Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? ვამეხ ხერხეულიძე − Elven Technologies-ის დამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით Elven Technologies-ის დამფუძნებელს, ვამეხ ხერხეულიძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

ჯერ კიდევ სამედიცინო სფეროში ყოფნისას ძალიან კარგად ვანაწილებდი დროს. მახსოვს, როდესაც გამოცდები მქონდა, ძალიან მიყვარდა სამეცადინო მასალის დაგეგმვა, ჯერ მთლიან წიგნს გადავუვლიდი ხოლმე და ზუსტად გამოვყოფდი, რამდენ საათში რამდენი რამ უნდა წამეკითხა. ეს პრაქტიკა შემდგომში მუშაობაშიც დავნერგე და ყველაფერი კარგად მიდიოდა.

სტარტაპ-ინდუსტრიაში გადმოსვლის შემდეგ, უკვე 7 წელია, სრულ ქაოსში ვარ. თავიდან მუდმივად ვცდილობდი რაღაცების დაგეგმვას, თუმცა როგორც უნდა დამეგეგმა, ისე არასდროს გამოდიოდა. სტარტაპ-სფეროში არანაირი კანონზომიერება არ არსებობს. დაგეგმვას რომ ვიყავი შეჩვეული და ვერ ვახერხებდი, შფოთვები დამეწყო, ამიტომ საბოლოოდ შევეშვი ამ მეთოდს. ახლა ყველაფერს ვაკვირდები გარშემო და სწრაფად ვრეაგირებ ცვლილებებზე. ასეთი პრაქტიკა მაქვს დანერგილი − one problem at a time − ზოგადად ვიღებ ინფორმაციას პრობლემების შესახებ და ვაანალიზებ, რომელია მეტად საჩქარო, ხოლო შემდეგ მასზე ვკონცენტრირდები. ერთი პრობლემის მოგვარების შემდეგ ხელახლა მიწევს გაანალიზება, რადგან პროცესში შესაძლოა ახალმა საკითხმა იჩინოს თავი. ყველაფრის ერთიანად დაგეგმვა საკმაოდ რთულია. დილით, სამსახურში მისვლისას უკვე ვიცი, რა საქმეები მაქვს გასაკეთებელი და ყველა კატასტროფულად საჩქაროა ხოლმე. ყოველთვის იმ საქმით დაწყებას ვარჩევ, რომელსაც ჩემგან მითითება სჭირდება, შემდეგ კი დამოუკიდებლად მიმდინარეობს და მის განხორციელებაზეც სხვები ზრუნავენ. მხოლოდ ამის შემდეგ ვჯდები და ვიწყებ მარტო ჩემი რაღაცების კეთებას.

ამ ქაოსურ ეკოსისტემაში ჯერჯერობით სხვა მეთოდები არ ამართლებს. ყველაფერს ისიც ართულებს, თუ როგორ გარემოში გვიწევს საქმიანობა. გარემოებებს შორის განსხვავება ყველაზე კარგად აშშ-ში, კალიფორნიაში ყოფნისას აღვიქვი. იქ ალბათ ყველაზე მაღალი ეფექტიანობის მაჩვენებელი მქონდა, რადგან უმარტივესი ყოველდღიური პრობლემები აღარ არსებობდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, საქართველოში კი ათასი რამ გაწუხებს, რაც საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლის.

დაახლოებით 3 წლის წინ Elven შედარებით ახალი იყო, როდესაც SpaceX-იდან გვთხოვეს ილონ მასკისთვის ჩვენ შესახებ 5-წუთიანი ვიდეო ჩაგვეწერა. იმის ნაცვლად, რომ ვიდეო სამ დღეში გაგვეგზავნა, ოთხი თვე მოვანდომეთ. რატომ? ვერავინ კონცენტრირდებოდა საქმეზე, ისეთი მდგომარეობა იყო ქვეყანაში − დარბევები, აქციები... ვისაც უნდა გადაეღო და დაემონტაჟებინა, გადაღებიდან გადაღებებზე დარბოდა. ჩვენც, ვისთვისაც უნდა გადაეღო, დროის ნახევარს აქციაზე ვატარებდით. ასეთ გარემოში ძალიან გიჭირს პროდუქტიული იყო, გარედან მუდმივად ივსები არასაჭირო უარყოფითი ინფორმაციით, რაც შემდეგ ავტომატურად აისახება შენს გუნებაზე, ეფექტიანობასა და ათას სხვა რამეზე.

ზოგადად, დროის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველესად, როდესაც რაღაცას გეგმავ და შემდეგ მას წარმატებით ახორციელებ, ეს თვითკმაყოფილებას გგვრის. მას შემდეგ, რაც სტარტაპ-ეკოსისტემაში ფეხი შემოვდგი, მუდმივად ჭიდილი მაქვს ქაოსსა და მენეჯმენტს შორის. რაც უფრო მეტია პასუხისმგებლობა, მეტია ნერვიულობა, შფოთვა და ქაოსი. შესაბამისად, მენეჯმენტი წარმოუდგენლად რთულია, ამიტომ ვცდილობ ქაოსური მენეჯმენტი ვისწავლო და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მოვირგო. აი, მაგალითად, მტაცებელ ფრინველს თუ დააკვირდები, ნახავ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, მას ფრთები აქვს გაშლილი და ჰაერში ერთ წერტილშია გაყინული. ამას ზუსტად იმით ახერხებს, რომ ატმოსფეროს ქაოსურ გადაადგილებას აანალიზებს და ისეთ პოზიციაში დგება, რომ იმ ქაოსში სრულიად სტაბილური იყოს. ზუსტად ამას ვცდილობ მეც, რომ ქაოსში ჩიტივით ვიყო.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!