Get All Access for $5/mo

რა განსაზღვრავს ბიზნესის მომგებიანობას? ოთხი წელი თითქოს მაგიური მიჯნაა მომგებიანობის მისაღწევად ან თუნდაც მარტო იმის გასააზრებლად, ჯერ კიდევ რატომ ვერ ნახეთ მოგება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერული გზა ემოციურადაც დატვირთულია. ხშირია შემთხვევა, როცა მცდარ ნაბიჯებს დგამ და მას სინანული მოსდევს. შეცდომები გარდაუვალია, მათი შემცირება კი ბიზნესმენებს უფრო გამოცდილი და წარმატებული ადამიანების რჩევების გათვალისწინებით შეუძლიათ. ვინ არიან ეს ადამიანები? რა თქმა უნდა, მათივე კოლეგები.

ეს იყო ჩვენი კომპანია Kabbage-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მთავარი იდეა. ჩვენ მთელი ამერიკის მასშტაბით გამოვკითხეთ თითქმის ყველა დარგის მცირე ბიზნესის მფლობელები (სულ 500 ადამიანი), კვლევა კი დაგვეხმარა, ამ ტიპის მესაკუთრეთათვის საკმაოდ ღირებული გაკვეთილებისთვის მიგვეგნო.

ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ახალბედა ანტრეპრენერებს სათანადო ცოდნას შესძენს.

რას ნიშნავს, იყო ან არ იყო წამგებიანი

მაინც როდის დგება მოგების მიღების დრო? ჩვენი რესპონდენტების 84%-მა განაცხადა, რომ სასურველი მოგება ბიზნესის დაწყებიდან პირველ ოთხ წელიწადში მიიღეს, თუმცა აღნიშნეს, რომ იმ პერიოდში რთული იყო იმის მტკიცება, რომ მათი ბიზნესი დიდხანს გაძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ღამეში მოსული წარმატება იშვიათია, რესპონდენტების 68%-მა განაცხადა, რომ მოგებას პირველსავე წელს მიაღწიეს, მაშინ, როცა 16%-ს საამისოდ ერთიდან ოთხ წლამდე შრომა დასჭირდა, ხოლო 8% მოგებაზე ბიზნესის დაწყებიდან მეხუთე წელს გავიდა. მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოგება. ამრიგად, ახალი კომპანიებისთვის წარმატების განსაზღვრის მთავარი ინდიკატორი პირველი ოთხი წელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მომგებიანობის მაჩვენებლები ამერიკის 23 სხვადასხვა დარგში განსხვავებული იყო. სამედიცინო აღჭურვილობის, პერსონალური მომსახურებისა და გამომცემლობის სფეროების ანტრეპრენერები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ჯერ კიდევ არ გასულან მოგებაზე, მაშინ, როცა სარეკლამო-მარკეტინგული სერვისების, არქიტექტურა-ინჟინერიის, საავტომობილო, საბანკო და სადაზღვევო სფეროების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 100%-იან მოგებას მიაღწიეს.

ორ მნიშვნელოვან დარგში − რესტორნებსა და საცალო ვაჭრობაში მოგებაზე გასვლის პროცესი საკმაოდ არათანაბარზომიერია. ამის მიზეზი შესაძლოა მაღალი კონკურენცია და სეზონურობა იყოს.

დასკვნა: საქმიანობის სფეროს მიუხედავად, ოთხი წელი საკმარისია თქვენი ბიზნესის შესაფასებლად უკვე მომგებიანია ის, თუ ჯერ მხოლოდ მიუახლოვდა ამ სტატუს. თუ ასე არაა, მაშინ ბიზნესმენებმა მოდელის შეცვლაზე უნდა იფიქრონ: გამონახონ ახალი გზები კლიენტების მოსაძიებლად, შემცირონ საოპერაციო ხარჯები, შეცვალონ პროდუქტი, მომსახურება, ან მეტი თანამშრომელი დაიქირავონ.

რეალურად, რა ჯდება ბიზნესის წარმოება?

გამოკითხვამ ასევე აჩვენა განსხვავება ბიზნესმენების პირად მოლოდინსა და რეალურ ხარჯებს შორის, რაც ბიზნესის საწარმოებლადაა საჭირო.

  • რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ბიზნესის გარკვეულ ეტაპზე, განვითარებისა და ზრდისთვის, მაქსიმუმ $10 მილიონის კაპიტალი სჭირდებოდათ. გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, ამისათვის $500 000-ზე ნაკლები იყო საჭირო. კომპანიების 27% არსებობის პირველ წელს არ ფიქრობდა, რომ სესხის აღება მოუწევდა. მაშინ, როცა, უფრო ძველი კომპანიების 38%-მა სესხი არსებობის პირველსავე წელს აიღო.
  • ერთიდან ოთხ წლამდე ისტორიის მქონე კომპანიების 57% არ ვარაუდობდა სესხებას, მაშინ, როცა, უფრო ხანდაზმული კომპანიების 29%-მა სასესხო ხელშეკრულება სწორედ ბიზნესში ყოფნის ერთიდან ოთხ წლამდე პერიოდში გააფორმა.

მიგნება: მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სესხის საჭიროება შემცირდა, გამოკითხვის მონაწილეთა გარკვეული ნაწილისთვის, ბიზნესის ყველა ეტაპზე, ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასზე ხელმისაწვდომობას.

საერთო ჯამში, კომპანიებს არასწორად წარმოედგინათ, თუ რა თანხა დასჭირდებოდა ისეთი კომპანიის შექმნას, რომელიც დიდხანს იარსებებდა. რესპონდენტების 67%-მა განაცხადა, რომ ბიზნესში ყოფნის მომდევნო წლებში მათ სესხი აღარ ენდომებოდათ. ამასთან, გამოკითხულთა 84% 20 წელზე მეტხანს აპირებდა ბიზნესში დარჩენას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესობა მოგებას პირველ ოთხ წელიწადში ნახულობს, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ უნიკალური შესაძლებლობების გამოსაყენებლად, ან ახალი გამოწვევებისთვის, მათ მაინც სჭირდებათ დამატებითი კაპიტალი.

დასკვნა: მაღალი ზრდის მისაღწევად, კაპიტალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბიზნესის გაფართოებისა და უნიკალური ბიზნესშესაძლებლობებით სარგებლობისთვის.

ზოგადი მიგნებები

მიუხედავად იმისა, რომ მოგებაზე გასვლა ნებისმიერი ბიზნესისთვის ღირსშესანიშნავი მიღწევაა, ბიზნესმენებს დამატებითი კაპიტალი ძალიან დაეხმარება მარკეტინგულ კამპანიებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა მომხმარებელთა რაოდენობრივი ზრდის ტემპი მცირდება ან იყინება.

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კარგია მარკეტინგული პროგრამის დროულად შემუშავება, მაშინაც კი, თუ მინიმალურ ბიუჯეტს ფლობთ ან არ გაქვთ თავისუფალი ფული. ასეთ შემთხვევაში, PR-ზე, მომხმარებლების შეფასებებსა და სოციალურ მედიაზე ფოკუსირება გიშველით. PR-ის ეს ალტერნატიული ფორმა ბიზნესმენს დაეხმარება, ბიზნესის საქმიანობის საწყის ეტაპზეც კი, ხილული კვალი დატოვოს ბაზარზე, რადგან ონლაინპლატფორმა ფართო აუდიტორიისთვის კომპანიის უნიკალური ისტორიის გაცნობის საშუალებას იძლევა ნაკლები დანახარჯებით.

მცირე ბიზნესს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ინსტრუმენტად შეუძლია Facebook-ი გამოიყენოს. ეს არაჩვეულებრივი ფორმაა მომხმარებელთან ერთი-ერთზე ურთიერთობისთვის. ასევე, პოტენციური კლიენტებისათვის იმის სადემონსტრაციოდ, თუ კომპანია მათ საჭიროებებს როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია