ინოვაცია სკოლიდან

ახალი მინისტრი განათლების სისტემის სრული ტრანსფორმაციისთვის ემზადება
ინოვაცია სკოლიდან
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
ჟურნალისტი
15 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიხეილ ბატიაშვილი და მისი გუნდი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა განათლების სისტემური რეფორმის პროექტსა და სტრატეგიაზე მუშაობენ. ინიცირებული რეფორმის მიზანი თითოეული რგოლის შეფასების შემდეგ სიღრმისეული და კონცეპტუალური ცვლილებების განხორციელებაა. ცვლილებამ, თავის მხრივ, თავდაყირა უნდა დააყენოს ყველა ის წარმოდგენა, რომელიც განათლების სისტემაზე აქამდე გქონდათ. ცვლილების განუყოფელი ნაწილი, მოსწავლის გარდა, მასწავლებელი და მშობელია. მასწავლებელი, რომელმაც, თავის მხრივ, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით სწავლება თავად შეისწავლოს და მშობელი, რომელიც ბავშვის განვითარების პროცესის ხელშემწყობი, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად უნდა გახდეს. იმისათვის, რომ განათლების სისტემის რეფორმა შედეგიანი იყოს, საჭიროა სისტემური მიდგომა და არა „წერტილოვანი დარტყმები“. ასეთია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, და მისი გუნდის მოსაზრება.

პრიორიტეტი: ადამიანური კაპიტალი

როგორ აღვზარდოთ მომავლის ადამიანი?

რა მოთხოვნა გაქვთ განათლების თანამედროვე სისტემასთან? რას უწოდებთ კარგ განათლებას? ან როგორ გგონიათ, რა განაპირობებს წარმატებული, შემოქმედებითი, პერსპექტიული ადამიანის აღზრდას? ამ შეკითხვებზე ყველას განსხვავებული პასუხი გვაქვს. თუმცა, არსებობს რამდენიმე საყოველთაოდ მიღებული სტანდარტი, რომელსაც თანამედროვე, განათლებული და პერსპექტიული ადამიანი აკმაყოფილებს: მას ცოდნის მიღების განუწყვეტელი სურვილი აქვს, ღიაა სიახლეებისა და გამოწვევებისადმი, კონკურენტულია, ერკვევა თანამედროვე ტენდენციებში.

იმისათვის, რომ თქვენი შვილი ასეთ ინდივიდად ჩამოყალიბდეს, მხოლოდ მშობლის ძალისხმევა, როგორც წესი, არ კმარა. ბავშვის აღზრდაში უმნიშვნელოვანეს როლს ის სისტემა თამაშობს, სადაც იგი წლებს ატარებს – ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, ან უნივერსიტეტი.

საქართველოში განათლების სისტემის რეფორმაზე წლებია საუბრობენ. რამდენიმე მათგანს, ცოტა ხანს თუ იფიქრებთ, თავადაც გაიხსენებთ... მაგალითად, ეროვნულ გამოცდებს, საატესტაციო გამოცდებს, სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამებს...

განათლების სისტემის ვალდებულებაა, შექმნას ინდივიდი, რომელიც ცოდნისა და უნარ-ჩვევების დონით დასაქმების ლოკალურ, ან მსოფლიო ბაზარზე იქნება კონკურენტული. შემოქმედებითი, ინოვაციური პერსონა, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებს თვითგანვითარებისთვის, ახალი ცოდნის შესაძენად იყენებს.

რეფორმა სკოლამდელი ასაკიდან იწყება, გრძელდება სკოლაში, მოიაზრებს ეროვნული გამოცდების ტრანსფორმაციას, პროფესიულ განათლებასა და უნივერსიტეტს, ემსახურება ქვეყანაში მეცნიერების გაახალგაზრდავებასა და განვითარებას.

მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტი ივლისში დაიკავა. სისტემურ ცვლილებებსა და რეფორმაზე საუბარი მალევე დაიწყო. უფრო დეტალურად სამინისტროს სტრატეგია მინისტრმა იყალთოს აკადემიაში, სექტემბერში წარადგინა. მიაჩნია, რომ რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია „ყველაფრის შეფასება ერთიან კონტექსტში მოხდეს“.

განათლების სისტემის ტრანსფორმაცია 5 საფეხურს მოიცავს:

  • სკოლამდელი განათლება
  • სასკოლო განათლება
  • ეროვნული გამოცდები
  • პროფესიული და საუნივერსიტეტო განათლება
  • მეცნიერება

მინისტრი რეფორმაზე საუბრისას აქცენტს რამდენიმე მიმართულებით ამახვილებს:

სტატისტიკა – რიცხობრივი მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევა არსებული, უკვე განხორციელებული რეფორმები და სისტემა შეფასდეს. ასევე, დაითვალოს მიმდინარე და მომავალი რეფორმების შედეგები.

სისტემური მიდგომა რეფორმებისადმი – რაც უფრო სრულყოფილად აღვიქვამთ სისტემას, მის შემადგენელ ნაწილებს ერთმანეთზე დამოკიდებულ, გადაჯაჭვულ ელემენტებად წარმოვიდგენთ, შემდეგ კი ერთიანად შევეცდებით მის განახლებას, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებას, მით მეტია შანსი, რომ რეფორმა შედეგზე იყოს ორიენტირებული და არა რეფორმა რეფორმისთვის გატარდეს.

ინდივიდი – განათლების სისტემის ყველა შემადგენელი ეტაპის გავლის შემდეგ, ადამიანი განათლებულ, და რაც მთავარია, თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციებზე მორგებულ პერსონად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც კონკურენტული არა მარტო დასაქმების ქართულ ბაზარზე იქნება, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მეცნიერება – ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც აკადემიური განათლების შემდეგ მის უმაღლეს საფეხურზე ასვლას გადაწყვეტს, შეიარაღებული უნდა იყოს თანამედროვეობაზე მორგებული ცოდნით, უნარ-ჩვევებით. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფრასტრუქტურით, რათა სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება სრულფასოვნად შეძლოს. მსოფლიო სამეცნიერო წრეებში არსებულ მოთხოვნებს მისი ცოდნა არათუ შეესაბამებოდეს, არამედ სამეცნიერო მიღწევების განხორციელების უნარი თავად უნდა ჰქონდეს.

განათლების სისტემის წარმატება, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. „მთელი მსოფლიო ადამიანურ კაპიტალზე, მის მნიშვნელობაზე საუბრობს. ქვეყანას, მის წარმატებას, ადამიანები განაპირობებენ. რაც უფრო მეტი მაღალკვალიფიციური კადრი გვეყოლება, მით მეტია შანსი, ჩვენი ეკონომიკა წარმატებული გახდეს. ამჟამად მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ უახლოეს მომავალში ახალი ეკონომიკური ინდექსის დასანერგად. Human Capital Index ახალი პარამეტრია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ადამიანური კაპიტალის შეფასებას შეძლებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, სწორედ ისეთი სისტემა ავაგოთ, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“.

განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში, მიხეილ ბატიაშვილი როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან, ისე საერთაშორისო დონორებთან მუშაობს.

„შევხვდით ადგილობრივ ექსპერტებს, დონორებს, USAID-ს, მილენიუმის განვითარების ფონდს, ბრიტანეთის საბჭოს, აზიის განვითარების ბანკს. რეფორმის პროცესში ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. გამოვიყენებთ როგორც მათ რესურსებს, ისე გამოცდილებას. ერთობლივი მუშაობა შეჯერებული და კოორდინირებული იქნება. ამ ეტაპზე რეფორმის ხედვა გვაქვს, სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, რომელიც ზუსტ ვადებს და დეტალურ გეგმას გააერთიანებს. უახლოეს პერიოდში ჩვენს პარტნიორებთან ერთად შედგენილი სტრატეგიაც მზად იქნება“, − ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა სამინისტროში მიმდინარეობს. სასკოლო სისტემაში კი საპილოტე კურსი უკვე დაწყებულია. მისი შეფასება გაზაფხულისთვის დასრულდება და კვლევების დადებითი შედეგების შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბით დანერგვის პროცესი დაიწყება.

სისტემური რეფორმის პროცესი 2023 წელს დასრულდება.

სკოლამდელი განათლება

მიხეილ ბატიაშვილისა და მისი გუნდის მოსაზრებით, სკოლამდელი განათლება სწავლების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. შესაბამისად, მინისტრი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ბაღებში საგანმანათლებლო კომპონენტის შეტანის აუცილებლობას ხედავს.

„ყველა წარმატებული ქვეყნის მაგალითი ამას აჩვენებს. ამ შემთხვევაში, ასაკისთვის შესაბამისი სტრატეგიის შექმნაზე ვმუშაობთ. ამ ასაკის ბავშვების მზადყოფნა გაცილებით ადრე იწყება, სწრაფად იზრდებიან, ცოდნას არიან მოწყურებულნი. ვაპირებთ განმავითარებელი თამაშების დამატებით, სხვადასხვა ინოვაციური მეთოდით ვიმუშაოთ და არა საგაკვეთილო ფორმით“, − ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სისტემის განვითარება სკოლამდელი განათლებით დაიწყოს, რადგანაც ეს საფეხური პიროვნული განვითარების ფუნდამენტია. სკოლამდელი განათლების რეფორმა, სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალ სასწავლო პროგრამებს, გადამზადებულ პედაგოგებს, განათლების სტანდარტის დანერგვას ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისთვის და მათი ინფორმირებულობის ზრდას სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებზე. სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება.

სასკოლო განათლება

განათლების მეორე და უმნიშვნელოვანესი საფეხური სკოლაა. დაწესებულება, რომელშიც ბავშვები 12 წელიწადს − ყველაზე მეტ დროს ატარებენ და განვითარების ეტაპებს მასწავლებლების მეთვალყურეობით, მათი დახმარებით გადიან.

სასკოლო განათლების რეფორმა რამდენიმე საფეხურს მოიცავს.

პრაქტიკული ცოდნა

მინისტრით თქმით, რეფორმის მთავარი მიზანია სკოლაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოყენებადი გახდეს. „დღეისათვის რეალურ ცხოვრებაში მათი ცოდნის ეფექტურობა ძალიან დაბალია. ჩვენი მიზანია, დაგროვებითი ცოდნიდან პრაქტიკული ცოდნისკენ წავიდეთ“.

მარტივად რომ ვთქვათ, სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეთა უმეტესობამ, მაგალითად, მათემატიკური ფორმულის ზეპირად „ჩამორაკრაკების“ ნაცვლად, უნდა შეძლოს ფორმულაში რეალური რიცხვები ჩასვას და პასუხიც მიიღოს. მათემატიკური ცოდნის გამოყენება კი არა მხოლოდ ეროვნული გამოცდების დროს, არამედ პრაქტიკაში, ყოველდღიურად შეძლოს.

პრაქტიკულად გამოსადეგი ცოდნის შესაძენად, სამინისტროს რამდენიმე სტრატეგია აქვს. უპირველესად, პრაქტიკული სამუშაოების, დისკუსიების მომრავლება, სტანდარტული გაკვეთილების ნაცვლად, რათა ბავშვებმა ერთმანეთთან და მასწავლებელთან საკუთარი აზრების გაზიარება, თუნდაც, შეცდომის დაშვება და სწორი მიდგომის დასწავლა, შემდეგ კი გააზრება შეძლონ.

„სისტემა უნდა შემოვაბრუნოთ, ბავშვს ანალიზის უნარის განვითარებაში დავეხმაროთ. კვლევები გვიჩვენებენ, რომ ყველაზე კონკურენტუნარიანი ბავშვები იმ სკოლებში არიან, სადაც გაკვეთილზე შემოქმედებით უნარებს უვითარებენ. მნიშვნელოვანია, ცოდნა გახდეს შედეგიანი, შეგეძლოს მისი გამოყენება“.

თანამედროვე ტექნოლოგიები

სამინისტროს მორიგი პრიორიტეტი სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანაა. ამ მიმართულებით მუშაობა საინიციატივო ჯგუფთან ერთად დაიგეგმა. რეფორმის პროცესი უკვე დაწყებულია და საპილოტე კლასში სწავლის პროცესი მიმდინარეობს. რეფორმის შედეგი გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

„ტექნოლოგიებს კი არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, დამხმარე მეთოდად უნდა ვაქციოთ. ჩვენი ჯგუფი მთელი ზაფხული საპილოტე სკოლაში მუშაობდა. სულ მალე დასაბუთებული, გაზომილი შედეგი გვექნება. უკვე ფაქტია, რომ მიღებული შედეგი დადებითია. უბრალოდ, რეფორმის დანერგვის სისწრაფეს დავითვლით. სწრაფად მოვიცავთ მთელ სისტემას და საფეხურებს, გადავამზადებთ პედაგოგებს. რადგან, თუკი მათ მოტივაცია არ ექნებათ, არაფერი გამოგვივა“.

მასწავლებელთა მოტივაცია

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის მოტივაცია წარმატებული რეფორმის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოტივაციის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი კი ანაზღაურებაა. მინისტრს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და აცხადებს: „პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500 ლარი იქნება, რაც ღირსეული ანაზღაურებაა. ეს მყარი ეკონომიკური საფუძველია, რომ იმუშაონ, დრო ბავშვებს დაუთმონ“.

ხელფასის ზრდას უახლოეს ერთ წელიწადში 800 პედაგოგისთვის გეგმავენ. საშუალო ხელფასის 1500 ლარამდე მატებას კი 2020 წლისთვის.

საპილოტე სწავლების პარალელურად, სწავლების პროცესს გაივლიან მასწავლებლები. კვლავ წინაა წამოწეული მათი, როგორც ფასილიტატორის, როლი სასკოლო ცხოვრებაში. პედაგოგების გამოწვევებზე, პილოტირების პროგრამასა და სამინისტროს გუნდზე სტატიის ბოლოს მოგიყვებით.

კულტურული მემკვიდრეობა

სასკოლო რეფორმის მეორე საფუძველი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის შემეცნების წახალისებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ კულტურული ფასეულობა, მემკვიდრეობა, ეროვნული იდენტობა არ დავკარგოთ. მაგალითად, ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტი ეროვნულ მუზეუმთან ერთად განვახორციელოთ. მუზეუმი განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ პირვანდელ როლს არ ასრულებს − იგი განათლების ცენტრადაა ქცეული. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა. გვინდა, ჩვენს მოსწავლეებს ისტორიაში თუ გეოგრაფიაში პრაქტიკული გაკვეთილები ჩავუტაროთ, მივაახლოოთ კულტურულ მემკვიდრეობასთან. ჩვენი რეფორმა სწორედ 2 ბაზისზე დგას – ეროვნულ, კულტურულ ღირებულებებზე და თანამედროვე, ინოვაციურ განათლებაზე“.

მომავალი ანტრეპრენერები

მორიგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სასკოლო განათლებაში სამეწარმეო ელემენტის შეტანა და განვითარებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ანტრეპრენერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა თითოეულმა მოსწავლემ ჯერ კიდევ სკოლაში უნდა შეძლოს. სწორედ ამ პერიოდში უნდა განუვითარდეს სიახლის მიმღებლობა, ღირებულის შექმნის სურვილი, კომუნიკაციის უნარი.

„ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ რეფორმამ ძალიან დააგვიანა. ბავშვებს დამოუკიდებლად აქვთ მრავალი უნარ-ჩვევა განვითარებული. ჩვენი მიზანია, რეფორმების დამსახურებით უფრო წარმატებულები გახდნენ, იყვნენ ინოვაციურები, ისწავლონ ჯგუფში მუშაობა, პროექტების შექმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება განათლების სფეროში აკეთო, ისაა, რომ ბავშვი შემოქმედებითობიდან ცოდნის მიღების სურვილამდე მიიყვანო. ჩვენი მიზანიც ესაა“, − ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

ონლაინ სკოლის პლატფორმა

განათლების მინისტრის ინიციატივით, საქართველოს რამდენიმე საპილოტე სკოლაში უკვე დაწყო ონლაინსკოლის პლატფორმის ტესტირება. ონლაინსკოლა აპლიკაციაა, რომელიც მასწავლებელს, დირექტორს, მშობელსა და სამინისტროს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ბავშვის აკადემიური მოსწრება აპლიკაციაში ქულის ფორმით აისახება. ფაქტობრივად, სკოლის ჟურნალი ციფრულ ფორმატში გადავა. მშობელს წვდომა საკუთარი შვილის დასწრების მაჩვენებელზე და მის შეფასებაზე ექნება. ონლაინსკოლის პროგრამის ტესტირების მიზანი სასკოლო პროცესებში მშობლების როლის ზრდაა. გარდა ამისა, ონლაინსკოლა საშუალებას მისცემს სამინისტროს არსებული მონაცემები სტატისტიკად ბევრად მარტივად აქციოს და სამომავლო რეფორმების თუ ცვლილებების დაგეგმვაში დაიხმაროს.

„მშობლების სასკოლო პროცესში ჩართულობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, ბევრი პრობლემა გადავჭრათ. ამჟამად ვაკვირდებით, ვადგენთ, რა მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, − აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

ეროვნული გამოცდები

„უპირველეს ყოვლისა, ეროვნულმა გამოცდებმა დიდი როლი ითამაშა სისტემის გაჯანსაღებისთვის, თუმცა რეფორმა აქაც აუცილებელია. უნდა შევაფასოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს“.

ეროვნული გამოცდები 2020 წლამდე გაანალიზდება, შეფასდება და სავარაუდოდ, 2020 წლის ზაფხულში აბიტურიენტები სრულიად განახლებულ გამოცდებს ჩააბარებენ. თუმცა, ჯერ საჭიროა სწორი ანალიზი. რეფორმის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ორ ფაქტორს დაეთმობა. პრიორიტეტულია, რომ არსებული პროგრამა სასკოლო განათლების შესაბამისი იყოს. გარდა ამისა, სტუდენტების მიღების პროცესში გაიზარდოს უნივერსიტეტების როლი. „აბიტურიენტის შერჩევის პროცესში უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. ამ კომპონენტის გამოკლება არასწორია“, − აცხადებს მინისტრი.

ეროვნული გამოცდების რეფორმის დეტალები ცნობილი 2019 წლის გაზაფხულზე გახდება.

პროფესიული სწავლება

პოტენციურ დამსაქმებლებთან აქტიური კომუნიკაცია და პრიორიტეტული კურსების რეგიონის ჭრილში განსაზღვრა – მინისტრის აზრით, იმისათვის, რომ საქართველოში პროფესიულმა სწავლებამ შედეგი გამოიღოს, დიდი სამუშაოა გასაწევი. „ბიზნესს კადრები სჭირდება, სასწავლებლები კი ასეთ კადრებს ვერ უშვებს. შესაბამისად, ბიზნესს განვითარება უჭირს, თავად ცდილობს კადრების გამოზრდას, კარგავს დროსა და ფულს. ასეთი დისბალანსი ალოგიკურია“.

იმისათვის, რომ სტუდენტის პროფესიულ სასწავლებელში გატარებული დრო ფუჭი არ გამოდგეს და საჭირო კადრების ძიებაში კომპანიაც იმედგაცრუებული არ დარჩეს, რეფორმა პროფესიულ სასწავლებლებს გადაახალისებს და პროგრამას შეცვლის.

საუნივერსიტეტო რეფორმა

აკადემიური განათლების ბოლო საფეხური უნივერსიტეტია. სკოლასთან და სკოლამდელ დაწესებულებებთან შედარებით, ავტონომიური ერთეული. მინისტრის ხედვა ამ შემთხვევაშიც სისტემის ცვლილებას, განახლებას მოიაზრებს. აქცენტი ევროპული ხარისხის განათლებაზეა გამახვილებული და როგორც ბატიაშვილი ამბობს, მისი მთავარი მიზანი უახლოეს წლებში ქართული უნივერსიტეტების საუკეთესო ევროპულ სასწავლებელთა რეიტინგში შესვლა და რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვაა. „ამჟამად საქართველოში სასწავლებლად 12 ათასი სტუდენტია ჩამოსული. გვსურს, ჩვენი რეფორმების მეშვეობით, 2023 წელს ეს რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდოს“.

საუნივერსიტეტო სისტემის ცვლილება მათი ეროვნულ გამოცდებში ჩართულობის გაღრმავებისა და სტუდენტთა მიღებისას უფლებამოსილების ზრდით არ შემოიფარგლება. „საუნივერსიტეტო განათლების მაღალი სტანდარტი გვჭირდება. ამას კი ხელშეწყობით, ჩართულობით, დახმარებითა და კონსულტაციით მოვახერხებთ. არავითარ შემთხვევაში – იძულებით. ვხვდებით რექტორებს, ვსაუბრობთ, გეგმებს ვსახავთ. მათი მზადყოფნა, მოტივაცია მაღალია და ყველას გვესმის, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“, − ამბობს მინისტრი.

მეცნიერების ხელშეწყობა

განათლების სისტემის რეფორმის ბოლო ნაწილი კი მეცნიერებას შეეხება. მინისტრისა და მისი გუნდის მიზანი, უპირველესად, სტუდენტების წახალისებაა, რათა სამეცნიერო საქმიანობა მიმზიდველ და პერსპექტიულ მომავლად დაინახონ.

მინისტრი განსაკუთრებული ემოციით საუბრობს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულ ბავშვებზე, მომავალ მეცნიერებზე − მათ „საქართველოს მომავალსა“ და „ოქროს ფონდს“ უწოდებს.

„საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან დაგვეხმარონ. სამეცნიერო ფონდებიც შეიცვლის მიმართულებებს, გაჩნდება მატერიალური რესურსი, რომელიც სწორად გაიხარჯება. სწრაფ შედეგებს ველით. მეცნიერებაზე ზრუნვა დღეს თუ არ დავიწყეთ, მრავალ წელს დავკარგავთ“.

 

პრიორიტეტი: ადამიანური კაპიტალი

როგორ აღვზარდოთ მომავლის ადამიანი?

რეფორმის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კონკურენტული კადრის შექმნაა. მოსწავლეს უნდა განუვითარდეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, რათა მზად იყოს და მოერგოს სწრაფად ცვალებად გარემოს. ინოვაციები, ტექნოლოგიები, თანამედროვე მიდგომები განათლებისადმი და რაც მთავარია, პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც როგორც არსებული განათლების გამოყენების, ისე ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას აძლევს და ინტერესს უღვივებს ადამიანს – სისტემის სრული რეფორმის შემთხვევაში, თითოეული რგოლის წარმატება, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საერთო მიზანს მოემსახურება და ნებისმიერი მათგანის ჩავარდნა რეფორმის პროცესში სისტემის წარუმატებლობას განაპირობებს.

რას უნდა ველოდოთ სასკოლო რეფორმისგან? ყველაზე მრავალმხრივი და მასშტაბური პროცესები, რეალურად, სკოლაში ხორციელდება.

სასკოლო რეფორმის ორ ამოსავალ წერტილზე სტატიის დასაწყისში უკვე მოგიყევით – თანამედროვე ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.

ამ ეტაპზე პილოტირების პროცესი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვის კუთხით მიმდინარეობს.

სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი 6 ადამიანისგანაა დაკომპლექტებული:

ნიკოლოზ დობორჯგინიძე − განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი

სანდრო ასათიანი − ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი

ნიკო სილაგაძე − ეროვნული კურიკულუმის განვითარების ექსპერტი

თამარ ჯაყელი − ეროვნული სასწავლო გეგმების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი

მარიამ ჩიქობავა − ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ია აფთარაშვილი − კვლევებისა და მონიტორინგის ექსპერტი

საპილოტე სწავლების ტესტირების დადებითი შედეგების შემთხვევაში, ყველა სკოლა საქართველოს მასშტაბით 2023 წლისთვის სწავლების ახალ მეთოდებზე გადავა.

სკოლაში თითოეულ ბავშვს სრული ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე. სკოლის დასრულების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებული უნდა იყოს ცოდნით და რაც მთავარია, უნარით. ყოველდღიურად შეძლოს ახალი ინფორმაციის, ახალი ცოდნის მიღება, აღქმა, გადამუშავება და ამ ცოდნის გამოყენება. სასკოლო განათლების რეფორმის მიზანი მოსწავლეების ინფორმაციული ტექნოლოგიებით გაჯერებული ეპოქისთვის შემზადებაა.

რას მოიაზრებს რეფორმა?

„გუნდის მიზანია, ბავშვები თანამედროვე გარემოს, მის მოთხოვნებს მოვარგოთ. შევასწავლოთ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები. მასწავლებელი ნამდვილ ფასილიტატორად ვაქციოთ მანქანასა და მოსწავლეს შორის“, − ამბობს ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

სატესტო გაკვეთილი ივლისში ჩატარდა. სამუშაო გუნდმა კლასში თემა − „რობოტი“ მიიტანა.

„გვეშინოდა. არ ვიცოდით, რამდენად კარგად გაიგებდნენ ამ საკითხს, თუმცა გაკვირვებულები დავრჩით, ისე სწრაფად აითვისეს“, − ამბობს სანდრო ასათიანი. ის საცდელ გაკვეთილზე ფასილიტატორის როლს ასრულებდა.

გაკვეთილი 2 მიზანს ემსახურებოდა: უპირველესად, რეალურად დაენახათ და შეეგრძნოთ მოსწავლეთა მზადყოფნა ახალი მეთოდისთვის. გარდა ამისა, პედაგოგიური მოდელის პილოტირებისკენ აეღოთ გეზი.

თამარ ჯაყელი, რომელიც განათლების სისტემაში წლებია მუშაობს, საუკეთესოდ ხედავს ყველა იმ რეფორმის უარყოფით და დადებით მხარეს, რომელიც აქამდე განხორციელებულა. დასჯა-წახალისების სისტემის ნეგატიურ გავლენაზეც ხშირად მიუთითებს და ამბობს, რომ პედაგოგმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მოსწავლემ არა დაზეპირებული, ზოგადი ცოდნა, არამედ რეალურად გამოსადეგი, პრაქტიკული განათლება უნდა მიიღოს.

„გვსურს შემოვიტანოთ რადიკალურად ახალი ხედვა, თუ რა არის ცოდნა და რას ნიშნავს ცოდნის შეძენის პროცესი. წინა რეფორმების დროს, განათლების სისტემა მოსწავლეებს სტატიკურ მონაცემებს, მზამზარეულ კონსტრუქციას აძლევდა, რომელიც მასწავლებელს უნდა აეღო და ტვინში „ჩაესხა“. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ სიტყვებით გადაცემული ინფორმაცია ცოდნის მატარებელია. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, მოსწავლე მხოლოდ სიტყვას იმახსოვრებს. რეალურად, ნებისმიერ სიტყვას, ცნებას, რომელიც სასკოლო განათლების ნაწილია, თავისი შინაარსი აქვს, თუნდაც სიტყვებს: „მაგიდა“, „მამა“. როგორ ხდება, რომ ბავშვი „მაგიდას“ სწორად იყენებს? − მას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, იცის მისი ნიშან-თვისებები, აქვს განზოგადების უნარი. თითოეული ცნების განსაზღვრებაც სკოლაში სწორედ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს“, − ამბობს თამარ ჯაყელი.

განათლების სისტემის რეფორმის ეს ნაწილი მოწოდებულია, ბავშვებს ისეთი გარემო შეუქმნას, რომელშიც ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვევას შეძლებენ. „ინფორმაციული მოძალების ხანაა. ადრე წყარო მხოლოდ ბიბლიოთეკა იყო, ახლა კი შესაძლოა ბავშვი საინფორმაციო მასაში ჩაიხრჩოს“, − ამბობს თამარ ჯაყელი და იმისათვის, რომ „საინფორმაციო მასაში ჩახრჩობა“ მხოლოდ გაზვიადებულ ფრაზად იქცეს, მოსწავლემ ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისება და თვითგანვითარებისთვის მათი გამოყენება უნდა შეძლოს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება დეკადების წინ დაიწყო, თუმცა 2010-იან წლებში პიკს მიაღწია. კომპიუტერები, წვდომა ინტერნეტრესურსებზე, თამაშებზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარება – ამ ფაქტორებმა ბავშვზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

მშობელთა მოლოდინი, რომ მათი შვილი კომპიუტერთან გატარებულ დროს ტყუილუბრალოდ კარგავს, უსაფუძვლოდ უნდა იქცეს. ამ მიზნის მისაღწევად კი ბავშვს ისეთი უნარ-ჩვევები და ინტერესები უნდა ჰქონდეს, რომ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური მიღწევა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. როგორც სამუშაო გუნდის წევრები ამბობენ, მასწავლებლისა და მოსწავლის მენტალობის გარდა, მათ მშობლის მენტალობაც უნდა შეცვალონ.

„მთავარი უნარი, რომელიც თანამედროვე ინდივიდს აქვს, მოქნილობაა, მოერგოს, შეეგუოს და ადგილი დაიმკვიდროს ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში. ცოდნის შეძენის პროცესში, სასკოლო პერიოდში და მის შემდეგაც რომ მთავარ როლს ინფორმაციული ტექნოლოგიები ასრულებენ, ახალი არ არის. სწორედ აქ მოდის მშობლის განსაკუთრებული როლი. თუკი ადრე მშობელი შვილს წიგნებს და სათამაშოებს ურჩევდა, დროა ისეთი პროგრამები და აქტივობებიც მოუძებნოს, რომლებიც ბავშვს განავითარებს, და რაც შემეცნების ინსტრუმენტად იქცევა“, − ამბობს სანდრო ასათიანი.

საპილოტე გაკვეთილის მთავარი თემა რობოტი იყო. ფასილიტატორმა სანდრო ასათიანმა, ბავშვებთან ერთად, თითოეული მოსწავლის მონაწილეობით, ყველა ის ნიშან-თვისება ჩამოწერა, რომლებიც რობოტებს ახასიათებთ.

გაკვეთილის მეორე ეტაპზე ინფორმაციის სტრუქტურირება დაიწყო. რობოტის არსის განმსაზღვრელი ნიშნები და მეორეხარისხოვანი ნიშნები გამოიყო. „17 მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვიდან, ყველა ჩაერთო. ნაკლებ აქტიურ მოსწავლეებსაც ჰქონდათ თავდაჯერებულება − მიიჩნევდნენ, რომ მათ ხმასაც აქვს აზრი“.

„თვითონ ცდილობდნენ რობოტის განმარტების ჩამოყალიბებას. ჩვენ არაფრის სახელდებას არ ვაკეთებდით. უბრალოდ, ვეხმარებოდით. სანდრო გაკვეთილზე თითქმის არ ჩანდა, კომუნიკაცია უშუალოდ ბავშვებს შორის მიმდინარეობდა. დღეისათვის ბევრ მასწავლებელს არ ესმის ფასილიტაციის მნიშვნელობა. ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ შეკითხვის დასმაა. რეალურად, ფასილიტაცია ბავშვებში „დრაივის“ დაძვრას, ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობას ნიშნავს“, − იხსენებს ია აფთარაშვილი სატესტო გაკვეთილის დეტალებს.

რობოტის ნიშან-თვისებებზე და, ზოგადად, გაკვეთილის თემაზე, მთელმა გუნდმა წინასწარ იმუშავა. დასხდნენ, ჩამოწერეს მახასიათებლები, გაკვეთილის მიზანი განსაზღვრეს – რა აღმოჩენებამდე სურდათ მოსწავლეთა მიყვანა, რა მეთოდებით. გაკვეთილზე დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე გაცემული ნებისმიერი პასუხი მისაღები იყო. არ არსებობდა სწორი და არასწორი გამოხმაურება, ბავშვები თავად მიდიოდნენ დასკვნებამდე, უარყოფდნენ საკუთარ მოსაზრებებს, იხსენებდნენ ან ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ. ლექციის ბოლოს, სანდრო ასათიანმა თითოეულ მოსწავლეს აჩვენა, როგორ მოიპოვებდა ინფორმაციას რობოტის შესახებ და ისიც აუხსნა, რომ ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ საკითხზე თავადაც შეუძლიათ.

რა როლს ასრულებს ამ პროცესში მასწავლებელი? ის ფასილიტატორია. ტერმინი ქართულ სკოლებში წლების წინ გამოჩნდა, თუმცა მისი სიღრმისეული გააზრება, საინიციატივო ჯგუფის წევრთა თქმით, ცოტა მასწავლებელმა თუ მოახერხა. ფასილიტაცია მასწავლებლის მხრიდან სასწავლო პროცესის ხელშეწყობაა, მოსწავლეთა დახმარება, აღმოჩენებამდე თავად მივიდნენ, შეიმეცნონ ახალი და რაც მთავარია, განუვითარონ უნარი, შემეცნების პროცესი დამოუკიდებლად განაგრძონ.

„ყველაზე მთავარი მასწავლებლის მენტალობაში მომზადებული გაკვეთილია. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ აქტივობას მიზანი უნდა ჰქონდეს. მთავარი გაკვეთილის პროცესში უშუალოდ აქტივობა კი არ არის, არამედ აქტივობით შემეცნებაა“, − ამბობს ია აფთარაშვილი.

სისტემის რეფორმის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს პედაგოგთა გადამზადება ასრულებს. „ვქმნით პედაგოგიურ მოდელს, რომლის ფარგლებშიც პედაგოგიკასაც და ტექნოლოგიებსაც სინთეზური სახე აქვს. შეიქმნება ინოვაციური ცენტრები, სადაც მასწავლებლები ახალ მეთოდებს დაეუფლებიან, პრაქტიკაში განახორციელებენ. სისტემის რეფორმაშიც აქამდე ბევრი ფული დახარჯულა და სამწუხაროა, რომ ვერ შეიქმნა წარმატებული მაგალითები, რომელთაც განათლების კარგ მოდელს ვუწოდებთ“, − ამბობს ნიკო სილაგაძე.

მარიამ ჩიქობავა კი აცხადებს, რომ უკვე გაზაფხულზე დატრენინგებული დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და კლასის დამრიგებლები სამსახურებრივი მოვალეობების აღსრულებას შეუდგებიან. ეს იქნება მასწავლებელთა პირველი ნაკადი, რომელიც სისტემური რეფორმის ფარგლებში, სამინისტროს მიდგომას სწავლა-სწავლების მიმართულებით რეალურად საკლასო ოთახში განახორციელებს. „ტრენინგებში მონაწილეობა სურვილზე იქნება დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, იმდენად საინტერესოდ წარიმართება, რომ შესაძლოა კლასების დამატებაც კი დაგვჭირდეს. ჩვენი მიზანია, მიღებული ცოდნა ფორმალურ კურიკულუმში გადაიტანონ, დახელოვნდნენ, თავად შეძლონ ახალი მეთოდებით გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება“.

მასწავლებელთა გადამზადების პროცესი რაოდენობრივი კვლევებით შეფასდება. რიცხვებში გამოიხატება, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს რეფორმა, რა მიმართულებითაა საჭირო მუშაობის გაძლიერება.

რაოდენობრივი კვლევის საშუალებით შეფასდება საპილოტე კლასის წარმატებაც. მასშტაბური რეფორმის პროცესი კი სწორედ შეფასების დასრულებისა და მონაცემების გასაჯაროების შემდეგ დაიწყება.

საინიციატივო ჯგუფის მთავარი მიზანია, ცოდნის მიღებას მოწყურებული და ახალი ცოდნის შეძენის უნარებით შეიარაღებული ინდივიდის აღზრდას შეუწყოს ხელი. ადამიანისა, რომელიც თანამედროვე სამყაროში თავს დაიმკვიდრებს, არ შეეშინდება ინტერესების ცვლილების; არც იმას დაუფრთხება, რომ დაახლოებით 25 წელიწადში ბევრმა პროფესიამ შესაძლოა საერთოდ აღარ იარსებოს და მათი ადგილი ხელოვნურმა ინტელექტმა დაიკავოს.

„განმეორებით საქმეებს უახლოეს მომავალში მთლიანად მანქანა, კომპიუტერი აღასრულებს. ხელოვნური ინტელექტი უახლოეს 25 წელიწადში ბევრი ადამიანის პროფესიას აითვისებს. მსოფლიო იცვლება და მოქნილი უნდა იყო, რომ გადარჩე. ჩვენ ბავშვები არა მოკლევადიანი გამოწვევებისთვის, არამედ გრძელვადიანი მიზნებისთვის, ახლებურ მსოფლიოში თავის დასამკვიდრებლად უნდა მოვამზადოთ“, − ამბობს ნიკა დობორჯგინიძე.

ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა არაფორმალურ სივრცეში იწყება. გაკვეთილზე დასწრება მოსწავლეების სურვილზეა დამოკიდებული. მთავარი პრიორიტეტი საპილოტე სწავლებაში ბავშვის მოტივაციაა. მას შესწავლისა და აღმოჩენის მიზანი არა გარემო ფაქტორმა – ნიშანმა, გამოცდამ, ან მასწავლებლის შეფასებამ უნდა გაუღვიძოს, არამედ რეალურმა ინტერესმა და ახლის შეცნობის სურვილმა.

იგივე მექანიზმმა უნდა იმუშაოს მასწავლებელზეც. „მთავარია დარწმუნდეს, რომ სწავლება გამოსდის. აუცილებელია რელევანტური ცოდნის განსაზღვრის უნარი ჰქონდეს, ეს ცოდნა კი ისეთი ფორმით მიაწოდოს ბავშვს, რომ მოსწავლის გამოცდილების ნაწილად აქციოს“, − ამბობს თამარ ჯაყელი.

გამბედავი, ინოვატორი, განათლებული და კონკურენტული ინდივიდის აღზრდა რთულია. ასევე, რთულია იმ სისტემის ამოყირავება და განახლება, რომელიც წლებია მუშაობს (თუ როგორ, ამის შეფასება თქვენთვის მოგვინდვია). მით უფრო, რომ სისტემის ნაწილი არა 3 ან 4, არამედ მრავალი ათასი ადამიანია − ბავშვი, მშობელი, მასწავლებელი, ლექტორი, აღმზრდელი თუ მანდატური.

შესაბამისად, სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემურ რეფორმას წინ დიდი გამოწვევები ელის, რომელთა გადალახვის შემთხვევაში, 2023 წელს განათლების სრულიად ახალ წყობილებას მივიღებთ და შემდეგ კიდევ ერთხელ განვსაზღვრავთ – აქვს თუ არა უნარი ამ სისტემას, მომავლის ადამიანი აღზარდოს.

 

Latest on Entrepreneur