Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ანა კირკიტაძე - ანტრეპრენერი, რომელმაც პანდემიის პერიოდში სამ წარმატებულ ბიზნესს დაუდო საფუძველი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანა კირკიტაძეს ტურისტულ კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აღნიშნულ სფეროში იგი 2007 წლიდან მუშაობს. წლების განმავლობაში ანა "კაპიტან პლუსის" დირექტორი გახლდათ და საკმაოდ ბევრი სიახლე შესძინა კომპანიას. 2018 წელს ბავშვების გამო სამსახურიდან წამოსვლამ მოუწია, შორეულ პერსპექტივაში კი მიზნად საკუთარი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ისახავდა. მალე პანდემიაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა, ანამ სწორედ მაშინ, 2021 წელს ახალი ტურისტული კომპანია "ვინგლეთი" დააფუძნა.

"პანდემიის დროს განსაკუთრებულად საჭირო იყო პროფესიონალების ჩართულობა, რადგან ბევრ ადამიანს, ვინც მანამდე თავად გეგმავდა ყველაფერს ჩვენი დახმარება დასჭირდა, თუმცა ვფიქრობ, პანდემიის დროს ტურისტული ბიზნესის დაწყება მაინც დიდი რისკი იყო. მიუხედავად ყველაფრის, პანდემია დასრულდა და მე უკვე ყველანაირად მზად ვიყავი გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ალბათ იმ პერიოდში რომ არ დამეწყო საქმიანობა, გამიჭირდებოდა არსებულ ბაზართან მუშაობა, რადგან მოთხოვნა რადიკალურად გაიზარდა პირველივე წელს", − აღნიშნავს ანა კირკიტაძე.

"ვინგლეთის" პარალელურად მალევე მან ახალი კომპანია One Above Georgia დააფუძნა, რომელსაც ინდოეთიდან ტურისტების შემოყვანაზე უნდა ემუშავა. გარკვეულწილად, იმ პერიოდში აღნიშნული ბიზნესის წამოწყებაც გამოწვევა იყო, რადგან ინდოელებისთვის ელექტრონული ვიზები არ იყო გახსნილი და ამის გამო საკმაოდ ცოტა რაოდენობა ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას. როგორც ანა აღნიშნავს, ტურისტების შემოყვანის ბიზნესს დრო სჭირდება, პარტნიორებმა უნდა გაგიცნონ და სანდოობა გამოუმუშავდეთ. დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში ანა სწორედ სანდოობის მოპოვებაზე მუშაობდა. ელექტრონული ვიზების გახსნისთანავე ბიზნესსაქმიანობა წარმატებით განვითარდა, რადგან იმ დროისთვის One Above Georgia-ს უკვე პარტნიორების დიდი ჯგუფი ჰყავდა, რომლებმაც პირდაპირ ჯავშნების დადასტურება და ტურისტების გამოგზავნა დაიწყეს.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ანა კირკიტაძემ პარალელურად ბიზნესპარტნიორთან ერთად განახორციელა, "კრუიზერია". აღნიშნული ბიზნესი გემის ტურების რეალიზაციით შემოიფარგლება. ანას თქმით, საზოგადოებისთვის კონკრეტული ნიშის პროდუქტის შეთავაზება მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა, "არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი საზოგადოების ამ კონკრეტული ნიშით დაინტერესებას და თანამშრომლისა თუ ოფისის ხარჯების დაფარვას. თუმცა ახლა "კრუიზერი" 1 წელია არსებობს და ნამდვილად დაიმკვიდრა თავი როგორც პარტნიორ სააგენტოებთან, ასევე პირდაპირ მომხმარებელთან, როგორც გემების გაყიდვების პროფესიონალურმა ოფისმა".

მართალია, ანას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა პარალელურად სამი სრულიად განსხვავებული ბიზნესის წამოწყება მნიშვნელოვან რისკსა და გამბედაობას მოითხოვდა მისგან. როგორც ანა აღნიშნავს, გადაუჭრელი წინაღობა მისთვის არ არსებობს, ბიზნესი კი დიდი პასუხისმგებლობაა როგორც შენი თავისა და ოჯახის, ასევე თანამშრომლების წინაშე.

"თითოეულ თანამშრომელს დიდ პატივს ვცემ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათ წინაშე. ზოგადად, ტურისტულ ბიზნესი მაღალი რისკიანობით ხასიათდება, გვყავს პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც შეიძლება პირადად არ ვიცნობდეთ. ხშირად შეიძლება გარკვეული პარტნიორული ხარვეზის წინაშე აღმოჩნდე, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოს შენმა მომხმარებელმა. არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული თანხების ამოსაღებად ბრძოლა გიწევს სხვა ქვეყანაში, სხვა კანონმდებლობითა და წესებით", − ამბობს იგი.

ანა კირკიტაძის ინსპირაციის წყარო სწორედ საკუთარი საქმის სიყვარულია. როგორც თავად აღნიშნავს, ყოველი დღე სამსახურში საკმაოდ პოზიტიურია, რამდენადაც იგი მოგზაურობასა და საზღვარგარეთ აქტიურად ყოფნას მოიცავს. ანა მაქსიმალურად ცდილობს თითოეული მოგზაურობა ისე დაგეგმოს, როგორც საკუთარს დაგეგმავდა, რათა თითოეული მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს სერვისით. ანასთვის ანტრეპრენერობა, პირველ რიგში, რისკისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას გულისხმობს, შესაბამისად, ბიზნესსაც ამ ღირებულებით მართავს.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ანას არაერთი ხედვა აქვს თითოეული კომპანიის განვითარების კუთხით. რასაც ძალიან მალე შემოგვთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი წელი ანამ და მისმა ბავშვობის მეგობარმა, ნინია მაჭარაშვილმა, ერთობლივი უნიკალური პროექტით დაიწყეს, რომელიც ტურისტული სააგენტო "ვინგლეთის" ინიციატივით განხორციელდა. "12 ავტორი − 12 თავგადასავალი" ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანია, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ქართველ ტურისტებს ევროპული ღირებულებები გააცნოს. პროექტი წლის ბოლომდე გასტანს, პირველი ტური ბარსელონაში დათო ტურაშვილთან ერთად ჩატარდა, მომდევნო მოგზაურობებში კი ქართველ ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ისეთი გამორჩეული ავტორები შეხვდებიან, როგორიცაა: ანა კორძაია სამადაშვილი, ლაშა ბუღაძე, არჩილ ქიქოძე, ლევან ბერძენიშვილი და ა.შ.

კარიერული წინსვლის პარალელურად ანა კირკიტაძე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს Work-life ბალანსს. იგი მაქსიმალურად ცდილობს ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს დრო თანაბრად გაუნაწილოს, რადგან მიაჩნია, რომ ბალანსის დაცვა კარიერულ თუ პირად ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

autoElement - 3 ''შარქის'' დაინტერესება და ჯამურად მოზიდული 230 000 ლარი

აპლიკაციამ უკვე 34-ჯერ შეამცირა ნაწილების მოძიების დრო