მაია ბიჭიკაშვილის ART TENT: ინოვაციური ბიზნესმოდელი

თეთრ ტენტში განთავსებული გალერეა, რომელიც არაერთი თაობის ქართველი არტისტის ხელოვნების ნიმუშებს უყრის თავს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაია ბიჭიკაშვილი „არტტენტის“ იდეის ავტორია. „არტტენტი“ ინოვაციური სივრცეა მთაწმინდაზე. თეთრ ტენტში განთავსებული გალერეა, რომელიც არაერთი თაობის ქართველი არტისტის ხელოვნების ნიმუშებს უყრის თავს. მთაწმინდაზე, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ლოკაციაზე თბილისში, თეთრ ტენტში 30-ზე მეტი ქართველი ხელოვანის 200-ზე მეტი ნამუშევარია თავმოყრილი. იდეის განხორციელება ავტორმა თვენახევარში მოახერხა. ჟურნალი ENTREPRENEUR ინოვაციური სახელოვნებო სივრცის სულისჩამდგმელს, მაია ბიჭიკაშვილს ესაუბრა.

გიჟური იდეიდან შემდგარ პროექტამდე

ინოვაცია ხელოვნებაში მრავალგვარად შეიძლება ითარგმნოს. ახალი ჟანრის შექმნით დაწყებული, ხელოვნების ტრადიციული ხერხების არატრადიციული გზით გადმოცემით დასრულებული.

მაია ბიჭიკაშვილს „არტტენტის“ შექმნის იდეა ერთ ჩვეულებრივ დღეს გაუჩნდა. შვილს მთაწმინდაზე ასეირნებდა, როდესაც მთაწმინდიდან თბილისის ხედის თვალიერებაში გართულ ტურისტებს მოჰკრა თვალი.

„მაშინ დავსვი კითხვა – რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანებს შეგიძლია მისცე“? პასუხს მალევე მიაგნო − უნიკალური გამოცდილება.

„ჩემი შთაგონება იყო ძიება რაღაც ღირებულის, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არა მხოლოდ რომელიღაც ლოკაციისთვის, ან თუნდაც ადამიანების ვიწრო ჯგუფისთვის, არამედ ძიება რაღაც მნიშვნელოვანის, რაც ცვლის და აკეთილშობილებს, რაც გემოვნებას აყალიბებს და პროგრესს იწვევს. ამის ძიებაში გატარებული წლები ერთ ჩვეულებრივ დღეს მთაწმინდის პარკში მარტივი აღმოჩენით დაგვირგვინდა. ტურისტული ლოკაცია და იქვე ჩამომდგარი ტენტი უბრალოდ შესაძლებლობაა, რომელთა დანახვაც მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როდესაც ისეთ იდეაზე ფიქრობ, რომელსაც შეგიძლია ცხოვრება მიუძღვნა, რომელიც დილით საწოლიდან წამოხტომას მოგანდომებს“.

მაიას სურდა, რაიმე მნიშვნელოვანი შეექმნა, პრინციპით „რასაცა გასცემ, შენია“. „ვიფიქრე, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ბევრი რამითაა გამორჩეული: ღვინით, უნიკალური სამზარეულოთი და რა თქმა უნდა, ხელოვნებით. გვყავს არტისტები, რომელთაც განვითარების პერსპექტივა აქვთ. თითქოს გენეტიკურად მოგვყვება გემოვნება, სიღრმე, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. იმ მომენტში მივხვდი, რომ მთაწმინდა, როგორც ერთ-ერთი ტურისტული ლოკაცია, შესაძლოა საგამოფენო სივრცედ მექცია და აქაურობისთვის დამატებითი ღირებულება შემეძინა“.

მთაწმინდაზე მდებარე თეთრი ტენტის სახელოვნებო სივრცედ ქცევის პროცესი თვენახევარი გაგრძელდა. წარმოუდგენლად მოკლე დროში მაია ბიჭიკაშვილმა შეუძლებელი შეძლო. იდეა, უპირველესად, მთაწმინდის ტენტის მფლობელ ალექსანდრე (აკა) წივწივაძეს გააცნო, რომელმაც მაიას ხედვა გაიზიარა. ისინი დღეს პარტნიორები არიან.

შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო − იმ ადამიანთა მოძიება, რომლებიც ერთი შეხედვით წარმოუდგენელ გეგმას განახორციელებდნენ.

სწორი მენეჯმენტის უპირატესობა

მთაწმინდაზე ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი გაზაფხულზე იწყება და ზაფხულში პიკს აღწევს. დროის დაკარგვა არ სურდა და გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ამ სეზონზე მოესწრო. სხვა შემთხვევაში, პროექტის განხორციელების ვადა, როგორც მინიმუმ, 9 თვით, მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაიწევდა.

„მთავარია, იდეის ვიზუალიზაცია თავად შეძლო, რომ შემდეგ სხვებსაც სწორად გადასცე. ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ დროს სწორი გუნდის შერჩევა და მათი გამართული მენეჯმენტია. ბევრმა არც კი იცოდა, რას ვაკეთებდი, ბევრი მეუბნებოდა, რომ არაფერი გამოვიდოდა. ამ პროექტში მთავარი პერსონაჟი თეა გოგუაძე, იგივე თეა ნილია, რომელიც თავადაც ხელოვანია, ასევე კურატორი. ზუსტად ნახევარი საათით შევხვდი, ჩემი იდეა გავუზიარე. მითხრა, რომ იდეა გიჟური იყო და სწორედ ამიტომ სურდა, მის განხორციელებაში თავისი წვლილი შეეტანა“.

ასე დაიწყო მაიასა და თეას თანამშრომლობა, რომელიც ამჟამად პროექტის არტდირექტორია. თეას მისიას არტისტებისა და ნამუშევრების შეგროვება წარმოადგენდა. ასევე, იმ გალერეათა შეკრება, რომლებიც თანამშრომლობას ისურვებდნენ.

რა თქმა უნდა, მსგავსი იდეის განხორციელების დროს სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია, თუმცა რომ არა თეა, რომელსაც კურატორობის უდიდესი გამოცდილება აქვს, „არტტენტის“ განხორციელება არ გამოვიდოდა. პროექტში მონაწილეობაზე Window Project, ERTI Gallery, LIFE N STYLE და „გალერეა ვერე“ სიხარულით დათანხმდნენ.

„ერთია, როდესაც იდეა გაქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ შეგიძლია ამ იდეის წარდგენა. მე ამ პროექტის მჯეროდა და სხვებსაც ვაჯერებდი. ასე დავაჯერე თეასაც, რომელმაც თავისი რეპუტაციისა და გამოცდილების დახმარებით, არაერთი არტისტი და გალერეა დააინტერესა“.

ინოვაციური სივრცე მთაწმინდაზე

„არტტენტში“ გამოფენის გახსნისთვის თავი 30-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევარმა მოიყარა. მათ შორის არიან ჰენრიკ ჰრინევსკი, არჩილ თაბაგარი, თომა, ვახტანგ ქოქიაშვილი, თამუნა მელიქიშვილი, ქეთევან დავლიანიძე, თემურ ჯავახი...

საერთო ჯამში, 200-ზე მეტი ნამუშევარი – დაზგური ფერწერა, გრაფიკა, ოფორტი, პრინტი, სკულპტურა, მულტიპლური ქანდაკების ობიექტები, ვიდეოინსტალაცია, მულტიმედია. უნიკალური ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე ხელოვანებს აერთიანებთ.

გალერეა 25 ივლისს გაიხსნა ჯგუფური გამოფენით, სახელად „ყოფიერების ანატომია“. „პროექტში ჩართვა გალერეებისთვისაც და არტისტებისთვისაც ღირებულია. აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი შემოდის. შესაბამისად, ნამუშევრების წარდგენა მათ არაერთი ლოკალური თუ საერთაშორისო ვიზიტორისთვის შეუძლიათ“, − ამბობს მაია ბიჭიკაშვილი.

„ყოფიერების ანატომია“ პირველ სექტემბრამდე გასტანს. შემოდგომაზე კი ის უკვე სხვა სახელწოდებისა და კონცეფციის ექსპოზიციით ჩანაცვლდება.

მეტი, ვიდრე გალერეა

მაია ბიჭიკაშვილის მთავარი მიზანი ვიწრო წრისთვის ხელოვნების მოყვარულების მოზიდვა არ ყოფილა. „არტტენტის“ იდეის ავტორის მთავარი მოტივაცია ადგილობრივი არტისტების ხელოვნების რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაცნობაა. ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც თუნდაც შემთხვევით მთაწმინდაზე მოხვედრილ ადამიანს მიიზიდავს და შესაძლოა სრულიად სხვა თვალით დაანახოს, დააინტერესოს და შეაყვაროს ხელოვნება, ფერწერა, სკულპტურა.

„არტტენტის“ გუნდი ამჟამად მთელი წლის კალენდარზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში ამა თუ იმ ჟანრის, ასაკისა და პერიოდის ხელოვანები სხვადასხვა კონცეფციის პროექტების მონაწილეები გახდებიან. იგეგმება როგორც ფოტოგამოფენები, ასევე მასტერკლასები, საუბრები ავტორებთან.

„არტტენტის“ უმთავრესი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის შეკრებაა ერთ სახელოვნებო სივრცეში. აქაურობა ღიაა ნებისმიერი იდეისთვის და იმ ადამიანისთვის, რომელიც მის განხორციელებას შეძლებს.

„მუდმივად ვფიქრობ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩინო საქართველო ტურისტის თვალში. ჩემი აზრით, ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს, აქ ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს უნიკალური გამოცდილება და ემოცია გაატანოს“.

„არტტენტის“ ბიზნესმოდელი

„არტტენტი“ ინოვაციური საგამოფენო სივრცეა. თუმცა, ასევე, ბიზნესი, რომელსაც შემოსავალი სჭირდება და დიდი პოტენციალი აქვს, რომ მომგებიან ბიზნესმოდელად გარდაისახოს.

ამ ეტაპზე შემოსავალს კარზე გაყიდული ბილეთები წარმოადგენს. ასევე კაფე, რომელიც ტენტში ფუნქციონირებს და რასაკვირველია, ნამუშევრების გაყიდვა, რაც როგორც „არტტენტის“, ისე ავტორისა თუ წარმდგენი გალერეის ინტერესია.

განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ მედიაში. სწორედ ამიტომ, უკვე არაერთმა უცხოელმა გამოთქვა დაინტერესება „არტტენტში“ გამოფენილი ნამუშევრის შეძენაზე.

„გალერეა შესანიშნავ ადგილასაა განთავსებული. ყოველდღიურად აქაურობას უამრავი ტურისტი სტუმრობს. ბევრს ვშრომობთ, რომ კოლექციონერებთან დავამყაროთ კომუნიკაცია. უმნიშვნელოვანესია მედიის ჩართულობა, მარკეტინგულად შეკრული სისტემა, არხების სწორად გამოყენება. ბუნებრივია, ჩვენ ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესში არ ვერევით, თუმცა ორგანიზებას ვუწევთ მათი წარმოჩენის პროცესს. ამ პროექტში ხელოვნება სწორ მენეჯმენტს ხვდება“, − ამბობს მაია ბიჭიკაშვილი.

უახლოეს მომავალში „არტტენტის“ Facebook-ისა და Youtube-ის გვერდებზე მცირე ქრონომეტრაჟის ვიდეოები განთავსდება, რომლებიც ავტორებთან ინტერვიუებსა და საუბრებს მოიცავს. აქაურობის კარი ასევე ღიაა სხვადასხვა ღონისძიებისთვის და შეხვედრებისთვის.

„არტტენტში“ უკვე მუშაობს კაფე, იმართება ღვინის დეგუსტაციები... მაია ბიჭიკაშვილს დიდი სურვილი აქვს, ინოვაციური საგამოფენო სივრცის ნაწილი თანამედროვე ქართველი დიზაინერების მაღაზიასაც დაუთმოს.

„არტტენტის“ ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. რასაკვირველია, მსგავსი ტიპის პროექტები ხორციელდება, თუმცა გალერეადქცეულ ტენტებს, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმეკვირიანი სიცოცხლის ციკლი აქვთ. ისინი სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობენ, მონაწილეობენ სახელდახელოდ გამართულ სახელოვნებო ბაზრობებში და შემდეგ კვლავ საწყობებს უბრუნდებიან. მთაწმინდაზე განთავსებული ტენტი კი ხელოვნების ნიმუშთა სტაბილური „საცხოვრებელია“.

ლინგვისტიკა, ეკონომიკა, საჯარო მმართველობა, მარკეტინგი თუ კულინარია?

მაია ბიჭიკაშვილი გამოცდილი მარკეტერია. მისი კარიერა სათავეს 20 წლის წინ იღებს, როდესაც ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა, მუშაობა „წითელ ჯვარში“ დაიწყო. მას მერე, რაც სამსახური შეიცვალა და ექსპორტის საკითხებში გაერკვა, ეკონომიკის შესწავლა მოისურვა. მოგვიანებით, ამერიკის საელჩოს კულტურისა და პრესის დეპარტამენტში გადავიდა და საჯარო მმართველობის შესწავლას GIPA-ში შეუდგა. საჯარო მმართველობის

დიპლომმომარჯვებული მაია ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გახდა. მოგვიანებით – პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

„სწორედ ამ პერიოდში გავაცნობიერე კონტენტის შექმნის სირთულე და ფასი, დავინტერესდი მარკეტინგით. ესპანეთში, Les Roches Marbella-ს სახელგანთქმულ სკოლაში Luxury Tourism Marketing-ის მიმართულება შევისწავლე“.

მაია წლების განმავლობაში სხვადასხვა კერძო კომპანიაში და პროექტში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე.

მის უახლოეს გეგმებში ხელოვნების სიღრმისეული შესწავლაა. სურს კულინარიის აკადემიაში გამოცდები ჩააბაროს და Super Food-ის შექმნის ხელოვნებას დაეუფლოს, ცოდნა კი ტენტში უკვე არსებული კაფეს განვითარებას მოახმაროს. უყურადღებოდ არც ხელოვნების მენეჯმენტი რჩება და ამ საკითხს ამჯერად უკვე ონლაინკურსებით შეისწავლის.

მუდმივი განვითარებისა და სწავლის სურვილით შეპყრობილი მაია ბიჭიკაშვილი მთელ დროსა და ენერგიას დასაწყისში გიჟურ, დღესდღეობით კი უკვე შემდგარ პროექტს − „არტტენტს“ უთმობს, რომელსაც პოტენციალი აქვს, მთაწმინდის ვიზიტორ ნებისმიერ ტურისტს საქართველო სრულიად განსხვავებული, ახალი პრიზმიდან დაანახოს და შეაყვაროს.

ალექსეი სეროვი