თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას INVOICE.GE-ის ფუნქციონალით უმარტივებს

თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას INVOICE.GE-ის ფუნქციონალით უმარტივებს
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს და ამჯერად მათთვის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად ახალ სერვისს ინვოისინგის ფუნქციონალის სახით გვთავაზობს, რომელიც ონლაინბანკთანაა ინტეგრირებული. სიახლე ინვოისების, ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ეფექტურ კონტროლსა და რეპორტინგს მარტივად შესაძლებელს ხდის.

ინვოისების მართვის მოქნილი სქემა საქართველოში შექმნილ სტარტაპ Invoice.ge-ის ეკუთვნის, რომლის მიზანსაც ინვოისთან დაკავშირებული პროცესების სწრაფად, მარტივად და კომფორტულად წარმართვა წარმოადგენს.

„ახალი ფუნქციონალი ჩვენს ინტერნეტბანკში ახალი ჩაშვებულია, თუმცა კომპანიების მხრიდან მისი გამოყენება უკვე საკმაოდ გააქტიურებულია. ვფიქრობთ, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებითა და ამ პროდუქტზე ცნობიერების ამაღლებით, მისი მოხმარება კიდევ გაიზრდება. ინვოისის გამოწერა და გადახდა ის მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც ფაქტობრივად ყველა კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. პლატფორმა Invoice.ge-ის შექმნა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესების ცხოვრებაში ტექნოლოგიები ყოველდღე სულ უფრო მეტ როლს თამაშობს. ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი ტექნოლოგიური გადაწყვეტები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თიბისის და ამ სერვისის ჩვენს ციფრულ არხებთან ინტეგრირებას, ეს უკვე ეკოსისტემის ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ბიზნესებს, ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იყოს ხელმისაწვდომი და გამოყენებული. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიახლე დიდი ღირებულების მომტანი იქნება“.

გარდა მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებისა, თიბისი სხვადასხვა დარგის დამწყებ ბიზნესებსაც აქტიურად უწყობს ხელს. ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებას ტექნოლოგიური სტარტაპები წარმოადგენს, რომელსაც კომპანია სხვადასხვა ტიპის აქტივობით უჭერს მხარს. ამის კარგი მაგალითია Invoice.ge.

სტარტაპ-პლატფორმა რამდენიმე წლის წინ საქართველოში გაბრიელ მელივას, გიგა ჩხიკვაძისა და ბექა თომაშვილის მიერ შეიქმნა. თავდაპირველად, პლატფორმამ სატესტო ეტაპი საზღვარგარეთის ბაზრებზე გაიარა, ხოლო აქტიური უკუკავშირის შედეგად, კიდევ უფრო დაიხვეწა და მოქნილ ციფრულ ინსტრუმენტად იქცა. ამის შემდეგ გუნდმა მონაწილეობა თიბისის აპლიკაციების კონკურსში მიიღო, რომელიც გაუმჯობესებისთვის კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი ეტაპი აღმოჩნდა. დღეს კი, Invoice.ge უკვე თიბისის პარტნიორია და უამრავი ბიზნესის ციფრულ მხარდაჭერაზე ზრუნავს.

„ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს ფინტექ-პროდუქტების შექმნა წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ფინანსური საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნავს. Invoice.ge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ამ მიზანს ემსახურება. დღეს საქართველოში უკვე ე.წ. ღია ბანკინგის დანერგვაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ვფიქრობთ, ამის პირველი კარგი პრეცედენტი ვიქნებით, რადგან ბანკებს ჩვენს მოქნილ პლატფორმას ვთავაზობთ. თიბისი ბანკის კლიენტებისთვის კი ეს უკვე ხელმისაწვდომია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ მხრივ თანამედროვე მსოფლიო ტენდენცია სწორედ ფინტექისთვის აქტიურ მხარდაჭერას წარმოადგენს და ბანკებს ღიაობისკენ მოუწოდებს. საქართველოში ამას ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებიც უწყობს ხელს. ბანკებისგან ჩვენი პლატფორმის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატულია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ თანამშრომლობებზე, რისთვისაც სრულად მზად ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თიბისი ბანკმა ასეთი ნდობა გამოუცხადა ჩვენს სტარტაპს“, − გაბრიელ მელივა, Invoice.ge-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი საქართველოში ფინტექისა და მსხვილი ბანკის ურთიერთობის კარგი პრეცედენტია. თავად პლატფორმისა და ფუნქციონალის გამოყენება კი მომხმარებელს მარტივად შეუძლია. ის სასურველ პაკეტს საჭიროებისამებრ თვითონ ირჩევს. გუნდი ტექნიკური ნაწილის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, რისთვისაც  მომხმარებლების უკუკავშირს აქტიურად იყენებს. პროცესში კი ბანკების ჩართულობა კიდევ მეტ მნიშვნელობას იძენს, რათა ერთობლივი ძალისხმევით სწორედ ისეთი მიზნობრივი პროდუქტები შეიქმნას, რაც ყველასთვის საჭირო, საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდება.

ახალი პლატფორმით სარგებლობა და ინვოისთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად მოგვარება თიბისის მომხმარებლებს ინტერნეტბანკში ჩაშენებული ფუნქციონალის მეშვეობით უკვე ნებისმიერ დროს მარტივად შეუძლიათ.

Latest on Entrepreneur