Get All Access for $5/mo

#50Entrepreneur გაიხსენეთ, საიდან ვიწყებდით და როგორ მოვედით დღემდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თქვენ წინაშეა ქართული Entrepreneur-ის 50-ე ნომერი, რომლისთვისაც სახელდახელოდ გადავავლე თვალი ყველა ედითორიალს – პირველი ნომრიდან დღემდე, 50-ე ნომრისთვის ერთი ახალი მიგნებითაც შევავსე და მოკლე ამონარიდებს ერთგვარი ნაკრების სახით გთავაზობთ, რაც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს იმ აზრებს, იდეებს, ემოციებსა და გეგმებს, რასაც სამყარო და ჩვენ გარშემო განვითარებული მოვლენები გზადაგზა გვთავაზობდა. იმედია, ჩვენთან ერთად ინტერესით გაიხსენებთ, საიდან ვიწყებდით და როგორ მოვედით დღემდე.

#1 – აპრილი, 2018

ანტრეპრენერი შესაძლოა ყველა თქვენგანი გახდეს. შესაძლოა, არ ფლობდეთ სპეციფიკურ ბიზნესგანათლებას, მაგრამ გქონდეთ უფრო მნიშვნელოვანი – ძლიერი მისწრაფება, პრინციპულობა, შეუპოვრობა, ადამიანებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, და რაც მთავარია – ძალიან გინდოდეთ წარმატების მიღწევა; შეგეძლოთ, საკუთარი თავი და ცხოვრება თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას ბოლომდე მიუძღვნათ! თუ ასეა, მაშინ თქვენ გელით ძალიან საინტერესო ანტრეპრენერული მოგზაურობა ახალი, დიდი აღმოჩენებისთვის. ამ მოგზაურობაში კი, Entrepreneur-ი მუდმივ თანამგზავრად შეგიძლიათ იგულოთ.

#2 – მაისი, 2018

საქართველო მდიდარია შემოქმედებითი, ახლის შექმნაზე ორიენტირებული პროგრესული ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ ასაკში მოწადინებულნი არიან, ისწავლონ და განვითარდნენ, უარი არ თქვან ახალ გამოწვევებსა და ახალ აღმოჩენებზე. სწორედ მათთვისაა ჟურნალი Entrepreneur-ი, რომელმაც თანამედროვე საქართველოს დღის წესრიგი უნდა შეცვალოს და ადამიანები მასობრივად ჩართოს მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით – შემოქმედებითი და ინოვაციური ბიზნესის, წარმოების პროცესში. ჩვენ კი მოგიყვებით ამბებს, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებში დაგარწმუნებენ, შთაგაგონებენ და პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ გიბიძგებენ. და ეს იქნება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, ახალი მოგზაურობის დასაწყისი, როცა თქვენ იტყვით – მე ანტრეპრენერი ვარ!

#3 – ივნისი, 2018

როგორ შეიძლება შემცირდეს უმუშევრობა საქართველოში, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, უფრო სწრაფად გაიზარდოს და კონკურენტუნარიანი გახდეს საქართველოს ეკონომიკა? გამოსავალი მხოლოდ ანტრეპრენერების ახალი თაობის ცოდნა, განათლებაში ინვესტირება და ამ მიზნით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობაა. თუმცა არც ესაა საკმარისი. საჭიროა ახალი კულტურა, ახალი, ალტერნატიული ცხოვრების სტილი, ახალი გზის არჩევა, რომელიც წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს. ამ გზის არჩევაში კი, ქართული Entrepreneur დაგეხმარებათ!

#4 – ივლისი, 2018

"მე არ ვქმნი ფილმებს ფულის საშოვნელად. მე ვშოულობ ფულს ფილმების შესაქმნელად", – ეს ფრაზა უოლტ დისნეის ეკუთვნის და საუკეთესოდ განმარტავს ანტრეპრენერულ ღირებულებას, რომელიც არა მხოლოდ ფულის შოვნის, არამედ ახლის შექმნისკენ დაუოკებელ სწრაფვას ეფუძნება.

#5 – აგვისტო, 2018

სწრაფად იზრდებიან ქართული სტარტაპები. ისინი, ვინც შეძლო და ბაზარზე არსებულ პრობლემას გადაწყვეტის საკუთარი მოდელი შესთავაზა. ეს კი კარგი მაგალითი უნდა იყოს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს თავისი საქმის წამოწყებაზე; ფიქრობს, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია; ფიქრობს, მაგრამ ვერ გაუბედავს; ფიქრობს, მაგრამ არ სჯერა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების!

#6 – სექტემბერი, 2018

უნდა მოვრჩეთ წუწუნს, რომ დავიბადეთ საქართველოში, დავიბადეთ ომისა და ნგრევის ეპოქაში, როცა ჩვენზე არაფრით აღმატებული ადამიანები სხვაგან გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ და მივხედოთ საქმეს, მივხედოთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მართალია შედარებით მწირია, ვიდრე სხვაგან, მაგრამ მაინც არსებობს. და თუ შრომა არ დაგვეზარება, წუწუნში და იმედგაცრუებაში არ გავატარებთ წლებს და გავიაზრებთ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია, მაშინ თვალწინ გადაგვეშლება ახალი შესაძლებლობები და მაშინ, როცა ეს მოხდება, შრომაში დახარჯული ათიათასობით საათის შედეგად დაგროვილი ცოდნით და ექსპერტიზით აღჭურვილები, მზად ვიქნებით, მივიღოთ და გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ მივხვდებით, რომ დროა ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვთქვათ – მე Entrepreneur ვარ! მე შევცვლი ქვეყანას უკეთესობისკენ!

#7 – ოქტომბერი, 2018

დროის სწორად და ეფექტურად მართვა, ყველასთვის, მათ შორის წარმატებული ადამიანებისთვის, მუდმივი ექსპერიმენტებისა და ინდივიდუალური მიდგომების საკითხია. მართალია, არსებობს დროის მენეჯმენტის ოქროს წესები, მაგრამ არსებობს არანაკლებ საინტერესო პერსონალური გამოცდილება, რომელსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გვიზიარებენ. სწორედ ამიტომ, ნომრის თემად "მულტიტასკინგის ოსტატები" შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, მკითხველი ბევრ საინტერესოს იპოვის Entrepreneur-ის ამერიკული რედაქციის მიერ მომზადებულ მასალაში, რომელიც ქართველი ყოვლისშემძლეებითაც გავამდიდრეთ და შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ ასწრებენ ყველაფერს ოკეანის გადაღმა მეგაპოლისებში და როგორ ვასწრებთ ყველაფერს პატარა, მაგრამ დიდი ამბიციების მქონე საქართველოში.

#8 – ნოემბერი, 2018

ტურიზმის თემა მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერებით არ შემოიფარგლება. მკითხველს ამ სფეროს უკვე გლობალურ, მსოფლიო მასშტაბის, შეიძლება თამამად ვთქვათ, უმაღლესი კალიბრის მოთამაშესთან, ყველასთვის ცნობილ ბრენდ Rixos-ის დამფუძნებელ ფეტაჰ ტამინჩისთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ვთავაზობთ. მასთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ, ტამინჩის მიერ აბუდაბიში ახლად გახსნილ, 27-ე Rixos-ში მომეცა. ცხადია, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და თქვენთვის – ქართული Entrepreneur-ის ერთგული მკითხველისთვის, საინტერესო ინტერვიუ ჩამოვიტანე. "ყველა სტუმარმა უნდა იგრძნოს თავი, როგორც დედოფალმა, როგორც მეფემ", – ფეტაჰ ტამინჩის ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია. ვისაც ერთხელ მაინც დაუსვენია Rixos-ის ქსელის სასტუმროში, შესაძლოა ეს განცდა მართლაც დაუფლებოდა, რადგან ამისთვის Rixos-ის რვაათასკაციანი გუნდი, ჩვენი რესპონდენტის ლიდერობით, ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს.

#9 – დეკემბერი, 2018

2018 ჩვენთვის ისტორიული წელია, როცა საქართველო მსოფლიოს ანტრეპრენერულ რუკაზე პირველად გამოჩნდა და მთელ მსოფლიოში ცნობილმა და ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ Entrepreneur საქართველოშიც შემოაღწია. ამით კი, იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც საქართველოს ანტრეპრენერული სულისკვეთების ქვეყნად ჩამოყალიბება ჰქვია, დიდი ნაბიჯი გადავდგით. 2019 წელს ჟურნალის 9 ნომრით ვხვდებით. ეს დაახლოებით 1000 გვერდია, რომელიც მხოლოდ ერთ თემას მივუძღვენით. ამ გვერდებზე მკითხველი როგორც მსოფლიო მნიშვნელობის, ისე ქართველ ანტრეპრენერებს შეხვდა, უფრო ახლოს გაიცნო მათი წარმატების – წინააღმდეგობების გადალახვისა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუპოვრად სვლის აღმაფრთოვანებელი ისტორიები. მადლობა 2018 წელს ამ დიდი ნახტომის შესაძლებლობისთვის. აქამდე ხომ თავად სიტყვა ანტრეპრენერიც თითქმის არავინ იცოდა ერთეულების გარდა. მადლობა 2018 წელს იმისათვის, რომ ისეთი მნიშვნელობის მსოფლიო ბრენდი, როგორიცაა Entrepreneur არათუ გამოვეცით საქართველოში, არამედ დავიწყეთ ახალი ეტაპი, ახალი მოძრაობა, რომლის მიზანი ანტრეპრენერობის იდეის პოპულარიზაცია და განვითარებაა.

#10 – თებერვალი, 2019

ყველას კარგად გვახსოვს ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმის "არაჩვეულებრივი გამოფენა" ფინალში ახალგაზრდა მოქანდაკის აღტაცებული ფრაზა – "მე ამისგან გავაკეთებ..." დიახ! საქართველოში მრავლად არიან ამ პერსონაჟის პროტოტიპები, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანები, რომლებიც პირველსავე შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისათვის, რომ საკუთარ იდეას ხორცი შეასხან.

მაგრამ შეგვწევს კი ახლის შექმნის უნარი? გვჯერა საკუთარი თავის? რამდენად მოტივირებული ვართ, უკეთესობისკენ შევცვალოთ როგორც საკუთარი თავის, ოჯახისა და ახლობლების, ისე სხვა ადამიანების ცხოვრება?

მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა კი მხოლოდ მოტივირებულ, მომავლის რწმენის მქონე საზოგადოებას შეუძლია... Entrepreneur-იც ხომ ამიტომ არსებობს – გაჩვენოთ გზა, დაგმუხტოთ ახალი ენერგიით, გაგიჩინოთ მოტივაცია, აღგჭურვოთ ახალი ცოდნით, გაგიზიაროთ ყველაზე საინტერესო ანტრეპრენერთა გამოცდილება – გაგაცნოთ ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და შეცვალეს!

და რატომ არ უნდა იყო შენც მათ შორის? იფიქრე ამაზე და იცოდე, რომ შემდეგი, ვისი წარმატების ისტორიასაც ქართული Entrepreneur-ი სხვებს მოუყვება, სწორედ შენ შეგიძლია იყო!

#11 – მარტი, 2019

სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, როცა წარმატებულ ანტრეპრენერთა შორის ძირითადად ქალები მხვდებიან. 2018 წლის 50 გაბედული ანტრეპრენერის სიასაც თუ კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ გაბედულ ანტრეპრენერთა შორის უმრავლესობა სწორედ ქალია. მიხუმრია კიდეც, რომ მგონი სჯობს მამაკაცი ანტრეპრენერებისთვის შევქმნათ დამოუკიდებელი რუბრიკა და გამოვცეთ სპეციალური ნომერი, რადგან თანამედროვე ქართველ ანტრეპრენერთა უმცირესობაში სწორედ მამაკაცები არიან და არა პირიქით. ფაქტი ერთია – საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ანტრეპრენერშიპის იდეა, სულ უფრო მეტი ქალი და მამაკაცი ერთვება საკუთარი საქმის, საკუთარი ბიზნესის წარმოების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, სტაბილურ, მაღალშემოსავლიან სამსახურზე უარის თქმა, დიდ გაბედულებას მოითხოვს.

#12 – აპრილი, 2019

მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ და რა ვითარებაში დავმარცხდით − მთავარია, არასოდეს გავჩერდეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, არასოდეს შევეგუოთ წინააღმდეგობას და განცდილმა მარცხმა არ შეგვაშინოს, დასახულ მიზანზე ხელი არ აგვაღებინოს. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ცდებსა და ექსპერიმენტებში დაშვებულ შეცდომებსა და მარცხზე ვისწავლოთ და მიღებული გამოცდილებით, ხშირად მწარე გაკვეთილებით, უკეთ დავგეგმოთ მომავალი მოქმედებები. მარცხის ფენომენის შესახებ კაცობრიობის ყველაზე დიდ მოაზროვნეებსა და ყველაზე წარმატებულ ადამიანებს არაერთი ციტატა ეკუთვნით, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც უინსტონ ჩერჩილია, რომლისთვისაც წარმატება სხვა არაფერია, თუ არა "მარცხიდან მარცხამდე ბორძიკით სიარული ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე".

#13 – მაისი, 2019

Dinner in the Sky-ის საქართველოში შემოსვლა ჩემთვის, როგორც Entrepreneur-ის რედაქტორისთვის, უპირველესად იმითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ის უნდა გახდეს ინოვაციური აზროვნებისა და გამბედაობის, ანუ ანტრეპრენერშიპის სიმბოლო. ყოველთვის, როცა ვესტუმრებით, თვალს ან ყურს მოვკრავთ Dinner in the Sky-ის, უნდა გაგვახსენდეს, რომ როგორც დევიდ გიზელსის შემთხვევაში, ჩვენც უნდა გავარღვიოთ საზღვრები, დავამსხვრიოთ სტერეოტიპული აზროვნება და გავბედოთ რაღაც ახლის კეთება!

#14 – ივნისი, 2019

პირდაპირ ვიტყვი – არ მიყვარს ადამიანები, სახელად "არა".

უარის თქმა ყველას გვიწევს, ცხადია, თუმცა არა იმ დოზით, როგორც ადამიანთა კატეგორიას, სახელად "არა".

ყოველთვის მიკვირდა, ვერ ვხვდებოდი და ვერ ვწვდებოდი უარის მიზეზებს აშკარად სასარგებლო და საინტერესო შეთავაზებებისას.

მით უფრო მაშინ, როდესაც უარის მთქმელს კარგად არც კი აქვს გააზრებული, თუ რაზე ამბობს უარს – უმრავლეს შემთხვევაში უემოციო, ხელოვნურ უარს. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ზოგიერთს თითქოს მოსწონს "არა"-ს პოზაში ცხოვრება...

პითაგორა კი ამბობდა, რომ "კი" და "არა" ყველაზე მოკლე სიტყვებია, რომლის წარმოთქმასაც ყველაზე მეტი დრო სჭირდება გასააზრებლად...

#15 – ივლისი, 2019

და მაინც – "კი" თუ "არა"?

თუ ვინმეს "კი"-ს მიმართ ჩემი მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება და სიმპათია გადაჭარბებულად მოეჩვენა, მათი გულის მოსაგებად ვიტყვი: "კი"-ც და "არა"-ც!

გააჩნია ვინ. გააჩნია როდის. გააჩნია რატომ. ჩემი დაკვირვებით, ასაკისა და გამოცდილების მატების პარალელურად, "კი"-ს დოზა მცირდება, "არა" კი იზრდება.

სანამ ახალგაზრდა ხარ, როცა ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხარ და ყველაფერი გაინტერესებს – შესაბამისად ახალ შესაძლებლობებზეც არ ამბობ უარს და ენთუზიაზმით ეჭიდები ახალ გამოწვევებს.

შემდეგ დგება გარდამავალი პერიოდი, როცა "კი" და "არა" ერთმანეთს ენაცვლება, ამას კი უკვე მოჰყვება მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული გამოცდილებით გამდიდრებული ეტაპი, როცა განსაკუთრებულად აფასებ შენ მიერ არჩეულ საქმეზე დახარჯულ თითოეულ წუთს, გეძვირფასება შენ მიერ არჩეული ცხოვრების სტილი და არაფერს და არავის აძლევ ამ დალაგებულ, კონცენტრირებულ, ხარისხიან სივრცეში შემოჭრისა და არსებული კომფორტის დარღვევის საშუალებას – რაც უნდა მიმზიდველად და საინტერესოდ ჩანდეს ახალი შეთავაზებები...

თუმცა უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში ეს ეტაპები სხვადასხვა დროს დგება.

#16 – აგვისტო, 2019

ნებისმიერი საქმის პატარა ნაბიჯებით დაწყების მნიშვნელობაზე ხმამაღლა საუბარი ვერ გამაბედვინა თვით პლატონმა, რომელსაც უთქვამს თავის დროზე, რომ ყველა საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საქმის დაწყებაა...

ვერ გამაბედვინა ვერც ჩინურმა სიბრძნემ, რომ ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაც პირველი ნაბიჯით იწყება...

ვერ გამაბედვინა ვერც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა, ვინც უფალს თავის ლოცვაში არა სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ სწორედ პატარა ნაბიჯების ხელოვნების სწავლებას სთხოვდა.

რამდენიმე წლის წინ კი გადავაწყდი ვიდეოს, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები – ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სარდლობის მეთაური, საზღვაო ძალების ადმირალი უილიამ მაკრავენი ტეხასის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავს და თავად მსოფლიო დონის ფიგურა, მრავლისმნახველი და მრავლისმცოდნე სარდალი ახალგაზრდებს – ამერიკისა და მსოფლიოს მომავალ ლიდერებს ურჩევს, რომ თუ მათ სურთ, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება და შეცვალონ მსოფლიო, უპირველესად, დღე საკუთარი საწოლის გასწორებით უნდა დაიწყონ.

მადლობა, ადმირალო, რომ გამაბედვინეთ და დღეს თქვენი ავტორიტეტით ზურგგამაგრებული, მეც თამამად ვსაუბრობ პატარა საქმეების, პატარა ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

#17 – სექტემბერი, 2019

და მაინც, შეგვიძლია თუ არა მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ქვეყანაა? თუ სტუმარ-მასპინძლობის 17-საუკუნოვან ისტორიას შესაძლოა ვერ ჰქონდეს პრეტენზია უძველესობაზე და რამდენიმე სხვა ერმაც გამოთქვას ანალოგიური პრეტენზია, შეგვიძლია უფრო შორეულ წარსულში ვიმოგზაუროთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო არა მხოლოდ მეღვინეობის აკვანი, არამედ, ამავდროულად, სტუმარ-მასპინძლობის აკვანიცაა, რადგან ქართველი, დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული კვლევებით, 8000 წელია წურავს ღვინოს და მისთვის საუკეთესო და სათაყვანებელი სასმლით, უპირველესად, სწორედ სტუმარს უმასპინძლდება.

და თუ უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცნობილია ფრაზა "საქართველო – ღვინის სამშობლო", რატომ არ შეიძლება მისი განვრცობა და მთელი მსოფლიოს ყურადღების მიქცევა სლოგანით: "საქართველო – სტუმარ-მასპინძლობის სამშობლო", მით უფრო, როცა ინგლისურ ენაზეც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოითქმის და გამოიყურება:

Georgia – Cradle of Wine. Georgia – Cradle of Hospitality.

დიახ! ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ არსებობს ქვეყანა, სახელად საქართველო, რომლის მკვიდრნიც 8000 წელია წურავენ ღვინოს და 8000 წელია საკუთარი დაწურული "საუცხოო" ღვინით დანარჩენი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლდებიან. ამიტომაც არის საქართველო ერთდროულად მეღვინეობისა და სტუმარ-მასპინძლობის სამშობლო.

#18 – ოქტომბერი, 2019

სამწუხაროდ, ჩვენ მინიმუმ ნახევარი საუკუნით ჩამოვრჩებით განვითარებულ მსოფლიოს და თუ დროზე არ შევწყვიტეთ ოცნება საოცნებო მთავრობაზე, დროზე არ ვაქციეთ ჩვენი ოცნებები ჩვენსავე მიზნებად და მათ მისაღწევად დროზე არ მივხედეთ საქმეს, ვერასოდეს დავაღწევთ თავს გაჭირვებას და სიღარიბეს, ვერასოდეს შევქმნით რაიმე ღირებულს.

დღეს ხომ ისე, როგორც არასდროს, ყველასათვის ყველაფერი შესაძლებელია. დღეს ხომ ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ბიზნესიდეებს გლობალური ზრდის პოტენციალი აქვთ, რის საშუალებასაც ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები იძლევა.

ასე რომ, წუწუნის, სხვისკენ ხელის გაშვერისა და ფუჭი ოცნების დრო აღარ არის!

  • საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების დროა!
  • ოცნებების მიზნებად გადაქცევის დროა!
  • მოძრაობის დროა!
  • შესაძლებლობების დანახვისა და გამოყენების დროა!
  • უკეთესი ცხოვრების დროა!
  • ბიზნესის დაწყების დროა!

ახალი ქართული ოცნების დროა!

#19 – ნოემბერი, 2019

მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება, როგორ ფიქრობენ, როგორ აზროვნებენ ჩემპიონები და რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან, რაც ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც გამოგვადგება? ამ თემაზე, როგორც უკვე გითხარით, ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, ვკითხულობ და ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი მთავარი თვისება, რაც უკლებლივ ყველას ახასიათებს, მოკლედ, ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო – ჩემპიონი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს შედეგი, რისთვისაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალი ყველა ნაბიჯი გათვლილი და კარგად გააზრებული.

და კიდევ მთავარი – მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც მენტალურია – ჩემპიონი ჯერ გონებაში იბადება! ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემპიონის აზროვნება, ჩემპიონის ფსიქოლოგია გადამწყვეტია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს ყველაზე მაღალი მწვერვალების დაპყრობა ბიზნესსა და თუ ნებისმიერ სხვა სფეროში; ვისაც სურს, მუდმივად და თანაც დიდი დისტანციით უსწრებდეს კონკურენტებს.

#20 – დეკემბერი, 2019

არასოდეს დანებდეთ! 2020 წელიც ვერ ჩაივლის მარცხის გარეშე... მთავარია, არ შეშინდეთ და განაგრძოთ წინსვლა! მარცხის თემაზე ბევრი შთამბეჭდავი ფრაზა მახსენდება, მაგრამ 2020 წლის შთაგონებად, იაპონური სიბრძნე აქციეთ: "შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექი"!

#21 – თებერვალი, 2020

ციფრულ ეპოქაში, როდესაც დროის მენეჯმენტისა და ჩანაწერების შენახვის უამრავი ელექტრონული პლატფორმა არსებობს, ტრადიციული ბლოკნოტი ბევრისათვის შესაძლოა, ძველმოდურად ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის კალმისტრისა და ფურცლის ენერგეტიკას ვერაფერი შეცვლის.

სულ რომ არაფერი გქონდეს დასაწერი, საკმარისია შეეხო ფურცელს, და უმალ შეიგრძნობ ქაღალდის ჯადოსნურ ენერგეტიკას, რომელიც ხელის მტევნიდან საჭირო სიგნალებს ტვინის უჯრედებს გადასცემს და აზრიც არ დააყოვნებს, პირველს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და შენი პატარა ბლოკნოტიც შენი დიდი ცხოვრების ერთგვარ გზამკვლევად, ფურცელზე გადატანილ მენტალურ რუკად გადაიქცევა.

#22 – მარტი, 2020

კომფორტის ზონის დატოვებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, და თუ დღეს ყველას გვიწევს თვითიზოლაციაში ყოფნა, რაც შეჩვეულ კომფორტზე, შეჩვეულ ცხოვრების წესზე უარის თქმას ნიშნავს, მაშინ სწორედ დღეს ყოფილა საუკეთესო დრო რაიმე ღირებულის შესაქმნელად.

დღეს, ისე, როგორც არასდროს, ყოველდღიური გმირობის დროა! ადამიანების, სამყაროს გადარჩენის დროა! გმირები კი მხოლოდ სირთულეებითა და წინააღმდეგობებით სავსე დროში იბადებიან. წინააღმდეგობები კი კარს უხსნიან შემოქმედებით, ინოვაციურ იდეებს, რაც დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.

დღეს, ისე, როგორც არასდროს, ყოველი საქმის დაწყების წინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – შეცვლის ჩემი საქმე ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ?

#23 – აპრილი, 2020

საჭიროა ახალი კულტურა, ახალი, ალტერნატიული ცხოვრების სტილი, ახალი გზის არჩევა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს.

ამ მისიას საქართველოში უკვე ორი წელია, ჟურნალი Entrepreneur ემსახურება! დღეს კი დროა, ეს მისია ქვეყნის მისიად იქცეს. ოცნების დრო აღარ არის! საკუთარი ოცნებების მიზნებად დასახვის დროა! ბიზნესის დაწყების დროა! ახალი ქართული ოცნების დროა!

#24 – მაისი, 2020

პანდემია ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, როცა მარტის ედითორიალს სათაურად შევურჩიე – "როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? მეტად ანტრეპრენერული!"

მას შემდეგ ორი თვე გავიდა და არათუ აზრი არ შემცვლია, არამედ პირიქით – უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მსოფლიოს მომავალი სწორედ მხოლოდ ანტრეპრენერული აზროვნების – უშიშარი, შეუპოვარი, მოქნილი, გაბედული, გამჭრიახი და შემოქმედებითი ადამიანების ხელშია. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ წინააღმდეგობების, არ გაურბიან სირთულეებს და რაც უნდა მოულოდნელად დაატყდეთ თავს ქარიშხალი, მედგრად ხვდებიან სტიქიას, ვაჟკაცურად იცავენ თავს და გადამწყვეტ შეტევაზეც გადადიან – წინააღმდეგობებთან მუდმივ ბრძოლაში გამობრძმედილები!

#25 – ივნისი, 2020

და მაინც, რას გვასწავლის ილონ მასკი?

ადამიანები სხვადასხვა კრიტერიუმით სხვადასხვა კატეგორიად იყოფიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება. სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს ადამიანის წარმატების მასშტაბებს, და ადამიანებს უმრავლესობად და უმცირესობად ყოფენ. ეს შეუძლებელია! – გეტყვით საშუალოსტატისტიკური ადამიანი პლანეტა დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ეს შესაძლებელია! – მოგიგებთ ილონ მასკი!

არჩევანი ჩვენზეა. არჩევანი ტკბილ, კომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ, კონფორმისტულ უმრავლესობასა და მწარე, ტკივილიან, დისკომფორტულ, მაგრამ უსაზღვრო შესაძლებლობებისა და გმირული თავდადების უმცირესობას შორის. ის, რაც უმრავლესობისთვის შეუძლებელია, უმცირესობაში მყოფი მასკისთვის შესაძლებელია. ის ხომ თანამედროვე ანტრეპრენერთა როლური მოდელია, რომელიც ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია ადამიანს, რა შეუძლია ადამიანის გონებას, რომლისთვისაც, შეუძლებელი, მართლაც რომ არაფერია!

#26 – ივლისი, 2020

"გადადებული საქმე ეშმაკისაა", – ეს გამოთქმა ყველას გაგვიგია, მაგრამ მაინც არ გველევა მიზეზი, გადავდოთ ის, რაც დღესვე შეგვიძლია გავაკეთოთ.

მიზეზებს რა დალევს? საქმის დაწყებაა რთული, თორემ გადადების მიზეზი იცოცხლე, რამდენიც გინდა.

უქმად მყოფი ადამიანებისგან მათივე უქმად ყოფნის გამამართლებელ რა მიზეზს აღარ გაიგონებ, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ეს ფრაზაა: "რაღაცას ველოდები..."

"რაღაცას ელოდება" ადამიანი და რას ერჩი? ეს ადამიანი შეგხვდება რამდენიმე თვეში და ისევ გეტყვით: "რაღაცას ველოდები..." შეიძლება გავიდეს კიდევ რამდენიმე თვე და კვლავაც თავდაჯერებულად მოგიგებთ: "რაღაცას ველოდები..."

არადა, ამ "რაღაცის მოლოდინში" გადის დღეები, თვეები, წლები და მთელი ცხოვრება. ადამიანები კი მაინც ელიან. ელიან რაღაც დიდს და გრანდიოზულს, პატარა საქმის კეთება კი ეთაკილებათ.

ადამიანები მუდამ "რაღაცას ელიან..."

საბედნიეროდ, ყველა ასეთი არაა.

#27 – აგვისტო, 2020

ნამდვილ ლიდერს სხვა ადამიანების მიმართ გამოჩენილი ყურადღება და მზრუნველობა აყალიბებს ლიდერად და არა თანამდებობა ან ოფიციალური წოდება. რით შემიძლია დაგეხმარო? – ესაა შეკითხვა, რომელსაც ნამდვილი ლიდერები ყველაზე ხშირად სვამენ. თქვენც ასე მოიქეცით! დაეხმარეთ ადამიანებს და არ დაელოდოთ სამაგიერო სარგებელს. გინდათ ეს თუ არა, თქვენ მიერ გაწეული დახმარება, დღეს თუ ხვალ, ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ.

#28 – სექტემბერი, 2020

ადვილია, შეიყვარო წარმატება და დაკმაყოფილდე მიღწეულით. კმაყოფილება კი სტაგნაციას იწვევს. ამიტომაც, უარი თქვით თვითკმაყოფილებაზე, არ დაკარგოთ ახალი მწვერვალების დაპყრობის მწველი სურვილი, დაისახეთ ახალი მიზნები და დაუღალავად იმუშავეთ მათ მისაღწევად!

რადგან თუ გაჩერდები და აღარ მოინდომებ განვითარებას, არ ამოირჩევ ახალ სამიზნეს, რაც უნდა წარმატებული იყო, შენი მონდომება ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც წარსულში, როცა წარმატების მისაღწევად დაუღალავად შრომობდი, რადგან ჩათვლი, რომ შენ უკვე მიაღწიე წარმატებას და ახლა დასვენებისა და მიღწეულით ტკბობის დროა. რა უნდა იყოს ჩემი შემდეგი მიღწევა? − ესაა შეკითხვა, რომელიც ყველა წარმატებულმა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს და ახალი წარმატების მისაღწევად დაიწყოს ფიქრი და მუშაობა, ოღონდ არა როგორც უკვე წარმატებულმა, არამედ როგორც დამწყებმა, რომელიც მთელი არსებით ისწრაფვის სწავლის, განვითარების, გაფართოებისა და ზრდისკენ!

#29 – ოქტომბერი, 2020

და ისევ პოლ არდენის შეკითხვას დავუბრუნდეთ – ყველას გვსურს, ვიყოთ კარგი ჩვენს საქმეში, მაგრამ რამდენად კარგი სინამდვილეში?

და თუ მართლაც გვსურს, ვიყოთ არა უბრალოდ კარგები, არამედ საუკეთესოები, მაშინ ჩვენი გონებაც და სხეულიც საუკეთესო მიზნების მიღწევაში ვავარჯიშოთ. ნუ ვიქნებით საშუალო. ნურც კარგი. ნურც ძალიან კარგი, არამედ – საუკეთესო! არ დავკმაყოფილდეთ უბრალოდ კარგ ფორმაში ყოფნით, არამედ მიზნად საუკეთესო ფორმაში ყოფნა დავისახოთ! დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეს განწყობა არა მხოლოდ ფიზიკურ ფორმაზე, არამედ ჩვენს პროფესიულ საქმიანობაზეც აისახება.

#30 – ნოემბერი, 2020

დღეს მადლიერების დღეა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ფასდაუდებელი სამსახური გამიწიეთ – მასწავლეთ ცუდისა და კარგის გარჩევა, მიბიძგეთ, მუდმივად მემუშავა საკუთარ თავზე, დამარწმუნეთ, რომ სხვას თქვენსავით არასოდეს უნდა მოვექცე და თქვენ არასოდეს უნდა დაგემსგავსოთ...

პატარებმა გამზარდეთ, უვიცებმა დამაჭკვიანეთ, სუსტებმა გამაძლიერეთ, უნებისყოფოებმა გამომაწრთეთ!

და რაც მთავარია, შემაძლებინეთ თქვენთვის, ასე საჯაროდ, მადლობის გადახდა – სამაგიეროს გადახდის ნაცვლად!

#31 – დეკემბერი, 2020

საკუთარი საქმე ხელოვნებად აქციე! საკუთარი თავი – ხელოვანად! წარმოიდგინე, რომ დგახარ სცენაზე და შენ საყურებლად ათასობით ადამიანია მოსული. ისინი აფასებენ შენს ხელოვნებას, უყვართ შენი უზადო შესრულება და მადლიერებას საკუთარი ემოციებით, ტაშითა და აპლოდისმენტებით გამოხატავენ. გაქვს კი უფლება, მათ ოდესმე იმედი გაუცრუო? რა თქმა უნდა, არა! ასეთი მიდგომით აკეთე შენი საქმეც, შენი ბიზნესიც, საკუთარი თავი არტისტად, შენი ბიზნესი კი ხელოვნების ნიმუშად წარმოიდგინე, რომლის სანახავად ათასობით ადამიანი მოდის და აღფრთოვანებას ვერ მალავს. შენი ხელოვნების დამფასებელი მაყურებელი შენ მიერ წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებლად წარმოსახე და ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ მათი აპლოდისმენტები დაიმსახურო. წარმოსახვით დაიწყე და მალე რეალობადაც აქციე!

#32 – თებერვალი, 2021

"იყო დრო, როცა მეგონა, ბედნიერი აღარასდროს ვიქნებოდი. აღარასდროს! მერე კი ამ ფსკერიდან ამოსასვლელად ახალი გეგმა შევადგინე, რადგან მუდმივ უბედურებაში ცხოვრება, უბრალოდ, არ შეიძლება", – ასე ამთავრებს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნს მეი მასკი და ჩვენც ამას გირჩევთ: "დაისახეთ მიზანი – ახლავე!"

#33 – მარტი, 2021

ბევრს ჰგონია, რომ ანტრეპრენერებს მხოლოდ ფული და ქონების მოხვეჭა სურთ. ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითია, რომლის გაქარწყლება თავად ანტრეპრენერებს შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების წესითა და ჯანსაღი ღირებულებებით. ანტრეპრენერი ფულსა და ქონებაზე არ ოცნებობს. ფული და სიმდიდრის მოხვეჭა მისი მთავარი მოტივაცია არ არის. ფული მისთვის მხოლოდ საშუალებაა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. ანტრეპრენერს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედი აქვს!

#34 – აპრილი, 2021

ვისაც წაუკითხავს ჩემი ედითორიალი "კი თუ არა?", ემახსოვრება, რომ სწორედ რიჩარდ ბრენსონმა დამარწმუნა ახალი შესაძლებლობებისთვის "კი"-ს თქმის მიზანშეწონილობაში და გამაბედვინა, მისი ავტორიტეტით გათამამებულსა და მეტად თავდაჯერებულს, საჯაროდ მეღიარებინა, რომ მეც "კი"-ს მთქმელი კაცი ვარ, როგორც თვით დიდი ბრენსონი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გავლენიანი ავტორები და მენეჯმენტის გურუები ხშირად საპირისპიროს, ანუ "არა"-ს თქმას გვირჩევენ.

#35 – მაისი, 2021

თქვენ წინაშეა ჟურნალ Entrepreneur-ის წევრობაზე დაფუძნებული პლატფორმა ლოიალური მკითხველებისთვის, რომელთაც იზიდავს ახალი აღმოჩენები და ახალი თავგადასავლები, ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად... ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს მუდმივად განვითარდეს, უკეთ შეიმეცნოს საკუთარი თავი, გარესამყარო, და ყოველთვიურად გაეცნოს საინტერესო ლიტერატურას სპეციალურად შერჩეულ ხარისხიან ქართულ ღვინოსთან ერთად. წამოწყება მხარს უჭერს როგორც ქართული წიგნის გამომცემლებს, ისე ქართული ღვინის მწარმოებლებს. ასე რომ, თქვენ მიერ განხორციელებული შენაძენით არა მხოლოდ საკუთარ სულიერ სამყაროს, არამედ ქართველ ანტრეპრენერებსაც გაამდიდრებთ და თქვენს წვლილს ქართული ბიზნესის განვითარებაშიც შეიტანთ. დახმარება და წახალისება კი მათ დღეს ძალიან სჭირდებათ.

#36 – ივნისი, 2021

გახსოვდეთ, ყოველდღიური მიზანმიმართული ვარჯიშით ანტრეპრენერული აზროვნების საჭირო კუთხით განვითარება შესაძლებელია. ამისათვის კი სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორ კაროლ დვეკის რჩევა გავიხსენოთ: "თუ ზრდაზე ხართ კონცენტრირებული, ეს საშუალებას მოგცემთ, ყოველი მარცხი, სწავლისა და ასევე, ზრდის შესაძლებლობად მიიჩნიოთ. სირთულეები ისე უნდა განიხილოთ, როგორც გამოწვევა, და ამ შემთხვევაში, საწყისი ეტაპის წარუმატებლობები თქვენთვის დროებითი მოვლენა გახდება".

მაშ ასე, დროა, ანტრეპრენერულად ვიაზროვნოთ!

#37 – ივლისი, 2021

რთულსა და მარტივს შორის რთული აირჩიე. სწორედ რთულთან შეჭიდება გვაძლიერებს, უფრო უნარიანს, გამბედავს, მამაცსა და მეტის შემძლეს გვხდის. მარტივი ამოცანები, თავისი შესაფერისი პატარ-პატარა ჯილდოებით, წარსულს დაუტოვე, მომავალში კი – გაირთულე საქმე!

#38 – აგვისტო, 2021

აზროვნება. აზროვნება და კიდევ აზროვნება. ეს არის მთავარი, რისკენაც დე ბონო მოგვიწოდებს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლატერალური, ანუ მრავალმხრივი აზროვნების კონცეფციას. და მაინც, რას გულისხმობს დე ბონო მოაზროვნე ქუდებში?

აზროვნების მთავარი პრობლემა ქაოსურობაა. ემოციები, ინფორმაცია, ლოგიკა, იმედი თუ კრეატიულობა ერთდროულად ახდენენ ჩვენზე გავლენას. "ექვსი ქუდის" მეთოდი კი სწორედ მათ განცალკევებაში გვეხმარება და რადგან შეუძლებელია ერთდროულად ფაქტების ანალიზი და ამავე დროს შემოქმედებითი აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და ემოციური მიდგომა, სჯობს ყველა "ქუდი" რიგრიგობით მოვირგოთ და რაც უნდა ძლიერი არგუმენტები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მაინც ვაიძულოთ თავი, ალტერნატიულად ვიფიქროთ, რადგან აქ მთავარი ის კი არაა, თუ რა არის, არამედ ის, თუ რა შეიძლება იყოს.

#39 – სექტემბერი, 2021

"უფალო, არ ვითხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ვითხოვ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება" – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი.

#40 – ოქტომბერი, 2021

მაშ ასე, გაიცანით ახლოს იმ ბრენდის დამფუძნებელი, რომელიც შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთში დაიბადა და მისი დამფუძნებლის ანტრეპრენერული სულისკვეთებისა და ხედვის წყალობით, დღეს მსოფლიო კლასის ბრენდებს უწევს კონკურენციას. გაიცანით ადამიანი (Rixos-ის დამფუძნებელი ფეტაჰ ტამინჩი), ვისთვისაც წარმატება მხოლოდ ფულით არ იზომება, რომელიც თურქეთის მასშტაბებს უკვე დიდი ხანია გასცდა და საკუთარი ბრენდის მომავალს მხოლოდ გლობალურ ჭრილში უყურებს.

ადამიანი, რომელიც კლიენტებს ოჯახის წევრებად მოიხსენიებს.

#41 – ნოემბერი, 2021

ბევრი ადამიანი საკუთარ წარუმატებლობასა და ხელმოცარულობას უიღბლობას აბრალებს და გულხელდაკრეფილი ელოდება დროს, როდის მოიცლის მისთვის ბედი და იღბალი! არ სურს დაიჯეროს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მისსავე ხელშია და მხოლოდ ბედის წყალობის იმედადაა დარჩენილი! მათ ავიწყდებათ, რომ წარმატება მხოლოდ შრომისმოყვარეობით, საკუთარი საქმის, საკუთარი პროფესიისადმი თავდადებითა და ბევრი შრომით მიიღწევა, როგორც ამას გოლფის ლეგენდა გერი ფლეიერის სიტყვებიც მოწმობს: "რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები"!

#42 – დეკემბერი, 2021

ყველა საქმეს ბოლომდე მიჰყევი. ერთი მცირე დეტალიც კი, რომელსაც დაუსრულებლად დატოვებ, მომავალში დამატებით სხვა პრობლემებს წარმოშობს და რაც მეტი დრო გავა, მით მეტად გაგიჭირდება დაწყებულის დამთავრება.

#43 – იანვარი, 2022

საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი მოძრაობა, გონების მეტი ვარჯიში, რომ სხვას კი არ ველოდოთ, არამედ თავად გავხდეთ ახლისა და ინოვაციურის შემოქმედი. ახლის შექმნა და ინოვაცია ხომ ანტრეპრენერთათვის დამახასიათებელი მთავარი თვისებაა.

ამიტომ უნდა იქცეს საქართველო ანტრეპრენერულ ქვეყნად! სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს და რაც დროულად გავიაზრებთ პრობლემების საკუთარი ხელით მოგვარების, ჩვენი ხელით გაკეთებული საქმეების მნიშვნელობას და არ დაველოდებით სხვას, მით მალე გვეშველება ჩვენც და ჩვენს ქვეყანასაც!

InEntrepreneurshipWeTrust!

#44 – თებერვალი, 2022

ეს იყო იშვიათი ემოცია, რომელიც აქამდე განცდილ არცერთ ემოციას არ ჰგავდა – ერთდროულად, ჩვენი მამაცი უკრაინელი ძმებით სიამაყის, მათი გმირული თავდადებით აღტაცებისა და ამავე დროს, უკრაინელი პატრიოტების ბრძოლის ველზე დაღუპვით გამოწვეული ძლიერი ემოცია.

და ამ მომენტში მივხვდი, რომ ვერაფერს უფრო ღირებულს, გარდა იმისა, რომ ქართული Entrepreneur-ის 2022 წლის თებერვლის ნომერში ამ გმირობის ისტორიის გადმოცემა და მომავალი თაობებისთვის დატოვებაა, ვერც დავწერდი და არც იყო საჭირო!

თან მივხვდი იმასაც, რომ ანტრეპრენერობის იდეა, რომლის საქართველოში დამკვიდრებისთვის უკვე ოთხი წელია ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ, სხვა არაფერია, თუ არა იმ თვისებების ერთობლიობა, რითაც ასე უხვად არიან დაჯილდოებული ჩვენი გმირი უკრაინელი ძმები – თავდადება, შეუპოვრობა, სიმამაცე, გაბედულება, სიმტკიცე, რწმენა!

#45 – მარტი, 2022

სიტყვაზე და სიტყვის კაცზე მინდა დავწერო. ისტორიას ახსოვს ისტორიული სიტყვები, რომელთა უმრავლესობა სწორედ რთულ, გარდამტეხ მომენტებშია წარმოთქმული. რაც უფრო რთული იყო ესა თუ ის ისტორიული მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, მით მეტი ძალა ჰქონდა ლიდერის სიტყვას, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად თავს იყრიდა ლიდერის გონებაში და ათასობით, ათიათასობით ადამიანს შთააგონებდა, არწმუნებდა, რომ საჭირო იყო ახლებურად ფიქრი, ახლებურად მოქმედება, გადამწყვეტი მოქმედება! იმ ენით აუწერელ გმირობასთან და სამშობლოსათვის თავდადებასთან ერთად, რომელიც მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სახით, ისტორია შემოინახავს თანამედროვე მსოფლიოს გამორჩეული ლიდერის − პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებს, რომლებიც მან როგორც საკუთარი ხალხის, ისე სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წარმოთქვა. ისტორიის ფურცლებზე უკვე დაიწერა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ კაცობრიობის ფუნდამენტური ღირებულების – თავისუფლების შესახებ წარმოთქმული სიტყვები. თავისუფლების, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვაც შესაძლებელია.

#46 – აპრილი, 2022

მიუხედავად გაურკვევლობის ასეთი ხარისხისა, როცა არავის შეუძლია მომავლის ზუსტი პროგნოზირება, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი სიტყვითა და ყოველდღიური გმირობით გამხნევებული უკრაინელი ხალხი სიკვდილს თვალებში უყურებს. დანებებას არავინ აპირებს, რადგან მათ იციან, რომ უმაღლესი მთავარსარდალი ბრძოლის ველიდან გაქცევას არ აპირებს. "მე აქ ვარ! ჩვენ აქ ვართ! ჩვენ დავიცავთ უკრაინას!" – ომის დაწყების პირველსავე დღეებში ამ სიტყვებით მიმართავს ხალხს პრეზიდენტი ზელენსკი.

#47 – მაისი, 2022

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესია გექნებათ, საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ თუ სპეციალობით იმუშავებთ − ნებისყოფა საქმეშიც და ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესია. აკონტროლეთ საკუთარი საქციელი, ისწავლეთ მოთმინება. ცდუნება და მასზე დამორჩილების მიდრეკილება ყველა ადამიანს თანაბრად აქვს, მთავარია, ვინ როგორ ებრძვის, ვინ როგორ ეწინააღმდეგება მას. პატარა წუთიერმა ცდუნებამ ჩვენ მიერ დასახული დიდი მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალთ!

#48 – ივნისი, 2022

მოთმინებითა შენითა მოიპოვე სიმშვიდე შენიო, ნათქვამია და ამ აღმატებული თვისების გამომუშავებაში სწორედ ვენახთან ურთიერთობა დაგეხმარებათ. ვენახი გასწავლით, რომ მოთმინების გარეშე არაფერი გამოვა. ქართველებს ხომ ყველაფერი სწრაფად გვინდა! მოუთმენლები ვართ! სად შეგვიძლია სამი და ოთხი წელი ლოდინი? დღეს ჩადებული ინვესტიციის ხვალვე დაბრუნება და მოკლე დროში გამდიდრება გვინდა. ვენახი კი გვახსენებს, რომ ბუნებას თავისი კანონზომიერება აქვს და რამდენიმე წლის იმის ლოდინში გატარება მოგიწევს, თუ როდის მოისხამს შენი ვენახი პირველ ნაყოფს. სამაგიეროდ, პირველ მოსავალს რომ აიღებ, მიხვდები, რომ ლოდინი ამად ღირდა და ქართულმა ხალხურმა ანდაზამ – ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, დროს ნამდვილად გაუძლო.

#49 – ივლისი, 2022

წარმატება ველოსიპედის მართვის სწავლას ჰგავს − თუ არ დაეცი და ფეხი არ იტკინე, მართვას ისე ვერ ისწავლი! ასეთია წარმატებისკენ მიმავალი გზაც, რომლის გასავლელად დაცემა და ტკივილი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არაჩვეულებრივად კარგი შედეგები მოაქვს მათთვის, ვინც პირველსავე წაქცევის შემდეგ არ ჩერდება, მომდევნო წაქცევის შიშით არ ნებდება და სვლას აგრძელებს!

#50 – აგვისტო, 2022

არ არსებობს რთული დღე. არსებობს ჩვენი მტკიცე და ურყევი ხასიათის გამომუშავების დღე. ამიტომაც მადლიერი უნდა ვიყოთ ყველა იმ რთული დღისთვის, რომელსაც ჩვენი განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის გვაჩუქებს განგება!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია