📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მომავლის ტექნოლოგიის ქართული ექსპერიმენტი "ჩვენ გადავწყვიტეთ, ბმა ბიზნესის სხვა სფეროებთან გვეცადა და ამით რაღაც ახალი შეგვექმნა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

„ჩვენ გვიყვარს ექსპერიმენტები", – ამ სიტყვებს VRex Immersive-ის დამფუძნებლები ყველაზე ხშირად იმეორებენ. სწორედ ექსპერიმენტებმა მიიყვანა ნიკოლოზ გოგოჭური და ნიკა როსტომაშვილი
ვირტუალური რეალობისა (VR) და ტურიზმის კვეთამდე. ვიდრე VRex-ი ამ კავშირამდე მივიდოდა, ვირტუალური რეალობა განათლების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებებში მოსინჯეს, თუმცა ბოლოს ტურიზმის ინდუსტრიაზე შეაჩერეს არჩევანი.

VR-ტექნოლოგია ნიკოლოზ გოგოჭურმა და ნიკა როსტომაშვილმა პირველად, 2013 წელს ნახეს. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა VR-ჩაფხუტები ოფიციალურად არ იყიდებოდა. „როდესაც ვნახეთ, ვიფიქრეთ, რომ ესაა მომავლის ტექნოლოგია და დავიწყეთ ფიქრი, ჩვენ როგორ შეიძლებოდა აგვეწყო ფეხი მომავლისთვის. მაშინ, როცა დეველოპერების დიდი ნაწილი ამ ტექნოლოგიას გასართობ ბიზნესში იყენებს, როგორიცაა თამაშები, ატრაქციონები და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ბმა ბიზნესის სხვა სფეროებთან გვეცადა და ამით რაღაც ახალი შეგვექმნა".

და აი, მაშინ დაიწყო ექსპერიმენტების წყება. თავიდან უძრავი ქონების ბიზნესისთვის შეუდგნენ მუშაობას – სახლების მაკეტებს ქმნიდნენ, შემდეგ განათლებაში VR-ტექნოლოგიის გამოყენება სცადეს; კულტურული მემკვიდრეობის ექსპონატების მოდელირების, ასევე სამეცნიერო მიმართულებითაც ჰქონდათ მცდელობები, საბოლოოდ კი ტურიზმზე შეჩერდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ VR-ტექნოლოგიის ყველაზე დიდი საჭიროება სწორედ ტურიზმის სფეროშია. შესაბამისად, დიდია ბიზნესის განვითარების პოტენციალი.

აბა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ სამოგზაუროდ წასვლამდე. ვიღებთ ინტერნეტში ჩართულ ნებისმიერ დივაისს და ვათვალიერებთ ტურისტული დანიშნულების ფოტოებს, ვეძებთ ღირსშესანიშნაობებს, რომელმაც შესაძლოა დაგვაინტერესოს; ვჯავშნით სასტუმროს, ვეძებთ რესტორნებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერის VR-ტექნოლოგიით დათვალიერების საშუალება გვაქვს. თქმაც არ უნდა, რომ არჩევანიც გაგვიმარტივდება და ძიების პროცესიც უფრო შთამბეჭდავი და სახალისო გახდება.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ VR-ტექნოლოგია გახდა ისეთივე აუცილებელი ნივთი, როგორიც ფოტოკამერა, ყურსასმენი ან ვიდეოთვალია და შესაბამისად, ყველამ შეიძინა. ტურისტული სფეროს ნებისმიერი ბიზნესი დაინტერესდება, რომ VR-ვიდეოები გადაიღოს და რომელიღაც პლატფორმაზე ატვირთოს, რისი საშუალებითაც მომხმარებელს მოიზიდავს.

რა შექმნა VRex-მა?

VRex-მა შექმნა პროდუქტების სრულყოფილი პაკეტი, რომლის საშუალებით შეძლებდა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა სამოგზაურო ტურები ვირტუალური რეალობის საშუალებით:

ტურისტული ადგილების ამსახველი 360-გრადუსიანი ვიდეოები. აღნიშნულ ვიდეოებს 2014 წლიდან იღებენ და უკვე 100-ზე მეტი VR-ტურისტული ტური აქვთ შექმნილი;

ინოვაციური სამგზავრო ჩანთა, რომელშიც განთავსებულია ყველა საჭირო მოწყობილობა ტურისტული ვირტუალური რეალობის აპლიკაციის საუკეთესო ფორმითა და ხარისხით სადემონსტრაციოდ: სტენდი, ჩაფხუტი, სპეციალური კომპიუტერი და სენსორული ეკრანი. ჩანთის ინოვაციურობა ის გახლავთ, რომ კომპაქტურია, ადვილად გადასაადგილებელია, და ამავდროულად, მარტივად გადაკეთდება საჩვენებელ სტენდად. სტენდები კი აქტიურად გამოიყენება ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობა/გამოფენებზე.

VRex-მა ასევე შექმნა შემდეგი პროდუქტები:

პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებული ცოდნის გარეშე, ვისაც აქვს 360-გრადუსიანი კამერა და იღებს 360-გრადუსიან ვიდეოს, შეუძლია ააწყოს/დააკავშიროს ვიდეოები და შექმნას სრულყოფილი ტური ისევე, როგორც ამას VRex დღეს აკეთებს;

VRex-პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ნახსენები პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შექმნილი 360-გრადუსიანი ვიდეოების ატვირთვა და მათი ნებისმიერ სხვა პლატფორმასთან დაკავშირებული მოწყობილობით გაშვება ინტერაქტიული ვიდეოს ფორმატში.

იმ შემთხვევაში, თუ VR მასობრივი მოხმარების ტექნოლოგია გახდება, მაშინ პროგრამული უზრუნველყოფა და VRex-პლატფორმა ტურისტული ბიზნესის ყველა რგოლის წარმომადგენლისთვის საჭირო შეიქნება. სწორედ ამიტომ ფიქრობენ VRex-ის დამფუძნებლები, რომ VR მომავლის ტექნოლოგიაა, და თუ პირველი ხარ, ვინც ამას მიხვდები, მაშინ ჩათვალე, რომ „ვარსკვლავებს ეთამაშები". ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკა როსტომაშვილის ექსპერიმენტი კი ნამდვილად ერთ-ერთი პირველთაგანია.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბავშვობიდან 21-ე საუკუნის სტარტაპერობამდე

ნიკოლოზ გოგოჭური: „ღრმა ბავშვობიდან მორგებული ვართ ლიმონებიდან ლიმონათის გაკეთებას. კოჭობანას ვთამაშობდით, როცა სათამაშოები არ გვქონდა. „კალაშნიკოვის" ტყვიებით ვთამაშობდით ამ კოჭობანას, როცა კოჭები არ გვქონდა. ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, ვინაიდან უკიდურესი გაჭირვების პერიოდში გვიწევდა გამომგონებლობა, მივიღეთ ის, რომ ჩემთვის და ნიკასთვის არ გახლდათ რთული გამოგვეგონებინა რაღაც ახალი. და აი, მოვახერხეთ, რომ ვირტუალური რეალობა ბიზნესისთვის პრაქტიკულ ინსტრუმენტად გადაგვექცია".

ინოვაციური იდეა ნამდვილად არ დარჩა უყურადღებოდ. VRex-ი 2016 წელს „სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მაშინ კომპანიამ სახელმწიფოსგან 100 000 ლარის გრანტი მიიღო. ცოტა ხნის წინ კი, სტარტაპმა საკუთარი პროდუქტი 50 საუკეთესოს შორის, კალიფორნიაში, Silicon Valley-ის ინვესტორების წინაშე წარადგინა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, VRex-ი Google-ის ანალიტიკოსებმა 7000 კონკურსანტიდან შეარჩიეს.

VRex-ი ერთადერთი არ გახლდათ Silicon Valley-იში, რომელმაც ტურიზმი და ვირტუალური რეალობა დააკავშირა. ეს არ იყო მთავარი, რითაც მათ ყურადღება მიიქციეს.

ნიკა როსტომაშვილი: „კალიფორნიაში ყველაზე მეტად იმით მოვახდინეთ ეფექტი, რომ მოვახერხეთ გადაგველახა დილემა, რომელიც დღეს ვირტუალურ რეალობაში არსებობს. დილემა, თუ როგორ ვიშოვოთ ფული ვირტუალური რეალობის გამოყენებით. ჩვენ ვაჩვენეთ, სად და როგორ იშოვება ფული, და ეს ტურიზმის ინდუსტრიაა".

კალიფორნიაში ვიზიტის შედეგად, VRex-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტაქტი დაამყარა. მათ შორის, ვენჩურულ კაპიტალისტებთან და ფონდებთან, რომლებთანაც ახლა აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სტარტაპის ინვესტირებასთან დაკავშირებით.

VRex-ი, როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ექსპერიმენტია და მასში შრომისა და

რესურსების დაბანდება ამბიციამ და 21-ე საუკუნის საჭიროებებმა გადააწყვეტინათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო პატრიოტული სულისკვეთება. ნიკოლოზ გოგოჭური ამბობს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მოწინავე ამ სფეროში მინიმუმ ჩვენი რეგიონის მასშტაბით.

„ჩვენ გვჯერა, რომ ვაკეთებთ ძალიან დროულ, სწორ საქმეს, სწორ ადგილას. 21-ე საუკუნეში ვერ გადაგვარჩენს სხვა ვერანაირი ინდუსტრია, გარდა ტექნოლოგიებისა. ფაქტია, საქართველო ამ კუთხით ჩამორჩა, და იმისათვის, რომ მსოფლიოს დაეწიო, ერთადერთი შანსია „ფსონი ჩამოხვიდე" ტექნოლოგიურ და ზოგადად, ცოდნაზე დაფუძნებულ ანტრეპრენერშიპზე, იმიტომ, რომ ეს სწრაფად გაძლევს ასმაგ და ათასმაგ მოგებას. როდესაც ამას გავიაზრებთ, ბიზნესი დაინტერესდება და ინვესტიციებს სწორედ ტექნოლოგიებში ჩადებს", – ამბობს ნიკოლოზ გოგოჭური.

მთავარი გამოწვევა ტექნოლოგიური სტარტაპისთვის საქართველოში

საჭიროებები ერთია, მაგრამ მეორეა, თუ რამდენად გაძლევს საშუალებას არსებული ბიზნესგარემო, უპასუხო საჭიროებებს. ქართული სტარტაპგარემოს მთავარი გამოწვევა სტარტაპეკოსისტემის არარსებობა, და შესაბამისად, სტარტაპში ინვესტირებასთან დაკავშირებული კულტურის არარსებობაა.

როგორც ნიკა ამბობს, საქართველოში ენჯელ ინვესტორები არ არიან. არადა, განვითარებულ სამყაროში, სტარტაპის დაფინანსების ძირითადი წყარო ენჯელ ინვესტორია. საქართველოში ინვესტორი მოკლევადიან შედეგზეა ორიენტირებული და ამით ეზოპეს იგავის გმირს ემსგავსება, რომელიც ოქროს კვერცხისმდებელ ბატს გაფატრავს იმ იმედით, რომ ოქროს დიდ რაოდენობას ბატის სხეულში იპოვის.

„დაფინანსების სანაცვლოდ, საქართველოში ცდილობენ სტარტაპის 50-70% სასწრაფოდ წაიღონ. აშშ-ში კი, საწყის ეტაპზე, თითქმის გამორიცხულია, ინვესტორმა შენგან 10%-ზე მეტი წაიღოს. იგი ხვდება, რომ ასეთ შემთხვევაში, შენ ვეღარ განავითარებ ამ კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში", – ამბობს ნიკა როსტომაშვილი.

შემოსავლების არსებული და პოტენციური წყაროები

სანამ ქართველი ინვესტორების ცნობიერება ამაღლდებოდეს, VRex აქტიურად მუშაობს შემოსავლების თვითგენერირებაზე. შემოსავლების უმეტესი ნაწილი კი, R&D-სთვის გამოიყენება.

ჯერჯერობით, სტარტაპი B2G ფორმატში მუშაობს. მათ პროდუქტს ის სახელმწიფო უწყებები ქირაობენ, რომლებიც საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი.

ნიკა როსტომაშვილი: „მაგალითად, საერთაშორისო გამოფენებზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ვირტუალური რეალობის საშუალებით საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციას ახორციელებს".

ასევე აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, VRex-ის მიერ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური ტურიზმის VR-გადაწყვეტილება შეიქმნა – უფლისციხეში დაიდგა VR-სტენდი, რომლის საშუალებით შშმ პირებს ძეგლის დათვალიერება შეუძლიათ.

VRex-თან ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობენ, თუმცა, კომპანია კერძო სექტორის მიმართულებითაც გეგმავს ურთიერთობების გაძლიერებას.

ნიკა როსტომაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან აქვთ და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს. უახლოეს მომავალში, დახლზე, სადაც ქართული ღვინო იყიდება, შესაძლოა, VR-ჩაფხუტიც გაჩნდეს. ღვინის მომხმარებლები შეძლებენ იმოგზაურონ მარანში, სადაც შემოთავაზებული ღვინო დაიწურა. ასევე გაეცნობიან ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს. ნიკას და ნიკოლოზს სჯერათ, რომ უცხოელები, ამგვარი გამოცდილების მიღების შემდეგ, უფრო დაინტერესდებიან ქართული ღვინის შეძენით.

ახლო მომავლის გეგმები

მომავალი ერთი წლის განმავლობაში, სტარტაპი ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროდუქტის საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენას დაისახავს მიზნად. შემდეგი აქტივობა VRex-ს ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილი აქვს და ბერლინის ITB-გამოფენისთვის ემზადება, სადაც საქართველოს საუკეთესო ტურისტულ ადგილებს დაინტერესებული ადამიანები VRex-ის ვირტუალური ჩაფხუტის საშუალებით იხილავენ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში,ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სააგენტო გეგმავს განახორციელოს საკუთარი ინფრასტრუქტურული მასშტაბირება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გასავითარებლად, უზრუნველყოს მძლავრი ინოვაციების კომერციალიზაციის მექანიზმების ფორმირება ქვეყნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტების მიხედვით; ხელი შეუწყოს სარისკო კაპიტალის წილის, ასევე კერძო კომპანიების თანამონაწილეობის ზრდას გამოყენებით კვლევებში და ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში; ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის საჭირო ეფექტური მექანიზმები, მათ შორის – დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების აქტიური გამდიდრების გზით.

სააგენტო, მისიის ეფექტური შესრულების მიზნით, პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრავს ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირებას, რაც გამოიხატება ტექნოპარკების, ინოვაციების ცენტრებისა და სამრეწველო ლაბორატორიების გახსნაში. ასევე, მუდმივად ზრუნავს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტების ფორმირებაზე, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევაზე; კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის, ხარისხიანი და შრომითი ბაზრისთვის დეფიციტური ტრენინგების, მათ შორის ტრენერებისთვის, ხშირ ჩატარებაზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მასტიმულირებელი საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასა და ფინანსირების მექანიზმების ხელმისაწვდომობაზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი