რადგან ცხოვრება მარტივი არ არის - წარმატების 4 საიდუმლო განსაცდელების ჟამს

რადგან ცხოვრება მარტივი არ არის - წარმატების 4 საიდუმლო განსაცდელების ჟამს
ფოტო: Pixabay

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განსაცდელები ანტრეპრენერების მუდმივი თანამგზავრია, მაგრამ მძიმე დროს თავის როგორღაც გატანა ისეთი გაკვეთილია, რომლის სწავლაც  ზოგჯერ უზომოდ ძნელია.

სულ 9 წლის ვიყავი, როდესაც მამამ აუტანელი ახალი ამბავი შემატყობინა - დედაჩემი ავტოკატასტროფის დროს გარდაიცვალა. მას ვიღაც კაცი დაეჯახა, მარიხუანა ჰქონდა მოწეული და წითელზე გაიარა. ამ ტკივილის სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. რაღაც ერთ წამში, მთელი სამყარო თავზე დამემხო.

იმ დღის შემდეგ 16 წელიწადი გავიდა და დღეს მილიონ დოლარიანი შოკოლადის ბიზნესის მფლობელი ვარ. ჩემს მშობლიურ ქალაქში მხოლოდ ერთი მაღაზია იყო, არანაირი საბითუმო ვაჭრობა, იქ წლების განმავლობაში ჭურჭელს  ვრეცხავდი, ეს შოკოლადის მაღაზია 21 წლისამ ვიყიდე. დღეს, Chocolate Pizza Company-ს  ოთხ შტატში ხუთი მაღაზია აქვს და ჩვენი პროდუქტები მთელი ქვეყანის მასშტაბით 1.5000 ადგილას იყიდება.

ეს ადვილი არ ყოფილა. ზოგჯერ დანაკარგების გადატანაც მიწევდა, ტკივილებისაც, გულგატეხილობისაც და ტრაგედიისაც კი. ვიცი, რას ნიშნავს როდესაც გულმოსული, შეშინებული და ნაღვლიანი ხარ. ვიცი, რომ ზოგიერთები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ვერ ახერხებენ იმ ჯურღმულისგან თავის დაღწევას, რომელშიც ცხოვრებამ ჩააგდო - ადამიანები საკუთარ მომავალს იმიტომ ვერ ქმნიან, რომ წარსულის მახეში არიან გაბმულები.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს. ტრაგედიების შემდეგ ფეხზე დადგომა უნდა შევძლოთ, ჩემმა ცხოვრებამ ოთხი საიდუმლო მასწავლა, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ანტრეპრენერს შეუძლია.

1. მგზნებარე იყავით

როდესაც რაღაც უბედურება შეგემთხვევა, შიშმა და შინაგანი შფოთვამ შესაძლოა მთლიანად დაგთრგუნოს და ასეთ დროს, უკიდურესად ძნელია მასშტაბურად იოცნებო.  თუ რაღაც საქმით ხართ გატაცებული, და მას დიდი სიყვარულითა და მთელი გზნებით აკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს, თქვენს ოცნებებს ცხადად ხედავთ. შესაბამისად, განწყობაც გიუმჯობესდებათ, ყურადღებაც გიმახვილდებათ და იმედიც გეძლევათ, რომ უკეთესი დროც დადგება. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ვისწავლე, რომ თუ დიდ მიზნებზე გავამახვილებდი ყურადღებას, ენერგია მომეცემოდა.  საქსოფონზე დაკვრაც ვისწავლე, ვვარჯიშობდი კიდევაც, მინდოდა სპორტშიც მეცადა ბედი, ვმოგზაურობდი კიდევაც, თანაც ვსწავლობდი და ვოცნებობდი.

რაღაცის მგზნებარედ კეთება იმას ნიშნავს, რომ დაუღალავი უნდა იყოთ, საქმისადმი ერთგული და მიზანმიმართული.  როდესაც ბიზნესის მართვა დავიწყე, ჯერ კიდევ სირაკუზის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი. გამთენიისას შოკოლადს ვამზადებდი, შემდეგ სადილამდე უნივერსიტეტში ვესწრებოდი მეცადინეობებს, დღის განმავლობაში გაყიდვების განყოფილებაში ვრეკავდი, საღამოს -პროდუქციას ვფუთავდი და გამთენიისას კი, დავალებებს ვასრულდებდი. ვინ მოთვლის რამდენი ღამე მაქვს გატარებული საწყობში. ადამიანს თვეების განმავლობაში ასეთი ცხოვრება მთლიანად ართმევს ძალას, მაგრამ გზნება, ჟინი იქ იწყება, სადაც ენერგია უკვე აღარ გყოფნით. მე დროულად დავამთავრე ყველაფერი და პირველივე წელს გავაორმაგე ჩემი ბიზნესი.

2. მენტორი მოძებნეთ

 „მასწავლებელი მაშინ ჩნდება, როდესაც სტუდენტი მზად არის“

კარგი მენტორები ასწავლიან კიდევაც და ამასთან ერთად, შთაგონებასაც აძლევენ თავის მოსწავლეებს. ისინი თამასას მაღლა სწევენ და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ვერ გადაახტეთ, - იმიტომ, რომ გაიზარდოთ. იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავი დამარცხების გამო შეაჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ წარმატება დააფასოთ. ისინი თქვენს არსს კი არა, თქვენს აზროვნებას ცვლიან.

სკოლის უფროს კლასებში მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, რომ სირაკუზის უნივერსიტეტში ფეხბურთის გუნდის მოთამაშე ვყოფილიყავი. ჩემი სახლიდან კამპუსი სულ 20 წუთით იყო დაცილებული და უნივერსიტეტის გუნდიც მომწონდა. მაგრამ ვარჯიშის გარეშე განა რას მოვახერხებდი, მხოლოდ იმას, რომ ჩემი ოცნება არ დამევიწყებინა. მწვრთნელი პოლ ვუდსაიდი ჩემს გულსაც ენდო და ჩემს შესაძლებლობებსაც.

მან მთლიანად მომტეხა, დუელში გამომიწვია, უზომოდ პატიოსანი ადამიანი იყო, და ამიტომ ჩემი ცხოვრება  მას დავუკავშირე. მან შინაგანად მთლიანად შემცვალა, ძალები აღმიდგინა, მასწავლა, რომ ფეხბურთის თამაში ცხოვრებას ჰგავს და ეს უნარი კი,  გაცილებით მეტს ნიშნავს. ერთი ჩვეულებრივი პირველკურსელი ვიყავი და სირაკუზის უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდში მოვხვდი.

3.   პირობა დადეთ

დედაჩემის გარდაცვალება გამანადგურებელი იყო ჩემთვის. ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ფეხქვეშ მიწა გეცლება, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლა პირობის დადებით იწყება.

მისი გარდაცვალების დღეს პირობა დავდე, რომ ის ჩემით იამაყებდა. მას უკან ვერ დავიბრუნებდი, მაგრამ იმის გაკეთებას კი შევძლებდი, რომ  ჩემით ეამაყა. ამიტომ, ვმუშაობს ყოველდღიურად ჩემი დანაპირების შესასრულებლად - ეს თითქოს ჩემი ნაწილია, წინ მიმიძღვის, ჩემი მამოძრავებელი ძალაა.

მეცნიერებაც ჩემს მხარესაა, კვლევები ადასტურებენ, რომ პირობის დადება, რომ რაღაც უნდა შევასრულოთ - ჩვენს ტვინს აპროგრამებს ეს ვალდებულება შეასრულოს, თუნდაც ეს რთული  ან სახიფათო იყოს.  საკუთარი თავის მიმართ როგორც წესი, უზომოდ სერიოზულად ვართ განწყობილები.  უნდა გეყოთ ძალა  და ნებისმიერი ტრაგედიის დროს, რომელმაც თქვენი ცხოვრება თითქოს შეაჩერა, საკუთარ თავს, ღმერთს ან მას დაპირდეთ, ვინც გიყვართ და პატივს სცემთ, თქვენს თავს უნდა დაავალოთ, რომ წინ უნდა წახვიდეთ.

4.   ყველაზე ძლიერი და სწრაფი იყავით

ოცნებები ავტომობილის სავალი ნაწილივითაა, ოფლი კი მისი საწვავია. წარმოიდგინეთ,  როგორ მიქრის გზაზე Ferrari, მაგრამ თუ საწვავი არ აქვს, აუცილებლად გაჩერდება. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც კონცენტრირდებით, ყურადღებას არაფერი გაგიფანტავთ და რაიმე ძლიერს  დაეყრდნობით.  

ყველა ბანკირი ერთხმად მეუბნებოდა, რომ მეტისმეტად ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი მქონოდა. მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად ხელი მომეცარებოდა. მათი ლაპარაკისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია - არც თქვენ ჩარიოთ ვინმე სხვა თქვენს ოცნებებში. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთე -  სხვადასხვა კორპორაციების კარებზე ვაკაკუნებდი, მაგიდიდან ვყიდდი პროდუქციას სხვადასხვა ადგილებში და უთვალავ ზარს ვაკეთებდი. ეს უმძიმესი და უსიამოვნო სამუშაო  მთელ ძალას მართმევდა, ხშირად თითქმის კრახის პირას ვიყავი, მაგრამ, იმ დღეებს რომ ვიხსენებ,  ყოველი წუთი ძვირფასია ჩემთვის. ჩვენ ნელა ვიზრდებოდით, ზოგჯერ დღეში მხოლოდ ერთი გაყიდვა იყო და მაინც ვიზრდებოდით. 2013 წელს, ანტრეპრენერობის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ჩვენმა წლიურმა გაყიდვებმა $1მილიონს გადააჭარბა.

მამა თავისი წიგნით,  „განსაცდელების დაძლევა“  გვასწავლის, რომ თითეულ ჩვენგანში გმირი ცხოვრობს და მეც ამ ჭეშმარიტებით გავიზარდე. ცხოვრება ისეთ პრობლემებს გვიგზავნის, რომ მათი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.  თუმცა, ამ გამოცდილებას საიდუმლოებები ახლავს თან, და ისინი გვეხმარებიან მხოლოდ უკეთესი ანტრეპრენერები კი არა, უკეთესი ადამიანებიც  გავხდეთ.

Latest on Entrepreneur