გაიცანით მექანიკური მიმართულების 26 წლის ინჟინერი საქართველოდან ვასილ ბერუაშვილის ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"თვალს თუ გადავავლებთ განვითარებულ ქვეყნებს − იაპონიას, გერმანიას, აშშ-ს და სხვ. მათი განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია ტექნიკურ ინდუსტრიასთან, ტექნიკა კი ამ სპეციალობის გარეშე უბრალოდ ეკრანზე ლამაზ დიზაინად დარჩება", − ვასილ ბერუაშვილი.
თანამედროვე სამყაროში მექანიკური ინჟინერია, ისევე, როგორც ყველა სხვა სამეცნიერო დარგი, აქტიურად ვითარდება. შესაბამისად, ჩნდება ახალი ტენდენციებიც, რომლებიც ინდუსტრიის მომავალს ნათლად დაგვანახებს. იმის გათვალისწინებით, რომ მექანიკური ინჟინერიის შესწავლა დიდ დროით რესურსს მოითხოვს, წლების განმავლობაში აღნიშნულ სფეროში კადრების დეფიციტი იყო, თუმცა ახლა, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით სპეციალისტებზე მოთხოვნა და ანაზღაურება ყოველდღიურად იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება მექანიკური ინჟინერიით.
Entrepreneur მკითხველს 26 წლის ქართველ მექანიკური მიმართულების ინჟინერს − ვასილ ბერუაშვილს გაგაცნობთ, რომელსაც ღრმად სწამს, რომ მექანიკური ინჟინერია მნიშვნელოვნად გვიმარტივებს ცხოვრებას, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა ყოველთვის იარსებებს.
ვასილ, იქნებ უპირველესად მკითხველს განვუმარტოთ − რა არის მექანიკური ინჟინერია და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში?
მექანიკური ინჟინერია ერთგვარი შემოქმედებაა, რომელიც მორგებულია რეალობას, აქვს ზუსტი პარამეტრები, მახასიათებლები, და წარედგინება ტექნიკური მოთხოვნები. ყველაზე დიდი გამოგონება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს − ბორბალია. ბორბალი ხომ თავისით არ შექმნილა და საკუთარი ადგილი არ უპოვია ადამიანის ცხოვრებაში − ის ადამიანის შემოქმედების შედეგია, რომელსაც ზუსტი ფუნქცია აქვს.
მექანიკური ინჟინერია არის საინჟინრო დარგი, რომელიც აერთიანებს საინჟინრო ფიზიკისა და მათემატიკის პრინციპებს, მასალათმცოდნეობას, მექანიკური სისტემების დიზაინს, დატვირთვებისა და ფორმათწარმოქმნის ანალიზს − პროდუქციის წარმოებისა და მექანიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
დღეს მექანიკური მიმართულების ინჟინრები საქმიანობენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კომპოზიტები, მექატრონიკა და ნანოტექნოლოგია, კოსმოსური ინჟინერია, მეტალურგიული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, სტრუქტურული ინჟინერია, ელექტროინჟინერია, წარმოების ინჟინერია, ქიმიური ინჟინერია, სამრეწველო ინჟინერია და სხვა. ეს სფერო ყოველდღიურ განვითარებას მოითხოვს − ის, რაც აქტუალურია დღეს, ხვალ უკვე მოძველებულია. ტექნოლოგიები, რომლებიც 3 წლის წინ იყო, დღევანდელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
მექანიკური ინჟინერია გვიმარტივებს ცხოვრებას იმით, რომ სხვაგვარ აზროვნებას გვიყალიბებს, გვძენს უნარს, უბრალო იდეა რომელიღაც ნივთზე რეალობად ვაქციოთ და ხორცშესხმული ვნახოთ − არ აქვს მნიშვნელობა ეს თვითმფრინავის ფრთაა თუ დეკორაციული ნაძვის ხე, რომელსაც კედელზე დავკიდებთ. დღეს შესაძლოა ხიდის სიმტკიცეზე გაანგარიშებას ვაკეთებდე, ხვალ ოპტო-მექანიკური სისტემის კონსტრუქციას, ზეგ დატვირთვას ვანგარიშობდე თვითმფრინავის შასის დგარზე. ფართო საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ერთი შეხედვით განსხვავებული საკითხებია, მაგრამ არა მექანიკური ინჟინერიისათვის.
ვინ/რა იყო თქვენთვის ინსპირაცია მომავალი პროფესიის არჩევის დროს?
როგორც ასეთი, პიროვნება არ ყოფილა, პროცესი უფრო იყო ჩემთვის ინსპირაცია. ყოველთვის მაინტერესებდა რა როგორ მუშაობს, ამ ინტერესს კი ბევრი ნივთი ემსხვერპლა: დავშლიდი, შევისწავლიდი და აწყობა უკვე საინტერესო აღარ იყო ჩემთვის. ახლა პირიქით − იდეიდან მზა პროდუქტამდე ყველა პროცესს ნულიდან ვიწყებ: დაპროექტება, მასალების შერჩევა, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა, აწყობა და ტესტირებისთვის თვალის დევნება.
მოგვიყევით მეტი თქვენი განვლილი გზის შესახებ − რა ნაბიჯები გაიარეთ, ვიდრე მექანიკური ინჟინერი გახდებოდით?
ადრეული ასაკიდან ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ვიყავი დაინტერესებული. მაინტერესებდა, რა და როგორ მუშაობს და ვეძებდი გზას, რათა მაქსიმალურად მიმეღო ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია.
2014 წელს გამოცდები ჩავაბარე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საჰაერო ხომალდების დაპროექტების მიმართულებაზე. მინდოდა, ავიაკონსტრუქტორი გავმხდარიყავი და გავხდი კიდევაც. მიმაჩნდა, რომ თვითმფრინავი არის ყველაზე კომპლექსური აპარატი და მისი დაპროექტების შესწავლა ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მომცემდა.
2018 წელს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, სრული დაფინანსებით გამოცდები ჩავაბარე მაგისტრატურაზე, მექანიკური ინჟინერიის მიმართულებაზე ჩეხეთში, ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთ წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა ევროპაში ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. 2020 წელს მაგისტრატურა წარმატებით დავასრულე.
2020 წელს გამოცდები ჩავაბარე დოქტორანტურაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. დისერტაციის თემის აქტუალურობის გამო გავხდი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რაც სწავლის სრული დაფინანსების გარდა, საშუალებას მაძლევს, გამოვაქვეყნო სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე საზღვარგარეთ.
წყარო: EOS SAR
2020 წლიდან ვიმუშავე არაერთ მაღალტექნოლოგიურ პროექტზე, რომელიც ეხებოდა კომპლექსური სისტემების დაპროექტებას, წარმოებასა და გამოცდას.
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად. ასევე, ვმუშაობ მკვლევრის პოზიციაზე ადრონული თერაპიის ცენტრში. ეს ცენტრი ემსახურება სიმსივნის დასხივებას პროტონებით, რის შედეგადაც კლასიკურ სიმსივნესთან ბრძოლის მეთოდისგან განსხვავებით, ადამიანის ორგანიზმი მინიმალურ ზიანს იღებს და მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია. აგრეთვე: მონაწილეობას ვიღებდი ამერიკული კოსმოსური კომპანიისთვის ორბიტული და გეოსტაციონარული თანამგზავრის გასაშლელი რეფლექტორის დაპროექტებასა და აწყობაში, ასევე, მისი საკვალიფიკაციო ვარიანტის გამოცდაში; ვმუშაობ მექანიკური მიმართულების ინჟინრად ისრაელში დაფუძნებულ კომპანიაში, რომელიც აწარმოებს წამყვან კომპლექსურ სისტემებს უსაფრთხოების სფეროში. ვარ მიწვეული ლექტორი და ინსტრუქტორი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე.
ვასილ, თქვენთვის რას ნიშნავს, იყოთ მექანიკური მიმართულების ინჟინერი?
დღევანდელ რეალობაში, გერქვას ინჟინერი, გამოწვევაა, ვინაიდან უნდა იყო ინოვატორი, გამომგონებელი, შემოქმედი, უნდა შეგეძლოს სწრაფად ადაპტირება. ტექნოლოგიური სამყარო ხომ ყოველდღე ვითარდება... როგორც ინჟინერს, უნდა შეგეძლოს გააანალიზო ის, თუ რა იქნება აქტუალური 2-3 წელიწადში, რათა კონკურენტუნარიანი პროდუქტი შეიმუშაო.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ხომ არ აპირებთ რაიმე სახის კვლევების ჩატარებას, პროექტების განხორციელებას, ახალი მიმართულებების შესწავლას და ა.შ.?
ამ ეტაპზე რამდენიმე საკითხის განვითარებაზე ვმუშაობ. ჩემი სპეციალიზაცია ავიაკონსტრუქტორია, რომელიც მექანიკური ინჟინერიის ერთ-ერთი მიმართულებაა. როგორც ვიცით, თვითმფრინავში ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, განსაკუთრებით მის საიმედოობასა და მასას. ჩემი სამაგისტრო ნამუშევარი უახლესი Airbus A350-ის კონსტრუქციული კვანძის მასის შემცირებას ეხებოდა, რასაც მისი საიმედოობა არ უნდა გაეუარესებინა. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვას ახლა სამშენებლო სფეროში ვცდილობ, სადისერტაციო ნაშრომიც აღნიშნული პროცესის გარშემოა. ამ ყველაფრის გარდა, ჩართული ვარ პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება − ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ორი ციკლოტრონია, ერთი მათგანი სიმსივნის უახლესი მეთოდით სამკურნალოდ გამოიყენება, მეორე კი სამეცნიერო კვლევებისთვის. მეორე ამაჩქარებლის საშუალებით, შესაძლებელი იქნება კონსტრუქციულ მასალებზე დასხივების შედეგად მათი მექანიკური მახასიათებლების ცვლილების შესწავლა, ასევე, სხვა სისტემების ქცევაზე დაკვირვება, როდესაც მათზე პროტონებით დასხივება ხდება. ეს საკითხი აქტუალურია კოსმოსური თანამგზავრების რადიაციული მედეგობის შესასწავლად.