ქოუჩინგის მადლი ქოუჩინგი ფიქრის პროცესში მეგზურობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეფექტური ფორმაა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქოუჩინგი ფიქრის პროცესში მეგზურობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეფექტური ფორმაა. შესაბამისად, მის მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს როგორც პოტენციურ კლიენტებში, ისე პროფესიით დაინტერესებულ ინდივიდებში, ბიზნესისა და მის მიღმა წრეებში. როგორც დახმარებაზე დაფუძნებული ურთიერთობის ფორმა და შედეგზე ორიენტირებული სერვისი, ქოუჩინგი ადამიანის ფიქრსა და ქცევაში მდგრადი ცვლილებების განხორციელებისკენაა გამიზნული. თავად დარგი არსებობის არცთუ დიდ ისტორიას ფლობს და საკმაოდ სწრაფად, გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისად ვითარდება. ქოუჩინგის მიმართ ინტერესს უპირველესად მის შესახებ ცნობადობა ქმნის. დიდი პოპულარობის მიუხედავად, საკმაოდ ხშირია ორაზროვნება ქოუჩინგის, როგორც მომსახურების ფორმის, მიმართ.
ყველაზე მარტივი და გასაგები დეფინიციით, ქოუჩინგი დიალოგია ორ მხარეს − ქოუჩსა და კლიენტს შორის, რომელიც შესაძლებელია კლიენტის ინტერესის სხვადასხვა სფეროს შეეხებოდეს და გამიზნულია მისი ფიქრის ახალი, პოზიტიური ტრანსფორმაციისკენ მიმართული მოდელის ჩამოყალიბებისკენ. ხშირად, როდესაც ქოუჩინგთან დაკავშირებულ სიკეთეებზე საუბრობენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი და მისი შედეგები მხოლოდ კლიენტისთვისაა სარგებლის მომტანი. ცხადია, ქოუჩინგი, როგორც კლიენტზე ორიენტირებული დიალოგი, უპირველესად გამიზნულია მისი, როგორც ინდივიდის, თვითგამორკვევის, პროგრესისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისკენ. თუმცა, ქოუჩინგის კონცეფციის ასეთი შეფასებით მნიშვნელოვნად ვიწროვდება მისი ჭეშმარიტი ღირებულება და უსამართლოდ იზღუდება მასთან დაკავშირებული შედეგების დიაპაზონი. თავად ქოუჩინგის, როგორც ფიქრის მოდელის, ერთ-ერთი უმთავრესი მეტაფორა აკორდეონია, რომელიც არსებული ხედვისა და შესაძლებლობების მთელი სპექტრის გაფართოებისკენ სწრაფვაზე მიანიშნებს. შესაბამისად, თავად ქოუჩინგის განხილვაც მისსავე უმთავრესი მეტაფორის გამოყენებით უნდა მოხდეს.
ქოუჩთან მისული კლიენტი ნებისმიერი საკითხის დამუშავებისას საკუთარი თავის მიღმა იმთავითვე მოიაზრებს ადამიანების გარკვეულ წრეს, რომელთაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა სახით უკავშირდება ქოუჩთან განსახილველი საკითხები. პირადი ურთიერთობების, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების საკითხების დამუშავების პროცესში კლიენტის ფიქრსა და ქცევაში განხორციელებული ცვლილება აისახება ადამიანების განსაზღვრულ და განუსაზღვრელ წრეზე: როგორც ნაცნობ ადამიანებზე, ისე პოტენციური ურთიერთობების მონაწილეებზე, ჯერ კიდევ უცნობ პარტნიორებსა და კოლეგებზე.
ფაქტობრივად, პირად ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტით კლიენტი იმავდროულად იწვევს გარკვეული პროცესების დაძვრას სხვა ადამიანების ცხოვრებაშიც. კლიენტის მიზნებისა და გააზრების სიღრმის მიხედვით მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც მის მიკროგარემოს − ოჯახს, თანამშრომლებს, ახლო მეგობრებს, ისე გაცილებით ფართო ჯგუფებს, როგორიცაა სოციუმი, კონკრეტული გეოგრაფიული არეალი, ტრანსნაციონალური სივრცე და გლობალური მასშტაბი. ყველა შემთხვევაში, საკუთარი მისიისა და ცხოვრებისეული საზრისის გააზრებით ადამიანი იძენს შესაძლებლობას, საკუთარი სიცოცხლე დაინახოს ყველაზე პროდუქტიული და რესურსული პერსპექტივით, სადაც მისი კონტრიბუცია, მისსავე ნების შესაბამისად, სცდება თავისი პიროვნების ფარგლებს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ქოუჩინგის პროცესში აუცილებლად ხდება კლიენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გავლენის შეფასება სხვა ადამიანებზე. ქოუჩი უზრუნველყოფს კლიენტის მიერ მისი გადაწყვეტილების "ეკოლოგიურობის" გადამოწმებას და მის პირად დამოკიდებულებაში გამყარებას ამ გადაწყვეტილების შედეგების მიმართ. ყველა შემთხვევაში ქოუჩინგი მოწოდებულია პოზიტიური ცვლილებების სტიმულირებისკენ, რომელთა საბოლოო ადრესატების რიცხვი განუსაზღვრელია. ამიტომ ქოუჩინგს შეეფარდება ფორმულა, რომლის მიხედვით მთელი მეტია, ვიდრე შესაკრებთა ჯამი. სწორედ ესაა ქოუჩინგის მადლი.
ქოუჩინგის მადლის რეალიზება მჭიდროდ უკავშირდება ლიდერობის თანამედროვე კონცეფციას. ლიდერებთან ქოუჩინგი ერთიორად აბევრებს ამ პროცესში მიღებული სიკეთეების პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების რიცხვს. ხოლო თუ იმ პარადიგმას გავყვებით, რომლის მიხედვითაც ლიდერობა ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილებებში გამოხატული თვისებების ერთობაა, რომელიც მას საკუთარი ცხოვრების სრული ფლობის უპირატესობას ანიჭებს, ცხადი გახდება, რომ ქოუჩინგი ამ თვალსაზრისითაც ხელშესახებზე მეტ შედეგს აძლევს ადამიანს მისი შთაგონებისა და ლიდერად ჩამოყალიბების გზაზე. ქოუჩინგის მადლი ყველაზე კარგად ლიდერების მაგალითზე ჩანს, რამდენადაც ლიდერი მისი გავლენის მასშტაბიდან და დიაპაზონიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გამტარი არხია ფიქრისა თუ ქცევის მოდელის გავრცელება-დანერგვის პროცესში. და თუ ყველა ადამიანში ლიდერს დავინახავთ − ლიდერს, როგორც მშობელს; ლიდერს, როგორც დასაქმებულს, მიუხედავად მენეჯერულ პოზიციაზე ყოფნა-არ ყოფნისა; ლიდერს, როგორც მასწავლებელს და შემსწავლელს და ა.შ. შევქმნით უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქოუჩინგის პროცესში ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული გაცნობიერებისა თუ აღმოჩენების შედეგები გასცდეს კონკრეტულ სივრცეს და საზღვრებს, იყოს მდგრადი და შთამაგონებელი − მეტი, ვიდრე შესაკრებთა ჯამია.