Get All Access for $5/mo

''Stepn-ის პოპულარობა მცირე ხნით ძალიან გაიზრდება და შემდეგ სწრაფად დავარდება'' - ნანა დიხამინჯია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აპლიკაცია Stepn-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე, საზოგადოების ნაწილი მაინც სკეპტიკურად რჩება განწყობილი მის მიმართ და არცთუ უმიზეზოდ. კრიპტოსამყაროს, განსაკუთრებით კი მსგავსი ჟანრის თამაშების მიმართ ნდობის ჩამოყალიბება გარკვეულ დროს და წონად არგუმენტებს მოითხოვს, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ მომავლის პერსპექტივად რჩება.

Entrepreneur, აღნიშნულ კრიპტოთამაშთან დაკავშირებით ტექნოლოგიურ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველ პროფესორს, გამოყენებითი მათემატიკის დოქტორს, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორსა და ქალთა ტექნოლოგიურ გაძლიერებაში განსაკუთრებული წვლილის მქონე სპეციალისტს, ნანა დიხამინჯიას ესაუბრა.

ქალბატონო ნანა, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კონკრეტულად Stepn-ის შესახებ. რამდენად რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს ეს თამაში თანხის გამომუშავებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენისთვის?
Stepn არის P2E (Play to Earn − ითამაშე გამომუშავებისთვის) ტიპის თამაში, სადაც რაიმე აქტივობით ხდება სხვადასხვა სახის ტოკენის ან კრიპტოვალუტის გამომუშავება, ოღონდ თამაშს აქ NFT-ბოტასებით სიარული წარმოადგენს, ამიტომ Stepn არის ამ მასშტაბის პირველი move-2-earn (იმოძრავე გამომუშავებისთვის) აპლიკაცია, რომელშიც ჩაშენებულია GameFi და SocialFi (თამაშებისა და სოციალური ელემენტების ინტეგრირება დეცენტრალიზებულ ფინანსებთან, ანუ ბლოკჩეინის აპლიკაციებთან მონეტიზაციის მიზნით).

თავად ამ აპლიკაციის შემქმნელთა გაცხადებული მიზანია, ადამიანები მიმართონ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, უფრო ზუსტად კი − წააქეზონ მეტი სიარულისკენ. აპლიკაციაში ჩართვა, ანუ NFT-ბოტასების შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები პირად მწვრთნელებზე ბევრად მეტ თანხას ხარჯავენ. უდავოა, რომ შემქმნელთა და ინვესტორთა რეალური მიზანი არის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა, საკუთარი ტოკენებისა და კრიპტოვალუტის გავრცელება, მაგრამ ისინი არ ჰპირდებიან მომხმარებელს, რომ ის რაიმე მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს ამ ინვესტიციით. თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ მხოლოდ სიარულით ფულის გამომუშავების შესაძლებლობა NFT-ბუმის დროს, რომელიც კლასიკური ბიზნესმოდელების სივრცეს არღვევს და აჩვენებს გამდიდრების მოულოდნელ მაგალითებს, მაშინვე მიიზიდავდა ადამიანთა ჯგუფებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

იმავე დროს, Stepn-ის არსებული მოდელიდან არ ჩანს, რომ ამით გამდიდრება რეალისტურია, უბრალოდ შესაძლოა ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიღოს საგრძნობი მოგება, მაგალითად, ე.წ. გაძლიერებული ბოტასების გაყიდვით. გარდა ამისა, მოდელში უკვე შეიტანეს მცირე ცვლილებები და სავარაუდოდ, ცვლილებები კიდევ იქნება, რაც აპლიკაციის გავრცელება-გამოყენების მასშტაბებზეა დამოკიდებული და ართულებს ინვესტირების მოგების პროგნოზირებას. როგორც აპლიკაცია − Stepn, ძალიან საინტერესოა, სწორედ იმიტომ, რომ ახლა ამ ტიპის ექსპერიმენტების დროა: ქაოსურად ვიკვლევთ, რა ფუნქციონალი შეიძლება შეიძინოს NFT-მ და რა ახალი ბიზნესმოდელები შეიძლება გაჩნდეს დეცენტრალიზებული ფინანსების ინტეგრირებით სხვადასხვა თამაშთან, სოციალური ურთიერთქმედების, სამსახურებრივ თუ გასართობ სივრცეებთან. თითქოს ჩვენ თვალწინ ახალი პატარ-პატარა სამყაროები აღმოცენდება, სადაც წესები ამ სამყაროს თემისმიერი შეთანხმებებით ყალიბდება, ანუ ფინანსური სისტემები, რაც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ძირითადად ევოლუციურად ვითარდებოდა, ახლა სხვადასხვა ჯგუფის მიერ ხელოვნურად და ძალიან სწრაფად იქმნება. რთულია პროგნოზი, რომელი სამყაროები გაიზრდება და რომლები გაქრება, მაგრამ კლასიკური ბიზნესმოდელების გარდაქმნა რომ გარდაუვალია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ექსპერტთა მიერ StepN-ის შეფასებებზე დაყრდნობით მისი განხილვა, როგორც ფულის გამომუშავების სტაბილური წყაროსი, თავის მოტყუება იქნებოდა, მაგრამ ის შეიძლება იყოს ძალიან კარგი მოტივაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის ასათვისებლად. ეს პარადოქსულად ახასიათებს თანამედროვე ცხოვრებას − უფრო მეტი ალბათობაა, რომ ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ მაშინ, თუკი ფულად ინვესტიციას ახორციელებენ, ვიდრე გამოიყენონ უამრავი უფასო და იაფი ფიტნესაპლიკაცია. ფინანსური მოდელის კუთხით ის შეიძლება პირამიდასაც კი შევადაროთ, საიდანაც მონაწილეთა მცირე ნაწილი იღებს დიდ მოგებას იმ ბევრი ადამიანის ხარჯზე, ვინც ცოტა ფულს მაინც კარგავს. თუმცა გამორიცხული არაა, რომ მისმა ავტორებმა უფრო დახვეწონ მოდელი და მოგების მიღების ახალი თვისებები შესძინონ აპლიკაციას.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, მსგავსი, არაფრით გამყარებული ტოკენები, სპეკულაციური ხასიათისაა და სრულად მომხმარებელთა და შემქმნელთა ნდობასა და რწმენაზეა დამოკიდებული. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა ტიპის საფრთხეებს გამოარჩევდით ამ მიმართულებით?
ის, რაც დღეს ხდება ტოკენებთან დაკავშირებით, სინამდვილეში არის იმ მოდელების მასშტაბირება და გაძლიერება, რაც გარკვეულწილად არსებობდა კომპიუტერული თამაშების სამყაროში, ან უფრო ადრე − თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე, თუნდაც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ერთი მხრივ, ძირითადი საფუძველი, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს, იმედის გაყიდვაა. იმედის, რომ კონკრეტული კომპანიის აქცია ან კრიპტოვალუტა უფრო ძვირადღირებული გახდება, რომ რომელიღაც აბსტრაქციის ფასი გაათმაგდება მომავალში. უბრალოდ NFT-ს შემთხვევაში ზრდის მოცულობა რამდენიმე თანრიგით მეტი შეიძლება იყოს. იმავე დროს, თამაშების სივრცეში მოპოვებული ხმლის თუ პერსონაჟის კანის გაყიდვა, რომელსაც ამავე თამაშში შეუძლია სტატუსის ამაღლება ან ფუნქციონალის გაძლიერება, ათეული წლებია ნაცნობია მოთამაშეებისთვის.

ზოგადად, ფიზიკურ სამყაროში ბევრი სპეკულაციური ხასიათის გაყიდვადი ობიექტი არსებობს, რისი ღირებულებაც ეფუძნება სტატუსის, პრესტიჟის ან იმედის ცნებას. მაგალითად, ჯერ კიდევ უძველეს ტომებში ღმერთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად შამანისთვის მიტანილი ძღვენი, იშვიათი მარკების კოლექცია თუ "როლექსი", რომლის მთავარი დანიშნულება მფლობელის სიმდიდრის დადასტურებაა. სწორედ ამ მოდელებს იმეორებს, თუმცა ბევრად გაზვიადებული მასშტაბით და რეალური დანიშნულების თითქმის სრულად გაუქმებით, NFT-ზე დაფუძნებული აპლიკაციები თუ პლატფორმები. ტოკენების ღირებულება მეტწილად დამოკიდებულია კონკრეტული პლატფორმის თემის მიერ შეთანხმებაზე და წესების აღიარებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენს გამოიმუშავებენ Stepn-ის ქართველი მოთამაშეები?

მთელ ამ პროცესში მე ვხედავ როგორც უზარმაზარ შესაძლებლობებს, ისე დიდ საფრთხეებს − ინტერნეტს გამთანაბრებლის როლი ჰქონდა და ცოდნაზე სწრაფმა წვდომამ შეამცირა ადამიანთა დამოკიდებულება მატერიალურ ობიექტებზე. ის, რასაც დღეს Web3-ის განვითარება გვთავაზობს, ერთი მხრივ არის გზა, თავი დავაღწიოთ მოძველებულ ეკონომიკურ მოდელებს და უკეთესი, უფრო ხელმისაწვდომი და სამართლიანი სამყარო შევქმნათ, მეორე მხრივ კი რისკი, რომ ციფრულ სივრცეში გადმოვიტანთ უთანასწორო საზოგადოების დღეს არსებულ წესებს და თან სრულიად უსარგებლო და უშედეგო მოქმედებებზე დროს დავახარჯვინებთ ადამიანებს ფულის გამომუშავების იმედით.

რადგან P2E თამაშში ფულის გამომუშავება მხოლოდ ჯგუფის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, რატომ ვერ გახდება ასეთივე პოპულარული თამაში, რომელიც სიარულში კი არა, ხანგრძლივად ჯდომაში იძლევა ფულს, ან ეკრანზე კატების დევნაში? შეგვიძლია ამავე დროს გავიხსენოთ აზარტული თამაშების პოპულარობა, სადაც ასევე უზარმაზარი ფული ტრიალებს და ამ ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი მომხმარებელში რისკით გამოწვეული ადრენალინი და/ან იოლი მოგების მიღების დაპირებაა, რაც ნებისმიერ თამაშში შეიძლება ჩაიდოს, რომელიც ფულის გამომუშავება-დაკარგვას უკავშირდება.

როგორია თქვენი პროგნოზი Stepn-ის მომავალთან დაკავშირებით? შესაძლოა თუ არა, რომ ახლო მომავალში მისი სრულად გაუფასურების მომსწრენი გავხდეთ?
ჩემი აზრით, StepN-ის პოპულარობა მცირე ხნით ძალიან გაიზრდება და შემდეგ სწრაფად დავარდება. თუმცა შემქმნელები იმასაც გვპირდებიან, რომ აპლიკაციის მოდელი უფრო დაიხვეწება და ფუნქციურად მრავალფეროვანი გახდება, რაც ფულის გამომუშავების მოდელს უფრო დაფუძნებულს გახდის. დღეს Web3 დუღს და ბევრი რამეა იმაზეც დამოკიდებული, ე.წ. ზოგადი Metaverse, ანუ მეტასამყარო, რომელიც შეიძლება ერთი, რამდენიმე ან ათასობით ვირტუალური სამყაროთი შეიძლება იქნას წარმოდგენილი, როგორ განვითარდება, რამდენად მეინსტრიმული გახდება, რა სახის ფუნქციონალით იქნება აღჭურვილი კრიპტოვალუტების მიმოცვლისა თუ ტოკენების უნივერსალური გამოყენების კუთხით. ჯერჯერობით მხოლოდ იმის ჩანასახს ვხედავთ, რაც სავარაუდოდ 5-10 წელიწადში ადამიანთა ურთიერთობისა და ეკონომიკის ძირითადი სივრცე გახდება. ვფიქრობ, შემდგომ წლებში ბევრი მსგავსი აპლიკაცია გაჩნდება და გაქრება.

StepN-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისაა, რომ მისი ინვესტორები ძალიან გამოცდილი, ცნობილი და ძლიერი კომპანიები არიან, რაც ამცირებს StepN-ის გაუფასურების ალბათობას, მაგრამ ამავე დროს, ეჭვი მეპარება, მისი ბიზნესმოდელი ძალიან მდგრადი იყოს, სწორედ იმიტომ, რომ მონაწილეებისგან ფიზიკურ აქტივობასაც მოითხოვს და ფინანსური ინვესტიციის სწორ დაგეგმვასაც.

გაგვიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება ზოგადად კრიპტოსამყაროს მიმართ? არის თუ არა ეს ინვესტირების ახალი ერის დასაწყისი?
კრიპტოსამყარო საკმაო მოცულობით ერევა არსებულ ფინანსურ მოდელებში და ინვესტირების კუთხით ახალიც აღარ ეთქმის, უკვე იმხელა გავლენა აქვს ბაზარზე. როგორც ნებისმიერი რყევითი ტიპის ცვლილების დროს, კრიპტოსამყაროში და ზოგადად Web3-ში ინვესტირების რისკ-ფაქტორები რამდენადაც მაღალია, იმდენად მეტია სავარაუდო მოგება. ყველაზე თავშეკავებული პროგნოზითაც კი, გლობალური კრიპტოვალუტის ბაზარი სამჯერ გაიზრდება 2030 წლისთვის. ცხადია, სკეპტიკური შეფასებებიც არსებობს, რომლის თანახმად, Web3-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება და ეს ბაზარი ჩამოიშლება, მაგრამ მათი წილი გაცილებით ცოტაა. დიდი ხანია აშკარაა, რომ კლასიკური სავალუტო ბაზრის საკანონმდებლო თუ გეოპოლიტიკური ჩარჩოები შემაფერხებელია სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დეცენტრალიზებული ფინანსური პლატფორმების არსებობა, რასაც ბევრი დამატებითი სარგებელი მოჰყვება. სავარაუდოდ, რამდენიმეწლიანი ქაოსური აფეთქებებისა და ვარდნის შემდეგ, კრიპტოვალუტის სამყარო მეტნაკლებად ჩამოყალიბდება და სტაბილური გახდება, თუმცა დღევანდლისგან სრულიად განსხვავებული წესებითა და რეგულაციებით. ჯერჯერობით კი ყველა მიმართულებით ექსპერიმენტების დროა, რაც ბევრ სიახლეს მისცემს ბიძგს, მათ შორის ისეთ ეკონომიკურ მოდელებსაც, რომლებზეც დღეს ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ