Get All Access for $5/mo

teamtwo - პროექტირების დასავლური გამოცდილება ქართულ სივრცეში ვინ როგორ აშენებს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დღესდღეობით, პრინციპი − "ყველაფერი ერთ სივრცეში", ბევრ ბიზნესსფეროსა და ინდუსტრიაში აქტიურად იკიდებს ფეხს. რაიმე კონკრეტული სერვისის მისაღებად, მომხმარებელი ყოველთვის ერთ, სისტემურ კომპანიას ანიჭებს უპირატესობას, ნაცვლად იმისა, რომ კომპლექსური ამოცანის ამოსახსნელად, სერვისის სხვადასხვა მომწოდებლებს მიმართოს. ცხადია, პროექტირების სფეროც მსგავსი რთული და რამდენიმე ეტაპის მომცველი ბიზნესია, სადაც არქიტექტორების, კონსტრუქტორებისა და ინჟინრების ჩართულობა, შენობის სასურველი იერსახის მისაღებად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვინაიდან ქართულ ბაზარზე ძნელად თუ შეხვდებით ამ სამი მიმართულების ერთიან, კოორდინირებულ ორგანიზაციას, მშენებლობის პროექტირების ეტაპი რთულდება, ძვირდება და ხშირად დროშიც იწელება. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, 2019 წელს ქართულ ბაზარზე დაარსდა კომპანია teamtwo, რომელიც არქიტექტორების, ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ჯგუფისა და BIM-ტექნოლოგიის დახმარებით, პროექტირების ყველა სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომხმარებელს, შენების ამ ეტაპზე, ცხოვრებას უმარტივებს.

კომპანია teamtwo-ს გუნდი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 20-მდე ახალგაზრდა პროფესიონალითაა დაკომპლექტებული. მათ უმუშავიათ ისეთი საერთაშორისო მასშტაბის ფრენჩაიზების პროექტებზე, როგორებიცაა Marriot, Hilton, Hyatt და IHG. ეს არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანია დამკვეთს ოთხ ძირითად მიმართულებაზე მუშაობას სთავაზობს. ესენია: არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო და ქალაქგეგმარებითი ნაწილები. ეს პროცესები საკმარისია საიმისოდ, რომ დამკვეთმა სწორად დააპროექტოს, შეათანხმოს პროექტი და შემდგომ, განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი.

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ადამიანისთვის, ისევე როგორც ბიზნესისათვის, დრო ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ რესურსად იქცა. რასაკვირველია, საპროექტო სფერომაც ფეხი უნდა აუწყოს ამ რეალობას და teamtwo-ს მთავარი, სტრატეგიული მიდგომაც სწორედ ამაში მდგომარეობს. კომპანიამ დაარსების დღიდან მიზნად დაისახა, დამკვეთისათვის მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო გარემო შეექმნა, პროექტი დამატებითი ადამიანური რესურსების მოძიების გარეშე სრულეყო და გარდა არქიტექტურულ-საინჟინრო მომსახურებისა, სამშენებლო და სხვა ტიპის პროცესებში გაეწია კვალიფიციური კონსულტაცია.

თავად კომპანიის სახელიც − teamtwo, კომპანიასა და დამკვეთს შორის არსებულ სინერგიას აღნიშნავს, სადაც ამ ორი "გუნდის" შეთანხმებული და მიზნობრივი ნაბიჯებით, პროექტის სრულყოფილი სახე მიიღწევა.

მეტი დეტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur კომპანია teamtwo-ს თანადამფუძნებელსა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს, ირაკლი გოგოხიას გაესაუბრა.

"ჩვენს გუნდს ამ ინდუსტრიაში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. გაერთიანებამდე, სამივე დისციპლინა დამოუკიდებლად ვმუშაობდით და მთლიან საპროექტო პროცესში ცალკეულ რგოლებს წარმოვადგენდით. ჩვენ კარგად ვხედავდით იმ ხარვეზებს, რაც ცალ-ცალკე მუშაობით იყო გამოწვეული. ერთ პროდუქტზე ამ სამი მიმართულების ერთმანეთისგან დისტანცირებულად მუშაობა, როგორც წესი, არაოპტიმიზებული, დროში გაწელილი და ხარვეზიანი პროექტების მთავარი გამომწვევი მიზეზი ხდებოდა", − აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი გოგოხიამ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია teamtwo-ს საერთაშორისო დონის პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. გუნდის არქიტექტორები ამერიკული კომპანია Base4-ის ქსელის ქართულ ოფისში მუშაობდნენ. მათი მთავარი ამოცანა, სამშენებლო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლი იყო. ქართველი არქიტექტორები, 200-ზე მეტ, ამერიკული ბაზრისთვის გათვლილ პროექტში იყვნენ აქტიურად ჩართული და ქართული ფილიალი იმდენად განვითარდა, რომ მალევე, საერთაშორისო ქსელის ფუნქციონირების საკვანძო ადგილი დაიკავა. სწორედ საქართველოდან ხდებოდა მნიშვნელოვანი პროექტების დელეგირება აშშ-ში, ინდოეთსა და დომინიკის რესპუბლიკაში, ხოლო გლობალური ქსელიდან მიღებულ ნამუშევრებს ქართული მხარე ამოწმებდა და ადასტურებდა.

"გარდა პროექტებზე მუშაობისა, ჩვენმა გუნდმა პროცესების მართვის ცოდნაც შეიძინა. Base4-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ბრენდულ სასტუმროებთან მუშაობა იყო. 200-ზე მეტი შესრულებული პროექტით, ქართულმა მხარემ უდიდესი გამოცდილება მიიღო ამ გლობალურ ბრენდებთან კომუნიკაციაში, მათი სტანდარტისა და ნარატივების შესწავლაში. დღეს, როდესაც ინვესტორს ქართულ ბაზარზე უცხოური, ცნობილი ბრენდი შემოჰყავს, მისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის მოძებნა, ვისაც ამ გლობალურ ფრენჩაიზებთან მუშაობისა და ურთიერთობის გამოცდილება აქვს, რაშიც ჩვენი გუნდი ერთ-ერთი მოწინავეა", − ირაკლი გოგოხია.

აღსანიშნავია, რომ teamtwo-ს კონსტრუქტორებსაც არანაკლები პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა აქვთ დაგროვილი გერმანული ქსელის ქართულ ფილიალში მუშაობისას, რასაც ისინი აქტიურად იყენებენ თავიანთ დღევანდელ საქმიანობაში.

მოგეხსენებათ, ე.წ. BPO (Business process outsourcing) საქართველოში ძალიან პოპულარული ხდება. უცხოური კომპანიებისთვის ქართული შრომითი ბაზარი რიგი ფაქტორიების გამო მიმზიდველია და აღსანიშნავია, რომ პროექტირების სფეროში გვყავს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები. სწორედ ამიტომ, ეს მათთვის ბიზნესპროცესების საქართველოში წარმოების განმაპირობებელი ხდება. მსხვილი უცხოური კომპანიების დაინტერესებაში პროექტს "აწარმოე საქართველოში" საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, teamtwo-ს გუნდის წევრებსაც საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში ეს სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარა.

მაინც რა გამოარჩევს teamtwo-ს ქართულ ბაზარზე? − თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ორი საკვანძო ფაქტორის ერთობლიობა − თანამედროვე ტექნოლოგიები და პროცესის გამართული მენეჯმენტი.

teamtwo პროექტირების პროცესში აქტიურად იყენებს BIM, ანუ მშენებლობის ინფორმაციული მოდელირების ტექნოლოგიას. ეს სისტემა მსოფლიო ბაზარზე არახალია, თუმცა საქართველოში არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა. როგორც ირაკლი გოგოხიამ გაგვანდო, "მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო ინდუსტრია საქართველოში BIM-ტექნოლოგიამდეც არსებობდა, ეს თანამედროვე მიდგომა მთელი რიგი უპირატესობების გამოყენების საშუალებას გვაძლევს. უპირველეს ყოვლისა, ესაა დროის დაზოგვა. სამივე დისციპლინა (არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი) ერთ სივრცეში პარალელურად მუშაობს, რითაც შეცდომების დაშვების ალბათობა მცირდება და პროექტი შედარებით სწრაფად ხორციელდება. ამ სისტემაში ხაზვის ნაწილი მინიმუმამდეა დაყვანილი და ძირითადი დრო, ტექნიკური გადაწყვეტების მოფიქრებას ეთმობა".

ხშირად, მზა პროდუქტი, რომელსაც კონსტრუქტორი არქიტექტორისგან იღებს, ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. შეთანხმებულ და დამტკიცებულ პროექტში ჩარევა კი, ერთი მხრივ დამკვეთის უკმაყოფილებასთან, ხოლო მეორე მხრივ ბიუროკრატიულ პრობლემებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომაა, არქიტექტორის, კონსტრუქტორისა და ინჟინრის ერთობლივი მუშაობა აუცილებელი, რაც როგორც ფინანსების, ისე დროის დაზოგვის წინაპირობაა.

გარდა ტექნიკური მხარისა, teamtwo გამორჩეულია საკუთარი სამუშაო კულტურითა და პროცესების სწორი მართვით. ამერიკულ და გერმანულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ, საშუალება მისცა გუნდს, რომ არა მარტო საექსპერტო ცოდნა, არამედ მუშაობის თავისებურებები, გამართული კომუნიკაციისა და პარალელურ რეჟიმში ეფექტიანი ოპერირების აუცილებლობა გაეთავისებინათ და თავიანთ დამოუკიდებელ საქმიანობაში გამოეყენებინათ.

ვინაიდან კომპანია teamtwo 2019 წელს დაარსდა და მიზანშეწონილი იქნებოდა გაგვერკვია, თუ როგორ გაუმკლავდა ასეთი ახლადშექმნილი კომპანია გასული წლის პანდემიურ გამოწვევებს, ამასთან დაკავშირებით ირაკლი გოგოხიამ გვიამბო: "დისტანციური მუშაობის აწყობილმა სისტემამ, თავდაპირველი საკარანტინო პერიოდი მარტივად გადაგვატანინა. ამ რეალობამ დაგვანახვა მომენტი, როცა შეგვეძლო ამოგვესუნთქა, შეგვეფასებინა წარსული და ახლებური ძალებით დავბრუნებოდით ბიზნესს. ზოგადად, ინდუსტრიას, პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა, რადგან ბევრი დაგეგმილი პროექტი გაჩერდა, თუმცა ამის მიუხედავად, იყო ნიშები, რომლებიც აქტიურად განაგრძობდნენ მუშაობას. გაგვიმართლა იმაში, რომ ამ კონკრეტულ ნიშებს, როგორებიც სასტუმროების მშენებლობაა, საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით დავხვდით. მიუხედავად ტურიზმის შეჩერებისა, სამომავლო პროგნოზები ოპტიმიზმის საბაბს იძლეოდა და ვინაიდან სასტუმროს შენება 2-3-წლიანი პროცესია, პანდემია ზოგიერთი ბიზნესმენისათვის შესაძლებლობის ფანჯრად იქცა".

ირაკლი გოგოხიამ ასევე აღნიშნა, რომ მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა კერძო სახლების მიმართულებითაც. სტანდარტულ მოთხოვნასთან შედარებით, პანდემიის დროს გაცილებით მაღალი იყო ინტერესი, დაბალბიუჯეტიანი, თუმცა მაინც კერძო სახლების მიმართ. რაც შეეხება მრავალბინიანი სახლების პროექტებს, მათ გადარჩენაში დიდი როლი, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამაც ითამაშა.

დღეის მდგომარეობით, teamtwo 15 მიმდინარე პროექტზე მუშაობს. სულ ახლახან, გაიხსნა სასტუმრო "მანინო უწერა", რომელიც კომპანიის გუნდმა დააპროექტა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროზე. ეს მასშტაბური პროექტი 149-ნომრიან, 6300 კვადრატული მეტრი ფართის მქონე სასტუმროსა და ვრცელ სარეკრეაციო სივრცეს აერთიანებს. teamtwo-მ ამ ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა და პროექტის კონცეფციიდან მის დასრულებულ სახემდე მიყვანის პროცესს აგრძელებს.

ივნისის დასაწყისში, კომპანიამ "დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციასთან" მემორანდუმი გააფორმა, რომელიც საქართველოში სამეწარმეო კუთხით, საპროექტო მხარდაჭერას ითვალისწინებს. ვინაიდან, ადგილობრივ ბაზარზე საწარმოო ხაზების გამართვის გამოცდილება არაა, მეწარმეებს უცხოური გამოცდილების გაზიარება და ადაპტაცია უწევთ. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე კომპანია teamtwo-ს პროცესში ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

teamtwo ბრიტანულ არქიტექტორულ კომპანია Obrien Van Der Steen ერთად, ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო − დატკეპნილი გრუნტის ტექნოლოგიით, კახეთში ღვინის ერთ-ერთ საწარმოს აშენებს. ესაა ადგილზევე ამოღებული მიწის შემდგომი გადამუშავებით, სამშენებლო მასალად ქცევა და ე.წ. უდანაკარგო წარმოების სახე, რომელსაც ბელგიური კომპანია აწარმოებს და უკვე რამდენიმე ქართველი მეწარმისთვისაც საინტერესო გახდა. ეს კონკრეტული პროექტი, ერთი მხრივ, teamtwo-ს ამ ტექნოლოგიაზე მუშაობის ექსკლუზიურ ცოდნას შესძენს, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე ექსპერიმენტებსა და სიახლეებს წაახალისებს. საქართველოში არქიტექტურის, როგორც ბრენდის, საიმიჯო, არამატერიალურ ღირებულებად გარდაქმნა, სულ უფრო აქტუალური ხდება და teamtwo-ც სწორედ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული.

Entrepreneur-თან საუბრისას, ირაკლი გოგოხია თავისი კომპანიის სამომავლო გეგმებსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ teamtwo მიისწრაფვის, გუნდის ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე სხვა მოთამაშეებსაც გაუზიაროს.

"გვსურს ქართული ბრენდის სახელით გავიდეთ ექსპორტზე და ჩვენი ცოდნა და გამოცდილება უცხოურ ბაზრებზე გავიტანოთ. რადგან ცალ-ცალკე, საერთაშორისო პროექტებზე საკმაოდ წარმატებით გვიმუშავია, გვჯერა, რომ teamtwo-ს აქვს პოტენციალი ევროპული და ამერიკული ბაზრები დააინტერესოს. ამ ეტაპზე, გვყავს პარტნიორი კომპანია გერმანიაში − DG Consult, რომელიც ქართულ და გერმანულ მხარეებს დაკავშირებაში ეხმარება და უკვე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ რამდენიმე ევროპელ დამკვეთთანაც. ახლა, მთავარია გავაჩინოთ დამატებითი ინდიკატორები, რათა ევროპულმა ბაზარმა შეაფასოს ჩვენი ნამუშევრების ხარისხი და ქართულ კომპანიასთან ურთიერთობის უპირატესობები დაინახოს", − ირაკლი გოგოხია.

ირაკლიმ ასევე აღნიშნა, რომ BPO-ს კუთხით, დიდია საქართველოს მიმართ დაინტერესება. არსებობს კავშირი ქართულ და დასავლურ ბიზნესკულტურებს შორის, რაც საქმის წარმართვას ბევრად ამარტივებს. teamtwo-ს თანადამფუძნებლის თქმით, კომპანიები, რომლებიც ექსპერიმენტებს არ ერიდებიან, სულ უფრო თამამად დგამენ ნაბიჯებს საქართველოსკენ. როგორც წესი, 10-დან 9 შემთხვევაში, შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, რომ დასავლური კომპანიებისათვის ქართული შრომითი ბაზრით დაინტერესება და თავიანთი პროცესების საქართველოში წარმართვა, უკვე საკმაოდ ახლო პერსპექტივაა, ხოლო როგორც ირაკლი გოგოხია აღნიშნავს, "ცოდნის გატანით, შემოდის გამოცდილება".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია