მარიამ ქვრივიშვილის ინტრაპრენერული ფილოსოფია

ძველი გამოცდილება – ახალი გამოწვევა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს წარმოგიდგენთ – გაბედულ, რისკიან და ინოვატორ ქალ-ლიდერს, რომელიც თავისი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაში წვლილის შესატანად კომფორტის ზონიდან გამოსვლასაც არ მოერიდა, კერძო სექტორიდან სახელმწიფო სამსახურში გადაინაცვლა და პირისპირ შეეგება ახალ გამოწვევებს – მარიამმა ქართული ტურიზმი სრულიად ახალი, დინამიკური განვითარების ეტაპზე უნდა გაიყვანოს.

ირაკლი დოლიძე

ძველი გამოცდილება – ახალი გამოწვევა

მარიამს ტურიზმის სფეროში ნაყოფიერი საქმიანობის ათწლიანი, საკმაოდ სოლიდური და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, რომელიც ორივე – საჯარო და კერძო სექტორებში ავიაციას, ტუროპერირებასა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მართვას მოიცავს. სანამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდებოდა, მსხვილ ტუროპერატორ „ვოიაჟერის“ მმართველი პარტნიორი იყო, მუშაობდა ავიაკომპანია flydubai-ს რეგიონულ მენეჯერად საქართველოში, წლების წინ კი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია ეკავა მარკეტინგის მიმართულებით. მუშაობდა ასევე „აჭარა ჯგუფში“ ტურიზმის მიმართულებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა მისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და სწორედ ეს ფაქტორი იქცა იმ მთავარ მოტივაციად, რის გამოც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობას დათანხმდა. მარიამს მიაჩნია, რომ უდიდესი პასუხისმგებლობის გარდა, ეს სფერო ზღვა შესაძლებლობებსაც უკავშირდება და სწორედ ამიტომ, მისთვის პატივია ამ სექტორში, თავის გუნდთან ერთად, მომავლის პროექტების განხორციელება.

პირველი ნაბიჯები და მართვის სტილი

პირველი ნაბიჯი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ გადადგა, იყო გაანალიზება იმისა, თუ რა ინფორმაციული ბაზა ჰქონდა ადმინისტრაციას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დაიწყო კერძო სექტორთან შეხვედრების ორგანიზება.

მისი, როგორც მენეჯერის, მთავარი პრინციპი გუნდურობა და მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების დანერგვაა. ცდილობს, ადმინისტრაციაში დაამსხვრიოს ყველანაირი იერარქია, რათა თითოეულ თანამშრომელს მიეცეს საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ხელმძღვანელებთან. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაცია ბევრად დინამიკური, შემოქმედებითი და ნაყოფიერი გახდეს, რადგან ტურიზმი თავისთავად არის ემოციები და საინტერესო გამოცდილება“.

ქალი-ლიდერი

ამბობს, რომ ქალ და მამაკაც ლიდერებს შორის სხვაობა დიდია და ამ საკითხთან დაკავშირებული სტერეოტიპების დარღვევა ყველა იმ ადამიანის მოვალეობაა, რომელიც რაიმე სახის ხელმძღვანელ პოზიციაზეა კერძო თუ საჯარო სექტორში. „სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ქალებს მეტად უწევთ თავიანთი შესაძლებლობების დამტკიცება და ეს სტერეოტიპი დღეს არ შექმნილა. კარგია, რომ თანამედროვეობაში მეტ ქალს ეძლევა იმის საშუალება, იყვნენ ლიდერის პოზიციებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ამის საშუალება, გააძლიერონ მხარდაჭერა, რათა ქალებს მეტი ხმა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღებისას და მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ პროცესებში“. თავად 18 წლიდან დაიწყო მუშაობა და მიაჩნია, რომ მისი კარიერა იყო საკმაოდ რთული და გრძელი გზა, სადაც როგორც ქალს, გაორმაგებულად უწევდა თვითდამკვიდრებისთვის შრომა და ძალისხმევა.

პრიორიტეტები

ტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კერძო სექტორთან სწორ და ორმხრივ კომუნიკაციას ანიჭებს. „მიმაჩნია, რომ სტარტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვისმინოთ და გავერკვეთ, რას ფიქრობს, რას გრძნობს კერძო სექტორი, რათა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთობლივად მოხდეს სამომავლო გეგმების დასახვა, რაც უკვე ფაქტობრივად ჩამოყალიბებული გვაქვს 2020-2025 წლისთვის“.

ახალ შეფს კერძო სექტორის გააქტიურების მოლოდინი აქვს. სურს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციასთან უფრო ხმამაღლა და ამომწურავად ისაუბრონ საკუთარ საქმიანობაზე, პრობლემებზე, რათა მიღებული ინფორმაციისა და საჭიროებების საფუძველზე, მაქსიმალურად სასარგებლო და ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით, ადმინისტრაციის როლი იცვლება და ბევრად ფუნქციური ხდება, მთავარი მიზანი კი კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ასევე, მეტი ადამიანის მოტივირება, რათა გახდნენ წარმატებული სტარტაპერები, ანტრეპრენერები, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სფეროს განვითარებისთვის.

2019 წელს მთავრობამ საქართველოში 51 ათასი ადამიანის გადამზადების შესახებ დააანონსა, საიდანაც 11 ათასი ადამიანის გადამზადება უშუალოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით მოხდება, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის ადმინისტრაცია დაახლოებით 1500 ადამიანს გადაამზადებს.

დღეს ქართული ტურიზმის განსაკუთრებული გამოწვევა მომსახურების სფეროა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სწრაფი ტემპით განვითარების კვალდაკვალ, სერვისის დახვეწის საჭიროებაც გაჩნდა და მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მეტი ადამიანი გადამზადდეს, რათა ქვეყანა ტურისტების მზარდ ნაკადს შესაბამისად მოემსახუროს. ეს განსაკუთრებით გიდებს და საოჯახო ტიპის სასტუმროებში მომუშავე ხალხს შეეხება. განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ტრენინგების ჩატარებას, მათ შორის, რეგიონულ დონეზე, და მოსახლეობას საშუალება ექნება სრულიად უსასყიდლოდ მიიღოს ტურიზმის მიმართულებით საჭირო განათლება და უნარ-ჩვევებიც მეტად გაიუმჯობესოს.

განსაკუთრებული ღონისძიებებია დაგეგმილი მეზობელი და განვითარებული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად. ამ მხრივ, ადმინისტრაციას რამდენიმე სტრატეგია აქვს შემუშავებული. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორების მიღების ზრდის პოტენციალი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა, მთავარი სტრატეგია ბაზრის დივერსიფიცირებაა, რომ ქვეყნის ტურისტული განვითარება არ იყოს მხოლოდ ერთ რეგიონზე ან ქვეყანაზე დამოკიდებული.

ტურისტული ნაკადის შემოდინების რაც მეტი წყარო იქნება, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი პერსპექტივით მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი პირობაც მეტად იქნება უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციაში დაწყებულია მუშაობა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, დაემატება პირდაპირი რეისები და ამ კუთხით, ადმინისტრაცია უშუალოდ მონაწილეობს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებში.

განსაკუთრებული აქცენტი ამერიკაზე, ჩინეთზე, იაპონიაზე, ინდოეთზე და მსგავს რეგიონებზეა გამახვილებული, სადაც სასურველია, რამდენიმე წელიწადში საქართველო, როგორც ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, ისე პოზიციონირებდეს.

„ჩემი აზრით, ტურიზმის სფეროს უპირველესი პრიორიტეტია მეტი დასაქმების ადგილის შექმნა საქართველოს მასშტაბით და მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილის ჩართვა ტურიზმის სფეროში. ასევე, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესების მეტად მობილიზება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. მესამე გამოწვევა ინფრასტრუქტურული განვითარებაა – მუნიციპალური გზების მოწყობა, კულტურული სანახაობების მოწესრიგება და ა.შ. მეოთხე გამოწვევა მომსახურების დონის ამაღლებაა – აუცილებელია, მოხდეს პროდუქტების დივერსიფიცირება, ე.წ. ნიშური პროდუქტების გაჩენა. საქმიანი, დასასვენებელი თუ სამედიცინო ტურიზმის ერთმანეთისგან გამიჯვნა; პარალელურ რეჟიმში უნდა შეიცვალოს მარკეტინგული კამპანიები, რომელიც უფრო კონკრეტული სახის უნდა იყოს. მნიშვნელოვანია სამიზნე აუდიტორიისთვის განკუთვნილი მიზნობრივი, კონკრეტული მარკეტინგული კონტენტის შექმნა. ვფიქრობ, ყველა ეს მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანი და აუცილებელია“,– აღნიშნა მარიამმა Entrepreneur-თან საუბრისას.

ინტრაპრენერი

მისი აზრით, ანტრეპრენერშიპის როლი ტურიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესია და სწორედ ადგილობრივი თუ უცხოელი მცირე და საშუალო მეწარმეების ჩართულობა ამ სფეროში პრინციპული და სასარგებლოა. „თუნდაც ქართული ხალიჩის წარმოება ავიღოთ, რაც ტურიზმის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ“, – ამბობს მარიამი, – „ანტრეპრენერებისა და სტარტაპების წახალისების ნაწილში დიდია ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტის – „აწარმოე საქართველოში“ როლი, რომელთან ჩვენი ადმინისტრაციის თანამშრომლობით კიდევ უფრო ნაყოფიერად ხორციელდება ანტრეპრენერების, კრეატიული საზოგადოების ხელშეწყობა“.

მარიამ ქვრივიშვილისთვის თავისი დღევანდელი ინტრაპრენერული პოზიცია პასუხისმგებლობა და საშუალებაა, ემსახუროს ქვეყანას და ამ ინდუსტრიაში მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებას შეუწყოს ხელი, რაც, თავის მხრივ, უამრავი ადამიანის უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენის პლატფორმის შექმნას გულისხმობს.

„არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ტურიზმთან არანაირი შეხება არ აქვთ. ჩვენი როლია, მათ დავანახოთ, რომ ტურიზმი მათი სფეროცაა და ვთქვათ, თუ ისინი სამედიცინო მიმართულებით საქმიანობენ, სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში შეიძლება განვითარდნენ“. მეტი შესაძლებლობა, მეტი დასაქმებული ადამიანი და ბიზნესის კეთების მეტი შანსი – ეს არის ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის მთავარი მიზნები და მოტივაცია.

ინტრაპრენერობა, როგორც თვისება

ფიქრობს, რომ რისკიანია. ის ხომ კომფორტის ზონიდან გამოვიდა იმისათვის, რომ ინოვაციური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები განახორციელოს. მარიამისთვის ეს ნაბიჯი სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღებაა. სწორედ ამიტომ დათმო კერძო სექტორის კომფორტი და წყნარი რეჟიმი.

პასუხისმგებლობის წილი მის საქმიანობაში ძალიან დიდია, რომლის აღება არცთუ ადვილი იყო. კარგად აცნობიერებს, რომ რადგან ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულების დიდი ნაწილი მის საქმიანობაზეა დამოკიდებული, საჭიროა გაბედულება და თამამი ნაბიჯების გადადგმა.

მარიამისთვის თავისი საქმე მასშტაბური პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებობა და საკუთარ ქვეყანაში ტურიზის განვითარების ისტორიის შექმნაში მონაწილეობის მიღებაა. „რისკი დიდი იყო, 10-წლიანი კარიერის, პარტნიორობის მიტოვება, რეპუტაციის რისკის წინაშე დაყენება, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“.

იღბლის ნაკლებად სჯერა. სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვედრის კი მეტად სწამს. სჯერა იმ შესაძლებლობების, რომელიც კონკრეტულ მომენტში ეძლევა ადამიანს და ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს. თავადაც ასეთი მიდგომა აქვს საკუთარი ცხოვრებისეული შეთავაზებების მიმართ. სჯერა ბევრი შრომის, თვითგანვითარების დაუსრულებელი პროცესის და განათლების.

„ბევრჯერ გამომიცდია ეს საკუთარ თავზე – რაც მეტად გჯერა ჩემ თავზე იდეის, მისი განხორციელების შანსიც მაღალია. მეტიც – გამორიცხულია, ის არ გამოვიდეს. შესაძლოა დღეს ვერა, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში იდეა აუცილებლად შეისხამს ფრთებს. უბრალოდ, სწორ დროსა და შესაბამის ადგილას უნდა გამოიყენო შენი შესაძლებლობები, რათა დასახულ მიზნამდე მიხვიდე“.

წარმატების გასაღები

იღბლის ფაქტორი წარმატებაში არარეალურად მიაჩნია. ფიქრობს, რომ შეუძლებელია, ვინმეს შრომის გარეშე უმართლებდეს, რადგან დღევანდელი დაუნდობელი, კონკურენტუნარიანი გარემო წარმატებას მხოლოდ მშრომელი, გონიერი და მობილიზებული ადამიანებისთვის იმეტებს.

„შრომა, ნებისყოფა, საჭირო დრო და ადგილი, მიზანმიმართულება და შეუპოვრობა ქმნის წარმატებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის განაწილება და ერთმანეთის ხელშეწყობა, რადგან ადამიანის სიძლიერე და განვითარების ხარისხი მის ირგვლივ საზოგადოებაზე პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული“.

სტარტაპერებს, დამწყებ ანტრეპრენერებს, ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ მუშაობას, მარიამი ურჩევს, უპირველესად, ზუსტად ჩამოყალიბდნენ, თუ რა უნდათ, რა არის მათი მიზანი. და თუკი დღეს არ აქვთ ამ კითხვაზე პასუხი, მაშინ ჯერ ისწავლონ, მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება, მივიდნენ იდეამდე და შემდეგ დასახონ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გზები, თუ როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზანს. ეს ყველაფერი კი საკუთარ თავზე მუშაობას, სწავლას და ბევრ შრომას გულისხმობს.