Get All Access for $5/mo

A + Learning - პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

A+ Learning-ის პლატფორმა კერძო რეპეტიტორებსა და იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მოემზადონ ნებისმიერ საგანში, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად, ერთმანეთთან დააკავშირებს.

"ვისაც კერძო მასწავლებლის მოძიება უცდია, ყველამ იცის რამდენად რთული პროცესია შეარჩიო ისეთი პედაგოგი, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებით მოგერგება: ლოკაცია, ბიუჯეტი, გამოცდილება და ა.შ.

პრაქტიკაში კერძო რეპეტიტორების მოძიება ძირითადად ახლობლების რეკომენდაციების საშუალებით ხდება, რადგან ამისთვის კომფორტული და მოქნილი წყარო არ არსებობს", - ნინო ჭყოიძე, A + Learning-ის თანადამფუძნებელი.

A+ Learning იქნება ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე და დაინტერესებული პირებისთვის სხვადასხვა კრიტერიუმით შესაბამისი პროფესიონალების მოძიებას უზრუნველყოფს.

სამომავლოდ პლატფორმის საბოლოო სახე გულისხმობს პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას. მაგალითად, მსურველები შეძლებენ გაფილტრონ მასწავლებლები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ჩანიშნონ გაკვეთილის დღეები კალენდარში, სურვილის შემთხვევაში ონლაინ გაცვალონ მასალები, აკონტროლონ სასწავლო პროცესი და ა.შ.

"გვჯერა, რომ განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ამისთვის კი საჭიროა მოქნილი პლატფორმა, რეგიონებსა და ქალაქში პროფესიონალ კერძო რეპეტიტორებთან თანაბარი წვდომა, ინოვაციური მიდგომა სწავლებისადმი, რაც გაამარტივებს სწავლას და გააუმჯობესებს განათლების ხარისხს", - ქეთი ჩუბინიძე, A + Learning-ის თანადამფუძნებელი.

A+ Learning-ის კიდევ ერთი მთავარი ღირებულება იქნება უფასო მიმართულება. პლატფორმის უფასო სექციაზე დარეგისტრირდებიან მოხალისე მასწავლებლები, ასევე ნიჭიერი, მაღალი მოსწრების სკოლის მოსწავლეები ან სტუდენტები, რომლებსაც აქვთ უნარი და საკმარისი ცოდნა, მოამზადონ დაბალი კლასის მოსწავლეები სკოლის სხვადასხვა საგანში.

ქეთი მიიჩნევს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობის (Volunteer Job) შექმნა და გააქტიურება, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია საქართველოში, საზოგადოების განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მოხალისე სტუდენტები და მასწავლებლები დაეხმარებიან სწავლის მსურველებს, ვისაც ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა არ აქვთ.

"ნებისმიერი იდეის განხორციელება ნებისმიერ დროს გარკვეულ სიმამაცეს მოითხოვს. ძალიან ბევრი რისკი, დიდი თუ პატარა დაბრკოლება, შიში არსებობს, რამაც შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმაში ხელი შეგიშალოს. ერთია, გქონდეს იდეა, რომელიც შეიძლება რელევანტურიც და აქტუალურიც იყოს, თუმცა ნაბიჯის გადადგმას ამ იდეის განხორციელების და შემდეგ უკვე განვითარებისთვის კიდევ სხვა მოტივაცია სჭირდება.

ჩვენი მთავარი ინსპირაციაა ის, რომ გვინდა პატარა წვლილი შევიტანოთ და პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ, გვჯერა, შეგვიძლია რაღაც უკეთესი შევქმნათ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვგეგმავთ, რომ ვისწავლოთ და განვვითარდეთ - A plus Learning არ იქნება მხოლოდ შუამავალი პლატფორმა, ბევრი გეგმა გვაქვს განათლების მიმართულებით", - ამბობს ნინო.

ამ ეტაპზე იდეა საწყის სტადიაზეა, რაც გულისხმობს იმას, რომ პლატფორმა საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის. პლატფორმის დასრულების შემდეგ, A+ Learning-ის გვერდის საშუალებით მშობლები და სტუდენტები თავად შეძლებენ შეარჩიონ და დაუკავშირდნენ რეპეტიტორებს, რეკომენდაციებისა და რეიტინგების შესაბამისად.

"სატესტო რეჟიმში ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა საკმარისი სანდოობის შექმნა ორივე მხარისთვის, რომ, ერთი მხრივ, მასწავლებლები დარეგისტრირდნენ ჩვენს ბაზაში, ხოლო მეორე მხრივ, მსურველებმა მასწავლებლის შერჩევა ჩვენი საშუალებით გადაწყვიტონ.

ამ ეტაპზე ძირითადად აქცენტს მშობლებზე ვამახვილებთ, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამავე დროს რთული პროცესია ბავშვისთვის კერძო რეპეტიტორის შერჩევა - მათ შეუძლიათ მარტივად შეავსონ ფორმა ჩვენს გვერდზე - https://www.apluslearning.ge/ და ჩვენ პირადად დავუკავშირდებით კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მასწავლებლით.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 300-მდე მასწავლებელი დაგვიკავშირდა და ჩვენს ბაზაში დარეგისტრირდა. ასევე უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული დაკავშირების ქეისი. ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ და წინ ბევრი გამოწვევა გველის, ვიდრე ჩვენს სტარტაპს სრულყოფილ სახეს მივცემთ, თუმცა ამ ეტაპზე შედეგი საკმაოდ ოპტიმისტურია", - გვიყვება ქეთი.

როგორც ამბობს, სწავლა და მუდმივი განვითარება პიროვნული ზრდის საფუძველია. კარგ და სწორად შერჩეულ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს საგანი შეაყვაროს და რადიკალურად შეცვალოს დამოკიდებულება და წარმოდგენა არა მხოლოდ საგნის, არამედ სამყაროს მიმართ.

"გვჯერა, რომ თუ სწავლას მოწყურებულ მოსწავლეებს და ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლებს დავაკავშირებთ, საბოლოო ჯამში ბევრი გონებაგახსნილი, ინტერესით სავსე და სხვადასხვა საქმის პროფესიონალი ადამიანი გვეყოლება ქვეყანაში.

გვინდა დავგეგმოთ სამუშაო სესიები სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ პროფესიონალებთან, რომლებიც ჩვენს შერჩეულ მასწავლებლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ, სფეროში სიახლეებს გააცნობენ, ასწავლიან სხვადასხვა ტექნიკას, გაუზიარებენ ცოდნას.

ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ სკოლებთან, უნივერსიტეტებთან მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისების მიზნით. ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც ნელ-ნელა განვახორციელებთ.

ჩვენი 1 წლის მიზანია პლატფორმა უკვე საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს. 2025 წლისთვის ვგეგმავთ, 4 დიდ ქალაქში ვიყოთ წარმოდგენილი. ასევე ვგეგმავთ, 2025 წლისთვის შევქმათ კერძო რეპეტიტორების ყველაზე დიდი ბაზა საქართველოში", - ნინო ჭყოიძე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი