Get All Access for $5/mo

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო - კურსდამთავრებულთა წვლილი ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებაში და ქალთა გაძლიერების მიმართულებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2021 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კურსდამთავრებულთა 71%-მა განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობ, ხოლო 25% სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობს. გარდა ამისა, სდსუ საქართველოს სტუდენტების 33%-ს საქართველოს საუკეთესო კომპანიებში უნდა კარიერის გაგრძელება, ხოლო 10%-ს ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი კომპანიის შექმნა სურს. აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოს ახლანდელ კურსდამთავრებულთა შორის 45% ქალია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდსუ), აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველებს საერთაშორისო აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს, რასაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგებთან მუშაობის გზით ახორციელებს.

სდსუ-ს მუშაობის შედეგებისა და მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთავაზობთ ინტერვიუს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, დოქტორ ადელა დე ლა ტორესთან.

სდსუ 2015 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და უკვე 400-ზე მეტი კურსდამთავრებული გყავთ. როგორ შეაფასებდით თქვენს ამჟამინდელ შედეგებს? როგორ ფიქრობთ, შეასრულა თუ არა სდსუ-მ თავისი მთავარი მისია საქართველოში?
ჩვენ სამ მნიშვნელოვან ფრონტზე მივაღწიეთ საკუთარ მიზნებს. 800-მდე სტუდენტი ჩაირიცხა ამ პროგრამებით; 160-მა წელს დაამთავრა, 100-ზე მეტი კი მომავალ წელს დაამთავრებს. ჯამში, 550-მდე კურსდამთავრებული გვეყოლება. ნამდვილად აღსანიშნავია ფაქტი, რომ სამუშაო ძალა შევქმენით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის და მათგან 70%-ზე მეტი საქართველოში რჩება. ხოლო ვინც წასვლა გადაწყვიტა, სამეცნიერო ხარისხებს მიიღებს მთელ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ უფრო კარგად მომზადებულნი დაბრუნდებიან. ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, აკადემიურ სფეროში გადაწყვეტს მუშაობას, რაც ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს მშენებლობის, წარმოების, სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, ენერგეტიკის ყველა სფეროში, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ინჟინერიაში, ტექნოლოგიაში, ქიმიასა და ბიოქიმიაში დიდი ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის. ამასთან ერთად, ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ ძლიერი სპეციალისტები არიან კიბერუსაფრთხოებისა და ციფრულ მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით. ყველა ეს სპეციალობა აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაა პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს იყო უნიკალური პროგრამა, რომელმაც ჩვენი ფაკულტეტი − სდსუ STEM, სამეცნიერო და საინჟინრო კოლეჯებში, სამი ადგილობრივი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გააერთიანა − თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან. ამის შედეგია ჯვარედინი სწავლება, რომლის დამსახურებით ახლა ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლება ამერიკულის ანალოგიური აკრედიტებული პროგრამები და პედაგოგებს უკვე შეუძლიათ ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავება, კურსდამთავრებულებთან ერთობლივი მუშაობა. ინსტიტუციური თვალსაზრისით, ეს ნამდვილად გაამყარებს ურთიერთობებს.

მნიშვნელოვანი სფერო, რომელზეც გასაოცარი გავლენა მოვახდინეთ, დემოკრატიის გაძლიერებისკენ მიმართული სამოქალაქო აქტივობებია. ამან განაპირობა ზოგადი განათლების სასწავლო კომპონენტების გაუმჯობესებაც, ეს დისციპლინათაშორის კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ფართოდ ჩასწვდნენ ლიბერალური თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების საკითხებს, კრიტიკულ აზროვნებას და ფართო ჩართულობას. ასევე აღსანიშნავია სტუდენტური თვითმმართველობის აქტივობები, სადაც სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ პროცესებში და სათანადოდ ერკვევიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობა.

ასე რომ, ვიტყოდი − ამ სფეროებში ჩვენ ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ.

კურსდამთავრებულებზე გვიამბეთ რას მიაღწიეს მათ და სად არიან ისინი ახლა?
კურსდამთავრებულები უკვე მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიაში: ქიმიკოსები − ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, ინჟინრები ენერგეტიკაში არიან ჩართულნი, განსაკუთრებით ელექტროინჟინერიაში. ჩვენი კომპიუტერული სპეციალობის რამდენიმე მეცნიერი/ინჟინერი მონაცემთა მეცნიერების სფეროში და პროგრამული უზრუნველყოფის დარგში მუშაობს, ხოლო ვისი სპეციალობაც სამშენებლო ინჟინერიაა, მუშაობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინდუსტრიებში. მინდა აღვნიშნო, ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ მსოფლიოს და ქვეყნის ისეთ წამყვან ორგანიზაციებში, როგორიცაა: Facebook, Google, ამაზონის სათაო ოფისი, ლუგარის ცენტრი, BP, Klarna, ენერგო პრო საქართველო, ანაგი დეველოპმენტი და სხვა.

ჩვენი კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი დასაქმებულია ქართულ ბაზარზე, ხოლო ნაწილი განაგრძობს სწავლას სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამებზე და მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

ყველაზე მეტად ის მახარებს, თუ რამდენად ძლიერ არიან ჩვენი კურსდამთავრებულები სდსუ-ს საზოგადოებასთან დაკავშირებული. ჩვენ ნახევარი მილიონი კურსდამთავრებული გვყავს მთელ მსოფლიოში და აშშ-ის 20 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის ვართ კურსდამთავრებულთა რაოდენობით. ქართველი კურსდამთავრებულები ამ დიდი სოციალური ქსელის ნაწილს შეადგენენ, რომლის კულტურის მთავარ დგენელს წარმოადგენს ახალი თაობების დახმარება და მათი ცნობიერების ამაღლება STEM მიმართულებების შესახებ. სტუდენტები ჩართულნი არიან STEM-მიმართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში გლობალური მასშტაბით.

ამჟამინდელ კურსდამთავრებულთა 45% ქალია. როგორ მოახერხა სდსუ-მ ქალი სტუდენტების ასეთი დიდი რაოდენობით მოზიდვა პროფესიებში, რომლებიც რატომღაც მამაკაცების სფეროდ განიხილებოდა?
ჩვენმა სტუდენტებმა 2019 წელს დააარსეს კლუბი "ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება" (Empower Women). მთავარი იდეა აქ, საქართველოში ქალების შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა იყო, განსაკუთრებით STEM-სფეროებში, ქვეყანაში, სადაც წარსულში ხშირად მიიჩნევდნენ, რომ ქალის ადგილი არც ქიმიაში იყო, არც ინჟინერიაში, და არც კომპიუტერულ ან სამშენებლო ინჟინერიაში. ისინი მხოლოდ ამ მითის დასანგრევად არ მუშაობენ, ერთმანეთსაც უჭერენ მხარს, რადგან ჯერ კიდევ უწევთ გენდერული დისკრიმინაციის პრობლემასთან გამკლავება.

მათ ძალიან გაუმართლათ, ადრეულ ეტაპზევე შეძლეს გაერთიანება ამ სინერგიისა და წარმატების მისაღწევად. სდსუ-მ მათ ჩვენი საკადრო მოდელით დაუჭირა მხარი. სდსუ-ს ერთობლივი სასწავლო მხარდაჭერის მდიდარი ისტორია აქვს, რაც სტუდენტის წარმატების საფუძველს წარმოადგენს.

სტუდენტები ეუფლებიან არა მარტო კონკრეტულ პროფესიულ უნარებს, არამედ გუნდური მუშაობისათვის საჭირო თვისებებს, ემოციურ ინტელექტსა და სოციალურ უნარებს, რაც მათში საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას აყალიბებს. ეს არის სწორედ იმ კულტურისა და მიმართულების ნაწილი, სადაც ჩვენი სტუდენტების ხილვას ვისურვებდით.

წელს აუდიტორიებში დაახლოებით 60% ქალია, დარგის მიხედვით, 30-60%-ის დიაპაზონში, კომპიუტერული ინჟინერიის სფეროში კი 30%. ქიმია-ბიოქიმია, როგორც ჩანს, უფრო პოპულარულია ქალებში, მაგრამ ისინი სულ უფრო მეტად ირჩევენ საინჟინრო საქმიანობასაც და ეს საკმაოდ უჩვეულო და სასიამოვნოა.

ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ძალიან ეფექტურები ვიყავით და ადგილობრივ საშუალო სკოლებში აქტიურად ვატარებდით ახსნა განმარტებით მუშაობას. ჩვენ ყველასთან შევძელით დაკავშირება, განურჩევლად სქესისა და იდენტობისა. ერთ-ერთი უპირატესობა ქვეყნისა, სადაც STEM-განათლება ანომალიად მიიჩნევა, ისაა, რომ ის იდეალური პლატფორმაა, ახალი ნარატივის შესაქმნელად მათთვის, ვინც მას მოერგება. ჩვენ ქალთა დახმარებას დავუჭირეთ მხარი, მათ მონათხრობს ვუსმენდით, რა სახის ოჯახური და კარიერული პრობლემები ჰქონდათ, როგორ წარმოედგინათ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და რა იყო მათი მიზანი. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია ზოგადად პიროვნება.

სტუდენტებს შორის, რომლებმაც წელს 4.0 (GPA), უმაღლესი შესაძლო შედეგებით დაამთავრეს სწავლა, 6-იდან 4 ქალი იყო. ქალებს უკეთესი შედეგები აქვთ, და მართლაც, თუ გადავხედავთ მონაცემებს, ჩვენი ქალები უფრო მაღალი მიღწევებით გამოირჩევიან, ვიდრე მამაკაცები. არ მინდა მამაკაცები და ქალები გამოვარჩიო, მაგრამ როდესაც ხედავ სფეროს, რომელიც ისტორიულად არ მოსწონდათ ქალებს, ნამდვილად გასაოცარია იმის დანახვა, რომ აქ ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ტრადიციული გენდერული როლები ჯერ კიდევ საკმაოდ მკვეთრადაა განსაზღვრული იერარქიული და პატრიარქალური მოდელის ფარგლებში.

ჩვენ ისეთი გარემო შევქმენით, სადაც ქალებს მიესალმებიან და სადაც ისინი წარმატებების მიღწევას შეძლებენ. მოხარულები ვართ, რომ ეს ტენდენცია დავინახეთ და აქტიურად ვატარებდით მუშაობას ქალთა STEM დარგებში ჩართვის მიმართულებით.

რა მიზნები აქვს სდსუ-ს საქართველოში სამომავლოდ?
წინ კიდევ ერთი წელი გვაქვს, ათასწლეულის კორპორაციის დაფინანსების გრანტის ფარგლებში. ჩვენ უფრო პატარა პროგრამაზე გადასვლის შესაძლებლობას განვიხილავთ, ვეძებთ შესაძლებლობებს − ბაღით დაწყებული, საშუალო სკოლით დამთავრებული, და კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რომლებსაც ახლა უკვე აქვთ ინფრასტრუქტურა წინსვლისთვის.

იმედი გვაქვს, რომ მუშაობას გავაგრძელებთ. ეს არ იქნება იმავე მასშტაბებით მუშაობა, უმეტესად იმის გამო, რომ დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს და საქართველოში დაფინანსების პროგრამა გარე თანხით უნდა მოვიდეს, რადგან ამ სტუდენტების მხარდაჭერა აუცილებელია. მოგეხსენებათ, აშშ-ში უმაღლესი განათლების მიღების საფასური გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში და აშშ-სა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემებს შორის არსებული განსხვავების კომპენსირების ერთადერთი გზა, გარე დაფინანსების მოპოვებაა.

ჩვენ რამდენიმე მოდელს განვიხილავთ და ვიმედოვნებთ, რომ სულ მცირე ერთი ჯგუფი გვეყოლება კომპიუტერულ მეცნიერებაში, კვლავ გავცემთ ერთობლივ დიპლომებს, მას შემდეგაც, რაც ეს უკანასკნელი ჯგუფი დაამთავრებს სწავლას და თუ მოვახერხებთ, შევინარჩუნებთ სტიპენდიებსაც, მხარს დავუჭერთ დამატებით პროგრამებსაც და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ორივე მხარისათვის საინტერესო სფეროებში. სდსუ-ს მსოფლიო კამპუსის მეშვეობით სხვა შესაძლებლობებსაც განვიხილავთ სხვადასხვა სფეროში. ჩვენ გაფართოებული სასწავლო პროგრამა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მას იმ დაფინანსებასთან ერთად გამოვიყენებთ, რომელსაც ფილანთროპებისგან მივიღებთ, სტუდენტების მხარდასაჭერად.

რამდენად მზად არიან ქართული უნივერსიტეტები, რომლებთანაც თქვენ მუშაობდით, "თქვენ გარეშე" მუშაობის გასაგრძელებლად?
თუ აკრედიტაციას და ურთიერთობებს გადავხედავთ, რომლებიც ჩვენი ფაკულტეტების უშუალო პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბდა, აშკარაა, რომ მათ პედაგოგებში პროგრესი შეიმჩნევა და მათ აქვთ საკმარისი რესურსი საიმისოდ, რათა სასწავლო პროგრამები უმაღლეს დონეზე წარმართონ. ეს სამივე ინსტიტუტს ეხება, რომლებთანაც აქ ვიმუშავეთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შესანიშნავი სამეცნიერო შენობა რჩება. აქ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბევრი სფეროა, ახლა კი მას შესანიშნავი STEM-შენობაც აქვს და ABET აკრედიტებული პროგრამებიც, რის შეთავაზებაც შეუძლია მსურველთათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე შეძლო საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება ორ პროგრამაზე, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატების შესახებ საკუთარი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების კუთხით, მალე გავიგებთ.

ათასწლეულის ამ გრანტის დახურვის შემდეგ, სამივე უნივერსიტეტი საქართველოს სამუშაო ძალისთვის საჭირო STEM-განათლების მიწოდებაზე გადავა მომავალ წელს. ისინი არ იქნებიან "ჩვენ გარეშე" − ეს, ასე ვთქვათ, ურთიერთობის გარდაქმნაა იმ ეტაპიდან, როდესაც მათ ვეხმარებოდით და ახლა, როდესაც უკვე ხელჩაკიდებულები მივდივართ წინ. ეს ძლიერი კავშირი იქნება.

რაიმეს ხომ არ დაამატებდით სდსუ საქართველოს სტუდენტების შესახებ?
აქ, საქართველოში, ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან ღრმად აქვთ განვითარებული ადამიანებს. ამასთან ერთად, ლიდერობის გრძნობა აქვთ ჩამოყალიბებული, მოაზროვნეთა ჯგუფი კი, სამოქალაქო ჩართულობასა და დემოკრატიაზე, სოციალურ კეთილდღეობასა და სოციალურ სამართლიანობაზეა ფოკუსირებული.

თუ სოციალურ სამართლიანობაზე არ ვიფიქრებთ, ჩვენ ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ განვითარებას ან სამოქალაქო ჩართულობას. ეს თვისებები ჩვენს სტუდენტებშია ჩადებული და სწორედ ამიტომ არიან ისინი განსაკუთრებულნი. მხოლოდ ტექნიკური უნარებით კი არა, კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალური და ემოციური უნარებითაც, რომლებიც საზოგადოებასთან აკავშირებთ, რომელიც იმაზე ფართოა, ვიდრე ისინი თვითონ არიან.

ეს შესაძლებლობები თითოეულ კურსდამთავრებულთან ერთად გაფართოვდება. ისინი სხვებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რაც მათ საშუალებას მისცემთ ღრმად ჩაერთონ იმის განხილვაში, თუ სად უნდა იყოს საქართველო თანასწორობისა და დემოკრატიის ფართო დისკუსიაში.

ახლა რთული დროა და ბაზარი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არსებობას მოითხოვს. რეალურად, მათ უნდა იფიქრონ მომავალზე, და იმაზეც, თუ როგორი მსოფლიო გვსურს. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ავტოკრატიული გადაწყვეტილების შედეგებით არ ზარალდებოდეს, და თუ კრიტიკული აზროვნების უნარი კარგად არ გაქვთ განვითარებული, უფრო სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილებების ავტოკრატიულად მიღების მეთოდებში ჩაერთვებით და მხარს დაუჭერთ მათ.

ეს სტუდენტები ასეთები არ არიან. ისინი მოაზროვნენი იქნებიან, რაც უკვე ცხადად ჩანს. შედეგად, ისინი საშუალებას მისცემენ საქართველოს და ქართველებს, ისე შეხედონ მომავალს, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის იქნება უმჯობესი. ჩვენ კი ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ ასეთ ახალგაზრდებში ინვესტიციით, საქართველოსთან ერთად მივაღწიოთ ამ შედეგს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს

თუ პოტენციური ინვესტორების გაოცება გსურთ, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოთ

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ