სავაჭრო ომები და COVID 19, ანუ რა ხდება ჩინეთში

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკას COVID-19-ის ეპიდემია ყველაზე უარეს შემთხვევაში $42-მილიარდი დაუჯდება

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

COVID 19-მა მსოფლიო დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. ეპიდემია შეეხო უკლებლივ ყველა სფეროსა და ადამიანს. შეცვალა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური გარემო. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ქვეყნებს დიდხანს მოუწევთ დაავადების მიერ გამოწვეული ნეგატიური ეფექტების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მხრივ პირველი დარტყმები, დამეთანხმებით, ჩინეთს უკავშირდება. მაგრამ, ვიდრე ეპიდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე ვისაუბრებდეთ, საჭიროა გავიხსენოთ რა მოხდა გასულ წელს.

Brink

CNBC-მა სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობდნენ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებაზე, რომელიც ეხებოდა ამერიკის მსხვილი კომპანიების ჩინეთის ბაზრიდან გამოსვლას, რათა შემცირებულიყო ამერიკული ბიზნესის ჩინურ საწარმოებზე დამოკიდებულება. 23 აგვისტოს ტრამპმა Twitter-ზე ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა დაეწყოთ ჩინეთის ალტერნატივის ძებნა და პროდუქტების ამერიკაში წარმოება. პირველი კომპანია, რომელზე საუბარიც პრეზიდენტმა დაიწყო, General Motors გახლდათ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის უკვე ბევრი ამერიკული კომპანია ჩინეთის ბაზრიდან დამოუკიდებელი იყო, ხოლო გაცილებით მეტი ამ პროცესს გადიოდა.

ჩინეთის ბაზრის დატოვება ამერიკის გარდა სხვა ქვეყნის კომპანიებმაც დაიწყეს. დაახლოებით 6 თვის წინ სამხრეთკორეულმა გიგანტმა, Samsung-მა შეწყვიტა ჩინეთში მობილურების წარმოება, რაც ფასების ზრდითა და ეკონომიკური რეგრესით ახსნა. კომპანიამ ბოლო წლებში წარმოება გააფართოვა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი და ვიეტნამი.

ჩინეთიდან წარმოება ტაილანდში გადაიტანა Sony-მ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია Apple პროდუქტების დიდ რაოდენობას ისევ ჩინეთში აწარმოებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება სცადეს, ამან არ გამოიწვია აშშ-ში საწარმოების ზრდა. ახლა უკეთ ვხვდებით, რომ ამერიკის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა არ ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ საწარმოები, რომლებიც პროდუქტს საზღვრებს გარეთ იაფად აწარმოებენ, უკან(აშშ) არ დაბრუნდებიან, უმეტესობა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ომები ამერიკულ კომპანიებს სამშობლოში ვერ აბრუნებს, სულ მცირე ჩინეთს ბაზრის აზიაში გადასროლით აყენებს ზიანს. ჯერ კიდევ Nikkei-ს ივლისის მონაცემებით, ამერიკული კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა HP და Dell, შესაძლოა პროდუქტის 30%-ის წარმოება სამხრეთ აზიაში აწარმოონ. ასევე იაპონური Nintendo გეგმავდა პროდუქციის ვიეტნამში გატანას.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ომებმა ჯერ კიდევ ზაფხულში მიაყენა დიდი ზიანი ჩინურ ეკონომიკას, როცა მისი ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტალში 6.2%-ით შემცირდა და ბოლო 27 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტ ნიშნულს მიაღწია.

ამჟამად ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება Covid-19-მა გამოიწვია. გთავაზობთ EPRC-ის კვლევის ამონარიდს: ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით , ბოლო ორი თვის განმავლობაში, ჩინეთის საგარეო ვაჭობა 11%-ით შემცირდა (17.2%-ით შემცირდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი მხოლოდ 4%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთის ვაჭრობა მის უმსხვილეს პარტნიორებთანაც: ევროკავშირთან (14.2%), აშშ-სთან (19.6%) და იაპონიასთან (15.3%). აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი ორი თვის მონაცემებით, ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ $7.09-მილიარდიანი დეფიციტი დააფიქსირა. ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, თებერვლის თვეში ჩინეთის წარმოების ინდექსი (PMI) 14.3 ნიშნულით დაეცა.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკას COVID-19-ის ეპიდემია ყველაზე უარეს შემთხვევაში $42-მილიარდი დაუჯდება და მშპ-ი ზრდის ტემპი 1.74%-ით შემცირდება. უფრო ნეგატიურ შედეგებს ელოდებიანრაბო ბანკის“ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2.4%-მდე შემცირდება, ნავარაუდევი 5.7%-იანი ზრდის ნაცვლად