Join our Waitlist for Expert Advice!

OHM Energy - მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებელი განახლებადი ენერგიის დარგში ინტერვიუ მმართველ პარტნიორ ირაკლი უბილავასთან

By Gvantsa Butikashvili

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განახლებადი ენერგიის გლობალური ბაზარი ბოლო ორი ათწლეულია იზრდება და შესაბამისად, გლობალური მოხმარებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ვარაუდობენ, გლობალური ბაზრის ზრდა კვლავ გაგრძელდება და 2030 წლისთვის ორ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან, ეკონომიკურ განვითარებასა და წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები.

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო დიაპაზონს მიღმა დარჩება, რადგან აქ მზისა და სხვა განახლებადი ენერგიის მაჩვენებლების უმეტესობა მეზობელ ქვეყნებზე უფრო დაბალია, კერძოდ, თურქეთსა და სომხეთზე, რომლებიც ამ ინდუსტრიაში რეგიონის ლიდერები არიან.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მთელ მსოფლიოში, განახლებადი ენერგიის წყაროების ინდუსტრიაში დღეს მზის ენერგია ლიდერობს − განახლებადი ენერგიის ფორმა, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებისთვის მზის ენერგიას იყენებს. მზის ენერგიის ძირითადი პრინციპი ფოტოელექტრული (PV) ელემენტების გამოყენებით სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნაა. ეს ელემენტები მოდულებში ერთიანდებიან, რასაც მზის პანელები ეწოდება, შემდეგ ისინიც ერთიანდებიან და მზის ბატარეას ქმნიან. მზის პანელებით გამომუშავებული ენერგიის გამოყენება დაუყოვნებლივ შეიძლება, მოგვიანებით გამოსაყენებლად კი, ენერგია ბატარეებში აკუმულირდება.

მზის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც არც ჰაერს აბინძურებს და არც სათბურის გაზებს წარმოქმნის. მზის პანელები უნივერსალურია, შესაბამისად, კიდევ უფრო მიმზიდველი. მათი დამონტაჟება სხვადასხვა ზედაპირზე შეიძლება. ასევე, შორეულ ადგილებშიც. შედეგად ელექტროენერგიას იმ ტერიტორიებსაც აწვდის, რომლებსაც სხვაგვარად ელექტროქსელთან კავშირი შესაძლოა არ ჰქონდეთ. ამრიგად, ის იდეალური საშუალებაა საქართველოს შორეული სოფლებისთვის.

კომპანიას, რომელსაც ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებაში ხარისხის გაუმჯობესება და პროგრესის უზრუნველყოფა გადაუწყვეტია, საქართველოს ბაზრისთვის გრძელვადიანი გეგმები აქვს. OHM Energy-ის თითოეული გადაწყვეტილება მაღალი ხარისხის, სტაბილური და ეფექტიანი ფოტოელექტრული (მზის) სადგურების მშენებლობის დიდ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. OHM Energy-ის გუნდი მზადაა საკუთარი გამოცდილება, ცოდნა გააზიაროს და ქართული ბაზარი წარმოების, მშენებლობისა და მზის ენერგიის ახალი ტენდენციებისთვის მოამზადოს.

ირაკლი უბილავა OHM Energy-ის ამჟამინდელი მმართველი პარტნიორია, რომელიც მზის ენერგიის ინდუსტრიას 2017 წელს შეუერთდა თბილისში, AE Solar-ის ახლად დაარსებულ საერთაშორისო გაყიდვების ოფისში. ის ადგილობრივი გუნდის წარმატებას ადასტურებს, რამაც კომპანია TIER1-ის რეიტინგამდე მიიყვანა − OHM Energy მზის პანელების საუკეთესო მწარმოებლების 2%-ში შედის. მას შემდეგ უბილავამ სერტიფიცირების, წარმოების, ხარისხის კონტროლის, დაფინანსებისა და სამშენებლო პროცესების სფეროებში დიდი გამოცდილება დააგროვა. ის იშვიათი აღმოჩენაა ქართულ ბაზარზე, მზის პანელების წარმოებაში ტექნიკური კვალიფიკაციით, ინდუსტრიის ცოდნით და საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილებით.

უბილავას მიაჩნია, რომ საქართველომ წარმატებით გაიმეორა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანას დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე რეგიონში მდგრადი ენერგიის მწარმოებლის როლზე ექნება პრეტენზია. მისი თქმით, საქართველოს შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ჯანსაღი საგადასახადო სისტემა.

თუმცა, აქვე დასძენს, რომ მთავრობას გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმა უნდა ჰქონდეს. აგრეთვე, მდგრადი განვითარების მიზნები კონკრეტული ინდუსტრიების გასაძლიერებლად, რადგან ის არის პასუხისმგებელი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზეც და მის აგრესიულ განხორციელებაზეც. ის ახალი გლობალური ტენდენციების პარალელურად ინდუსტრიების შეფასების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მზის პანელების ქარხანა ქუთაისში საუკეთესო მაგალითია. ეს კი იმას ადასტურებს, რომ საქართველოს, ინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება შეუძლია.

უბილავა საქართველოში სხვა შესაძლებლობებსაც ხედავს, მათ შორის, თერმული წყლის რესურსებს, რომელთა გამოყენება სოფლის მეურნეობაში ან/და ენერგეტიკაში შეიძლება; ასევე, მტკნარი წყალი საექსპორტოდ და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოება, მისი ქვეპროდუქტი ჟანგბადით, რომელიც სამედიცინო ინდუსტრიაში ადგილობრივ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. ასევე საუბრობს სოფლის მეურნეობაზე, განახლებად ენერგიასთან ერთად მიწისა და სივრცეების უკეთ გამოსაყენებლად. ამის საუკეთესო მაგალითებია აგროვოლტაიკა, ვერტიკალური მეურნეობა და ა.შ.

საბერძნეთი, ავსტრალია და ესპანეთი იმ ქვეყნებს შორის უნდა გამოვყოთ, რომლებიც მზის ენერგიის სფეროში პროექტებს წარმატებით ახორციელებენ. საქართველოსთვის უფრო შესაფერისი, მისი მეზობელი სომხეთია, სადაც მთავრობა და ფინანსური ინსტიტუტები ინდუსტრიის განვითარებისთვის დიდ ნაბიჯებს დგამენ. როგორც ნებისმიერი ახალი დარგის შემთხვევაში, ფოტოვოლტაიკის (მზის ენერგია) სუბსიდირებაც ერთიანი, მდგრადი სტრატეგიით უნდა მოხდეს, − ამბობს უბილავა. "სახელმწიფო სუბსიდიები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების განვითარებასა და ვაჭრობის გაფართოებასაც. მხოლოდ მზის ენერგიაზე არ უნდა შევჩერდეთ, მას შემდეგ, რაც ქვეყანა მდგრადი განვითარების გეგმებს დასახავს. შესაბამისად, სხვა ინდუსტრიების მხარდაჭერაც უნდა დაიწყოს".

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველო ევროკავშირის მზის ენერგიის სფეროს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი გახდა კონკრეტული მიზნებით. საქართველოს წინაშე დადგა ამოცანა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროებს. ამისათვის კონკრეტული სამთავრობო პოლიტიკაა აუცილებელია, კერძოდ, განახლებადი წყაროების თანამედროვე ინფრასტრუქტურაში ინტეგრირება, ინდუსტრიაში ინვესტიციების წასახალისებლად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სუფთა ენერგიის გლობალური დაფინანსების მოცულობამ ერთ წელიწადში სამას მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანი ხდება მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროები, რადგან ქვეყნები ნახშირბადის კვალის შემცირებას და კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას ცდილობენ.

ტრადიციული ენერგიის წყაროებიდან გადასვლა შესაძლოა ადვილი არ იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ წარმატების ერთადერთი გზა, ტექნოლოგიურ მიღწევებში ინვესტირებაა. უბილავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკას მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტი კონკურენტულ უპირატესობას არ მისცემს. ამის ნაცვლად, მთელი ყურადღება დიგიტალიზაციაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ენერგეტიკულ ტექნოლოგიებზე უნდა იქნას გამახვილებული, როგორიცაა მზის პანელები და ქარის ტურბინები, მისი თქმით, მონაცემთა შენახვის სისტემები სწორი გზაა საქართველოს ეფექტიანი ენერგოდამოუკიდებელი მომავლის ასაშენებლად.

ზემოაღნიშნული უპირატესობების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც მზის ენერგიის ფართოდ დანერგვას უშლის ხელს. განახლებადი ენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. მართალია, ბოლო წლებში გაყიდვისა და მონტაჟის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ფართომასშტაბიანი მზის პანელების დამონტაჟება უწინდებურად ძვირია, განსაკუთრებით, ჩვეულებრივი და კომერციული მომხმარებლებისთვის.

უბილავას თქმით, წარმოების ტექნოლოგიები მოწინავეა, მაგრამ შენახვის სისტემებში ლითიუმის არასაკმარისი მარაგის გამო, გარკვეული ხარვეზები აქვთ. მისი აზრით, ატომური ელექტროსადგურების შეძენა ყველა ქვეყანას არ შეუძლია, ან კიდევ, ენერგიის საწარმოებლად საკმარისი ბუნებრივი რესურსები არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. სავარაუდოდ, დღეს საქართველო არ იყენებს თავის ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს.

"საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი სეზონურად ხორციელდება, ჰესების პროექტები შეჩერებულია, არც ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებს გვთავაზობენ. ამ პრობლემების მოსაგვარებლად მოქმედი ხელისუფლების ლიდერებს მკაფიო ხედვა და მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები სჭირდებათ. გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე ჩანს, მათ შორის, ევროკავშირის ბოლო ინიციატივა: შავი ზღვის კაბელი − ევროკავშირის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ინსტრუმენტი. ბალკანეთი, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია ერთიან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში გაერთიანდებიან. ჩვენ ამ პროექტთან და შესაბამის ბიზნესებთან დაკავშირებით უფრო მეტ ყურადღებას ველით მთავრობისა და ინვესტორებისგან".

ქართული ბაზრის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნა − ამის იმედი აქვს უბილავას. საქართველო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით სარგებლობს და გლობალურ ტენდენციებს მიჰყვება, რათა მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიურ მიზნებს მიაღწიოს და ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს.

ამ პრობლემების მიუხედავად, ტექნოლოგიები კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება, მათი ფასი კი მცირდება. სავარაუდოდ, ჩვენ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ, როგორ გაუმჯობესდება საქართველოში მზის ენერგიაში ინვესტირების დონე და როგორ გაიზრდება მზის ენერგიის დანადგარების რაოდენობა. რამდენადაც მთავრობა და დამოუკიდებელი კომპანიები უფრო სუფთა და მდგრად ენერგეტიკულ მომავალზე აგრძელებენ მუშაობას, მზის ენერგია სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

Gvantsa has over ten years of experience working with multinational teams in the finance industry. Enthusiastic about efficiency and sustainability within the company and in everyday life. She is passionate about writing, mostly about finance and luxury.