოებისთვის, ისე თამბაქოს ინდუსტრიისთვის.
სიგარეტის ნარჩენებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი გამოწვევები
ყოველწლიურად, მსოფლიოში 5.6 მილიარდი სიგარეტი იყიდება, ყოველ წამს დედამიწას 10 000 სიგარეტის ნარჩენი ანაგვიანებს. თითოეული ნარჩენი - ანუ სიგარეტის ფილტრი 0.2 გრამ პლასტმასას შეიცავს, რაც საშუალოდ ყოველწლიურად გარემოში მოხვედრილ 1.1 მილიონ ტონა პლასტმასის ნარჩენს ნიშნავს. ეს კი მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული პლასტმასის (359 მილიონი ტონა) 0.3%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ სიგარეტის ფილტრის დაშლის პერიოდი სამი თვიდან 15 წლამდე მერყეობს.
მაშინ, როგორ არის შესაძლებელი, შევამციროთ გარემოსთვის მიყენებული ზიანი?
სიგარეტის ნარჩენები გადამუშავებას ექვემდებარება.
სხვადასხვა ქვეყანაში ნარჩენების შეგროვების, მათი დახარისხების და გადამუშავების განსხვავებული მეთოდები და მიდგომები არსებობს. იმისათვის, რომ ამ პრობლემის გადაჭრა გლობალურად გახდეს შესაძლებელი, საჭიროა ინოვაციური, რეალურ კონტექსტზე მორგებული და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის იმპლემენტაცია, რომელიც ყველა ქვეყნისათვის სარგებლის მომტანი იქნება.
ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (Extended Producer Responsibility) დირექტივაა, რომელიც მიზნად ისახავს პლასტმასის ნარჩენების (იქნება ეს პლასტმასის ბოთლები, ელემენტები, მანქანები თუ შესაფუთი მასალები) ცირკულარულ ეკონომიკაში ჩართვას.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, 2023 წლის იანვრისთვის მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის პროდუქტებზეც გავრცელებულიყო - მათ შორის, პლასტმასის შემცველ სიგარეტის ფილტრებზეც.
ამ კონტექსტში, ევროკავშირის მიერ მიღებული "ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის დირექტივა" (Single Use Plastic Directive) პირველი მარეგულირებელი ინიციატივაა მსოფლიოში, რომელიც ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის შემცველი პროდუქტების მწარმოებლებს ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ხარჯებს ნაწილობრივ აკისრებს. ამასთან, ავალდებულებს მათ, ხელი შეუწყონ მომხმარებლების ინფორმირებას, მათ მიერ მოხმარებული პროდუქტების ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ.
აღნიშნულ ინიციატივას თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია - ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც შეუერთდა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლიდან 46 ქვეყანაში ახორციელებს თამბაქოს ნარჩენებთან გამკლავებისკენ მიმართულ ინიციატივებს და მათი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მომხმარებელში ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიებს.
"ჩვენი ოთხი ფუნდამენტური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი პროდუქტების მოხმარების შედეგად გაჩენილ ნარჩენებთან გამკლავებაა. ამისათვის, ვიყენებთ ეკო-დიზაინისა და ცირკულარობის პრინციპებს, ვქმნით ნარჩენებთან გამკლავების გადაწყვეტებს, ასევე, ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაბინძურების პრობლემის შემცირებას", - აღნიშნავენ ფილიპ მორის ინთერნეიშენალში.
როგორც ევროკომისია აღნიშნავს, "ნარჩენებთან გამკლავების მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების ნაცვლად, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს "ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის დირექტივის" (Single Use Plastic Directive) ინსტრუმენტების ეფექტურად იმპლემენტაცია, რაც გამოიწვევს თამბაქოს ნარჩენების მიერ გარემოსთვის მიყენებული ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას".
ფილიპ მორის ინთერნეიშენალი აქტიურად მუშაობს სიგარეტების ფილტრების ისეთი სახესხვაობების შექმნაზე, რომელშიც პლასტმასის შემცველობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ან სრულად ელიმინირებული და მისი ბიოდეგრადაციის ხანგრძლივობა საგრძნობლად იქნება შემცირებული. ამასთან, კომპანია მიზნად ისახავს, სხვადასხვა პროგრამებისა თუ ინიციატივების მეშვეობით ხელი შეუწყოს მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას სიგარეტის ფილტრების გარემოში მოხვედრის შედეგად გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა და მათი სწორად უტილიზაციის თაობაზე.
ევროკავშირის ინიციატივით, EU-ს წევრ ქვეყნებში, სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები ვალდებულები არიან, მოახდინონ სიგარეტის ნარჩენების დასუფთავებისთვის გაღებული ხარჯების თანადაფინანსება. ეს არის "ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის დირექტივის" ნაწილი, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს აკისრებს ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღონ მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის ინიციატივაში, რაც საკუთარ თავში ცირკულარული ნარჩენების მენეჯმენტში ჩართვას მოიაზრებს.